Facebook Script

დეპრესიასთან გამკლავება და მისი მკურნალობის გზები

17 ნოემბერი, 2021 | გუნება-განწყობა

დეპრესია საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ქალებში — ის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყოველი ექვსი ქალიდან ერთს და ყოველი რვა კაციდან ერთს მაინც აწუხებს. კარგი ამბავი ისაა, რომ დეპრესია იკურნება, მათ შორის ყველაზე მძიმე შემთხვევებშიც კი, და ეფექტური მკურნალობის გზები ხელმისაწვდომია. რაც უფრო მალე დაიწყებს დეპრესიის მქონე ადამიანი მკურნალობას, მით უფრო მალე შეეძლება მას გამოჯანმრთელება.

არ არსებობს დეპრესიისგან განკურნების ერთი კონკრეტული და უტყუარი გზა. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი სხვადასხვა ეფექტური მკურნალობის საშუალება და არსებობენ პროფესიონალები, რომლებსაც დეპრესიის მქონე ხალხის დახმარება შეუძლიათ. ყველა ადამიანმა მკურნალობის ის მეთოდი უნდა იპოვოს, რომელიც მისთვისაა შესაფერისი, რასაც შეიძლება ბევრი დრო და მოთმინება დასჭირდეს.

დეპრესიის მკურნალობის გზები

ნაკლებად სავარაუდოა, რომ დეპრესია თავისით განიკურნება. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში ის შეიძლება თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს და მრავალი უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის ცხოვრებაზე. დეპრესიის მქონე ადამიანებს ზოგჯერ დახმარების მისაღებად პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირთ, რაშიც მათ შეიძლება ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერა დასჭირდეთ.

► დეპრესიის მსუბუქ სიმპტომებთან გამკლავება შესაძლებელია ამ პრობლემაზე უფრო მეტი ცოდნის მიღებით, ცხოვრების სტილის ცვლილებით (მაგალითად, ვარჯიშის დაწყებით) და ფსიქოთერაპიით. საშუალო ან უფრო მძიმე დეპრესიის შემთხვევაში შეიძლება მედიკამენტური მკურნალობაც გახდეს საჭირო.

დეპრესიის მკურნალობა ექიმთან ვიზიტით უნდა დაიწყოს. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან ან ფსიქოთერაპევტთან, სადაც განიხილავთ თქვენს სიმპტომებს და მკურნალობის გზებს. ექიმმა შეიძლება დაგისვათ თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვები ან ჩაგიტაროთ ტესტები, რათა ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გამოირიცხოს.

დეპრესიის დადასტურების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გადაგამისამართოთ სოციალურ მუშაკთან, ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან.

სურათი: Everyday Health

დეპრესიის მკურნალობა ფსიქოლოგიურად — ფსიქოთერაპია

ფსიქოლოგიური მკურნალობა — ანუ ფსიქოთერაპია — დეპრესიის დაძლევის ეფექტური გზაა. ის შეიძლება დაგეხმაროთ ფიქრის პროცესის შეცვლაში და პრობლემასთან გამკლავების უნარების განვითარებაში, რათა უკეთ ვიყოთ მომზადებულები  სტრესისა და კონფლიქტებისთვის ცხოვრებაში.

► დეპრესიის მკურნალობაში ხელშეწყობასთან ერთად ფსიქოთერაპია მავნე ფიქრებისა და ჩვევების ამოცნობასა და შეცვლაშიც დაგეხმარებათ.

ფსიქოთერაპიაში ბევრი სხვადასხვა მიდგომა არსებობს. დეპრესიის სამკურნალოდ ბევრი თერაპევტი სპეციალიზდება თერაპიის კონკრეტულ ტიპში, თუმცა ზოგჯერ ისინი რამდენიმე მეთოდს აერთიანებენ და უფრო მეტად პაციენტსა და მის საჭიროებებზე მორგებულ თერაპიას მიმართავენ. გავრცელებულ მეთოდებს შორისაა:

♦ კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) — საუბარზე დაფუძნებული თერაპიის ფორმა, რომელიც იმ უარყოფითი ფიქრებისა და ჩვევების შეცვლაში დაგეხმარებათ, რომლებიც შეიძლება განაპირობებდეს ან აძლიერებდეს დეპრესიას. ის, როგორც წესი, ფოკუსირდება პაციენტის ამჟამინდელ პრობლემებზე და მათთან გასამკლავებლად საჭირო ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. CBT ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

♦ ინტერპერსონალური თერაპია (IPT) — ეს მიდგომა იმ იდეას ეფუძნება, რომ დეპრესია შეიძლება ჩვენს ურთიერთობებთან იყოს დაკავშირებული. შესაბამისად, ამ ტიპის თერაპიის მიზანია, გააუმჯობესოს პაციენტის ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას ადამიანებთან ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება, მაგალითად, კომუნიკაცია და კონფლიქტების მოგვარება.

♦ ფსიქოდინამიკური თერაპია, იგივე ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია — ეს თერაპიის ის ტიპია, რომელსაც ხშირად ვხედავთ ფილმებსა და პოპ-კულტურაში. ამგვარი თერაპიის სესიებზე გაიგებთ, როგორ შეიძლება თქვენი დეპრესია დაკავშირებული იყოს წარსულის გამოცდილებებთან, მოუგვარებელ კონფლიქტებსა თუ შეუხორცებელ ჭრილობებთან. ფსიქოლოგი ამ პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ, რათა მათგან თავისუფლად გააგრძელოთ ცხოვრება.

► თერაპია ასევე შეიძლება უბრალოდ მოსმენაზე ფოკუსირდებოდეს, სადაც შეგეძლებათ ღიად ისაუბროთ თქვენს პრობლემებზე, ფსიქოლოგისგან კი გაგება და მხარდაჭერა მიიღოთ.

♦ ქცევითი აქტივაცია (BA) — ეს მეთოდი მიზნების დასახვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო სასიამოვნო აქტივობების შემოღებას გასწავლით. ამ ტიპის თერაპიის მიზანია, დაძლიოს ხალხისგან იზოლაცია და გაზარდოს დადებითი ინტერაქციები გარემოსთან, რადგან მეტმა აქტიურობამ შეიძლება დეპრესიის სიმპტომების შემცირებას შეუწყოს ხელი.

♦ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული თერაპია გამოკვეთს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს, შემდეგ კი მათი გადაჭრის გზების პოვნაში და მათგან თქვენთვის საუკეთესოს არჩევაში გეხმარებათ.

♦ ოჯახური ან წყვილების თერაპია შეიძლება მაშინ იყოს საჭირო, როდესაც დეპრესია ოჯახის სხვა წევრებზეც ახდენს გავლენას. ამ ტიპის თერაპიისას გამოიკვეთება ერთმანეთის როლები და მოლოდინები და თქვენთვის ძვირფასი ადამიანები იგებენ, რა არის დეპრესია და როგორ მოქმედებს ის თქვენზე.

დეპრესიის მკურნალობა მედიკამენტურად — ანტიდეპრესანტები

როდესაც ადამიანს საშუალო ან მძიმე ფორმის დეპრესია აწუხებს, ფსიქოთერაპიასთან ერთად მას შეიძლება მედიკამენტური მკურნალობაც დაენიშნოს. ის შეიძლება მოიცავდეს გუნება-განწყობის სტაბილიზატორებს, ანტიფსიქოტურ პრეპარატებსა და ანტიდეპრესანტებს.

ანტიდეპრესანტები მრავალი სხვადასხვა ტიპის არსებობს და ექიმი კონსულტაციისა და საგულდაგულო შეფასების შემდეგ თქვენთვის ყველაზე შესაფერისს დაგინიშნავთ. ეფექტის მოსახდენად ანტიდეპრესანტებს, როგორც წესი, მინიმუმ ორი კვირა მაინც სჭირდება. გარდა ამისა, ექიმს შეიძლება თქვენთვის შესაფერისი მედიკამენტების და დოზირების დასადგენად გარკვეული დრო დასჭირდეს.

სურათი: HuffPost / Getty Images

ანტიდეპრესანტებს შეუძლია, ადამიანს უკეთ აგრძნობინოს თავი, თუმცა ისინი არ ცვლის მის პიროვნულ თვისებებს, არც მუდმივი ბედნიერების განცდას არ აჩენს. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შემთხვევაში, ანტიდეპრესანტებსაც აქვს გვერდითი მოვლენები. მათგან ყველაზე ხშირია:

  • გულისრევა

  • თავისტკივილი

  • შფოთვა

  • მღელვარება

  • ოფლიანობა

  • თავბრუსხვევა

  • წონის მატება

  • პირის სიმშრალე

  • სექსუალური პრობლემები (მაგალითად, აღგზნების სირთულე)

ზოგიერთი ეს სიმპტომი საკმაოდ ხანმოკლეა, თუმცა ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში გაესაუბრეთ ექიმს, რადგან არსებობს მათი შემცირების გზები. კონკრეტული გვერდითი მოვლენის ალბათობა ადამიანზე და მედიკამენტზეა დამოკიდებული.

ანტიდეპრესანტების მიღების ხანგრძლივობა დეპრესიის სიმძიმეზე და მკურნალობის ეფექტურობაზეა დამოკიდებული. ისინი უსაფრთხო და ეფექტურია და არ იწვევს დამოკიდებულებას, თუმცა მედიკამენტების მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, ექიმის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით.

► თითოეულმა ადამიანმა უნდა იპოვოს მკურნალობის ის მეთოდი, რომელიც მას შეეფერება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ რომელიმე მეთოდი მეცნიერულად დამტკიცებულია, არ ნიშნავს, რომ ის თანაბრად ეფექტური იქნება თითოეული ადამიანისთვის. ზოგ ადამიანს ექნება გართულებები, გვერდითი მოვლენები ან მკურნალობის გზა მათი ცხოვრების სტილისთვის შეუფერებელი იქნება. თქვენთვის შესაფერისი მკურნალობის მეთოდის პოვნას შეიძლება ბევრი დრო და მოთმინება დასჭირდეს.

პროფესიონალთან კონსულტაციის გავლის შემდეგ უმჯობესია, სცადოთ მკურნალობის ის მეთოდი, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტულია. თუკი საკმარისად სწრაფად არ გამოკეთდებით ან თუ მკურნალობისას პრობლემებს წააწყდებით, ესაუბრეთ ამაზე ექიმს და განიხილეთ სხვა მეთოდის გამოყენება.

► ზოგჯერ, თუკი მკურნალობის სხვა ფორმები უშედეგო აღმოჩნდა, მიმართავენ პროცედურული მკურნალობის გზებსაც, რომლებიც ტვინის სტიმულაციას ახდენს. მათ შორისაა ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT), ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია (TMS) და ცდომილი ნერვის სტიმულაცია (ცნს).

დეპრესიასთან გამკლავება — რჩევები

მართალია, ფსიქოთერაპია და მედიკამენტური მკურნალობა დეპრესიისგან გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს, მაგრამ არსებობს სხვა გზებიც, რომელთა მეშვეობითაც ადამიანებს საკუთარი თავის დახმარება შეუძლიათ. დეპრესიის დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალური დახმარების მიღებასთან ერთად თქვენც იზრუნოთ საკუთარ თავზე.

♦ დაკავდით აქტივობებით. დეპრესიისას ზოგჯერ აღარ გვსიამოვნებს ის აქტივობები, რომლებიც ერთ დროს გვიყვარდა. ზოგჯერ შეიძლება გეგონოთ, რომ რაღაც აქტივობა არ იქნება სასიამოვნო, თუმცა, რეალურად, ის მოსალოდნელზე უკეთესი გამოდგეს. თუკი აქტივობებით დაკავებას არ ცდით, დეპრესიასთან გამკლავების გზებიც შეგიმცირდებათ. შეგიძლიათ, ჩამოწეროთ აქტივობები, რომლებიც გიყვარდათ, დაგეგმოთ ისინი მაქსიმალურად ხშირად და თითოეულის შემდეგ დაფიქრდეთ, რა მოგეწონათ და რა — არა.

♦ ივარჯიშეთ. ვარჯიშს შეუძლია სხეულში ენდორფინის წარმოება გაზარდოს, რომელიც გუნება-განწყობის გაუმჯობესებაზე მოქმედებს. შეეცადეთ, დღეში 30 წუთი მაინც დაუთმოთ ფიზიკურ აქტივობებს, კვირაში 3-5 დღე;

სურათი: dribbble / ranganath krishnamani

♦ მოერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. მართალია, ალკოჰოლი და ნარკოტიკები ზოგჯერ მოკლე დროით ადამიანს თავს უკეთ აგრძნობინებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს აუარესებს.

♦ ისწავლეთ ზღვრების დაწესება. საკუთარ თავზე ზედმეტის აღება აუარესებს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებს. პროფესიონალურ და პირად ცხოვრებაში ზღვრების დაწესება სტრესის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

♦ იზრუნეთ ძილის რეჟიმზე. დეპრესია ხშირად რევს ძილის რეჟიმს, თუმცა სრული გამოჯანმრთელებისთვის რეგულარული ძილი აუცილებელია. შეეცადეთ, ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ. თუკი სწავლობთ ან მუშაობთ, დაძინებამდე ცოტა დაისვენეთ, ნახევარი საათით მაინც. ასევე გირჩევთ, დაძინებამდე ერთი საათით ადრე ონლაინ აქტივობებისგან, მაგალითად, სოციალური ქსელებისგან შესვენება აიღოთ.

♦ მოიშორეთ უარყოფითი ფიქრები. დარდი და უარყოფითი ფიქრები საკმაოდ ხშირია დეპრესიის დროს. ისინი ხელს უშლის გამოჯანმრთელების პროცესს და უარყოფითი ემოციებისადმი უფრო მოწყვლადს გხდით. ჩამოწერეთ, რა ფიქრები გაწუხებთ — რამდენად რეალისტურია თითოეული მათგანი? ფოკუსირდით აწმყოზე, განიხილეთ ალტერნატივები და მოგვარების გზები. შეეცადეთ, ასეთ დროს თქვენი ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

♦ ნუ გადადებთ საქმეებს. ეს ზრდის დანაშაულის გრძნობას, მღელვარებასა და სტრესს, რაც აძლიერებს დეპრესიას. დაისახეთ მოკლევადიანი მიზნები და ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას შეეცადეთ.

♦  ესაუბრეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. დეპრესიასთან გასამკლავებლად ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერის არსებობა. გააძლიერეთ ურთიერთობა თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან. იმის ცოდნა, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენთვის ძვირფასი ადამიანების იმედად ყოფნა შეგიძლიათ, დეპრესიასთან გამკლავებაში ძალიან დაგეხმარებათ.

მსგავსი სტატიები

ბიპოლარული, აშლილობა, მანიაკალური, დეპრესია, მკურნალობა, მანია

ბიპოლარული აშლილობა — მკურნალობა და რჩევები

ბიპოლარული აშლილობის მკურნალობის გზები — მედიკამენტები, ფსიქოთერაპია, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები და რჩევები ბიპოლარულ აშლილობასთან გასამკლავებლად

გუნება-განწყობა
სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

დეპრესიასთან გამკლავება და მისი მკურნალობის გზები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია