Facebook Script

ოჯახში ძალადობა და LGBTQ+ ადამიანები — რა უნდა ვიცოდეთ?

19 ივნისი, 2023 | ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ურთიერთობაში ისეთი ქცევების ერთობლიობას, რომელთა მიზანიც ინტიმურ პარტნიორზე ან ოჯახის წევრზე ძალაუფლების მოპოვება და მათი კონტროლია. მას შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური, სექსუალური, ემოციური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ძალადობის სახე ან მოიცავდეს ისეთ მუქარებს, რომელთა მიზანიცაა შეშინება, ტერორი, მანიპულაცია, გულისტკენა, დამცირება ან დაზიანება.

ოჯახში ძალადობა შეიძლება გამოცადოს ნებისმიერი ასაკის, რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის ადამიანმა, თუმცა LGBTQ+ თემის წარმომადგენლებისა და არაჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანების შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე მოსახლეობის სხვა ნაწილისთვის.

LGBTQ+ თემის წევრებზე ოჯახში ძალადობის ფორმები და სტატისტიკა

ქვიარ ადამიანებზე ოჯახში ძალადობის საკითხი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად ღიაა ადამიანი საკუთარი იდენტობის გაცხადების თვალსაზრისით. საქართველოში ხშირია ქვიარ ადამიანების მხრიდან საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის დამალვა, როგორც საჯაროდ, ისე ოჯახთან მიმართებით. მაგალითად, 2012 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 36% ოჯახის წევრებთან მალავს საკუთარ იდენტობას. აღსანიშნავია, რომ, მცირე სხვაობით, კაცები ამას უფრო ხშირად აკეთებენ, ვიდრე ქალები.

„ქამინგაუთი“ — საკუთარი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გაცხადება სხვებისთვის — ხშირად პირდაპირაა დაკავშირებული ფინანსურ პრობლემებთან, როდესაც ქვიარ ადამიანი ეკონომიკურად ოჯახზეა დამოკიდებული, რის გამოც ის თავს არიდებს საკუთარ იდენტობაზე საუბარს, რათა არ დაკარგოს ოჯახის ფინანსური რესურსი თუ ემოციური მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ქვიარ ადამიანებზე ოჯახში ძალადობა ხშირად „ქამინგაუთამდე“ იწყება, როდესაც ოჯახის წევრებს ეჭვები და ვარაუდები უჩნდებათ პირის სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით, რაც „ქამინგაუთის“ შემდეგ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ქვიარ ადამიანებზე ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელსაც ხშირად სისტემური ხასიათი აქვს და წლების განმავლობაში გრძელდება, რაც ზოგჯერ ადამიანს აიძულებს, საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული როლების შესაბამისად შეცვალოს თავისი ქცევა და თვითგამოხატვა. თვითგამოხატვის ასე შეზღუდვა შეიძლება ხშირად ადამიანში აჩენდეს ინტერნალიზებულ ჰომოფობიას, რომელიც მომავალში შეიძლება საკუთარი თავის მიუღებლობისა და მძიმე სტრესის წყარო გახდეს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

ოჯახში LGBTQ+ ადამიანების მიმართ მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების ზიანი საკმაოდ ფართოა და გარდა ფიზიკური ზიანისა ის შეიძლება დაკავშირებული იყოს განათლებაზე ხელმისაწვდომობასთან, სოციალურ მოწყვლადობასა თუ უსახლკარობის რისკთან. ჰომოფობიური, ბიფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო ოჯახის მხრიდან LGBTQ+ თემის წევრებზე ძალადობას, ოჯახში ძალადობის ჩვეულ ფორმებთან (ფიზიკური, სექსუალური, ემოციური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობები) ერთად, შეიძლება დაემატოს:

  • სახლის დატოვების იძულება;

  • მემკვიდრეობის ჩამორთმევა;

  • სკოლაში სიარულის აკრძალვა;

  • ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნა;

  • ქორწინების იძულება;

  • შვილებზე უარის თქმის იძულება;

  • აქტივისტური საქმიანობისთვის დასჯა;

  • პირადი რეპუტაციის შელახვა;

  • უხეში ჩარევა პირად ავტონომიასა და პირად მიმოწერებში;

  • გარე სამყაროსგან იზოლაცია და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, გენდერული უთანასწორობის შედეგებთან მიმართებით განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ტრანსგენდერი ადამიანები და ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები. მათ შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალია იმის ალბათობა, რომ შეილახება მათი უფლება, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სექსუალობას, რეპროდუქციასა და ოჯახურ ცხოვრებას.

ოჯახში ძალადობის სტატისტიკა

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები აჩვენებს, LGBTQ+ ჯგუფის მიმართ ოჯახში ძალადობის პრაქტიკა მნიშვნელოვნად მაღალია. ბრიტანეთში Stonewall-ისა და Stigma Research-ის მიერ გეი და ბისექსუალი კაცების ჯანმრთელობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულ გეი და ბისექსუალ კაცთა 49%-მა 16 წლის ასაკიდან ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოცადა ძალადობა ოჯახის წევრის ან პარტნიორის მხრიდან, ხოლო იგივე მაჩვენებელი მთლიანად კაცების შემთხვევაში მხოლოდ 17%-ია. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, გეი და ბისექსუალ კაცთა 40%-მა გამოცადა ოჯახში ძალადობა პარტნიორის მხრიდან, ხოლო იგივე მაჩვენებელი მთლიანად კაცების შემთხვევაში 14%-ია.

2014 წელს WISG-ის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ქვიარ თემზე ოჯახში ძალადობის საკითხს იკვლევდა, გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ ძალადობა განუცდია ოჯახის წევრის მხრიდან, 30%-ს კი პარტნიორის, პოლიციელის ან თანამშრომლის მხრიდან. კვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობის ადგილი ექსკლუზიურად სახლი იყო და ძალადობაგამოვლილ ადამიანებს სამჯერ ან მეტჯერ ჰქონდათ ფიზიკური ძალადობის გამოცდილება, რაც ოჯახის წევრების მხრიდან მუდმივი ძალადობის ქვეშ ყოფნაზე მეტყველებს.

ოჯახში ძალადობის მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, სამართალდამცავებისთვის მიმართვიანობის ოფიციალური მაჩვენებლები LGBTQ+ თემში ოჯახში ძალადობის რეალურ გამოცდილებებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება —  Stonewall-ისა და Stigma Research-ის კვლევამ აჩვენა, რომ ძალადობაგამოვლილ გეი და ბისექსუალ კაცთა 78%-ს არასდროს მიუმართავს პოლიციისთვის. გარდა ამისა, იმ რესპონდენტთა ნახევარმა (53%), რომელმაც მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით მიმართა პოლიციას, უკმაყოფილება გამოთქვა სამართალდამცველების რეაგირების ხარისხით.

მსგავს შემთხვევებზე სამართალდამცავების მხრიდან ჰომოფობიური დამოკიდებულებები ძალიან აქტუალურია საქართველოშიც. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ „ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციელების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტებზე საუბრობენ. რიგ საქმეებში მითითებულია პოლიციელების მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის, ჰომოფობიური დამოკიდებულების, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, გულგრილობის ფაქტების შესახებ“.

ქვიარ ბავშვები და ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობას ხშირად აწყდებიან ქვიარ ბავშვებიც, რომლებზე ზეწოლა და ძალადობაც ძლიერდება მშობლების მხრიდან, როდესაც ბავშვის ქცევებში ჩნდება ისეთი ნიშნები, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოებაში გაბატონებულ ჰეტერონორმატიულობასა და გენდერული როლებს, და განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი გაიგებენ ბავშვის სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის შესახებ. ამის „გამოსწორების“ მიზნით მშობლები ხშირად სხვადასხვა ფორმით ერევიან ბავშვის პირადი გამოხატვის თავისუფლებაში.

ქვიარ ბავშვებზე ოჯახში ძალადობა ხშირად ვლინდება არა ცალკეული, იზოლირებული ქმედებებით, არამედ ჰომოფობიით, ტრანსფობიითა და საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული ნორმებით ნაკარნახევი ძალადობრივი ციკლით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ბავშვის განვითარებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

ოჯახში ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ე.წ. „კონვერსიული თერაპია“ — ფსევდომეცნიერული პრაქტიკა, რომელიც არაზუსტ და მოძველებულ ინფორმაციას ეყრდნობა და რომლის მიზანიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა და მისი ქცევების „შეცვლისა“ და „გამოსწორების“ მცდელობაა. ამ მიზნით, მშობლებმა შეიძლება მიმართონ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, ზოგჯერ კი სასულიერო პირსაც. 

კონვერსიული თერაპია ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა და იწვევს გრძელვადიან მენტალურ პრობლემებს, მათ შორის შფოთვას, დეპრესიას, თვითშეფასების დაქვეითებას, ზოგჯერ კი ადამიანები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებამდე და თვითმკვლელობის მცდელობამდეც კი მიჰყავს. ეს პრაქტიკა მრავალ ქვეყანაშია აკრძალული და მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალები ეწინააღმდეგებიან პიროვნების სექსუალური ორიენტაციის შეცვლის ყველა მცდელობას. მიუხედავად ამისა, ქართველი ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და სექსოლოგების ნაწილი ჯერ კიდევ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის, და მსგავს შემთხვევებს საქართველოში დღემდე არ ექცევა ყურადღება.

► კონვერსიული თერაპია, „მკურნალობა“ თუ გადარწმუნების მცდელობები პიროვნების სექსუალურ ორიენტაციას არ ცვლის. მსგავსი მიდგომა არაეფექტური, სასტიკი და ძალიან საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

წყარო: Human Rights Watch

ბავშვის პირად ავტონომიაში უხეში ჩარევისა და მათი იზოლაციის თვალსაზრისით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ტრანსგენდერი ბავშვები და მოზარდები. მართალია, ბევრმა მათგანმა შეიძლება ზუსტი სახელი ვერ დაარქვას თავის მდგომარეობას, მაგრამ ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი ადრეული ასაკიდანვე იწყებს საკუთარი გენდერული იდენტობის გაცნობიერებას. ისინი თავს თანატოლებისგან განსხვავებულად გრძნობენ და მათი უმრავლესობა მალავს საკუთარ გენდერულ იდენტობას როგორც ოჯახში, ისე სკოლასა თუ სხვა სივრცეებში.

ბევრი კვლევა ცხადყოფს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ადრეულ ასაკში გაცილებით მეტად არიან მიდრეკილნი თვითდესტრუქციული და სუიციდური ფიქრებისა და ქცევებისკენ. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში გავრცელებული ტრანსფობიური წარმოდგენების გამო ტრანსი ბავშვები ხშირად ექვემდებარებიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან. ამას ემატება ის, რომ მშობლებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია გენდერულ დისფორიასთან დაკავშირებით, რის გამოც მათ შეიძლება მიმართონ სხვადასხვა არასაჭირო სამედიცინო ჩარევის გზებს, რომლებიც ტრანსგენდერობის პათოლოგიზებას ახდენს და მის „მკურნალობას“ ცდილობს, ბავშვებს კი შეზღუდული აქვთ წვდომა ტრანს-სპეციფიკურ ჯანდაცვაზე, რომელიც მათ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უნდა უზრუნველყოფდეს.

► იხილეთ აგრეთვე:

ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა და LGBTQ+ თემი

არსებობს მითი, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა ყოველთვის კაცის მიერ ხორციელდება ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში. თუმცა, პარტნიორის მხრიდან ძალადობა შეიძლება ნებისმიერ ურთიერთობაში მოხდეს და ის საკმაოდ ხშირია LGBTQ+ თემშიც.

LGBTQ+ ურთიერთობებში ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობას არაერთი პარალელი აქვს ჰეტეროსექსუალ წყვილებთან. ძალადობის ამ ნიშნებს შორისაა:

  • მოძალადე ზედმეტად რომანტიკულია ურთიერთობების დასაწყისში;

  • ეჭვიანობა;

  • მაკონტროლებელი ქცევა (მათ შორის ციფრულ მედიასთან დაკავშირებული, როგორიცაა პარტნიორის მობილურში ჩხრეკა მისი თანხმობის გარეშე);

  • იზოლაცია;

  • პასუხისმგებლობის ნაკლებობა;

  • მოძალადე სხვებს აკისრებს პასუხისმგებლობას თავის გრძნობებზე;

  • ძალისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება;

  • განწყობის უეცარი ცვლილებები;

  • მუქარა.

მართალია, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის დინამიკა LGBTQ+ ურთიერთობებში იგივეა, როგორიც ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში, მაგრამ ჰომოფობია, ჰეტეროსექსიზმი და ტრანსფობია მოძალადეს აძლევს უნიკალურ ტაქტიკებს, რათა დამატებითი ბარიერები შეუქმნას პარტნიორს. მაგალითად:

  • სიტუაციის უარყოფა იმ არასწორ წარმოდგენაზე დაყრდნობით, რომ ძალადობა მხოლოდ კაცსა და ქალს შორის ხდება;

  • მუქარა, რომ მოძალადე საჯაროდ განაცხადებს პარტნიორის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შესახებ (თუკი ის არ არის „დაქამინგაუთებული“), რაც შეიძლება ქმნიდეს მეგობრების ან/და ოჯახის წევრების დაკარგვისა თუ სამსახურსა და სხვა სივრცეებში დისკრიმინაციის საფრთხეს;

  • „განსხვავებულობის“ ნიშნით დისკრიმინაციისა და დაკნინების მცდელობები, განსაკუთრებით ისეთ ურთიერთობებში, რომლებშიც მოძალადე ჰეტეროსექსუალი და სისგენდერია (მისი გენდერული იდენტობა შეესაბამება მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს), მაგრამ მისი პარტნიორი — არა. ამის ერთ-ერთი მაგალითია მოძალადის მხრიდან ისეთი ფრაზები, როგორიცაა „მე ნორმალური ვარ, შენ — არა“ ან „არ მინდა, რომ ხალხმა იცოდეს, რომ LGBTQ+ პარტნიორი მყავს, რადგან მე არ ვარ LGBTQ+“;

  • სექსსა და სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსჯა და დარცხვენა, ე.წ. „სლათ-შეიმინგი“ (ინგლ. Slut-shaming). ისეთ ურთიერთობებში, რომლებშიც მოძალადე ჰეტეროსექსუალი და სისგენდერია, მისი პარტნიორი კი ქვიარი, მოძალადემ შეიძლება განსჯისა და დარცხვენის ფორმად გამოიყენოს ის დებულებები, რომ LGBTQ+ ადამიანები „გარყვნილები“ არიან, რომ მათ ბევრი პარტნიორი ჰყოლიათ ან რომ მათ არ შეუძლიათ მონოგამიურ ურთიერთობაში ყოფნა და ამის გამო არ არიან სანდოები;

  • სიტყვიერი თავდასხმა მსხვერპლის იდენტობაზე, მაგალითად, „ნამდვილ ქალს არც კი ჰგავხარ“ ან „სხვა არავინ იქნება შენთან, რადგან ქვიარი ხარ“;

  • დამამცირებელი სიტყვებისა და ტერმინოლოგიის გამოყენება, მათ შორის შესაფერისი ნაცვალსახელების გამოყენებაზე უარის თქმა;

  • ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის გენდერზე, სექსუალურ იდენტობასა თუ პრეფერენციებზე.

მიუხედავად ამისა, LGBTQ+ ინდივიდები გაცილებით უფრო იშვიათად მიმართავენ ოჯახში ძალადობისთვის განკუთვნილ დახმარებას, რასაც განაპირობებს ძალადობისა და დისკრიმინაციის თანაკვეთები, რომლებიც ძალადობაგამოვლილ ქვიარ ადამიანებს დამატებით ბარიერების წინაშე აყენებს. მაგალითად:

  • შიში იმისა, რომ მათ არავინ დაუჯერებს ან სერიოზულად არ მიიღებს;

  • საზოგადოებაში არსებული ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია;

  • რესურსების ნაკლებობა და სამართლებრივ თუ სხვა სფეროებში პერსონალის არაკომპეტენტურობა LGBTQ+ საკითხებთან მიმართებით;

  • შიში იმისა, რომ ადამიანები მათ სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობას სხვებს გაუმხელენ;

  • შიში იმისა, რომ სამართალდამცავებისა და სხვა სისტემების მხრიდან საკუთარი იდენტობის გამო დისკრიმინაციას წააწყდებიან;

  • მსხვერპლმა შეიძლება, უბრალოდ, არ იცოდეს, რომ ოჯახში ძალადობაზე მომუშავე ორგანიზაციები ქალებსა და კაცებს სერვისებს სთავაზობენ განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა.

► თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან იცით ასეთი ფაქტის შესახებ, მიმართეთ:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;

  • საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

როგორ დავეხმაროთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქვიარ ადამიანებს?

LGBTQ+ თემისთვის სერვისების გაუმჯობესებისა და ოჯახში ძალადობის დასრულებისთვის ადვოკატირების ბევრი გზა არსებობს. თუკი არ იცით, საიდან დაიწყოთ, სცადეთ შემდეგი:

  • იყავით ჭეშმარიტი მხარდამჭერი — დაიცავით LGBTQ+ ადამიანთა უფლებები, გამოიყენეთ თქვენი პლატფორმა მათი ხმების გასაჟღერებლად და ხმამაღლა დაუჭირეთ მხარი LGBTQ+ ადამიანებს უსამართლო და დისკრიმინაციულ სიტუაციებში. მხარი დაუჭირეთ მათ როგორც პირადად, ისე საჯაროდ, და ეცადეთ შეუქმნათ უსაფრთხო სივრცე;

  • გაიგეთ უფრო მეტი — თუკი არ ხართ დარწმუნებული, ზუსტად რას ნიშნავს LGBTQ+ თემი და მასთან დაკავშირებული საკითხები, მოიძიეთ შესაბამისი ინფორმაცია და გაიგეთ მეტი;

  • გააზიარეთ რესურსები — არასდროს იცით, ვინ ადევნებს თვალს თქვენს აქტიურობას სოციალურ მედიაში. სოციალური მედია შესანიშნავი გზაა რესურსების გასაზიარებლად და იმ ხალხისთვის მისაწოდებლად, ვისაც ისინი სჭირდება. ამით პოტენციურად შეიძლება მნიშვნელოვნად დაეხმაროთ ვინმეს, ვისაც ძალადობრივი ურთიერთობიდან თავის დახსნა სურს;

  • გამოიყენეთ თქვენი პლატფორმა LGBTQ+ ხმების გასაჟღერებლად — თუკი ქვიარ თემის მხარდაჭერა გსურთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი სოციალური ქსელები ისეთი ამბების, სტატიებისა თუ ვიდეოების გასაზიარებლად, რომლებშიც LGBTQ+ ადამიანები საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე, გამოწვევებსა თუ გამოცდილებაზე. მიეცით ქვიარ ადამიანებს საშუალება, თავად გააჟღერონ თავიანთი ხმა, თქვენ კი თქვენი პლატფორმა მათი ხმების გასაძლიერებლად გამოიყენეთ;

  • თუკი სერვისის მიმწოდებელი ხართ, დაესწარით LGBTQ+ თემატიკის ტრენინგებს;

  • ადვოკატირება გაუწიეთ გაუმჯობესებულ სერვისებს — ეს შეიძლება უკავშირდებოდეს LGBTQ+ თემის უფლებებს, იურიდიულ სერვისებსა თუ პირად მხარდაჭერას. თუკი სადმე საუბარია ქვიარ თემისთვის ხელმისაწვდომ სერვისებზე, აიმაღლეთ ხმა და მხარი დაუჭირეთ სერვისების გაუმჯობესებას;

  • დონაცია — თუკი ამის საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ დონაციით დაეხმაროთ LGBTQ+ მეგობრულ რესურსებს, ორგანიზაციებსა და სერვისებს, იქნება ეს თავშესაფარი ძალადობაგამოვლილი ადამიანებისთვის თუ სხვა.

► თუკი თავად ხართ ქვიარი და ოჯახში ძალადობა გამოგიცდიათ, შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ საქართველოში მოქმედ LGBTQ+ ორგანიზაციებს, მაგალითად, „თანასწორობის მოძრაობას“ ან „თემიდას“:

მსგავსი სტატიები

ოჯახში, ძალადობა, ოჯახი, გამომწვევი, მიზეზები, თავდაცვის, მექანიზმები, შემაკავებელი, დამცავი, ორდერი, ქალები, ქალთა, მიმართ, ოჯახი, ქმარი, ojaxshi, ojaxi, dzaladoba, gamomwvevi, mizezebi, tavdacvis, meqanizmebi, shemakavebeli, damcavi, orderi, qalebi, qalta, mimart

ოჯახში ძალადობა — გამომწვევი მიზეზები და თავდაცვის გზები

რას ნიშნავს ოჯახში (ოჯახური) ძალადობა — რა ფაქტორები იწვევს მას, რა ფორმებით ვლინდება და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ოჯახში ძალადობისგან?

ოჯახში ძალადობა
ოჯახში, ძალადობა, ოჯახი, გამომწვევი, მიზეზები, თავდაცვის, მექანიზმები, შემაკავებელი, დამცავი, ორდერი, ქალები, ქალთა, მიმართ, ოჯახი, ქმარი, ojaxshi, ojaxi, dzaladoba, gamomwvevi, mizezebi, tavdacvis, meqanizmebi, shemakavebeli, damcavi, orderi, qalebi, qalta, mimart

ოჯახში ძალადობა — მისი ფორმები და ამოცნობის გზები

რა არის ოჯახში ძალადობა და რა ფორმები ახასიათებს მას? სიტყვიერი, ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა — მათი ამოცნობის გზები.

ოჯახში ძალადობა
ოჯახში, ძალადობა, ოჯახი, გამომწვევი, მიზეზები, თავდაცვის, დახმარების, გზები, ფორმები, გავლენა, ბავშვები, ბავშვი, ბავშვთა, მოზარდები, არასრულწლოვანი, ოჯახი, ქმარი, ojaxshi, ojaxi, dzaladoba, gamomwvevi, mizezebi, tavdacvis, daxmarebis, gzebi, formebi, gavlena, bavshvebi, bavshvta, bavshvi, shvili, arasrulwlovani

ოჯახში ძალადობა და ბავშვები — ფორმები, გავლენა და დახმარების გზები

ოჯახში ძალადობა ბავშვთა მიმართ — ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმები, საქართველოში გავრცელებული არასწორი შეხედულებები ბავშვთა აღზრდის შესახებ, ძალადობის გავლენა (გრძელვადიანი და მოკლევადიანი შედეგები) ბავშვზე და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარების გზები.

ოჯახში ძალადობა
ოჯახში, ოჯახური, ძალადობა, შშმ, ქალები, შეზღუდული, შესაძლებლობები, პირები, ოჯახი, ojaxshi, ojaxuri, dzaladoba, shshm, qalebi, shezguduli, shesadzleblobebi, pirebi, ojaxi

ოჯახში ძალადობა და შშმ ქალები — რა უნდა ვიცოდეთ?

რა გამოწვევების წინაშე დგანან შშმ ქალები ოჯახში ძალადობის კუთხით? — რატომ არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი უმეტესად შშმ ქალები და როგორც დავეხმაროთ შშმ პირს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია?

ოჯახში ძალადობა
ვიდეო, ოჯახში, ძალადობა, ოჯახური, ქორწინება, სახლი, შევიწროება, გაუპატიურება, ცემა

ვიდეო — ოჯახში ძალადობა: რა უნდა ვიცოდეთ?

ამ ვიდეოში იმ საბაზისო საკითხებზე გიყვებით, რომელთა შესახებაც ინფორმაციის ფლობა აუცილებელია ოჯახში ძალადობის პრევენციისა ან მისგან თავის დაღწევისთვის.

ჩემი უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

ოჯახში ძალადობა და LGBTQ+ ადამიანები — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია