Facebook Script

შფოთვა და შფოთვითი აშლილობა — მისი ფორმები, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

12 სექტემბერი, 2022 | შფოთვა და სტრესი

შფოთვა ბუნებრივი ემოციაა. ეს არის ჩვენი ტვინის რეაქცია — დარდის, წუხილის ან შიშის შეგრძნება — სტრესსა თუ მოსალოდნელ საფრთხეზე. ის შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე ძალიან მძაფრი. დროდადრო შფოთვას ნებისმიერი ადამიანი გრძნობს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სამსახურში არსებულ პრობლემებთან, გამოცდის ჩაბარებასა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებასთან.

შფოთვითი აშლილობა ზემოთ აღწერილი მდგომარეობისგან განსხვავდება და ის ფსიქიკურ აშლილობათა ჯგუფს მიეკუთვნება. შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანი მუდმივად გრძნობს გადაჭარბებულ, დაუძლეველ შფოთვასა და შიშს და ყველანაირად ცდილობს, თავი აარიდოს მისთვის არასასურველ სიტუაციებს: სამსახურს/სკოლას, ოჯახურ თუ ისეთ სოციალურ შეკრებებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს შფოთვითი აშლილობის სიმპტომები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 264 მილიონი სრულწლოვანი ადამიანი განიცდის შფოთვას. მათგან 179 მილიონი (63%) არის ქალი (Our World in Data, 2018). ასევე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის მონაცემების თანახმად, კოვიდ-19-ის პირობებში შფოთვითი აშლილობები და დეპრესია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა.

თუმცა, სწორი მკურნალობის შედეგად, შფოთვითი აშლილობის მქონე პირები წარმატებით ახერხებენ თავიანთი ემოციების მართვას.

შფოთვითი აშლილობის ფორმები

არსებობს შფოთვითი აშლილობის რამდენიმე ფორმა:

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა — ინდივიდი გრძნობს ისეთ მოჭარბებულ დაძაბულობას, ნერვიულობასა და შფოთვას, რომელიც რეალურად არსებული მიზეზების ან მოსალოდნელი მოვლენის სიმძაფრისა თუ გავლენის არაპროპორციულია. 

პანიკური აშლილობა — ინდივიდს უჩნდება ძალიან უეცარი, მძაფრი შიში, რომელიც იწვევს პანიკურ შეტევას. პანიკური შეტევის დროს ხშირია ოფლიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში და გულისცემის აჩქარება. ზოგჯერ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ სუნთქვა ეკვრის ან გულის შეტევა აქვს.

სოციალური შფოთვითი აშლილობა — ცნობილია ასევე „სოციალური ფობიის“ სახელითაც. მის დროს შეიძლება გქონდეთ უცნობ ადამიანებთან საუბრის შიში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისა და ჭამის შიში და სხვა. ამ ტიპის აშლილობისთვის დამახასიათებელია სოციალური გაუბედაობა, შებოჭილობა და გადამეტებული ნერვიულობა იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები თქვენზე, როგორ შეგაფასებენ და ხომ არ აღმოჩნდებით უხერხულ, სასაცილო მდგომარეობაში.

სპეციფიკური ფობიები — ხასიათდება სპეციფიკურ ობიექტზე ან სიტუაციაზე გადაჭარბებული, არარაციონალური შიშით. ასეთ დროს შიში არის ქრონიკული და ინდივიდს ფობიური რეაქცია აქვს არა მხოლოდ მაშინ, როცა რეალურად ხედავს საფრთხეს, არამედ მის წარმოდგენაზეც.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა —  ადამიანს უჩნდება აკვიატებული, შემაწუხებელი აზრები (მაგ., ხომ არ დარჩა კარი ღია), რომელთა თავიდან მოშორებას ცდილობს გარკვეული იძულებითი, განმეორებადი თუ მენტალური ქმედებებით (მაგ., აკვიატებული შემოწმება).

აგორაფობია — ისეთ ადგილას ყოფნის განსაკუთრებული შიში, საიდანაც გაქცევა ან საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მიღება რთულია (მაგ., თვითმფრინავში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა). ამ დროს ინდივიდს შეიძლება აღენიშნებოდეს პანიკური შეტევებიც.

განშორების შფოთვითი აშლილობა — ინდივიდს აქვს უსაფუძვლო, ირაციონალური ძლიერი შიში იმისა, რომ  საყვარელ ადამიანს, როცა ის მის გვერდით არ იმყოფება, შეიძლება რაღაც ცუდი შეემთხვეს.

შერჩევითი მუტიზმი — როცა ადამიანი გახსნილია ოჯახის წევრებთან, თავისუფლად საუბრობს მათთან, მაგრამ წყვეტს ლაპარაკს სხვა სიტუაციებში. შერჩევითი მუტიზმი განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში.

შფოთვითი აშლილობის ძირითადი სიმპტომები

შფოთვითი აშლილობების ძირითადი სიმპტომი გადაჭარბებული შიშისა და დარდის შეგრძნებაა. შფოთვითი აშლილობები ასევე ზოგჯერ ართულებს სუნთქვას, ძილსა და კონცენტრაციას. თქვენი სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმის შფოთვითი აშლილობა გაქვთ. ყველაზე ხშირ სიმპტომებს შორისაა:

  • პანიკა, შიში და დისკომფორტი

  • სიკვდილის შიში და საფრთხის შეგრძნება

  • გაგიჟების შიში

  • ძილის დარღვევა

  • კანკალი, ცახცახი

  • კიდურების დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება

  • ტკივილი გულმკერდის არეში

  • გახშირებული სუნთქვა

  • გახშირებული გულისცემა

  • პირის სიმშრალე

  • გულისრევა

  • სხეულის დაჭიმულობისა და დაძაბულობის შეგრძნება

  • თავბრუსხვევა

  • გაგუდვის ან ხრჩობის შეგრძნება

  • მოზღვავებული სიცხის ან სიცივის შეგრძნება

  • აკვიატებული ფიქრები

  • კონცენტრაციის სირთულე

შფოთვითი აშლილობის გამომწვევი მიზეზები 

ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებით ცნობილი, თუ რა იწვევს შფოთვით აშლილობებს, თუმცა მკვლევრები საუბრობენ რამდენიმე ზოგად მიზეზზე:

  • გენეტიკა;

  • თავის ტვინის იმ ნაწილების დისფუნქციური მუშაობა, რომლებიც აკონტროლებენ შიშსა და ემოციებს;

  • სტრესული გარემო — სტრესული მოვლენები, რომლებიც გინახავთ ან საკუთარ თავზე განგიცდიათ. ასეთი შეიძლება იყოს ბავშვობაში განცდილი ძალადობა ან უგულებელყოფა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა და სხვა;

  • ნარკოტიკის მოხმარება ან მისი შეწყვეტა;

  • სხვა დაავადებები — გულის, ფილტვების ან ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს შფოთვითი აშლილობის უკვე არსებული სიმპტომები.

შფოთვითი აშლილობის დიაგნოზის დასმა

მნიშვნელოვანია, რომ შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დასვას ექიმმა. პირველ ყოვლისა, ექიმი ანალიზების საფუძველზე გამორიცხავს სხვა დაავადებების არსებობას, რომლებსაც შეეძლოთ გამოეწვიათ მსგავსი სიმპტომები. თუ პაციენტს ასეთი დაავადებები არ აღენიშნება, მაშინ ექიმი მას საჭიროებისამებრ გადაამისამართებს ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა სპეციალისტთან, რომელთაც შეუძლიათ დასვან შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი.

დიაგნოზის დასმის პროცესში მნიშვნელოვანია, გულწრფელად უპასუხოთ ექიმის შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გრძნობთ თავს, რამდენად ინტენსიურია თქვენი სიმპტომები, გიშლით თუ არა ისინი ხელს ყოველდღიურ საქმიანობაში. და რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, ენდოთ სპეციალისტებს, მოუსმინოთ მათ და გააცნობიეროთ, რომ შფოთვითი აშლილობა სავსებით ექვემდებარება მკურნალობას.

შფოთვითი აშლილობის მკურნალობა

ექიმის დანიშნულებისამებრ, მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტური, ასევე თერაპიული, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის პროცესი უნდა წარიმართოს ექიმის მითითებებითა და მისი მეთვალყურეობის ქვეშ. შფოთვითი აშლილობის მკურნალობის ეტაპზე მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპია, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტი ისმენს თქვენს აზრებს, განწყობებს და გთავაზობთ აკვიატებული შიშების დაძლევის საუკეთესო გზებს. რაც მთავარია, ის გასწავლით, როგორ მართოთ თქვენი ემოციები ისე, რომ არ შეგეშალოთ ხელი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

იქიდან გამომდინარე, რომ შფოთვითი აშლილობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს და სხვადასხვა სიმპტომით გამოიხატოს, რთულია მასთან გამკლავების ზოგადი სქემის შემუშავება, თუმცა რამდენიმე რჩევის გათვალისწინება მაინც შეგვიძლია:

  • შეიტყვეთ უფრო მეტი თქვენი შფოთვების შესახებ. რაც უფრო მეტი გეცოდინებათ, მით უფრო მომზადებული დახვდებით სიმპტომებს. ექიმისთვის შეკითხვების დასმის არ მოგერიდოთ. გახსოვდეთ, თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის გუნდის მთავარი წევრი თავადვე ხართ;

  • ზედმიწევნით შეასრულეთ დანიშნული მკურნალობის გეგმა. მედიკამენტების თვითნებურად და მოულოდნელად შეწყვეტამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უსიამოვნო გვერდითი მოვლენები და შფოთვითი აშლილობის უკვე არსებული ან სხვა სიმპტომები;

  • შეამცირეთ რაციონში კოფეინის შემცველი საკვები და სასმელი, როგორიცაა: ყავა, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, შოკოლადი. კოფეინი მნიშვნელოვნად მოქმედებს გუნება-განწყობაზე და მან შეიძლება გააუარესოს შფოთვითი აშლილობის სიმპტომები;

  • უარი თქვით ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებაზე. მათი გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის შფოთვითი აშლილობის რისკს;

  • შესაძლებლობების ფარგლებში, ეცადეთ, იკვებოთ ჯანსაღად და ივარჯიშოთ;

  • დაარეგულირეთ ძილი. უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი აშლილობის სიმპტომები, ამიტომ შეეცადეთ, მოაგვაროთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროების შემთხვევაში გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან;

  • ისწავლეთ დასვენება. შფოთვითი აშლილობის მკურნალობის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია განტვირთვა. შეგიძლიათ, მიმართოთ მედიტაციას;

  • აწარმოეთ დღიური. შეაჯამეთ განვლილი დღე, გადაიტანეთ ფურცელზე თქვენი ფიქრები. ეს შეიძლება დაგეხმაროთ ძილის წინ აკვიატებული ფიქრების დაძლევაში;

  • ეცადეთ, მართოთ უარყოფითი ფიქრები და მათ ნაცვლად ადგილი დაუთმოთ პოზიტიურ ფიქრებს. გეთანხმებით, შესასრულებლად ეს ძალიან რთულია, მაგრამ ეცადეთ. სწორედ ამაში დაგეხმარებათ ფსიქოთერაპია.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის შესაფერისი მკურნალობის პოვნას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, თუმცა მას აუცილებლად იპოვით და როცა იპოვით, აუცილებლად შეძლებთ თქვენი ემოციების მართვას. შფოთვითი აშლილობის დასაძლევად კი პირველი წინგადადგმული ნაბიჯი სპეციალისტთან საუბარი და იმის გაცნობიერებაა, რომ თქვენ ამას შეძლებთ.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: Glamour 

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე / Femea

მსგავსი სტატიები

სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი
პანიკური, შეტევა, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა, შფოთვა, პანიკა, panika, panikuri, sheteva, shpotva, shfotva, shfoti, panikis, პანიკის

პანიკური შეტევა — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

რა არის პანიკური (პანიკის) შეტევა, რომელსაც შფოთვის შეტევასაც უწოდებენ, როგორ ამოვიცნოთ ის და როგორ გავუმკლავდეთ მას?

შფოთვა და სტრესი

გააზიარე სტატია

შფოთვა და შფოთვითი აშლილობა — მისი ფორმები, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია