Facebook Script

რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე? — საჭირო ინფორმაცია და რჩევები

სექსი რომ არა, ამქვეყნად არ ვიქნებოდით. მართალია, სექსი ადამიანის სასიცოცხლო ციკლის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ეს თემა ჯერ კიდევ ტაბუდადებულია. ამან შეიძლება დაბნეულობა, გაურკვევლობა და ბევრი კითხვა გააჩინოს.

იმის გარკვევას, თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ სექსუალური თვალსაზრისით, დრო სჭირდება. ეს აბსოლუტურად ნორმალურია! ყველა ჩვენგანი ჩვენს საკუთარ დროით ხაზს მივყვებით და სექსუალური სიამოვნების გზა ყველასთვის სხვადასხვანაირია.

სექსი გაინტერესებთ, მაგრამ არ იცით, საიდან დაიწყოთ? ამ სტატიაში სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე საჭირო ყველა საბაზისო ინფორმაციას მიიღებთ.

♦ გახსოვდეთ: 

  • სექსი შეიძლება სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს

  • სექსი მხოლოდ ბავშვების გაჩენას არ ემსახურება — უმეტესად ის მონაწილე მხარეების გართობის ნაწილია

  • სექსისთვის აუცილებელია მონაწილე მხარეების თანხმობა. თანხმობა ნიშნავს, რომ ყველა მონაწილე უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ყველას აქვს მონაწილეობის სურვილი და ყველა კომფორტულადაა მთელი აქტის განმავლობაში

  • თქვენი და თქვენი პარტნიორის ანატომიის ცოდნა დაგეხმარებათ, რომ ორივემ ისიამოვნოთ სექსის პროცესით

  • სექსის დროს შეიძლება გავრცელდეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი). ისინი საკმაოდ ხშირია და ამაში სამარცხვინო არაფერია. ყველა სგგი-ს მკურნალობაა შესაძლებელი, თუმცა ყველა მათგანი ბოლომდე არ იკურნება.

► იხილეთ აგრეთვე:

რა არის სექსი?

სექსი არის აქტივობა, რომელშიც ერთი, ორი ან მეტი ადამიანი მონაწილეობს საკუთარი სურვილით და რომელიც მათ სექსუალურად აღაგზნებთ. ის შეიძლება მოიცავდეს შეხებას, სიტყვებს ან ორივეს. მისი ნაწილი შეიძლება იყოს სასქესო ორგანოებზე (გენიტალიებზე) შეხება, თუმცა არა ყოველთვის. ხშირად, როდესაც ადამიანები სექსზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ სქესობრივ აქტს, იგივე პენეტრაციულ (შემღწევ) სექსს. თუმცა, არსებობს სექსის სხვა ფორმებიც.

► გახსოვდეთ, რომ სქესობრივი აქტივობა ყველა მონაწილე მხარისთვის სასიამოვნო და სასურველი უნდა იყოს და თითოეული ადამიანი მთელი აქტის განმავლობაში მასზე თანხმობას უნდა აცხადებდეს.

ეს ნიშნავს, რომ აქტივობის დაწყებამდე ყველა უნდა შეთანხმდეს იმაზე, თუ რა არის მათთვის კომფორტული. თუკი ვინმე რაიმეს გადაიფიქრებს ან გადაწყვეტს, რომ გაჩერება სურს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი საკმარისად კომფორტულად გრძნობდეს თავს, რათა ამის ხმამაღლა გაცხადება შეძლოს, და მნიშვნელოვანია, რომ მის გადაწყვეტილებას პატივი სცეთ.

სექსის ტიპები

სექსი ბევრი სხვადასხვა ფორმის არსებობს. მათ შორის:

  • ვაგინალური სექსი — როდესაც პენისი ეხახუნება ვაგინას ან აღწევს მასში, ან როდესაც ორი ვაგინა ერთმანეთს ეხახუნება.

  • ორალური სექსი — როდესაც პირის და ენის გამოყენებით ხდება სასქესო ორგანოების სტიმულაცია და აღგზნება. ეს შეიძლება მოიცავდეს ლოკვას, კოცნას ან წოვას.

  • ანალური სექსი — როდესაც პენისი ან სექს-სათამაშო აღწევს ანუსში (ანალურ ხვრელში). ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ლუბრიკანტის (სპეციალური სითხის, რომელიც აიოლებს ხახუნს და შეღწევას) გამოყენება, რადგან ანუსი თავისით არ სველდება.

  • ეროგენული შეხება — როდესაც ხელები ან სხეულის სხვა ნაწილები გამოიყენება იმისთვის, რომ გამოიწვიოს სქესობრივი აღგზნება და სიამოვნება. ეს შეიძლება მოიცავდეს ძუძუსთავების სტიმულაციას, ჩახუტებას, კოცნას, სასქესო ორგანოების ან სხეულის სხვა ნაწილების დაზელას ან მოფერებას.

  • ე.წ. „ფინგერინგი“ („თითაობა“; ინგლ. Fingering) ან „ჰენდჯობი“ (ინგლ. Handjob) — ფინგერინგია, როდესაც სექსუალური აღგზნებისა და სიამოვნებისთვის თითების გამოყენებით ასტიმულირებთ პარტნიორის კლიტორს ან თითებით აღწევთ მის ვაგინაში ან ანუსში. ჰენდჯობია, როდესაც ხელის გამოყენებით ასტიმულირებთ პენისს.

  • ე.წ. „სექსტინგი“ (ინგლ. Sexting) ან ვიდეოსექსი — როდესაც ვინმესთან ონლაინ სექსი გაქვთ მიმოწერით ან ვიდეოზარით. ეს შეიძლება მოიცავდეს საუბარს, ფლირტს და ფოტოების გაზიარებას სექსუალური აღგზნებისა და სიამოვნების გამოსაწვევად.

  • მასტურბაცია — როდესაც საკუთარი სხეულის ეროგენულ (სექსუალური აღგზნების მომნიჭებელ) ნაწილებს ეხებით სიამოვნების მისაღებად. ეს შეიძლება მარტომ გააკეთოთ ან ვინმესთან ერთდროულად. მასტურბაციისას შეიძლება გამოიყენოთ სექს-სათამაშოები, მათ შორის ვიბრატორები, დილდოები და ბევრი სხვა. ტექნიკურად, მასტურბაცია სექსი არ არის, თუმცა ზოგჯერ ის შეიძლება სქესობრივ აქტად ჩაითვალოს.

სქესობრივი ლტოლვა — რა არის ეს და საიდან მოდის?

სქესობრივი ლტოლვა, იგივე ლიბიდო, არის იმის სურვილი, რომ გქონდეთ სექსი. ჰორმონები, სტრესის დონე და ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა — ყველა მათგანი მოქმედებს ჩვენს სქესობრივ ლტოლვაზე. ჩვენმა რომანტიკულმა პარტნიორებმა, ოჯახმა, მეგობრებმა, საზოგადოებამ და რწმენამ/რელიგიამ შეიძლება გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს სექსისა და სიამოვნების მიმართ და ის შეიძლება ცხოვრების განმავლობაში შეგვეცვალოს.

არსებობს ბევრი მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება სქესობრივი ლტოლვის შემცირება ან ორგაზმის დაგვიანება გამოიწვიოს, მათ შორის ანტიდეპრესანტები, ანტიქოლინერგული საშუალებები (რომლებიც გამოიყენება ფილტვების, შარდის ბუშტის, ნაწლავების, თავბრუსხვევის და გულისრევის სამკურნალოდ), მაღალი წნევის მედიკამენტები, ჰორმონალური თერაპია და სხვა. თუკი გგონიათ, რომ მედიკამენტი თქვენს ლიბიდოზე მოქმედებს, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

როგორ გავიგო, ვარ თუ არა მზად პირველი სექსისთვის?

ამ გადაწყვეტილების მისაღებად შეგიძლიათ საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა დაუსვათ:

  • ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მე მინდა, თუ იმიტომ, რომ ვალდებულად ვგრძნობ თავს, რომ პარტნიორი გავაბედნიერო ან მეც სხვებივით ვიყო?

  • ურთიერთობაში მინდა ყოფნა თუ მზად ვარ, მხოლოდ სექს-პარტნიორი მყავდეს?

  • მაქვს თუ არა წვდომა კონტრაცეფციაზე?

  • სექსის შემდეგ რამეს ხომ არ ვინანებ?

შესაძლოა, ახლო მეგობართან ან მენტორთან ამ თემაზე საუბარი დაგეხმაროთ. თუკი ისინი უკვე არიან სექსუალურად აქტიურები (ანუ დაწყებული აქვთ სქესობრივი ცხოვრება), მათ შეიძლება გაგიზიარონ, თვითონ როგორ გაიაზრეს, რომ მზად იყვნენ პირველი სექსისთვის, რა შეკითხვები ჰქონდათ თავიანთი პარტნიორებისთვის და სხვა რჩევები.

► გახსოვდეთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი მისაღებია. ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ რას გრძნობთ და თქვენ რა გიქმნით კომფორტს.

მთავარი სურათი: WomanLog

სექსუალური სიამოვნება და ორგაზმი

სექსუალური სიამოვნება მხოლოდ ერთი ფორმით არ განისაზღვრება. სიამოვნება ბევრმა რამემ შეიძლება მოგვანიჭოს. ორგაზმი არის ძალიან მძაფრი სექსუალური აღგზნება — ის სექსუალური სიამოვნების მიღწევის ერთ-ერთი გზაა.

პენისის მქონე ადამიანები ორგაზმს მაშინ განიცდიან, როდესაც პენისი ზომაში იზრდება, მაგრდება და სექსუალური აღგზნების კულმინაციას აღწევს. ეს მაშინ ხდება, როდესაც არსებობს სექსის სურვილი და სხეულში გამოიყოფა ჰორმონები. ორგაზმის დროს, როგორც წესი, ხდება ეაკულაცია — პენისიდან სპერმის გამონთხევა.

ვულვისა და ვაგინის მქონე ადამიანები ყველაზე ხშირად ორგაზმს განიცდიან, როდესაც ხდება კლიტორის (ზოგჯერ კი მცირე და დიდი სასქესო ბაგეების) სტიმულაცია და ის ზომაში იზრდება.

პენისის მსგავსად, კლიტორსაც ნერვული დაბოლოებების მაღალი კონცენტრაცია აქვს — პენისზე 2-2.5-ჯერ მეტიც კი. ამ ეროგენული ზონების შეხებითა და მასაჟირებით სხეულში სიგნალები „ტბორავენ“ ამ ნერვებს, რაც მთელს სხეულში სიამოვნების შეგრძნებას იწვევს. თქვენი და თქვენი პარტნიორის ანატომიის ცოდნა და გააზრება მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ სექსის დროს ორივემ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.

სექსში საკვანძოა ასევე კომუნიკაცია. ის, რაც თქვენ გსიამოვნებთ, შეიძლება სასიამოვნო არ იყოს სხვისთვის. ესაუბრეთ პარტნიორს იმაზე, თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ. ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებების საპოვნელად შეხებით ექსპერიმენტების ჩატარება შეიძლება ძალიან სახალისოც იყოს. ერთმანეთთან კომუნიკაცია და ღიაობა ზრდის ასევე ინტიმურობასაც. სექსუალური სიამოვნების მისაღებად საჭირო ტექნიკების სწავლისა და გაგების ძალიან კარგი გზაა მასტურბაცია.

სგგი-ები და დაცული სექსი

ყოველდღიურად მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია გადაიცემა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სგგი-ები საკმაოდ ხშირია, მათზე ინფორმაცია ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს.

სგგი-ების უმეტესობა დაინფიცირებიდან 3-10 დღეში ავლენს სიმპტომებს და ისინი სხვადასხვანაირად ვლინდება ქალისა და კაცის რეპროდუქციული სისტემების მქონე ადამიანებში. ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია: 

  • უჩვეულო გამონადენი საშოდან ან უჩვეულო სუნი;

  • ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;

  • წყლულები, ბუშტუკები ან სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ ან სხეულის სხვა ნაწილებზე;

  • ტკივილი სქესობრივი აქტის ან შარდვის დროს;

  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

თუკი, ეს სიმპტომები გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ პირად ექიმს ან გინეკოლოგს.

თავდაცვის მეთოდები

სგგი-ებისა და ორსულობის თავიდან აცილების გზაა დაცული სექსი. „პენისი-ვაგინაში“ ტიპის სექსი სექსის მთავარი ფორმაა, რომელიც ორსულობას იწვევს. ორსულობა შეიძლება მაშინაც დადგეს, თუკი სექსის სხვა ფორმის დროს სპერმა ვაგინამდე მიაღწევს. სგგი-ები სექსის ნებისმიერი ფორმის დროს შეიძლება გადაიცეს, თუკი სხეულები და სხეულის სითხეები ერთმანეთთან კონტაქტში შედის.

იმისათვის, რომ გქონდეთ უფრო დაცული სექსი:

  • სექსის დროს ყოველთვის სწორად გამოიყენეთ ბარიერული მეთოდები. ბარიერული მეთოდები უნდა გამოიყენოთ როგორც სხეულის ნაწილებზე, ისე სექს-სათამაშოებზე ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის დროს. ბარიერულ მეთოდებს შორისაა:

    • გარე პრეზერვატივი (ზოგჯერ „კაცის“ პრეზერვატივს უწოდებენ) — გამოიყენება პენისზე

    • შიდა პრეზერვატივი (ზოგჯერ „ქალის“ პრეზერვატივს უწოდებენ) — გამოიყენება ვაგინაზე

    • სტომატოლოგიური კაშხალი (ინგლ. Dental dam) — გამოიყენება ვაგინაზე ან ანუსზე ორალური სექსის დროს

  • გამოიყენეთ დიდი რაოდენობით ისეთი ლუბრიკანტი, რომელიც არ აზიანებს პრეზერვატივებს

  • გამოცვალეთ პრეზერვატივი, როდესაც ორალურ, ვაგინალურ ან ანალურ სექსებს შორის მონაცვლეობთ

  • სექს-სათამაშოს გაზიარებისას გამოცვალეთ პრეზერვატივი ან კარგად გაასუფთავეთ სათამაშო

  • რეგულარულად შეემოწმეთ სგგი-ებზე და თქვენს პარტნიორებიც წაახალისეთ, რომ იგივე ქნან

ბარიერული მეთოდები მნიშვნელოვნად ამცირებს სგგი-თ დაინფიცირების შანსებს. ისინი თითოეული პარტნიორის სასქესო ორგანოებსა და სხეულის სითხეებს ხელს უშლის, რომ მეორის სხეულთან კონტაქტში შევიდეს. გარდა ამისა, თითოეულ ჯერზე სწორად გამოყენების შემთხვევაში, პრეზერვატივები ორსულობისგან 98%-იანი ალბათობით გიცავთ და თუ დაორსულებას ჯერ არ გეგმავთ, ისინი აუცილებლად ყოველთვის უნდა გამოიყენოთ.

► სგგი-ები შეიძლება გავრცელდეს სპერმის, პრეეაკულატის, ვაგინალური სითხეების, კანის კანზე შეხების, სისხლის, ნერწყვისა და განავლის მეშვეობითაც კი.

► იხილეთ აგრეთვე: რა არის პრეეაკულატი, ანუ ე.წ. „პრექამი“? — შესაძლო რისკები

რა ვქნა, თუკი ჩემს პარტნიორს არ სურს პრეზერვატივის გამოყენება?

საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა და ყველანაირ სექსუალურ აქტივობასთან მიმართებით კომფორტის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. ღიად ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს. თუკი ის გარწმუნებთ ან გაძალებთ, რომ დაუცველი სექსი უნდა გქონდეთ, დაფიქრდით, რამდენად გსურთ ასეთ ადამიანთან ყოფნა. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც თქვენს სურვილებს ეწინააღმდეგება და არ არის თქვენი ნება.

თუკი არასრულწლოვანი ვარ, ექიმს შეუძლია, მშობელს უთხრას?

თუკი მინიმუმ 14 წლის ხართ და ექიმს მიმართეთ შემდეგ საკითხებზე:

  • სქესობრივად გადამდები დაავადების მკურნალობა

  • კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაცია

  • ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა

მაშინ, პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მიხედვით, ექიმს არ აქვს უფლება, თქვენი თანხმობის გარეშე მიაწოდოს ინფორმაცია თქვენს მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს, თუკი ექიმის შეხედულებით სწორად აფასებთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც აივ-ინფექციის/შიდსის დიაგნოსტირებისას დადებითი შედეგი გამოვლინდება.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ქონაში სამარცხვინო არაფერი არ არის. თქვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან მათზე უფრო ღიად საუბარი არამხოლოდ საჭიროა თქვენი სექსუალური ჯანმრთელობისთვის, არამედ ასევე მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ვებრძოლოთ ამ თემის გარშემო არსებულ სტიგმასა და საზოგადოებრივ და კულტურულ ტაბუებს.

► ის, თუ როდის და როგორი სექსი გქონდეთ, მხოლოდ თქვენი პირადი საქმე და გადაწყვეტილებაა. თუკი იქნებით ინფორმირებული, დაცული და კომფორტულად იგრძნობთ თავს, თქვენი სექსუალური გამოცდილებაც უფრო სახალისო და სასიამოვნო იქნება.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Gurulex

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე? — საჭირო ინფორმაცია და რჩევები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია