Facebook Script

პანიკური შეტევა — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

23 ივლისი, 2022 | შფოთვა და სტრესი

პანიკური შეტევა ძლიერი შფოთვის მოკლე ეპიზოდია, რომელიც შიშის ფიზიკურ გამოვლინებებს იწვევს. ეს შეიძლება იყოს აჩქარებული გულისცემა, სუნთქვის გაძნელება, გულისრევის შეგრძნება, კანკალი და კუნთების დაჭიმულობა. პანიკური შეტევები მოულოდნელად იწყება და, როგორც წესი, არ არის დაკავშირებული რაიმე გარე გამღიზიანებელთან. შეტევის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთი, მაქსიმუმ ნახევარი საათია. თუმცა, ფიზიკური და ემოციური ეფექტები შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში იყოს შესამჩნევი.

პანიკური შეტევები მენტალური ჯანმრთელობის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მას შფოთვით შეტევასაც უწოდებენ და ის დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 35%-ს გამოუცდია ცხოვრების განმავლობაში.

მკურნალობის გარეშე ხშირმა და განგრძობითმა პანიკური შეტევებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას. ადამიანმა შეიძლება თავი აარიდოს მრავალგვარ სიტუაციას (მაგალითად, სახლიდან გასვლა ან მარტო დარჩენა) შეტევის განმეორების შიშით.

ბევრი ადამიანისთვის პანიკის შეგრძნება მხოლოდ ზოგჯერ, სტრესის ან ავადმყოფობის დროს იჩენს თავს. პანიკური შეტევის ხშირი განმეორებითობის შემთხვევაში, შესაძლოა, პანიკურ აშლილობასთან გვქონდეს საქმე. ეს შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა.

პანიკური შეტევის სიმპტომები

პანიკური შეტევა, როგორც წესი, იწყება მოულოდნელად, წინასწარი შემჩნევის გარეშე. ის შეიძლება ნებისმიერ დროს და გარემოებაში დაიწყოს: მანქანის მართვისას, სავაჭრო ცენტრში, ძილის ან საქმიანი შეხვედრისას. 

პანიკურ შეტევას არაერთი ფორმა აქვს, თუმცა ყველა შემთხვევაში სიმპტომები რამდენიმე წუთში აღწევს პიკს. შეტევის დასრულების შემდეგ შეიძლება მოთენთილობა და უკიდურესი დაღლილობა იგრძნოთ.

წყარო: Glamour

პანიკური შეტევების ტიპური ნიშნები და სიმპტომებია:

  • საფრთხის ინტენსიური შეგრძნება და შესაბამისი ფიზიკური სიმპტომები;

  • შფოთვითი და ირაციონალური ფიქრის პროცესი;

  • შიშისა და საფრთხის ძლიერი წინათგრძნობა;

  • გაგიჟების, კონტროლის დაკარგვის ან სიკვდილის შიში;

  • თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნება;

  • ჩხვლეტისა და შეციების შეგრძნება მხრებსა და ხელებზე;

  • კანკალი და ოფლიანობა;

  • შეხურება;

  • გახშირებული გულისცემა;

  • შეკუმშვის შეგრძნება მკერდში;

  • სუნთქვის გაძნელება, მათ შორის, სუნთქვის გახშირება;

  • გულისრევა ან უსიამოვნო შეგრძნება მუცელში;

  • კუნთების დაჭიმულობა;

  • პირის სიმშრალე;

  • არარეალურობისა და გარემოსგან მოწყვეტის შეგრძნება;

  • თავის ტკივილი.

„გაიქეცი ან იბრძოლე“ — რატომ გვემართება პანიკური შეტევა?

როცა სხეული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, ტვინი ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას „უბრძანებს“, რომ „გაიქეცი ან იბრძოლე“ მდგომარეობა გაააქტიუროს. სხეული „იტბორება“ ნივთიერებებით, მათ შორის ადრენალინით, რაც ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. მაგალითად, იმატებს გულისცემა და ხშირდება სუნთქვა, სისხლი მიემართება კუნთებისკენ, რათა სხეული ბრძოლისთვის ან გაქცევისთვის მოამზადოს. 

პანიკური შეტევა სწორედ ტვინის „გაიქეცი ან იბრძოლე“ მდგომარეობით პროვოცირდება, თუმცა, როგორც წესი, ამ დროს არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. ადამიანს პანიკური შეტევა შეიძლება აბსოლუტურად უსაფრთხო და სტრესისგან თავისუფალ გარემოებებში დაეწყოს, მაგალითად, ტელევიზორის ყურების ან ძილის დროს.

ფაქტორები, რომელიც სხეულს „გაიქეცი ან იბრძოლე“ მდგომარეობაში აგდებს, შეიძლება იყოს:

  • ქრონიკული სტრესი — იწვევს სტრესთან დაკავშირებული ნივთიერებების (მაგალითად, ადრენალინის) ჩვეულზე მეტი რაოდენობით გამოყოფას;

  • მწვავე სტრესი (მაგ.: ტრავმული გამოცდილება) — შეუძლია სხეულს გამოამუშავებინოს სტრესთან დაკავშირებული ნივთიერებების დიდი რაოდენობა;

  • ჩვევაში გადასული სუნთქვის გახშირება — არღვევს სისხლში არსებული აირების (ჟანგბადისა და ნახშირბადის) ბალანსს, რადგან სისხლში არ არის საკმარისი ნახშირბადი.

  • ინტენსიური ფიზიკური აქტივობა — ზოგიერთი ადამიანისთვის ამან შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რეაქცია.

  • კოფეინის ხშირი მოხმარება — კოფეინი ყავაში, ჩაისა და სხვა სასმელებში ძლიერი სტიმულანტია;

  • ავადმყოფობა — შესაძლოა, გამოიწვიოს ფიზიოლოგიური ცვლილებები;

  • გარემოს უეცარი ცვლილება — როგორიცაა ხალხმრავალ, ცხელ ან გადატვირთულ გარემოში უეცრად აღმოჩენა.

პანიკური შეტევის გამომწვევი მიზეზები

პანიკური აშლილობის სიმპტომები ხშირად გვიან თინეიჯერობაში ან ადრეულ ზრდასრულობაში იწყება და უფრო ხშირად ქალებზე ახდენს გავლენას.

დადგენილი არაა, ზუსტად რა იწვევს პანიკურ შეტევებს ან პანიკურ აშლილობას, თუმცა, შესაძლოა, ამ ფაქტორებს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეთ:

  • გენეტიკა — ოჯახის ისტორია;

  • ძლიერი სტრესი — საყვარელი ადამიანების გარდაცვალება, სერიოზული ავადმყოფობა და ა.შ.;

  • სტრესის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ან უარყოფითი ემოციებისკენ მიდრეკილი ტემპერამენტი;

  • ტრავმა — ძალადობა, ტრაგედია და ა.შ.;

  • დიდი ცვლილებები ცხოვრებაში — განქორწინება, შვილის ყოლა და ა.შ;

  • ტვინის სხვადასხვა უბნის ფუნქციონირების ცვლილება;

  • მოწევა ან კოფეინის აქტიური მოხმარება;

  • ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ისტორია ბავშვობაში.

პანიკური შეტევის გართულებები

მკურნალობის გარეშე პანიკური შეტევები ან პანიკური აშლილობა ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს აზიანებს. პანიკური შეტევის განმეორების შიშმა შეიძლება მუდმივი შიშის რეჟიმში ცხოვრება და, შესაბამისად, ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვიოს. 

გართულებები, რომლებიც შეიძლება პანიკურმა შეტევებმა გამოიწვიოს ან მასთან იყოს კავშირში:

წყარო: The Guardian

  • კონკრეტული ფობიების განვითარება, როგორიცაა მანქანის ტარების ან სახლიდან გასვლის შიში;

  • ხშირი მკურნალობის საჭიროება სხვადასხვა დაავადებაზე;

  • ხალხმრავალი სიტუაციებისგან თავის არიდება;

  • პრობლემები სამსახურში ან სკოლაში;

  • დეპრესია, შფოთვითი აშლილობები და სხვა მენტალური პრობლემები;

  • სუიციდის ან სუიციდური ფიქრების გაზრდილი რისკი;

  • ალკოჰოლზე ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება;

  • ფინანსური პრობლემები.

ზოგიერთი ადამიანისთვის პანიკური აშლილობა შეიძლება მოიცავდეს აგორაფობიასაც — ისეთი ადგილებისა და სიტუაციებისგან თავის არიდებას, რომლებიც შფოთვას იწვევს, რადგან ეშინიათ, რომ გაქცევას ან დახმარების მიღებას ვერ შეძლებენ, თუ პანიკური შეტევა დაეწყებათ. ასეთ დროს, შესაძლოა, ადამიანი დამოკიდებული გახდეს სხვებზე, რომ მუდმივად ვიღაც იყოს მის გვერდით.

როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევას?

პანიკური შეტევისას გახსოვდეთ:

  • მოერიდეთ საკუთარ თავთან ისეთ ლაპარაკს, რომელიც ყურადღებას სიმპტომებზე გამახვილებინებთ — არ უთხრათ საკუთარ თავს „შეწყვიტე პანიკა!“ ან „მოეშვი!“

  • შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ პანიკური შეტევის სიმპტომები არაკომფორტულია, თუმცა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ აქამდეც გიგრძვნიათ ეს, თუმცა არაფერი დაგმართნიათ;

  • კონცენტრირდით რაიმეზე თქვენი სხეულისა და სიმპტომების გარეთ. მაგალითად: დაითვალეთ ასიდან ერთამდე უკუთვლით, გაიხსენეთ სიტყვები საყვარელი სიმღერიდან ან ყურადღება მიმართეთ ხმებსა და ვიზუალებზე თქვენ გარშემო.

  • სიტუაციიდან გაქცევა მხოლოდ გააძლიერებს იმ განცდას, რომ პანიკური შეტევა აუტანელია და მას ვერ უმკლავდებით. თუ დაჯდებით და დაელოდებით სიმპტომების შეწყვეტას, მეტ თავდაჯერებულობასა და უნარს მოიპოვებთ მათთან გასამკლავებლად.

პანიკური შეტევების მკურნალობა და პრევენცია

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ან სხვა ადამიანის სიმპტომები ნამდვილად პანიკურ შეტევაზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია, რომ გაიაროთ შემოწმება ოჯახის ექიმთან, რათა დარწმუნდეთ, რომ პანიკური შეტევისთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური სიმპტომები არ არის სხვა დაავადების მანიშნებელი, მათ შორის:

  • დიაბეტის;

  • ასთმის;

  • ყურის შიდა დაზიანებების;

  • ჰიპერთირეოიდიზმის (ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტივობა);

  • კარდიოლოგიური (გულის) პრობლემების;

  • პოსტ-პარტუმ (მშობიარობის შემდგომი) ჰიპერთირეოიდიზმის.

სამედიცინო მკურნალობის გზები

თუ შფოთვის ფიზიოლოგიური სიმპტომები რომელიმე ფიზიკური დაავადებისგანაა გამოწვეული (დიაბეტი, ჰიპერთირეოიდიზმი), მათ მკურნალობასთან ერთად სიმპტომებიც შეწყდება. მაგრამ თუ პანიკური შეტევების მიზეზი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებია, მკურნალობის გზები შეიძლება მოიცავდეს:

  • მედიკამენტებს;

  • ფსიქოთერაპიას, მათ შორის კოგნიტიურ-ბიჰევიორულ თერაპიას;

  • სხეულზე ორიენტირებულ თერაპიას;

  • სტრესის მართვის ტექნიკებს;

  • სწორი სუნთქვის ტექნიკებს;

  • განტვირთვის ტექნიკებს;

  • პრობლემის გადაჭრის უნარების სწავლას;

  • ცხოვრების სტილის ცვლილებას, როგორიცაა ჯანსაღი კვება, ვარჯიში და ძილი.

სამწუხაროდ, არ არსებობს უტყუარი გზა პანიკური შეტევების ან პანიკური აშლილობის თავიდან ასარიდებლად, თუმცა ეს რეკომენდაციები შეიძლება დაგეხმაროთ:

  • აუცილებლად იმკურნალეთ პანიკურ შეტევებზე. პირველივე შემთხვევის შემდეგ, როგორც კი შესაძლებლობა გექნებათ, გაიარეთ კონსულტაცია ფსიქიატრთან და დაიწყეთ მკურნალობა, რათა თავიდან აირიდოთ შეტევების გახშირების ან გაუარესების ალბათობა.

  • ბოლომდე მიჰყევით მკურნალობის გეგმას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა შუა გზაში, რათა არ გაუარესდეს პანიკური შეტევის სიმპტომები.

  • იყავით ფიზიკურად აქტიური. ამას შეიძლება დიდი როლი ჰქონდეს შფოთვის პრევენციისთვის.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი ფოტო: Anastasia Zaristovskaya / Shut up and Yoga

მსგავსი სტატიები

სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი
შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, ფორმები, სიმპტომები, მიზეზები, მკურნალობა, შფოთი, shpotva, ashliloba

შფოთვა და შფოთვითი აშლილობა — მისი ფორმები, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

რა არის შფოთვა და შფოთვითი აშლილობა? რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ვუმკურნალოთ?

შფოთვა და სტრესი

გააზიარე სტატია

პანიკური შეტევა — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია