Facebook Script

ვიზუალურ სტანდარტებთან ბრძოლა — ფემინიზმის ანბანი

23 სექტემბერი, 2021 | ჩემი სხეული , საკითხავი

ვიზუალური სტანდარტები და მათი ცვლილება დროთა განმავლობაში

სხვადასხვა დროსა და ხალხში განსხვავებული წარმოდგენები არსებობდა იმის შესახებ, თუ რა არის სილამაზე და როგორია ქალის იდეალური სხეული. ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქალი ამ სტანდარტებს, ხშირად მისი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელიც კი არის.

ქალების მიმართ დაწესებული ვიზუალური სტანდარტები მუდმივად იცვლება და სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირად გამოიხატება, თუმცა ნებისმიერ მათგანს საფუძვლად ქალების სექსუალიზება და ჰეტერონორმატიული რწმენა-წარმოდგენები უდევს. ამ სტანდარტების მიხედვით, ფიზიკური მიმზიდველობა ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია და ყველა ქალი უნდა მიილტვოდეს მათი მიღწევისა და შენარჩუნებისთვის.

საზოგადოება ქალებისგან ადრეული ასაკიდანვე ითხოვს არარეალისტური სტანდარტების დაკმაყოფილებას. მათ მოეთხოვებათ, არ ჰქონდეთ თმა სხეულზე, იყვნენ გამხდრები, გამოყვანილი წელით, თუმცა დიდი საჯდომით, ყოველთვის კარგი სუნი ჰქონდეთ და, ერთი სიტყვით, იდეალურ თოჯინას დაემსგავსონ. ასეთ ჩარჩოებში მოქცევის ზეწოლას ადამიანზე ბევრი უარყოფითი ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, მათ შორის დეპრესია, კვებითი აშლილობები და დაბალი თვითშეფასება.

სოციალური მედია და პოპ-კულტურა

სოციალური მედია, ჟურნალ-გაზეთები და პოპ-კულტურა კიდევ უფრო მაღლა წევს ისედაც არარეალისტურ ვიზუალურ სტანდარტებს და ქალებს საკუთარ სხეულთან მიმართებით პერფექციონიზმისა და სხვა ქალებთან მუდმივი შედარებისკენ უბიძგებს.

მაშინაც კი, როცა ქალი მაქსიმალურად ცდილობს ვიზუალური სტანდარტების დაკმაყოფილებას, კრიტიკა არ სრულდება. ქალები გამხდრები უნდა იყვნენ, მაგრამ არა ძალიან; ტანსრულები, მაგრამ არა ძალიან; მაკიაჟი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ არა ზედმეტი, რადგან ისე არ უნდა გამოჩნდეს, თითქოს ძალიან ცდილობ; კანი უნდა გამოაჩინონ, მაგრამ მხოლოდ ცოტათი და სხვა.

ქალებს თითქმის ყველაფრის გამო აკრიტიკებენ ყოველდღიურად და ასეთი მოთხოვნები, მითითებები და დარცხვენა მათ ძალიან ურთულებს საკუთარი თავისა და სხეულის შეყვარებას, რაც დროთა განმავლობაში ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას აჩენს.

ვიზუალური სტანდარტების ზეგავლენა ადრეული ასაკიდან

გოგოებში ვიზუალური სტანდარტები ფესვებს ადრეული ბავშვობიდან — 3-5 წლიდან — იდგამს. მათ მუდმივად ესმით, თუ როგორ უნდა ეცვათ, გამოიყურებოდნენ ან ისხდნენ, რომ მათი ქცევა საზოგადოებისთვის მისაღები იყოს.

რთულია, ასეთი მიუღწეველი „იმედები გაამართლო“, განსაკუთრებით ამდენად ადრეული ასაკიდან. როდესაც ბავშვებს თავიდანვე ჩააგონებენ წარმოუდგენელ სტანდარტებს და ცდილობენ, განსაზღვრულ ჩარჩოებში მოაქციონ, ეს მათთვის მენტალურად და ფიზიკურად ძალიან დამღლელი და საზიანოა.

საბავშვო სილამაზის კონკურსები

საბავშვო სილამაზის კონკურსებს ბავშვებზე ხანგრძლივი დამაზიანებელი ეფექტი აქვს: ისინი ხელს უწყობს საკუთარი სხეულის არაჯანსაღ აღქმას და ზრდის კვებითი აშლილობების, შფოთვისა და დეპრესიის რისკებს როგორც თინეიჯერობის, ისე ზრდასრულ ასაკში.

ხშირად საბავშვო სილამაზის კონკურსებში „ბუნებრივი სილამაზე“ საკმარისი არაა გასამარჯვებლად. მართალია, იქ კაბები, კოსტიუმები და მაკიაჟი არის, როგორც მოსალოდნელია, თუმცა ბავშვებს ასევე ხშირად უკეთებენ პარიკებს, სპრეით გარუჯვას და ზოგჯერ მათ ფოტოებსაც კი ცვლიან კომპიუტერულად. აქედან ბავშვები იმას იგებენ, რომ იმისთვის, რომ ისინი ვინმეს მოეწონოს, უნდა იყვნენ ლამაზები, თუმცა იმისთვის, რომ საკმარისად ლამაზები იყვნენ, მათ თავიანთი ბუნებრივი გარეგნობის შეცვლა მოუწევთ.

სილამაზის კონკურსების კიდევ ერთ-ერთი მახასიათებელი ისაა, რომ ისინი ბავშვებს ასწავლის, რომ წარმატების მიღწევა მჭიდროდაა დაკავშირებული მათ ვიზუალთან. მათ არ ასწავლიან, რომ ყველა ბავშვი შეიძლება იყოს ლამაზი მრავალი რამის გამო, გარდა გარეგნობისა. ასეთი მიდგომა გრძელვადიან ეფექტს ტოვებს ბავშვების მიერ საკუთარი თავის აღქმაზე როგორც თინეიჯერობის ასაკში, ისე ზრდასრულობისას. ასეთი პერფექციონიზმის მოთხოვნა ბავშვებზე ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს და ზრდის კვებითი აშლილობებისა და დეპრესიის რისკს.

საბოლოოდ, ბავშვის წარმოდგენები წარმატების შესახებ შეიძლება აღარც იყოს დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ არიან ისინი, რა მოსწონთ თვითონ და რა გამოსდით. ნაცვლად ამისა, მათთვის წარმატება მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, როცა მშობელი თუ ვინმე სხვა მათ საკუთარი შეხედულებების მიხედვით „გამოძერწავს“.

„ბოდიშეიმინგი“

ვიზუალური სტანდარტები ხშირად ხდება სხეულის დაცინვის, ე.წ. „ბოდიშეიმინგის“ (Body shaming), მიზეზი. ისინი ბულინგის, დაცინვისა და ჩაგვრის დამატებით არეალს ქმნიან: სიმსუქნეზე, სიგამხდრეზე, სიმაღლეზე, თმიანობაზე, თმის ფერზე, სხეულის ფორმაზე, მასკულინობასა და ფემინურობაზე, გამომეტყველებებზე, გამონაყარსა და სხვადასხვა ფიზიკურად გამოხატულ დაავადებებზე.

უარყოფითი ეფექტები ჯანმრთელობაზე

ვიზუალური სტანდარტებით სავსე გარემოში ქალები არაერთი მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის საფრთხის წინაშე დგებიან, მაგალითად: დაბალი თვითშეფასება, იზოლაცია, ანორექსია, ბულემია, დეპრესია, შფოთვა, კუნთებისა და სხეულის დისმორფია და ა.შ.

სხეულის პოზიტიურად აღქმა

„სხეულის პოზიტიურად აღქმის მოძრაობა“ ნებისმიერი ტიპის სხეულის მიღებით, საკუთარი სხეულის შეყვარებითა და, ზოგადად, ქალის სხეულის აღქმის შეცვლით ქალების არარეალისტური და არაჯანსაღი სტანდარტებისგან გათავისუფლებას ემსახურება.

სხეულის პოზიტიურად აღქმის აქტივისტებს სწამთ, რომ დღეს ძალაუფლებისა და სასურველობის იერარქია ჩვენს სხეულებს „ზომავს“ რასის, გენდერის, სექსუალობისა და ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით. მოძრაობის მიზანია, დაუპირისპირდეს სილამაზის სტანდარტებს, შექმნას სხეულის პოზიტიური სურათი და ხელი შეუწყოს ადამიანთა თვითშეფასების ამაღლებას.

სილამაზე საზოგადოების მიერ ხელოვნურად შექმნილი კონსტრუქტია და მან არ უნდა იმოქმედოს ადამიანის თავდაჯერებულობასა და თვითშეფასებაზე. ადამიანებს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ უფრო მეტად უყვარდეთ საკუთარი თავი და სრულად მიიღონ საკუთარი ფიზიკური ნიშან-თვისებები.

მთავარი სურათი: dribbble / Andres Rivas-Cruz

მსგავსი სტატიები

შერცხვენა სიმსუქნის გამო, Fat Shaming, წონა, დაცინვა, ბულინგი

შერცხვენა სიმსუქნის გამო და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

რას ნიშნავს შერცხვენა სიმსუქნის გამო და რა გავლენა აქვს ამ ტიპის ქცევას ადამიანებზე? — ჭარბი წონის გამო ადამიანების დაცინვა, გარიყვა და ათვალწუნება

ჩემი სხეული
ქალები, თმა, გაპარსვა, ეპილაცია

რატომ იშორებენ ქალები თმას?

სხეულიდან თმის მოშორება ქალებისთვის ხშირად შხაპის რუტინის სტანდარტული ნაწილია. თუმცა, იყო დრო, როცა ეს პროცესი საერთოდაც არ მიიჩნეოდა ნორმად და მის კულტურულ ევოლუციას თავისი ისტორია აქვს.

ჩემი სხეული
შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

ვიზუალურ სტანდარტებთან ბრძოლა — ფემინიზმის ანბანი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია