Facebook Script

ქვიარ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად თუ მგზავრობთ ან, უბრალოდ, ადამიანებზე დაკვირვება გიყვართ, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ერთი გარემოება: უფროსები ბავშვებსა და მოზარდებს პატივს არ სცემენ.

ერთ-ერთ ამბავს გავიხსენებ: საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავედი, ჩემ წინ 13-14 წლის მოზარდი იჯდა. ალბათ, სკოლიდან ბრუნდებოდა. რამდენიმე გაჩერების შემდეგ ტრანსპორტში ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ იყო. ერთი ქალი ამ მოზარდს მიუბრუნდა და ძალიან უხეში ტონით მოსთხოვა, ამდგარიყო და ადგილი უფროსისთვის დაეთმო. ისე მისცა შენიშვნა ამდენ ხალხში, არც კი დაფიქრებულა, როგორ იგრძნობდა ის თავს. მთავარი პრობლემაც ეს არის — ბავშვებსა და მოზარდებს უფროსები თანასწორად და სრულფასოვან ადამიანებად არ აღიქვამენ. ისინი თითქოს ნახევრად ადამიანები არიან, რომლებმაც ჯერ ბევრი უნდა იშრომონ, იწვალონ და დაამტკიცონ, რომ ადამიანად აღქმას იმსახურებენ.

თინეიჯერობა  რთულია, რადგან მხოლოდ ეს ფაქტიც კი მრავალი გამოწვევის წინაშე გაყენებს: უფროსი თაობისგან მუდმივად გიწევს იმის მოსმენა, რომ უზრდელი ხარ, რომ ჯერ პატარა ხარ იმისათვის, ვინმემ აზრი გკითხოს, თუმცა იმდენად დიდი ხარ, რომ ყოველთვის სწორად უნდა მოიქცე და შეცდომები არ დაუშვა. ამას ემატება ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც გარდატეხის ასაკში იწყება და ის ემოციური ფონი, რომელიც ამ პროცესებს ახლავს თან.

იყო თინეიჯერი, რთულია, მაგრამ იყო ქვიარ (ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი) ახალგაზრდა — ეს არა მხოლოდ რთული, არამედ ზოგჯერ გაუსაძლისი და საშიშიც კია.

კვლევები, ფსიქოლოგები და თავად ლგბტქ+ თემის წევრები ადასტურებენ, რომ გარდატეხის ასაკში ისინი თავიანთი სისგენდერი (ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც მის ბიოლოგიურ სქესს შეესაბამება) და ჰეტეროსექსუალი თანატოლებისგან განსხვავებულ გამოწვევებსაც აწყდებიან.

ინფორმაციის არარსებობა ან ცრუ ინფორმაციები

სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის  შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერი მოზარდისთვის აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სოციალურ მედიაში მეტ-ნაკლებად გახშირდა მსგავს თემებზე საუბარი, ეს მაინც არ არის საკმარისი. გარდა ამისა, ცოტა მედიასაშუალება მოიძებნება, რომელიც არ ავრცელებს/აძლიერებს არსებულ სტერეოტიპებსა და სტიგმებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ქვიარ ახალგაზრდების ინფორმირების პროცესში. ისინი სოციალურ ქსელებში გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი ხდებიან.

გარდატეხის ასაკი საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ დროს იწყება სექსუალური მომწიფება და მოზარდს უყალიბდება დამოუკიდებელი სექსუალური იდენტობა, უჩნდება სექსუალური სურვილები და, შესაბამისად, უჩნდება შეკითხვებიც. ქვიარ მოზარდებისთვის ეს პროცესი რამდენადმე რთულდება: მათ უწევთ არამხოლოდ სექსუალობასა და იმ ფიზიკური ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაციის მიღება და გააზრება , რომლებსაც გარდატეხის ასაკში ზოგადად მოზარდები განიცდიან, არამედ ასევე დამოუკიდებლად, მეგობრებისგან მალულად უწევთ იმის გაგება, თუ რატომ არ ემთხვევა მათი სექსუალური სურვილები და აღქმები მათი თანატოლების სურვილებსა და აღქმებს.

„როცა გარდატეხის ასაკი მქონდა, მაშინ ქართულ ენაზე არც ისე ბევრი წყარო იყო ინტერნეტ სივრცეში, თუმცა ინგლისური კარგად ვიცოდი და უცხოური პლატფორმებიდან ვცდილობდი ინფორმაციების მიღებას. ზოგჯერ რაღაც სასაცილო ტესტებს ვაკეთებდი, მაგალითად: „ხარ თუ არა გეი?“. ან „გუგლში“ ვწერდი: „როგორ ვუთხრა ოჯახს, რომ ქვიარი ვარ?“ „შესაძლებელია თუ არა ეს ამბავი ვინმეს გაუზიარო ისე, რომ გარიყული არ დარჩე?“, „რამდენად შესაძლებელია ასეთ დროს პარტნიორის პოვნა?“ და ა.შ. ბოლო შეკითხვა თინეიჯერობის ასაკში ყველაზე მეტად მაწუხებდა. სულ მქონდა შიში, რომ წარმატებული ურთიერთობა ვერასდროს მექნებოდა“, — გვიზიარებს თავის გამოცდილებას ქვიარ აქტივისტი და ფემინისტი თათა ჯაყელი.

წყარო: Cait Brennan / The Washington Post

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და მძიმე ემოციური ფონი ქვიარ მოზარდებში

კვლევების თანახმად, ქვიარ მოზარდებში გაცილებით ხშირია მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: დეპრესია, შფოთვა, ასევე სხვადასხვა სახის აშლილობა, მათ შორის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ADHD), რაც ბუნებრივია, რადგან თანატოლებთან შედარებით ქვიარ მოზარდები უფრო ხშირად ხდებიან გარიყულობის, ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლი.

„ქვიარ მოზარდებს განსაკუთრებით აქვთ გარიყულობის, იზოლაციისა და მუდმივი შიშის განცდა, რომ ოჯახი, მეგობრები, ახლობლები არ მიიღებენ, აღარ ეყვარებათ. რომ საკმარისად კარგები არ არიან. ეს განცდები ძალიან დიდ კვალს ტოვებს ზრდასრულ ასაკშიც. ქვიარ ადამიანებს, რომლებსაც გარდატეხის ასაკში არ ჰქონიათ მხარდაჭერა გარშემომყოფებისგან, განსაკუთრებით უჭირთ ზრდასრულ ასაკში მთელ რიგ გამოწვევებთან გამკლავება, უჩნდებათ მიჯაჭვულობის განცდა პარტნიორთან, აქვთ თვითშეფასების პრობლემები“, — გვეუბნება ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე.

როცა ქვიარ მოზარდი საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის გააზრებას იწყებს, ამას თან ერთვის საკმაოდ მძიმე ემოციური ფონი. მით უფრო მაშინ, თუკი იგი ამ პროცესს დამოუკიდებლად გადის. არსებული განწყობების, მათ შორის ოჯახსა თუ მის გარეთ ყურმოკრული დამოკიდებულებების გათვალისწინებით, მოზარდს უყალიბდება რწმენა, რომ რაღაცას აშავებს და მისი „მდგომარეობა“ სხვებისგან გაკიცხვას დაიმსახურებს. აქედან გამომდინარე, ამ ამბავს ვერავის უზიარებს, რასაც საბოლოოდ მოჰყვება გარშემომყოფებისგან დისტანცირება და საკუთარ თავში ჩაკეტვა.

თათა ჯაყელი: „ბავშვობაში, სანამ ჩემს იდენტობას აღმოვაჩენდი, ძალიან ლაღი და ექსტრავერტი ვიყავი. მერე ძალიან ჩავიკეტე. მეგონა, ეს რაღაც დაავადება იყო და მხოლოდ მე მჭირდა. რამდენიმე წელი არავის ველაპარაკებოდი და მთლიანად წიგნებში ვიყავი ჩაძირული“.

რატომ არის მნიშვნელოვანი „ქამინგაუთი“?

ფსიქოლოგ ლიკა ბარაბაძესთან საუბარში გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი, რაც ცხადყოფს ე.წ. „ქამინგაუთის“ — საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამხელის — საჭიროებასა და მნიშვნელობას ქვიარ მოზარდის ჩამოყალიბების პროცესში.

პირველ ყოვლისა, ყველას უნდა შეეძლოს, ღიად გამოხატოს თავისი გრძნობები და შიშისა და სტრესის გარეშე გამოჩნდეს სხვადასხვა საჯარო სივრცეში საყვარელ ადამიანთან ერთად. ურთიერთობა არ არის მხოლოდ ინტიმური კავშირი, რომელიც მხოლოდ ორ ადამიანს ეხება და ჩაკეტილ სივრცეში მიმდინარეობს. ადამიანი სოციალური არსებაა. შესაბამისად, მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს იმის მოთხოვნილება, რომ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჩვენთვის სასიამოვნო თუ უსიამოვნო ემოციები და მოვლენები გავუზიაროთ. ეს არ არის უბრალოდ რიგითი არჩევანი, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, არამედ ჩვენი თვითგამოხატვისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. მინიმუმ, უსამართლობაა, მაქსიმუმ კი ძალიან დიდი დანაშაული, წაართვა ადამიანს საკუთარი თავის გამოხატვისა და გაზიარების შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ შენთვის რაღაც მიუღებელი ან გაუგებარია, პარალელურად კი ღიად აფიშირებდე შენს პირად ცხოვრებას, რადგან შენი სექსუალური ორიენტაცია და იდენტობა ჰარმონიულად თანაარსებობს გავრცელებულ ჰეტერონორმატიულ წესებთან.

გარდა ამისა, საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და ურთიერთობების საიდუმლოდ შენახვა ზრდის შანტაჟისა და ძალადობის რისკს. არსებობს საფრთხე, რომ მოზარდების საიდუმლო მათ წინააღმდეგ გამოიყენონ და იმის სანაცვლოდ, რომ მათ ამბავს ოჯახს არ გაუმხელენ, სხვადასხვა სახის ქმედების ჩადენისკენ უბიძგონ. ასეთ დროს საქმე შეიძლება სექსუალურ ძალადობამდეც მივიდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა მაქსიმალურად სანდო გარემო შეუქმნას მოზარდს, რათა მას გამუდმებით ჰქონდეს ოჯახის წევრების იმედი და დაცულობის განცდა. არ დაგვავიწყდეს, რომ რიგი ბიოლოგიური და ემოციური ცვლილებების გამო მოზარდები ამ ასაკში განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან, რაც მათით მანიპულირებას გაცილებით მარტივს ხდის.

თათა ჯაყელი: „ზოგადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაფერს ვმალავდე, არ ვიტყუებოდე. ამასთან, მინდა ჩემი ახლობლები ისეთს მიღებდნენ, როგორიც ვარ. მე არ მჭირდება ცრუ სიყვარული. მირჩევნია კომპლექსური დამოკიდებულება ჰქონდეთ, ვიდრე ჩემი მხოლოდ ის ნაწილი უყვარდეთ, რაც მათთვისაა მისაღები. 17 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს და ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ქვიარი ვარ. ეს რომ არ გამეკეთებინა, ვერასდროს შევძლებდი საკუთარი თავის მიღებას, ვერ გავხდებოდი თავისუფალი ადამიანი და ვერ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ“.

ოჯახის მხარდაჭერის საჭიროება ქვიარ მოზარდებისთვის

რაც არ უნდა ბევრ სირთულესთან იყოს დაკავშირებული გარდატეხის ასაკი და რაც არ უნდა მძაფრ პროტესტს გამოხატავდეს ამ დროს შვილი მშობლების მიმართ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისთვის მშობლები მაინც ყველაზე ახლობელ ადამიანებად რჩებიან. შესაბამისად, ოჯახის მხრიდან უარყოფამ მოზარდს შეიძლება სერიოზული ემოციური ტრავმა მიაყენოს, რაც, თავის მხრივ, მის იზოლაციას გამოიწვევს. ეს ყველაფერი მოზარდში აჩენს და დიდი ხნის განმავლობაში ტოვებს სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას. 

„მშობლებმა ერთი რამ კარად უნდა გავიაზროთ: როცა შვილი მისთვის ასეთ მნიშვნელოვან ამბავს გვიზიარებს, ესე იგი, ის ჩვენ საკმარისად კარგ მშობლად მიგვიჩნევს და ამით ჩვენ მიმართ ნდობას გამოხატავს. ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ ამ ფაქტს და უნდა გვიხაროდეს, რადგან მშობლების დიდი ნაწილი ასეთ ნდობას შვილებისგან ხშირად ვერ იმსახურებს“ — ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე.

საკუთარი შვილის კეთილდღეობისთვის ქვიარ მოზარდების მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ:

  • სავსებით ბუნებრივი მდგომარეობაა, თუკი თქვენი შვილის „ქამინგაუთის“ შემდეგ თავს კომფორტულად არ იგრძნობთ, შეიძლება ერთგვარი შოკიც გქონდეთ და გარკვეული დროც დაგჭირდეთ „გლოვისათვის“. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რამდენად გამართლებულია, სწორია თუ არა, რადგან ეს ფაქტია. უმჯობესია, საკუთარ თავს დრო მისცეთ ახალი მოცემულობის გასაანალიზებლად, ვიდრე თავი მოიტყუოთ და თქვათ, რომ ამ ამბავში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავთ. მსგავსი მიდგომა საბოლოოდ იმ შედეგამდე მიგიყვანთ, რომ მიუხედავად შვილისადმი სიყვარულისა, მას ვერ მიიღებთ; თუმცა, თქვენი უარყოფითი ემოციები თქვენს შვილთან არ გამოხატოთ, რათა მოზარდი არ შეაშინოთ.

  • მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა და ემოციების სხვასთან გაზიარება. საამისოდ საუკეთესო გზაა სათემო ორგანიზაციებში წასვლა, სადაც სხვა მშობლებთან შეძლებთ საუბარს და  ერთმანეთს თქვენს შეგრძნებებსა და გამოცდილებებს გაუზიარებთ;

  • ნუ ეტყვით თქვენს შვილს, რომ ის „მაინც გიყვართ“, რადგან მათ არაფერი ჩაუდენიათ საპატიებელი;

  • მით უფრო ნუ ეტყვით მას, რომ იქნებ ბოლომდე დარწმუნებული არ არის თავის არჩევანში და გარკვეული დროის მერე „გაუაროს“. სექსუალური ორიენტაცია ბუნებრივი მოცემულობაა და არა არჩევანი;

  • გახსოვდეთ, რომ ბავშვებსა და მოზარდებს აქვთ საჭიროება, რომ ისინი უპირობოდ უყვარდეთ, ამას კი ვერავინ შეძლებს მშობლებზე უკეთ;

  • და, რაც მთავარია, თქვენი შვილის უსაფრთხოება თქვენს ხელშია. შეუქმენით მას ყველანაირი პირობა იმისა, რომ თქვენთან ბოლომდე გულწრფელი იყოს, რათა არავის ჰქონდეს მისი დაშანტაჟების შესაძლებლობა.

ინტერვიუს ბოლოს ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე მშობლებს ასეთ შეკითხვას უსვამს: 

„რა გირჩევნიათ, თქვენმა შვილმა ყველაფერი გაგიზიაროთ, მათ შორის თქვენთვის მიუღებელი რამ, და ერთად გაიაროთ ეს პროცესი, თუ სხვების მხრიდან შანტაჟისა და ძალადობის მსხვერპლი გახდეს?“

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Cecilia Castelli / TIME

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ჰეტერონორმატიულობა, ჰომოფობია, ტრანსფობია, სექსიზმი, ქალები, კაცები

ჰეტერონორმატიულობა და მისი საზიანო მხარეები

რას ნიშნავს ჰეტერონორმატიულობა? — გავრცელებული წარმოდგენა, რომ ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალია და ეს სექსუალური ორიენტაციის ერთადერთი ბუნებრივი ფორმაა

გენდერი და ორიენტაცია
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
გეი, სექსი, როლი, როლები, აქტი, პასი, უნი, საიდი, ბოთომი, ტოპი, ვერსი, აქტიური, პასიური, უნივერსალი, საიდი, gei, seqsi, sex, analuri, rolebi, aqti, pasi, uni, saidi, aqtiuri, pasiuri, universali, ანალური

რას ნიშნავს „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“? — როლები სექსში

გეი სექსი და არამხოლოდ — როლები სექსში და ძალაუფლების დინამიკა. რას ნიშნავს, იყო პასიური („პასი“), „აქტიური“ (აქტი), უნივერსალი („უნი“) ან „სვიჩი“ და „საიდი“?

სიამოვნება და სექსი
ანალი, ანალური, სექსი, პასი, პასიური, პენისი, ტრაკი, გეი, ბოთომი, გამორეცხვა, ლგბტ, anali, analuri, seqsi, pasi, pasiuri, penisi, traki, gei, bottom, gamorecxva, lgbt

როგორ გვქონდეს ანალური სექსი პასიურ როლში — რჩევები დამწყებებს

გეი (და არამხოლოდ) ანალური სექსი და „პასობა“ — მომზადება, ჰიგიენა, ანალური სექსის ანატომია და ანუსის სტიმულაცია, რიმინგი, პოზები და სხვა. თანხმობა და კომუნიკაცია სექსში. უსაფრთხოება და თავის დაცვა.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

ქვიარ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია