საშარდე გზების ინფექცია (ინგლ. Urinary Tract Infection, ანუ UTI) არის ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც, როგორც წესი, იწვევს კუჭ-ნაწლავის ბაქტერია, რომელიც სწორი ნაწლავიდან მოხვდა საშარდე გზებში. საშარდე გზების ინფექცია არასასიამოვნო და მტკივნეულია და საჭიროებს მკურნალობას, რათა არ გამოიწვიოს თირკმლების დაზიანება.
ქალების დიდ ნაწილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია საშარდე გზების ინფექცია. მისი მკურნალობა მარტივად შეიძლება ანტიბიოტიკებითა და ბუნებრივი საშუალებებით, თუმცა მკურნალობის პროცესს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან უყურადღებობის შემთხვევაში ინფექციას შეიძლება საკმაოდ მძიმე გართულებებიც მოჰყვეს.
საშარდე გზების ინფექციის (UTI) გამომწვევი მიზეზები
საშარდე გზების ინფექცია (UTI) ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს საშარდე სისტემის თითოეულ ნაწილზე (თირკმლები, შარდის ბუშტი, შარდსაწვეთები და შარდსადენი). ეს ინფექცია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, თუმცა ქალებში საშარდე გზების ინფიცირების რისკი 30%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კაცებში, რადგან ქალების შარდსადენი უფრო მოკლეა, რაც აადვილებს ბაქტერიების გადატანას შარდის ბუშტიდან თირკმლებში.
საშარდე გზების ინფექცია, ჩვეულებრივ, გამოწვეულია ეშერიხია კოლის (E. coli) ბაქტერიით, რომელსაც ვხვდებით მსხვილ ნაწლავში. სხვა „დამნაშავეებს“ შორის არიან ბაქტერიები: პროტეუს მირაბილისი (ლათ. Proteus mirabilis) და კლებსიელა პნევმონია (ლათ. Klebsiella pneumoniae). თუ არასასურველი ბაქტერიები შარდსადენს მიაღწევენ, ინფექცია შეიძლება გადავიდეს საშარდე გზებში. მდგომარეობის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მანძილი გაიარა ბაქტერიამ.
საშარდე გზების ინფექცია იყოფა სხვადასხვა ტიპად იმის მიხედვით, თუ რამდენად შორსაა გავრცელებული ინფექცია საშარდე სისტემაში.
საშარდე გზების ინფექციის (UTI) ტიპები:
-
ცისტიტი, იგივე ბაქტერიული ინფექცია შარდის ბუშტში — ამ ტიპის საშარდე გზების ინფექცია იწვევს დისკომფორტსა და ტკივილს შარდვისას და შეიძლება გაგიჩნდეთ ხშირი შარდვის მოთხოვნილება. ასევე შეიძლება შეგეცვალოთ შარდის ფერი და მისი გამჭვირვალობის ხარისხი. ზოგჯერ აღინიშნება ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და სისხლნარევი შარდი.
-
პროსტატიტი, იგივე პროსტატის ბაქტერიული ინფექცია — ხშირ სიმპტომებს შორისაა ტკივილი საზარდულის არეში, მტკივნეული და გაძნელებული შარდვა, სისხლი შარდში და შარდვის ხშირი, გადაუდებელი საჭიროება. ის უმეტესად 50 წლამდე კაცებს აღენიშნებათ.
-
ურეთრიტი, იგივე ბაქტერიული ინფექცია შარდსადენ მილში — ურეთრიტი იწვევს წვის შეგრძნებას შარდვის დროს და გამონადენს შარდსადენიდან. ზოგიერთი ადამიანი სიმპტომებს შორის ასახელებს ერთიანად შარდვის უუნარობას.
-
პიელონეფრიტი, იგივე თირკმლების ბაქტერიული ინფექცია — ეს არის საშარდე გზების ინფექციების ყველაზე საშიში ტიპი და, როგორც წესი, არ ვითარდება, თუკი უყურადღებოდ და მკურნალობის გარეშე არ დატოვებთ ინფექციას ან არ გაქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი. პიელონეფრიტის განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების დაზიანება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) და ქრონიკული ინფექცია. თირკმლებში ბაქტერიების შეღწევის შემთხვევაში, ინფიცირებულს, სავარაუდოდ, აღენიშნება ცხელება, შეციება და გულისრევა, ასევე ტკივილი ზურგის ზედა ნაწილში.
► ნებისმიერი ინფექცია შეიძლება გახდეს საშიში, თუ არ უმკურნალებთ მას. ყურადღება მიაქციეთ ადრეულ სიმპტომებს და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, როგორც კი რამე საეჭვოს შენიშნავთ.
საშარდე გზების ინფექციების (UTI) გავრცელება და რისკფაქტორები
საშარდე გზების ინფექციები იმაზე ხშირია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. გაერთიანებული სამეფოს მკვლევრებმა 10 წლის განმავლობაში გამოიკვლიეს თითქმის ერთი მილიონი ადამიანი და დაადგინეს, რომ გამოკითხულთა 21%-ს ერთხელ მაინც ჰქონია საშარდე გზების ინფექცია. UTI ყველაზე მეტად გავრცელებულია ქალებსა და ხანდაზმულ ადამიანებში.
ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გაზარდოს საშარდე გზების ინფექციის რისკი, მაგალითად, თუ ხარ ქალი (და, შესაბამისად, გაქვს უფრო მოკლე შარდსადენი), ასევე ტუალეტით სარგებლობის შემდეგ „უკნიდან წინ“ მიმართულებით გაწმენდამ, რამაც შეიძლება ბაქტერიები ანუსიდან შარდსადენამდე მიიყვანოს.
საშარდე გზების ინფექციის სხვა რისკფაქტორებს შორისაა:
-
დასუსტებული იმუნური სისტემა — თუ თქვენი სხეული რამე მიზეზით დასუსტებულია, მას ნაკლები რესურსი აქვს მავნე ბაქტერიებთან საბრძოლველად. ამან შეიძლება გაზარდოს საშარდე გზების ინფიცირების შანსი. დასუსტებული იმუნური სისტემის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: დიაბეტი, ჭარბი წონა, იმუნოსუპრესანტები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) და სხვა ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები.
► იხილეთ აგრეთვე: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) — რა უნდა ვიცოდეთ?
-
ჰორმონალური ცვლილებები — ესტროგენის უეცარი ვარდნა ზრდის ინფექციის რისკს. შესაბამისად, მენოპაუზის ან/და ორსულობის დროს ქალების დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია.
-
სექსუალური აქტივობა — საშარდე გზების ინფექცია შეიძლება გამოწვეული იყოს სქესობრივი კავშირით, რომლის დროსაც შეიძლება ბაქტერიები ანუსიდან შარდსადენში გადავიდეს სასქესო ორგანოებთან მჭიდრო კონტაქტის გზით. დაუცველმა სქესობრივმა კავშირმა ასევე შეიძლება გაზარდოს დაინფიცირების რისკი pH (მჟავიანობის) დონის დარღვევისა და ვაგინაში ბაქტერიული ცვლილებების გამო.
-
ჩასახვის საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება — დიაფრაგმის, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება, ზრდის ქალებში საშარდე გზების დაინფიცირების რისკს, ისევე როგორც პრეზერვატივის გამოყენება სპერმიციდული ქაფით.
► იხილეთ აგრეთვე: ჰორმონალური კონტრაცეფცია — რა უნდა ვიცოდეთ?
-
საშარდე კათეტერის ტარება — ეს არის მოქნილი მილი, რომელიც შეჰყავთ შარდსადენში იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად შარდვა. შარდის კათეტერი მნიშვნელოვნად ზრდის საშარდე გზების დაინფიცირების შანსს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისი ორსულობის დროს გამოიყენება. კათეტერის გამოყენებისას ჰიგიენური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციების თავიდან ასაცილებლად.
წყარო: WomanLog
ხშირად დასმული კითხვები
არის თუ არა სიცივე საშარდე გზების ინფექციის გამომწვევი მიზეზი?
მიუხედავად იმისა, რომ სიცივე პირდაპირ არ იწვევს ბაქტერიულ ინფექციებს, ის შეიძლება იყოს ინფექციის ხელშემწყობი მიზეზი. როცა ადამიანის სხეულს უწევს სიცივესთან გამკლავება, ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სისხლი და ჟანგბადი მიაწოდოს სასიცოცხლო ორგანოებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანოებში სისხლის მიმოქცევა იზრდება. შესაბამისად, ასეთ დროს თირკმელი მუშაობს უფრო მეტად, რათა გაფილტროს სისხლი და გამოიმუშაოს მეტი შარდი. თუ ცივ ამინდებში არ უზრუნველყოფთ თქვენი სხეულის სათანადო ჰიდრატაციას, ის ვერ იმუშავებს ეფექტურად, რითაც გაიზრდება იმის რისკი, რომ ფილტრაციას გადაურჩნენ ბაქტერიები, რომლებიც შეიძლება შემდეგ მოხვდნენ საშარდე გზებში.
ამცირებს თუ არა სექსის შემდეგ მოშარდვა საშარდე გზების დაინფიცირების რისკს?
ბევრი ფიქრობს, რომ სექსის შემდეგ შარდვა ხელს უწყობს საშარდე გზების ინფექციების თავიდან აცილებას. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ბევრი კვლევა, რომელიც ამ ჰიპოთეზას ადასტურებს, ის მაინც ლოგიკურად ჟღერს, რადგან შარდს გამოჰყავს ბაქტერიები შარდსადენიდან. სქესობრივი კავშირი ზრდის საშარდე გზების დაინფიცირების რისკს, რადგან სქესობრივი კონტაქტის დროს იზრდება იმ ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება საშარდე გზებში გადავიდნენ. თუმცა, სექსის შემდეგ მოშარდვა ბაქტერიების გასაწმენდად ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას გააკეთებთ პირველი 30 წუთის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირების რისკი ქალებში უფრო მაღალია, ექიმების რეკომენდაციაა, რომ კაცებმაც მიმართონ სექსის შემდეგ მოშარდვის პრაქტიკას. ცხადია, ეს არ არის ჯადოსნური გზა ინფექციის თავიდან ასაცილებლად — სექსის შემდეგ მოშარდვა ვერ დაგიცავთ არასასურველი ორსულობისა ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. ასე რომ, სექსის დროს თავის დაცვა აუცილებელია!
► იხილეთ აგრეთვე: პრეზერვატივი — რატომ და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის?
საშარდე გზების ინფექციების (UTI) მკურნალობა
საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა ხშირად შესაძლებელია ბუნებრივი საშუალებებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ ბაქტერია არ არის გავრცელებული და არ გემუქრებათ ქრონიკული ინფექციის განვითარების რისკი. ინფექციის სიმწვავის დასადგენად უნდა გაიკეთოთ შარდის ანალიზი. ყველაზე გავრცელებული სამედიცინო მკურნალობა ანტიბიოტიკების კურსისა და რაც შეიძლება მეტი სითხის მიღების დანიშვნაა, რათა საშარდე სისტემიდან მაქსიმალურად გამოიდევნოს ბაქტერიები. ასევე, თუკი გაქვთ ტკივილები, შეიძლება ექიმმა დაგინიშნოთ ტკივილგამაყუჩებლები.
ზოგიერთი ექიმი პაციენტებს ურჩევს მოცვის წვენის დალევას ან ტანინის შემცველი კაფსულების მიღებას. ტანინი არის ბუნებრივი პოლიფენოლი (მიკრონუტრიენტი), რომელიც გვხვდება მოცვში. ის ხელს უშლის E. coli ბაქტერიების მიმაგრებას შარდის ბუშტისა და შარდსადენის კედლებზე.
საშარდე გზების ინფექციების (UTI) თავიდან აცილება
საშარდე გზების ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა შარდსადენის შევიწროება, თირკმლის დაზიანება, ქრონიკული ინფექცია, ორსულობის გართულება და სეფსისიც კი.
რა შეიძლება გააკეთოთ საშარდე გზების ინფექციის თავიდან ასაცილებლად?
-
დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი — თავად შარდსაც აქვს გარკვეული ანტიბაქტერიული თვისებები და ის ეფექტურად აფერხებს საშარდე გზების კედლებზე ბაქტერიების მიბმას. გარდა ამისა, არ შეიკავოთ შარდვა — რეგულარული შარდვა მავნე ბაქტერიების გამოდევნას უწყობს ხელს.
-
გახსოვდეთ წესი: „წინიდან უკან“ — ტუალეტით სარგებლობის შემდეგ ყოველთვის გაიწმინდეთ სასქესო ორგანოებიდან ანუსისკენ, რათა თავიდან აიცილოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბაქტერიების შეღწევა შარდსადენში.
-
გააძლიერეთ თქვენი იმუნური სისტემა — თქვენი სხეული შექმნილია ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. როდესაც თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია, ორგანიზმისთვის უფრო რთული ხდება ბუნებრივი დამცავი „ფარის“ შენარჩუნება. შეგიძლიათ, გააძლიეროთ თქვენი იმუნური სისტემა საკმარისი ძილით, სწორი კვებითა და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით.
-
დაკავდით უსაფრთხო სექსით — ახალ პარტნიორთან სქესობრივი კავშირის დროს ყოველთვის გამოიყენეთ პრეზერვატივი, ასევე არ დაგავიწყდეთ სექსის შემდეგ მოშარდვა და სასქესო ორგანოების დაბანა.
-
მოერიდეთ სასქესო ორგანოს ზედმეტად დაბანას — უხეში სარეცხი საშუალებებისა და სურნელოვანი პროდუქტების გამოყენება კლავს საჭირო ბაქტერიებს და იწვევს მავნე ბაქტერიების ჭარბ ზრდას. ჯანსაღი პირადი ჰიგიენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ გადააჭარბოთ მას — თქვენი საშოს თვითწმენდის ფუნქცია დამოკიდებულია მიკროფლორას ჯანმრთელობაზე.
გამოყენებული წყარო:
სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე
მთავარი სურათი: WomanLog
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.