ვაგინიზმი სექსუალური დარღვევაა, რომლის დროსაც ვაგინის კუნთები უნებლიეთ იკუმშება, რაც ნებისმიერი სახის პენეტრაციას — ვაგინაში შეღწევის მცდელობას — ქალისთვის ძალიან მტკივნეულს ხდის.
ვაგინიზმი ხელს არ უშლის სექსუალურ აღგზნებას, თუმცა მის გამო ქალებს ხშირად უჭირთ სექსუალური ურთიერთობების დამყარება. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ დისფუნქციურები არიან ან რომ პარტნიორისთვის საკმარისს ვერ გაიღებენ. ვაგინიზმი ძლიერ ზემოქმედებს ქალის ფსიქიკაზე და პარტნიორის მხრიდან მიმღებლობასა და მხარდაჭერას მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი აქვს.
სექსუალური დისფუნქციები ქალებსაც აწუხებთ და კაცებსაც და მათი მკურნალობა, ჩვეულებრივ, შესაძლებელია. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ბრალი არ არის და სასირცხვილო არაფერია.
ექსპერტებმა არ იციან, ზუსტად რამდენ ქალს აწუხებს ვაგინიზმი, თუმცა მიიჩნევა, რომ ის საკმაოდ იშვიათი დარღვევაა.
ვაგინიზმის გავლენა ქალის ცხოვრებაზე
თუკი ვაგინიზმი გაწუხებთ, პენეტრაცია ძლიერ ტკივილს იწვევს, იქნება ეს სექსი, ტამპონის ან მენსტრუალური ჭიქის გამოყენება თუ თითებით ან სექს-სათამაშოთი მასტურბაცია.
ვაგინიზმი ორი ტიპის არსებობს: პირველადი და მეორადი. პირველადია ვაგინიზმი, თუკი ის ქალს ყოველთვის ჰქონდა, ხოლო მეორადია, თუკი ერთ დროს მას კომფორტულად შეეძლო პენეტრაციული სექსი, მაგრამ ახლა აღარ შეუძლია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვაგინიზმი ბევრი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, ამიტომაც ეს დაყოფა შეიძლება არასრული და შემზღუდველი იყოს. მსგავსი სიმპტომები ზოგჯერ სხვა პრობლემებზე მეტყველებს და თუ ტკივილს ან დისკომფორტს გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
სურათი: HelloBetter
ზოგ ქალს ვაგინიზმი მენოპაუზის შემდეგ ემართება. როდესაც სხეულში ესტროგენის დონე ეცემა, ვაგინის სისველისა და ელასტიკურობის ნაკლებობამ შეიძლება ზოგჯერ ვაგინიზმი გამოიწვიოს და სექსი მტკივნეული, სტრესული ან შეუძლებელი გახდეს.
► ვაგინიზმის მქონე ქალების უმეტესობისთვის ორგაზმის მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს და ის კლიტორის სტიმულაციითაა შესაძლებელი, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აღგზნებას თან ახლავს კუნთების შეკუმშვა, რაც იწვევს აღგზნების დროებით შეწყვეტას და განწყობის გაფუჭებას.
რაც არ უნდა შემაწუხებელი იყოს ვაგინიზმი, ის ქალის სექსუალობის განაჩენი ნამდვილად არ არის. პრობლემები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც პარტნიორებს აუსრულებელი ან შეუთანხმებელი მოლოდინები აქვთ, ან როდესაც ქალმა ეს მდგომარეობა შიშისა თუ რამე სხვა მიზეზის გამო წინასწარ არ გაამხილა. წყვილებს შეუძლიათ ამ პრობლემასთან გამკლავება კომუნიკაციისა და ისეთი სექსუალური სტიმულაციის მეშვეობით, რომელიც პენეტრაციას არ მოიცავს — მაგალითად, ორალური სექსით, მასაჟით, მასტურბაციით.
ვაგინიზმის გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები
ვაგინიზმი შეიძლება დაკავშირებული იყოს სექსუალური ძალადობის გამოცდილებასთან ან ტრავმასთან, ასევე წარსულში მომხდარ მტკივნეულ სექსუალურ გამოცდილებასთან ან ემოციურ ფაქტორებთან, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვაგინიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
დიაგნოზის დასასმელად ექიმი ფიზიკურ შემოწმებას ჩაგიტარებთ და თქვენს სამედიცინო და სექსუალურ ისტორიას გამოგკითხავთ. ამან შეიძლება მას მიანიშნოს თქვენი პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე.
ვაგინიზმის ფიზიკურ სიმპტომებს შორისაა ვაგინის კუნთების უნებლიე შეკუმშვა; წვა, ჩხვლეტა და დაჭიმულობა სექსის დროს; განგრძობითი სექსუალური ტკივილი რამე აშკარა მიზეზის გარეშე; განგრძობითი სექსუალური დისკომფორტი ან ტკივილი მშობიარობის ან მენოპაუზის შემდეგ, ასევე სოკოვანი/საშარდე ინფექციების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და სხვა პრობლემების შემდეგ.
ფსიქოლოგიურ სიმპტომებს შორისაა სირცხვილი, თავდაჯერების ნაკლებობა, სექსის შიში ან მისგან თავის არიდება, სექსუალური ინტერესის დაკარგვა, სექსის შესახებ პარტნიორის მოტყუების ვალდებულების შეგრძნება და დისკომფორტი იმ თემების გარშემო, რომლებიც პენეტრაციას უკავშირდება.
ექიმთან ვიზიტი და დიაგნოზის დასმა
ვაგინიზმის დიაგნოსტირება, როგორც წესი, თქვენი სიმპტომების აღწერით იწყება. ექიმმა შეიძლება გკითხოთ:
- როდის შეამჩნიეთ ეს პრობლემა პირველად
- რამდენად ხშირია ის
- თქვენი დაკვირვებით, რა გარემოებები აღძრავს მას
ჩვეულებრივ, ექიმი ასევე გამოგკითხავთ თქვენს სექსუალურ წარსულს, რაც შეიძლება მოიცავდეს შეკითხვებს სექსუალური ტრავმებისა და ძალადობის შესახებ.
ზოგადად, ვაგინიზმის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას გინეკოლოგიური შემოწმება სჭირდება. შეიძლება, ამან შეგაშინოთ, თუმცა ეს ბუნებრივია და ნუ მოგერიდებათ ექიმთან საუბარი. აუცილებლად გააჟღერეთ თქვენი შიშები, რათა ექიმმა შემოწმება მაქსიმალურად კომფორტული გახადოს.
როდესაც ექიმს ვაგინიზმზე აქვს ეჭვი, ის უფრო ფრთხილად ჩაატარებს შემოწმებას. შემოწმების დროს ის ინფექციისა და დაზიანებების ნიშნების პოვნას შეეცდება. ზოგ ქალს ურჩევნია, გინეკოლოგიური სავარძლის ფეხის დამჭერები არ გამოიყენოს და შემოწმებისთვის რამე სხვა პოზა სცადოს. გარდა ამისა, შეგიძლიათ, პროცედურის დროს ექიმს სთხოვოთ, რომ შემოწმების თითოეული ეტაპი აგიხსნათ. ასევე შეიძლება, უფრო მყუდროდ იგრძნოთ თავი, თუ სარკის გამოყენებით თავად მიადევნებთ თვალს შემოწმებას.
ვაგინიზმის დროს ვაგინის კუნთების შეკუმშვას არავითარი ფიზიკური მიზეზი არ გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ვაგინიზმი გაქვთ, ექიმი ამ სიმპტომების გამომწვევ სხვა მიზეზს ვერ იპოვის.
სურათი: WomanLog
ვაგინიზმის უყურადღებოდ დატოვების საფრთხეები
ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე დადგომას ზოგჯერ შიშები ახლავს. საკუთარ თავთან პრობლემის არსებობის აღიარება იმის აღიარებასაც ნიშნავს, რომ მას რაღაც შედეგები მოჰყვება, რის გამოც ბევრი ადამიანი წლობით იტანჯება და არ ცდილობს იმის გარკვევას, თუ რაშია საქმე. დისპარეუნია ერთ-ერთი ისეთი პრობლემაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ტოვებენ უყურადღებოდ, რადგან ის ძალიან პირადია.
► დისპარეუნია სამედიცინო ტერმინია და ის „მტკივნეულ სქესობრივ კავშირს“ აღნიშნავს. დისპარეუნიაში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის სექსუალური ტკივილი გენიტალიის არეში. ვაგინიზმი დისპარეუნიის ერთ-ერთი ფორმაა. თუმცა დისპარეუნია ასევე შეიძლება გამოიწვიოს კისტამ, მენჯის ანთებითმა დაავადებამ, ვაგინალურმა ატროფიამ და სხვა მიზეზებმა.
უყურადღებოდ დატოვებული ვაგინიზმი ურთიერთობებს აზიანებს, განსაკუთრებით თუ მას საიდუმლოდ ინახავთ. შეიძლება წარმოიშვას უნდობლობა ან პარტნიორმა არასწორი დასკვნები გამოიტანოს სექსის ნაკლებობასთან დაკავშირებით. ტკივილის მიუხედავად პენეტრაციის ძალით განხორციელება დიდი ალბათობით დაზიანებას გამოიწვევს. ვაგინიზმი ისეთი პრობლემა არ არის, რომელიც შეიძლება უგულებელყო, მკურნალობას კი დრო და მოთმინება სჭირდება.
სიმპტომების მართვა და მკურნალობა
ვაგინიზმისგან განკურნება შესაძლებელია. მკურნალობის პროცესი შეიძლება ემოციურად დამღლელი იყოს, თუკი ამ პრობლემასთან დაკავშირებით უარყოფითი გამოცდილებები გქონიათ. ტრავმამ შეიძლება წარმოშვას ფსიქოლოგიური ბარიერები, რომლებიც მოდუნების მცდელობებს გაართულებს, როდესაც საქმე პენეტრაციას შეეხება.
► უყურადღებოდ დატოვებული ვაგინიზმი თავისით არ განიკურნება. ჯანსაღ ცხოვრების სტილზე გადასვლას შეიძლება დადებითი ეფექტი ჰქონდეს — მაგალითად, სტრესის გამომწვევი მიზეზების მოშორებას, ვაგინიზმის გააზრებასა და მიღებას, გამგები პარტნიორის ყოლას — თუმცა გაცნობიერებული და მიზანმიმართული მკურნალობა გაცილებით ეფექტურია.
ვაგინიზმის მკურნალობა, როგორც წესი, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რამდენიმეს კომბინაციას მოიცავს:
♦ ფსიქოთერაპია. ექიმმა შეიძლება გადაგამისამართოთ ფსიქოთერაპევტთან, რათა აღმოაჩინოთ და გადაჭრათ ნებისმიერი გამომწვევი ფსიქოლოგიური პრობლემები, ასევე საზიანო წარმოდგენები, რომლებიც შეიძლება სექსის შესახებ გქონდეთ
♦ დაცულ გარემოში მოდუნება და საკუთარი სხეულის შესწავლა (მარტო ან პარტნიორთან ერთად), რათა უკეთ გაიგოთ სხეულის ანატომია და სექსუალური აღგზნების დროს მიმდინარე პროცესები, უფრო მყუდროდ იგრძნოთ თავი საკუთარ სხეულსა და საკუთარ სექსუალობასთან და დაამყაროთ ინტიმური კავშირი გადაჭარბებული მოლოდინების გარეშე
♦ კუნთების ვარჯიშები, რომლებიც საკუთარ სხეულზე კონტროლის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშები ან პროგრესული რელაქსაცია — თქვენი კუნთების დაჭიმვა და მოდუნება განსაზღვრული თანმიმდევრობით
♦ თანდათანობითი გაფართოება. ეს შეიძლება მოხდეს თითებით ან სპეციალური ხელსაწყოებით, მაგალითად, ვაგინის ტრენაჟორებით — სხვადასხვა ზომის გლუვი კონუსებით, რომლებიც პენეტრაციასთან შესაჩვევად გამოიყენება, თქვენზე მორგებული ტემპით
თუ მკურნალობა ყურადღებით და თანმიმდევრულად წარიმართება, დიდი ალბათობით, სრულად (და სამუდამოდ) განიკურნებით, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ ხანს გაწუხებდათ ტკივილები: თვეების, წლებისა თუ ათწლეულების განმავლობაში.
გამოყენებული წყაროები:
მთავარი სურათი: WomanLog