Facebook Script

ბიპოლარული აშლილობა — მკურნალობა და რჩევები

03 იანვარი, 2022 | გუნება-განწყობა

ბიპოლარული აშლილობა მენტალური ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემაა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდება მართვა. ის მთლიანად არ იკურნება, თუმცა მისი სიმპტომების სამართავად რამდენიმე გზაა ხელმისაწვდომი, რომლებიც პიროვნების გუნება-განწყობის სტაბილიზაციაზე ფოკუსირდება.

მკურნალობის მეთოდებს შორისაა მედიკამენტები, ფსიქოთერაპია და ცხოვრების წესის ცვლილება. დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ასევე ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებს. მკურნალობის დახმარებით პაციენტმა შეიძლება მოახერხოს სიმპტომების მართვა, ზოგჯერ კი სიმპტომებისგან თავისუფალი პერიოდებიც ჰქონდეს.

მედიკამენტები

მედიკამენტებით მკურნალობა ერთ-ერთი საკვანძოა ბიპოლარულ აშლილობასთან გასამკლავებლად. რეკომენდებულ მედიკამენტებს შორისაა:

  • განწყობის სტაბილიზატორები, მაგალითად, ლითიუმი (ლითობიდი)

  • ანტიფსიქოზური პრეპარატები, მაგალითად, ოლანზაპინი (ზიპრექსა)

  • ანტიდეპრესანტი-ანტიფსიქოზურები, მაგალითად, ფლუოქსეტინ-ოლანზაპინი (სიმბიაქსი)

  • ბენზოდიაზეპინი — შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტი მოკლევადიანი მკურნალობისთვის

► მედიკამენტების მიღება დაუშვებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მიღებულ მედიკამენტებზე. მათ შორის ყველაზე ხშირია წონაში მატება, მეტაბოლიზმის დარღვევა, სედაცია (დამამშვიდებლების მოქმედება) და აკათისია (მოუსვენრობა). გარკვეულ მედიკამენტებზე რეაქციას ასევე შეიძლება თან ახლდეს დიარეა (ფაღარათი) და გულისრევა, ასევე ჰორმონალური და მეტაბოლური პრობლემების უფრო მაღალი რისკი.

ფსიქოთერაპია

ფსიქოთერაპიაში ბევრი სხვადასხვა ტექნიკა არსებობს ბიპოლარულ აშლილობასთან გასამკლავებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. ფსიქოთერაპიას, როგორც წესი, მედიკამენტებსა და სხვა სამკურნალო პროცესებთან ერთად მიმართავენ. რეკომენდებულ თერაპიულ მიდგომებს შორისაა:

კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია

კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) ლაპარაკის თერაპიის ფორმაა, რომელიც საზიანო ფიქრებისა და არასასურველი ქცევების ამოცნობასა და შეცვლაში გეხმარებათ. ამგვარი ფსიქოთერაპია იძლევა უსაფრთხო გარემოს, რომელშიც საკუთარ სიმპტომებზე და მათ მართვაზე შეიძლება საუბარი. ფსიქოლოგი ასევე შეიძლება დაგეხმაროთ:

  • ფიქრის პატერნების უკეთ გაგებაში;

  • არაკომფორტული და შემაწუხებელი ემოციების გარდაქმნაში;

  • სიმპტომებთან გამკლავების უკეთესი სტრატეგიების სწავლასა და დანერგვაში.

ფსიქოგანათლება

ფსიქოგანათლება არის მიდგომა, რომელიც პრობლემისა და მისი მკურნალობის შესახებ უფრო მეტი ცოდნის მიღებაზე ფოკუსირდება. ეს ცოდნა შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს გარშემომყოფებს, რათა მალევე ამოიცნოთ განწყობის ცვლილების სიმპტომები და უფრო ეფექტურად მართოთ ისინი.

ინტერპერსონალური და სოციალური რიტმის თერაპია

ინტერპერსონალური და სოციალური რიტმის თერაპია (IPSRT) ფოკუსირდება ყოველდღიური ჩვევების — მაგალითად, ძილის, კვებისა და ვარჯიშის — რეგულაციაზე. არარეგულარულობამ და ძილის ნაკლებობამ შეიძლება გააუარესოს ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები, ამიტომ ამ ყოველდღიური საბაზისო ასპექტების დაბალანსებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მანიისა და დეპრესიის ეპიზოდების შემცირებასა და სიმპტომების შემსუბუქებას.

► წლების განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილი თერაპიებიდან თქვენზე დადებითად შეიძლება იმოქმედოს რომელიმემ ან ყველამ. მიეცით საკუთარ თავს იმის დრო, რომ იპოვოთ ფსიქოლოგი, რომელთანაც კომფორტულად იგრძნობთ თავს.

წყარო: Self

სხვა ვარიანტები

თუკი ფსიქოთერაპია და მედიკამენტები სიმპტომებთან გამკლავებაში ვერ დაგეხმარათ, რეკომენდებულია სხვა პროცედურებიც, მათ შორის:

  • ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT), რომლის დროსაც ტვინში იგზავნება ელექტრული მუხტები. მას ყველაზე ხშირად მაშინ მიმართავენ, როდესაც სწრაფი რეაგირებაა საჭირო;

  • ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია (TMS) უფრო ახალი, არაინვაზიური თერაპიაა, რომელიც დეპრესიასთან დაკავშირებული ნერვული უჯრედების სტიმულაციისთვის მაგნიტურ ენერგიას იყენებს;

  • სინათლის თერაპია, რომელიც, როგორც წესი, დილით სახლში სინათლეზე ყოფნას გულისხმობს. სინათლის თერაპია ზოგჯერ სასარგებლოა ბიპოლარული აშლილობის სიმპტომების შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც დეპრესია სეზონურად (ზამთარში) აწუხებთ. დოზირება და სიხშირე კარგად დადგენილი არ არის.

გარდა ამისა, რეკომენდებულია ცხოვრების სტილის შეცვლა სტრესის ფაქტორების შესამცირებლად, რაც შეიძლება მოიცავდეს:

  • ძილის წამლებს ძილის რეჟიმის დასარეგულირებლად;

  • ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს;

  • აკუპუნქტურას — ძველი ჩინური ფიზიოთერაპიული მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ნემსებით კანის სპეციფიკური წერტილების სტიმულირება;

  • რეგულარულ ვარჯიშს, მათ შორის ძუნძულს, სირბილს, ცურვას;

  • სტრესის შემამცირებელ აქტივობებს, მაგალითად, თვითგაცნობიერების (Mindfulness) ტექნიკებსა და მედიტაციას;

  • თვითმენეჯმენტს, მაგალითად, მედიკამენტებზე ჩანაწერების კეთებას, შეხსენებების დაყენებას და მანიისა და დეპრესიის სიმპტომების დასაწყისების ამოცნობის სწავლას.

მანიის ან დეპრესიის მძიმე შემთხვევებს შეიძლება ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდეს.

ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები ბიპოლარული აშლილობის წინააღმდეგ

ბიპოლარული აშლილობის სიმპტომებთან ბრძოლაში დახმარება ზოგიერთ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია. სხვა მედიკამენტებსა და თერაპიასთან ერთად ამ საშუალებებს განწყობის სტაბილიზების ხელშეწყობა შეუძლიათ:

  • ომეგა-3. 2016 წლის კვლევის მიხედვით, ომეგა-3-ს ბიპოლარული I-ის სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია. 2012 წლის კვლევის მიხედვით კი, ის განსაკუთრებით სასარგებლოა დეპრესიის სიმპტომებთან გასამკლავებლად.

  • ვარდისფერი როდიოლა (ოქროს ფესვი). 2013 წლის კვლევის თანახმად, ამ მცენარეს შეუძლია საშუალო სიმწვავის დეპრესიის დაძლევის ხელშეწყობა.

  • S-ადენოზილმეთიონინი (SAMe). SAMe არის ამინომჟავური დანამატი, რომელსაც დიდი დეპრესიისა და განწყობის სხვა აშლილობების სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია.

გაითვალისწინეთ: ამ სამკურნალო საშუალებების მიღებამდე აუცილებლად უნდა გაესაუბროთ თქვენს პირად ექიმსა თუ ფსიქიატრს. ზოგ შემთხვევაში მათ შეიძლება ხელი შეუშალონ სხვა მედიკამენტების მოქმედებას.

გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები

ბიპოლარული აშლილობა საკმაოდ გავრცელებული მენტალური პრობლემაა, თუმცა ექსპერტებმა ჯერ კიდევ არ იციან, ზუსტად რა იწვევს მას. ზოგიერთ შესაძლო მიზეზს შორისაა:

  • გენეტიკა — თუკი თქვენს მშობელს ან დედმამიშვილს ბიპოლარული აშლილობა აქვს, უფრო მაღალია იმის რისკი, რომ ის თქვენც გექნებათ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ადამიანთა უმეტესობას, ვისაც ოჯახში ბიპოლარული აშლილობის ისტორია აქვს, ის არ უვითარდება.

  • ტვინი — თქვენი ტვინის სტრუქტურამ შეიძლება ბიპოლარული აშლილობის განვითარების რისკზე იმოქმედოს. ტვინის ქიმიურ მოქმედებაში არსებულმა არარეგულარულობამ ან თქვენი ტვინის სტრუქტურამ თუ ფუნქციებმა შეიძლება ეს რისკი გაზარდოს.

  • გარემო-ფაქტორები — ბიპოლარული აშლილობის რისკს მხოლოდ სხეული არ ზრდის. მასზე შეიძლება გარემო-ფაქტორებმაც იმოქმედოს, მათ შორის უკიდურესმა სტრესმა, ტრავმულმა გამოცდილებამ ან ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემამ.

შეიძლება თუ არა ბიპოლარული აშლილობის პრევენცია?

როგორც კი განწყობის ეპიზოდები დაგეწყებათ, მათი სიმწვავისა და გამეორების შანსის შესამცირებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ. თუმცა ჯერჯერობით შეუძლებელია განწყობის ეპიზოდების მთლიანად და ყოველთვის პრევენცია, ასევე უშუალოდ აშლილობის განვითარებისთვის ხელის შეშლა. სამომავლო კვლევების მეშვეობით შეიძლება უფრო მეტი გავიგოთ ბიპოლარული აშლილობის გამომწვევი მიზეზების შესახებ და ეს მკვლევრებს მისი პრევენციის პოტენციური გზების პოვნაში დაეხმაროს.

ხშირი თანამოარსებე პრობლემები

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს ზოგჯერ მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ. 2019 წლის კვლევის მიხედვით, მათ შორის ყველაზე ხშირია შფოთვითი აშლილობები. ბიპოლარულ აშლილობასთან ხშირად თანამოარსებე სხვა პრობლემებს შორისაა ასევე:

► ამ პრობლემების სიმპტომები შეიძლება უფრო მწვავე იყოს თქვენი განწყობის მდგომარეობის მიხედვით. მაგალითად, შფოთვა უფრო ხშირია დეპრესიასთან ერთად, ადიქცია კი — მანიასთან ერთად.

თუკი ბიპოლარული აშლილობა გაქვთ, ასევე შეიძლება უფრო მაღალი იყოს იმის ალბათობა, რომ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გაგიჩნდებათ, მათ შორის:

  • შაკიკი;

  • გულის პრობლემები;

  • დიაბეტი;

  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.

რჩევები ბიპოლარულ აშლილობასთან გასამკლავებლად

თუკი ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები შენიშნეთ, კარგი იქნება, თუ ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს გაესაუბრებით, რაც შეიძლება სწრაფად. ამავენაირად, თუკი თქვენს მეგობარს ან ძვირფას ადამიანს აქვს იგივე სიმპტომები, შეეცადეთ, ხელი შეუწყოთ, რომ ექიმთან მივიდეს. კარგი იქნება თუ აგრძნობინებთ, რომ მისი გესმით და თქვენი მხარდაჭერის იმედი შეუძლია ჰქონდეს.

ცხოვრება ბიპოლარულ აშლილობასთან ერთად

მკურნალობას განწყობის ეპიზოდებით გამოწვეული სიმპტომების მართვაში დახმარება შეუძლია. შეგიძლიათ შეკრათ „ზრუნვის გუნდი“ იმ ადამიანებისა, ვინც მკურნალობაში დაგეხმარებათ, მათ შორის:

  • თქვენი პირადი ექიმი;

  • ფსიქიატრი, რომელიც მედიკამენტებს განგისაზღვრავთ;

  • ფსიქოლოგი, რომელთანაც ისაუბრებთ;

  • სხვა პროფესიონალები და სპეციალისტები, მაგალითად, აკუპუნქტურის ან მასაჟის სპეციალისტი;

  • ბიპოლარული აშლილობის მქონე სხვა ადამიანები ან მეგობრები, რომლებსაც საკუთარ გამოცდილებასა და ემოციებს გაუზიარებთ.

წყარო: Self

შესაძლოა, მკურნალობის რამდენიმე მეთოდის ცდა მოგიწიოთ, სანამ თქვენთვის შესაფერისს იპოვით. მედიკამენტები ყველა ადამიანზე ერთნაირად არ მოქმედებს. ამავენაირად, ზოგისთვის ფსიქოთერაპია სასარგებლოა, მაგრამ სხვებს პროგრესის მიღწევაში დიდად ვერ ეხმარება.

ყოველთვის უმჯობესია, თქვენს გუნდს ღიად ესაუბროთ იმაზე, თუ რომელი მეთოდი მუშაობს თქვენს შემთხვევაში და რომელი — არა. თუკი რაიმე არ გეხმარებათ ან, სულაც, უარეს მდგომარეობაში გაყენებთ, არ მოგერიდოთ მათთვის ამის ღიად თქმა. თქვენი მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია და თქვენმა გუნდმა ყოველთვის უნდა დაგიჭიროთ მხარი სწორი მიდგომის პოვნაში.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის თანაგრძნობაც. გახსოვდეთ, რომ ბიპოლარული აშლილობა, ისევე როგორც მენტალური ჯანმრთელობის ნებისხმიერი სხვა პრობლემა, თქვენი არჩევანით არ მომხდარა. ის არ გამოუწვევია რამეს, რაც გააკეთეთ ან არ გააკეთეთ.

► ნორმალურია (და საკმაოდ ხშირია), თუ იმედგაცრუებას გრძნობთ, როცა მკურნალობა არ მუშაობს. სცადეთ, უფრო მოთმინებით მიუდგეთ ამ პროცესს და გაგებით მოექეცით საკუთარ თავს ახალი მეთოდების შესწავლისას.

ბიპოლარული აშლილობა და ურთიერთობები

ბიპოლარულმა აშლილობამ შეიძლენა ნებისმიერ ურთიერთობაზე იმოქმედოს, თუმცა მისი ეფექტები ყველაზე შესამჩნევი ახლო ურთიერთობებში იქნება, მაგალითად, ოჯახის წევრებსა და რომანტიკულ პარტნიორებთან.

როდესაც ბიპოლარული აშლილობა გაქვთ, ურთიერთობების ხელშესაწყობად ერთ-ერთი საუკეთესო გზა გულწრფელობაა. თქვენს პრობლემაზე ღიად საუბარმა შეიძლება უკეთ გააგებინოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებს თქვენი სიმპტომები და ის, თუ როგორ შეუძლიათ თქვენი დახმარება.

შეგიძლიათ რამდენიმე საბაზისო დეტალით დაიწყოთ, მათ შორის:

  • რამდენი ხანია, რაც ბიპოლარული აშლილობა გაწუხებთ;

  • როგორ მოქმედებს თქვენზე დეპრესიის ეპიზოდები;

  • როგორ მოქმედებს თქვენზე მანიის ეპიზოდები;

  • რა მკურნალობის გზებს მიმართავთ, მათ შორის თერაპია, მედიკამენტები და გამკლავების სტრატეგიები;

  • რისი გაკეთება შეუძლიათ სხვებს თქვენს დასახმარებლად.

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ ჯანსაღი რომანტიკული ურთიერთობის ქონა. საუკეთესო შედეგისთვის მიჰყევით თქვენი მკურნალობის გეგმას და ღიად ეკონტაქტეთ თქვენს პარტნიორს. თუკი მძიმე ეპიზოდი გაქვთ და სიმპტომებთან გამკლავება გიჭირთ, არ მოგერიდოთ ამის პარტნიორისთვის თქმა და დახმარების თხოვნა, თუკი საჭიროა. მაგალითად, თუკი დეპრესიის ეპიზოდი გაქვთ და სახლიდან გასვლა არ გსურთ, აუხსენით ეს თქვენს პარტნიორს ნაცვლად იმისა, რომ სხვა რამ მოიმიზეზოთ სახლში დასარჩენად.

► მართალია, ბიპოლარულ აშლილობასთან ერთად ცხოვრება გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მკურნალობის გეგმის მიყოლას, საკუთარ თავზე რეგულარულად ზრუნვასა და ძვირფასი ადამიანების მხარდაჭერას შეიძლება ძალიან დიდი დადებითი ეფექტი ჰქონდეს თქვენს კეთილდღეობაზე და აშლილობის სიმპტომები მინიმუმამდე დაიყვანოს.

მსგავსი სტატიები

სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

ბიპოლარული აშლილობა — მკურნალობა და რჩევები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია