Facebook Script

კლიტორი — ქალის სიამოვნების მთავარი წყარო

31 ოქტომბერი, 2021 | ვაგინა და ვულვა

კლიტორი ქალის რეპროდუქციული სისტემის ეროგენული ორგანოა. ის ვულვის — ქალის გარეთა სასქესო ორგანოების — ზედა ნაწილში მდებარეობს, შარდსადენის ზემოთ.

კლიტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექსუალურ აღგზნებაში. მის თავს უფრო მეტი ნერვული დაბოლოება აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა წერტილს ადამიანის სხეულზე. სწორედ ამიტომაა, რომ ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ზოგი ადამიანი მძაფრ სიამოვნებას იღებს მისი სტიმულაციით, ზოგისთვის კი ზედმეტი სტიმულაცია შეიძლება არაკომფორტული ან მტკივნეულიც იყოს.

რამდენად დიდია? რა როლს ასრულებს? რატომ არის სასიამოვნო მასზე შეხება? — ამ სტატიაში განხილულია კლიტორი, მისი მდებარეობა, ფუნქცია, სტიმულირების გზები და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები.

კლიტორის აგებულება

კლიტორი პატარა ერექტილური — ერექციის (გაბერვის/გამაგრების) უნარის მქონე — ორგანოა ქალის გენიტალურ ტრაქტში და მცირე სასქესო ბაგეების (ე.წ. „ლაბია მინორას“) შეერთების ადგილას მდებარეობს. ის პატარა ნაწილი, რომელსაც ვხედავთ და შეხებისას ვგრძნობთ, მხოლოდ გარედან ხილული კლიტორის თავია. კლიტორის დანარჩენი ნაწილი, 90%, სხეულის შიგნით მდებარეობს.

► კლიტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანების სექსუალურ აღგზნებასა და სიამოვნებაში.

სურათი: WomanLog

კლიტორი პენისის ანალოგიურია: ორივეს აქვს თავი (ქალებში ის ბევრად პატარა ზომისაა: 3-6 მმ მოდუნებულ მდგომარეობაში და 6-დან 10 მმ-მდე აღგზნების დროს), ჩუჩა და პუდენდალური (სასქესო) ნერვი. კლიტორის ჩუჩა არის კანის ფენა, რომელიც ფარავს და იცავს კლიტორის თავს, და ის მცირე სასქესო ბაგეებს უკავშირდება. კლიტორის ეს პატარა „ჰუდი“ იგივეა ქალებისთვის, რაც ჩუჩა კაცებისთვის. თუმცა, პენისისგან განსხვავებით, კლიტორს პირდაპირი როლი არ აქვს გამრავლებაში.

კლიტორის ხილული ნაწილი მცირე ზომისაა, თუმცა, პენისის მსგავსად, აღგზნების დროს მასაც შეუძლია ერექცია. კლიტორის დამალული ნაწილი შედგება „ღეროსგან“ (კლიტორის სხეულისგან), ორი „ფესვისგან“ (ე.წ. სავნებოს ფეხებისგან — ესაა ერექტილური ქსოვილისგან შემდგარი ორი შიდა სტრუქტურა, რომელიც V-ს ფორმას წარმოქმნის) და კარიბჭის (ვესტიბულარული) ბოლქვებისგან. კლიტორის ორივე — ხილული და დამალული — ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური სიამოვნებისთვის.

კლიტორის დამალული ნაწილი გაცილებით დიდია, ვიდრე მცირე ხილული თავი. კლიტორის ხილული ნაწილი დაახლოებით 0.5-იდან 1 სმ-ამდე ზომისაა, თავის უკან მდებარე დამალული ღერო კი შეიძლება 12-13 სმ-იც კი იყოს. კლიტორის თავი შეიცავს დაახლოებით 8000-10000 მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებას. შედარებისთვის, პენისის თავი საშუალოდ მხოლოდ 3000-4000 ნერვული დაბოლოებისგან შედგება.

► პენისის მსგავსად, კლიტორიც ერექტილური ქსოვილისგან შედგება, რომელიც სტიმულირებისა თუ აღგზნების დროს იბერება. ამას კლიტორული ერექცია ეწოდება.

ერეგირებულ მდგომარეობაში კლიტორის ხილული ნაწილი (თავი) კლიტორის ჩუჩიდან გამოდის და 50%-იდან 300%-მდე იზრდება ზომაში. როგორც ვაგინის ბაგეები იბერება აღგზნების დროს, ასევე იბერება კლიტორის სტრუქტურები, როცა სისხლის მიმოქცევა იზრდება და ქსოვილები სისხლით ივსება.

კლიტორი სავსეა ნერვული დაბოლოებებითა და სისხლძარღვებით, რის გამოც ის გამორჩეულად მგრძნობიარე ეროგენული ზონაა. როდესაც საქმე ამ ორგანოს სტიმულაციას ეხება, ქალებს განსხვავებული პრეფერენციები აქვთ — ზოგს ურჩევნია ძალიან მსუბუქი შეხება, სხვები კი უფრო ინტენსიური და ძლიერი შეხებისგან იღებენ სიამოვნებას.

კლიტორი ძალიან მგრძნობიარეა სტიმულაციის მიმართ და ადამიანების უმეტესობას სიამოვნებასა და ნეტარების მძაფრ შეგრძნებას გვრის. სტიმულაციის დროს ის სისხლით ივსება და გამოყოფს სიამოვნების ჰორმონ ოქსიტოცინს.

► კლიტორის ერთადერთი დანიშნულება სიამოვნებაა. ქალის სხეულის არცერთი სხვა ორგანო არაა განკუთვნილი მხოლოდ სიამოვნებისთვის.

კლიტორის სტიმულაციას ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანები ორგაზმამდე მიჰყავს. სტიმულაცია შეიძლება იყოს პირდაპირი — მაგალითად, როცა რაღაც უშუალოდ ეხება კლიტორის ზედაპირს — ან ირიბი — მაგალითად, სექსის დროს „წინ და უკან“ ტიპის მოძრაობისას ხახუნი.

მისი ადგილმდებარეობის გამო კლიტორი ბუნებრივად სტიმულირდება — მიწოლით, შეხებით — პენისის ვაგინაში შეღწევის დროს. კლიტორის სწრაფი აღგზნება ასევე შესაძლებელია თითების, ტუჩების, ენის ან ვიბრატორის გამოყენებით.

არსებობს ფართოდ გავრცელებული მცდარი წარმოდგენა, რომ ზოგი ადამიანი ორგაზმს კლიტორის სტიმულაციით განიცდის, სხვებს კი მხოლოდ ვაგინის პენეტრაციითაც შეუძლიათ ორგაზმი, თუმცა ეს არ არის სიმართლე. ორგაზმი ერთიანი გამოცდილებაა — მასში ჩართულია ვულვაც, ვაგინაც და კლიტორიც. მიუხედავად ამისა, ზოგ ადამიანს ორგაზმის მისაღწევად რაიმე ფორმით მაინც სჭირდება კლიტორის სტიმულაცია.

სურათი: WomanLog

შესაძლოა, რომ კლიტორს რამე დაემართოს?

სხვა მგრძნობიარე გენიტალური ორგანოების მსგავსად, კლიტორიც შეიძლება გაღიზიანდეს ზედმეტად მჭიდრო ტანსაცმლის (მოტკეცილი ჯინსების, წვრილი მინი-ბიკინის) ხახუნისგან ან სინთეტიკური ქსოვილისგან. მართალია, ეს მგრძნობიარე უბანი კარგადაა დაცული, მაგრამ პატარა, შემთხვევითმა ჭრილობამ ან ნაკაწრმა შეიძლება ის დააზიანოს.

ამ ორგანოზე მოქმედი სხვა პრობლემების სიაშია ასევე სოკოვანი ინფექციები და ვაგინალური ჰერპესი.

► კლიტორი შეიძლება დააზიანოს ინტიმურმა პირსინგმა, თუკი ის ცუდად გაკეთდა ან უხარისხოდ ჩაუტარდა დეზინფექცია.

ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:

♦ გაღიზიანება სექსის ან მასტურბაციის გამო

♦ საპნისგან, გამწმენდისგან ან ლოსიონისგან გამოწვეული ქავილი

♦ ტკივილი ჭრილობის გამო

♦ ინფექციებით — მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები ან სოკოვანი ინფექციებით — გამოწვეული ტკივილი ან ქავილი

♦ ტკივილი ან ქავილი ვულვის კიბოს გამო

♦ ტკივილი ხანგრძლივი სისხლმეტობის გამო

თუკი ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა კლიტორის გაღიზიანება, ქავილი, ტკივილი ან მოთეთრო გამონადენი, რამდენიმე დღე გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ თქვენს პირად ექიმს ან გინეკოლოგს. ეს მნიშვნელოვანია კლიტორზე ზრუნვისა და ინტიმური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, რადგან ასეთი სიმპტომები შეიძლება რეპროდუქციული სისტემის სხვა პრობლემებზე მიანიშნებდეს.

იშვიათ შემთხვევებში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კლიტორის ფიმოზი — როდესაც კლიტორის გარშემო არსებული კანის ზედმეტი დაჭიმულობა ან ჭარბი ქსოვილი კლიტორთან წვდომას ართულებს ან შეუძლებელს ხდის. ისევე, როგორც კაცებში, ფიმოზის მკურნალობა ქირურგიულად ხდება.

კლიტორთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების უმეტესობა იკურნება. პრობლემის მიზეზიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ანტიბიოტიკები ინფექციის სამკურნალოდ, ან მალამო — გაღიზიანების დასაცხრობად. უჩვეულო გამონაზარდი ან ამობურცულობა შეიძლება უფრო სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებდეს, მაგალითად, მელანომაზე. ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ თქვენს პირად ექიმს ან მეან-გინეკოლოგს.

► ქალის წინადაცვეთა, იგივე ქალის გენიტალიის დასახიჩრება, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ზოგ ქვეყანაში არსებული ტრადიციული პრაქტიკაა, რომლის დროსაც ქალს კლიტორის გარეთა ნაწილს ან/და გენიტალიის სხვა უბნებს აჭრიან. წინდაცვეთას გოგოებს ხშირად დაბადებიდან რამდენიმე დღეში ან სქესობრივი მომწიფების ასაკის მიღწევისას უკეთებენ.

► ეს პრაქტიკა რამდენიმე მიზეზით არსებობს. ზოგს სწამს, რომ ის ამცირებს იმის ალბათობას, რომ ქალი თავის პარტნიორს უღალატებს. ეს იმიტომ, რომ სექსი ქალისთვის ნაკლებად სასიამოვნოა სრულფასოვანი კლიტორისა და გენიტალიის სხვა უბნების გარეშე.

► ქალის გენიტალიის დასახიჩრება ძალიან ბევრგანაა აკრძალული, თუმცა ზოგ ქვეყანაში ის ჯერ კიდევ გავრცელებული პრაქტიკაა — მათ შორის საქართველოში, კახეთში, ეთნიკურად ავარიელ მოსახლეობაში კლიტორის ნაწილობრივ მოკვეთა ტრადიციული რიტუალია.

თვითსიამოვნების ხელოვნება

კლიტორს ერთადერთი დანიშნულება აქვს — ის სიამოვნების წყარო უნდა იყოს! ადამიანების უმეტესობა თავიანთი სხეულის ამ ასპექტს ცხოვრების ადრეულ ეტაპზევე აგნებს — ახალგაზრდა გოგოები შეიძლება უწყინრად მასტურბირებდნენ თავის დასამშვიდებლად ან ძლიერ გრძნობებთან გასამკლავებლად — და მხოლოდ მოგვიანებით ხვდება ასეთი შეხების სექსუალურ ხასიათს.

მასტურბაციას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის კარგი შეგრძნებები და საკუთარი თავის უკეთ შესწავლა.

► მასტურბაცია გეხმარებათ, უკეთ მიხვდეთ, როგორი შეხება განიჭებთ სიამოვნებას, შემდეგ კი შეგიძლიათ ეს პარტნიორს გაუზიაროთ, რათა ერთობლივი სექსუალური გამოცდილება გააუმჯობესოთ.

► იხილეთ აგრეთვე: მასტურბაცია — მითები და სიმართლე

სურათი: WomanLog

ქალების უმეტესობას ორგაზმის მიღწევა მექანიკურად შეუძლია კლიტორის რაიმე სახის წრიული სტიმულირებით. თუნდაც უკვე აღმოჩენილი გქონდეთ რაღაც, რაც სანდოდ მუშაობს, მაინც ღირს სხვა მეთოდების ცდა — განსაკუთრებით იმიტომ, რომ სხეული და მისი მგრძნობელობა დროთა განმავლობაში იცვლება. კლიტორის სტიმულაცია სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი:

♦ თითებით ან საყვარელი სექს-სათამაშოთი კლიტორისა და კლიტორის ჩუჩის სტიმულაცია — ზემოთ და ქვემოთ, წინ და უკან.

♦ კლიტორსა და კლიტორის ჩუჩაზე მსუბუქი, ნაზი ბიძგების შესრულება ორგაზმის უფრო ნელა და სასიამოვნოდ მიღწევას უწყობს ხელს — ტემპის ცვლა სურვილის მიხედვით შეიძლება.

♦ ორი თითით კლიტორის ჩუჩის ნაზად მოჭერით და ზემოთ-ქვემოთ წამოწევით ან გვერდით გადაწევით, ჯერ ერთ და მერე მეორე მხარეს.

♦ კლიტორის დამალული ნაწილები ვაგინის არხს აკრავს გარს, ამიტომაც თითების ან სექს-სათამაშოს გამოყენებით ვაგინაში შეღწევას დიდი სიამოვნების მონიჭება შეუძლია. შეგრძნებების გასამძაფრებლად შეიძლება ვიბრირებადი სექს-სათამაშოს გამოყენება.

გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველას სხვადასხვა ეროგენული ზონები და სურვილები აქვს. არ არსებობს ერთი „სწორი“ გზა კლიტორის სტიმულირებისთვის — თავად უნდა შეისწავლოთ, რა სიამოვნებს თქვენს სხეულს.

კლიტორის სტიმულაცია პარტნიორთან ერთად

თუკი პარტნიორთან გაქვთ სექსი, არ დამალოთ თქვენი სურვილი კლიტორის სტიმულაციასთან დაკავშირებით. ამის მიღწევის მრავალი გზა არსებობს:

♦ სექსის ბევრ პოზიციას, რომელიც პენეტრაციას მოიცავს (იქნება ეს პენისით თუ სექს-სათამაშოთი), შეიძლება თან ახლდეს თითების თამაში კლიტორზე ან მის გარშემო.

♦ „ლოტოსის პოზა“ — როდესაც პარტნიორები პირისპირ სხედან, ფეხები კი ერთმანეთის გარშემო აქვთ შემოწყობილი — სხეულების მოძრაობის პარალელურად კლიტორთან უშუალო წვდომას იძლევა.

♦ პარტნიორის მენჯის არე ძალიან კარგი „ხელსაწყოა“ კლიტორის სტიმულირებისთვის — ადამიანს შეუძლია, აკონტროლოს მოძრაობა და კლიტორი აუსვას პარტნიორის ბოქვენის ძვალს ან პენისს, რათა შეხების ზუსტი სიძლიერე და ტემპი იპოვოს, რომელიც ორგაზმამდე მიიყვანს.

♦ ორალური სექსი, როცა ენა ნაზად არტყამს წრეს კლიტორს, ასევე სასიამოვნოა. ბევრ ადამიანს კლიტორის მსუბუქად წოვაც სიამოვნებას გვრის.

გაითვალისწინეთ: ზოგ ადამიანს ურჩევნია, კლიტორის პირდაპირი სტიმულაცია არ მიიღოს — შეგრძნებები შეიძლება ძალიან ძლიერი ან მტკივნეულიც კი იყოს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ირიბი სტიმულაცია — გამოცადეთ, რა შედეგს მოგცემთ კლიტორის ჩუჩაზე და მის გარშემო უბნებზე შეხება, მოფერება, მსუბუქი ბიძგები.

► კლიტორის სტიმულირება ირიბადაც შეიძლება, მაგალითად, დიდი სასქესო ბაგეების (ე.წ. „ლაბია მაჟორას“) მეშვეობით.

როგორც ვხედავთ, კლიტორი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანების აღგზნებასა და სიამოვნებაში. ბევრი ადამიანი კლიტორის უშუალო სტიმულირების გარეშე ორგაზმს ვერ აღწევს. თუმცა, სექსუალური სიამოვნების მიღწევის მთავარი გზა უამრავ სხვადასხვა ტექნიკაში გაწაფულობა არ არის. მთავარია ღიაობა და გაზიარება, ხალისი და ბედნიერება, ნდობა და გახსნილობა, და — ყველაზე მნიშვნელოვანი — პარტნიორის მიმღებლობა!

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

ვაგინა, გამონადენი, ვაგინალური, ფერი, ცვლილება, მენსტრუაცია, საშო

ვაგინალური გამონადენი — როდის და რატომ იცვლება ის?

რა ფერის უნდა იყოს ჯანსაღი ვაგინალური გამონადენი? როგორ გავარჩიოთ ის სხვა ტიპის გამონადენებისგან და როდის მივმართოთ ექიმს?

ვაგინა და ვულვა
ქალი, გოგო, სხეული, რეპროდუქციული, ანატომია, სისტემა, ძუძუები, მკერდი, ვულვა, ვაგინა, საშვილოსნო, ყელი, საკვერცხე, ბოქვენი, კლიტორი, აპკი, ჯირკვლები, არეოლა, qali, gogo, sxeuli, reproduqciuli, anatomia, sistema, dzudzuebi, mkerdi, vulva, dzudzu, ძუძუ, vagina, საშო, sasho, sashvilosno, yeli, sakvercxe, boqveni, klitori, apki, jirkvlebi, areola

ქალის სხეული და რეპროდუქციული ანატომია — რა უნდა ვიცოდეთ?

რა შედის ქალის ანატომიაში? ვულვა (ბოქვენი, დიდი და მცირე სასქესო ბაგეები, კლიტორი, კლიტორის ჩუჩა, შარდსადენი, საშო (ვაგინა), საქალწულე აპკი და ბართოლინის ჯირკვლები. საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი, საკვერცხეები, პერინეუმი (შორისი). ძუძუები და მათი ანატომიური ერთეულები.

ჩემი სხეული

გააზიარე სტატია

კლიტორი — ქალის სიამოვნების მთავარი წყარო

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია