Facebook Script

ქალიშვილობა და საქალწულე აპკი — როგორია პირველი სექსი?

საქალწულე აპკზე ბევრი არასწორი წარმოდგენა არსებობს და ბევრი მითია გავრცელებული იმის შესახებ, თუ რა არის ის და როგორ მუშაობს. მაგალითად, ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ საქალწულე აპკი პირდაპირ უკავშირდება ქალიშვილობას და ის „იხევა“, როდესაც პირველად გაქვთ სექსი.

სინამდვილეში, ქალიშვილობა უბრალოდ სოციალური კონსტრუქტია, ანუ იდეა, რომელიც მოიგონა და დაამკვიდრა ხალხმა, და არა — სხეულის სამედიცინო თუ ბიოლოგიური მდგომარეობა. მას სოციალური ნორმები და წარმოდგენები განაპირობებს და არავითარი სამეცნიერო განმარტება არ აქვს.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ მითებზე, რომლებიც საქალწულე აპკის, ქალიშვილობისა და პირველი სექსის გარშემო არსებობს.

საქალწულე აპკი

საქალწულე აპკი ყველა ქალს არ აქვს. საქალწულე აპკი არის თხელი მემბრანა, რომელიც ვაგინის შესასვლელს არტყამს გარს. აპკი უბრალოდ ვაგინალური არხის ნაწილია, რომელსაც, რეალურად, არ აქვს ჩვენთვის ცნობილი არავითარი ბიოლოგიური ფუნქცია. მართალია, ხშირად საქალწულე აპკი ქალის ანატომიის „სოციალურად მოსალოდნელი“ ნაწილია, თუმცა ბევრი ქალი მის გარეშე იბადება. 

აპკი რომც გქონდეთ, მას ვერც დაინახავთ და ვერც იგრძნობთ. თითქმის შეუძლებელია, რომ საქალწულე აპკი დაინახოთ, თუნდაც სარკის გამოყენებით. ის იმავე ფერისაა, რა ფერისაც ვაგინის კედლები. ასევე თითქმის შეუძლებელია, ის თითებით იგრძნოთ. ამავენაირად, როდესაც პარტნიორი თითებით ან პენისით შეაღწევს თქვენს ვაგინაში, ის აპკს ვერ იგრძნობს.

აპკის დაზიანება ბევრი სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი და ის ქალიშვილობის განმსაზღვრელი არ არის. სექსუალურ აქტივობას შეუძლია აპკის დაზიანება — მათ შორის პენეტრაციას, ორალურ სექსს, ფინგერინგსა (ე.წ. „თითაობას“) და მასტურბაციას — თუმცა ის ასევე შეიძლება დაზიანდეს ტამპონის გამოყენებით ან უბრალოდ ვარჯიშითაც კი. მეტიც, აპკი შეიძლება ისე დაზიანდეს, რომ ეს ვერც კი გაიგოთ. სრულიად შესაძლებელია, აპკი დაზიანდეს სიმძიმის აწევის დროს და ვერაფერი იგრძნოთ. ასევე შეიძლება, შეამჩნიოთ მცირე სისხლდენა ან ტკივილი, თუმცა ეს ყველასთვის ინდივიდუალურია. შესაბამისად, საქალწულე აპკი სიმთელე არავითარ შემთხვევაში არ მეტყველებს იმაზე, ჰქონია თუ არა ადამიანს სექსი.

შეიძლება გქონდეთ სექსი, საქალწულე აპკი კი მაინც არ დაზიანდეს. თავისუფლადაა შესაძლებელი, სექსუალურ აქტივობაში ისე ჩაერთოთ, რომ საქალწულე აპკი არ გაიხეს. აპკი დიდი ალბათობით არ გაიხევა ფინგერინგის ან ორალური სექსის დროს, ზოგჯერ კი, სულაც, ის არც პენეტრაციული სექსის დროს ზიანდება. ხშირად არასწორად წარმოუდგენიათ, რომ საქალწულე აპკი არის ბრტყელი ქსოვილი, რომელიც მთლიანად ფარავს ვაგინის შესასვლელს. თუმცა, რეალურად, ის, როგორც წესი, ძალიან ელასტიკურია და ნახვრეტი აქვს, საიდანაც ორგანიზმს მენსტრუალური სისხლი და ვაგინალური გამონადენი ტოვებს.

ყველა საქალწულე აპკი ერთნაირი არ არის. არსებობს სხვადასხვა ტიპის საქალწულე აპკები. აპკს შეიძლება ჰქონდეს ნახევარმთვარის ფორმის ნახვრეტი/ღრუ, რამდენიმე პატარა ნახვრეტი, ძალიან მცირე ზომის ნახვრეტი, შეიძლება ცენტრალურ ნაწილს თხელი ქსოვილი ფარავდეს ან შეიძლება ნახვრეტი საერთოდაც არ იყოს. თუკი აპკს ნახვრეტი არ აქვს ან ძალიან პატარა ზომის აქვს, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მენსტრუალურ ციკლს, რა შემთხვევაშიც ზედმეტი ქსოვილის მოსაშორებლად და აპკის გასახსნელად საჭიროა პატარა ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც გინეკოლოგი ატარებს.

წყარო: NT Daily

როგორია პირველი სექსი?

მოლოდინები და შიშები

დიდი ალბათობით, პირველი სექსი ისეთი არ იქნება, როგორსაც ელით. სექსი ყველასთვის სხვადასხვანაირია, თუმცა პირველი სექსისგან იმას არ უნდა ელოდოთ, რაც ფილმებში გინახავთ. ტელევიზიაში ნაჩვენები სექსის სცენები დიდწილად ბევრი სხვადასხვა კადრის გაერთიანებაა და ისეა გადაღებული, რომ კამერაში კარგად გამოჩნდეს. შესაბამისად, რასაც ეკრანზე ხედავთ, არ არის რეალისტური და არ ასახავს სექსის ნამდვილ გამოცდილებას.

პირველი სექსი შეიძლება არაკომფორტული იყოს, მაგრამ ის არ უნდა იყოს მტკივნეული. დისკომფორტი პირველი სექსის სრულიად ნორმალურია, რადგან პენეტრაციას თან ხახუნი ახლავს, თუმცა ტკივილი ამის აუცილებელი თანმდევი არ არის. თუკი სექსის დროს ტკივილს გრძნობთ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ლუბრიკაციის (სისველის) ნაკლებობით ან რამე სხვა პრობლემით, მაგალითად, ენდომეტრიოზით. თუკი სექსისას ტკივილს გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.

გაითვალისწინეთ: ვაგინა ბუნებრივადაც გამოყოფს სისველეს, თუმცა ის შეიძლება არასაკმარისი იყოს ხახუნის შესამცირებლად. დისკომფორტის შესამცირებლად ვაგინალური სექსის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ლუბრიკანტები. რაც შეეხება ანალურ სექსს, მის დროს ლუბრიკანტი აუცილებელია, რადგან ანალურ ხვრელს ბუნებრივი ლუბრიკაცია არ გააჩნია და პენეტრაციამ შეიძლება ის მნიშვნელოვნად დააზიანოს.

სისხლდენა აუცილებელი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპკი ყველა ქალს არ აქვს და რომც გქონდეთ, ის შეიძლება არ დაზიანდეს. აპკი რომც დაზიანდეს,  ამ დროს, როგორც წესი, მცირეოდენი სისხლი გამოიყოფა და არა იმდენი, რომ ზეწარი წითლად შეიღებოს, როგორც ხშირად ჰგონიათ ხოლმე.

სექსის შემდეგ თქვენი სხეული არ შეიცვლება. თქვენი სხეული არ შეიცვლება არც პირველი, არც მესამე და არც მეოცე სექსის შემდეგ. თუმცა, სხეულში იგრძნობთ გარკვეულ ფიზიოლოგიურ რეაქციებს, რომლებიც სექსუალურ აღგზნებასთანაა დაკავშირებული, მაგალითად: გაბერილ ვულვას, გახშირებულ სუნთქვას, ოფლიანობას ან გაწითლებულ კანს. ეს ყველაფერი მხოლოდ აღგზნებას უკავშირდება და დროებითია. აქტის შემდეგ ყველაფერი ნორმაში დაბრუნება — ანუ შეუძლებელია, რომ ვიღაც მიხვდეს, რომ ქალიშვილი აღარ ხართ (თუკი თავად არ ეტყვით).

საფრთხეები და თავდაცვა

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) შეიძლება ნებისმიერი სახის სექსის დროს გავრცელდეს. ვაგინალურ სექსთან ერთად, სგგი-ები ვრცელდება ანალური სექსითაც და ორალური სტიმულაციითაც, მათ შორის პირველი სექსის დროს, ამიტომ ინფექციების ასარიდებლად აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი (კონდომი) ყოველ ჯერზე.

პირველი სექსის დროს დაორსულება შესაძლებელია. თუკი „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსით კავდებით, დაორსულება ყოველთვის შესაძლებელია. ეს შეიძლება მოხდეს როგორც ვაგინის შიგნით ან გარეთ, მის მახლობლად, სპერმის ეაკულაციით, ისე პრეეაკულატით (ე.წ. „პრექამით“; ინგლ. precum), რომელიც პენისიდან აღგზნებისას გამოიყოფა და ზოგჯერ სპერმას შეიცავს. ორსულობის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი ან კონტრაცეფციის სხვა ფორმა.

წყარო: Campus Well

სიამოვნება

პირველი სექსისას შეიძლება ორგაზმს ვერ მიაღწიოთ. ორგაზმი გარანტია არასდროსაა, განსაკუთრებით პირველი სექსის დროს, როცა აქტს დიდი მოლოდინები, შიშები და გამოუცდელობა ახლავს თან, ამიტომ თუ პირველ ჯერზე ორგაზმს ვერ განიცდით, ეს სრულიად ნორმალურია. ორგაზმის მიღწევისთვის საჭიროა, რომ კომფორტულად გრძნობდეთ თავს საკუთარ სხეულთან და თქვენს პარტნიორთან. როდესაც უფრო თავისუფალი და გახსნილი ხართ, თქვენი სხეული უფრო მეტადაა მზად, მიიღოს სექსუალური სტიმულაცია და ასეთ დროს მთელი პროცესიც უფრო სასიამოვნო იქნება.

სექსში მთავარი ორგაზმი არ არის. არასწორად არ გაიგოთ, ორგაზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის სექსის მთავარ დანიშნულებად არ უნდა აღიქვათ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორთან თავს მყუდროდ გრძნობდეთ და ორივენი ტკბებოდეთ იმ გამოცდილებით, რომელსაც ერთად იღებთ. გარდა ამისა, თუკი მოდუნდებით და ორგაზმზე არ კონცენტრირდებით, მისი მიღწევა უფრო მარტივიც იქნება.

კომუნიკაცია და თანხმობა

თუკი რამე გსურთ, თქვით. ნუ უგულებელყოფთ თქვენს სურვილებს. როდესაც სექსის დროს რამე გსურთ ან გჭირდებათ, აუცილებლად ესაუბრეთ ამაზე თქვენს პარტნიორს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოთ ღია და გულწრფელი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ან რისი გაკეთება გსურთ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება კარგი და კომფორტული გამოცდილება მიიღოთ.

არ გააკეთოთ ის, რაც არ გსურთ. „არა“ ნიშნავს „არას“. წერტილი. თუკი რაიმე აქტივობა არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს, არავითარი ვალდებულება არ გაქვთ, რომ ის გააკეთოთ. თქვენს პარტნიორს არ აქვს იმის უფლება, რომ სექსი დაგაძალოთ ან იძულებით დაგარწმუნოთ და პირიქით. და ეს მხოლოდ პირველ სექსზე არ ვრცელდება — თანხმობა საჭიროა ყოველთვის, როცა სექსი გექნებათ.

შეგიძლიათ სექსი ნებისმიერ დროს გადაიფიქროთ. შესაძლოა, თავიდან განწყობა და სურვილი მართლა გქონდათ და გინდოდათ სექსით დაკავება, მაგრამ სრული უფლება გაქვთ, რომ ეს ნებისმიერ მომენტში გადაიფიქროთ და თუ სექსის გაგრძელება არ გსურთ, პარტნიორს არ აქვს იმის უფლება, რომ ეს დაგაძალოთ.

პირველი სექსი ბიჭებისთვისაც სტრესულია. ისინი შეიძლება გრძნობდნენ იმის ვალდებულებას, რომ სექსში „კარგები უნდა იყვნენ“. ნერვიულობამ და სტრესმა შეიძლება გაართულოს ერექციის მიღწევა, განსაკუთრებით პირველი სექსის დროს, ან ის შეიძლება ზედმეტად სწრაფად „დავარდეს“, შუა პროცესის დროს. ასევე შეიძლება ბიჭმა ნაადრევად მიაღწიოს ორგაზმს, სანამ გოგოს კარგად აღგზნების შანსი მიეცემა. მოდუნდით და ისაუბრეთ — პარტნიორის კომფორტი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ერთმანეთის მიმართ ყურადღებისა და მზრუნველობის გამოჩენა, ურთიერთგაგება, „გრძნობებში გადაშვების“ ღიაობა და მცირეოდენი იუმორი ორივესთვის ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის მთელ პროცესს.

რას არ ნიშნავს პირველი სექსი?

სექსი იგივე არაა, რაც ინტიმურობა ან სიყვარული. ის, უბრალოდ, რიგითი ფიზიკური აქტივობაა და ყოველთვის არ გულისხმობს რომანტიკას ან ემოციურ კავშირს. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, რა მნიშვნელობას მიანიჭებთ სექსს. ზოგ ადამიანს სექსი მხოლოდ იმ პარტნიორებთან აქვს, ვინც უყვარს, თუმცა ზოგს ურჩევნია სექსი გრძნობების გარეშე ჰქონდეს.

სექსი ამორალური არ არის. სექსის გარშემო არსებულმა რელიგიურმა თუ სხვა წარმოდგენებმა შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ სექსი თქვენს „სულს წარწყმედს“ ან „ცუდ ადამიანად“ გაქცევთ, მაგრამ სექსი უბრალოდ სექსია — ის ნორმალური, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო აქტივობაა, რომელიც არანაირად არ განსაზღვრავს პიროვნების მორალს.

პირველი სექსი თქვენს შემდგომ სექსუალურ ცხოვრებას არ განსაზღვრავს. სექსის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება ისაა, რომ ის ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი გამოცდილებაა. პირველმა სექსმა შეიძლება მოლოდინები არ გაამართლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ შემდეგ ჯერზეც ასე იქნება. მთელი ეს გამოცდილება დამოკიდებულია პარტნიორზე, სურვილზე, გახსნილობაზე, ფანტაზიებსა და უამრავ სხვა ფაქტორზე.

► გახსოვდეთ, რომ საკუთარ სექსუალობას მხოლოდ თქვენ განსაზღვრავთ და არ ხართ ვალდებული, ვინმეს საკუთარი სექსუალური ისტორია დაუმტკიცოთ. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როდის და ვისთან გექნებათ სექსი.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

ქალიშვილობა და საქალწულე აპკი — როგორია პირველი სექსი?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია