Facebook Script

რა არის ბიპოლარული აშლილობა? — მისი ტიპები და სიმპტომები

03 იანვარი, 2022 | გუნება-განწყობა

ბიპოლარული აშლილობა არის მენტალური ჯანმრთელობის დარღვევა, რომელსაც ახასიათებს უკიდურესად ამაღლებულ და უკიდურესად დადაბლებულ განწყობებს შორის მონაცვლეობა. გუნება-განწყობის ეს უკიდურესი ცვლილებები შემდეგნაირად იყოფა:

  • მანიის — ანუ უკიდურესად ამაღლებული განწყობის — ეპიზოდები

  • დეპრესიის — ანუ დადაბლებული განწყობის — ეპიზოდები

► ბიპოლარული აშლილობის აღმნიშვნელი ძველი ტერმინია „მანიაკალური დეპრესია“.

მანიაკალური (მანიაკური) და დეპრესიული სიმპტომების ციკლი ყველასთვის განსხვავებულია. ზოგისთვის ეპიზოდები შეიძლება სამიდან ექვს თვემდე გაგრძელდეს და ყოველ რამდენიმე წელიწადში განმეორდეს. სხვებს უფრო ხანმოკლე, მაგრამ უფრო ხშირი ეპიზოდები აქვთ ერთი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ზოგი ადამიანი ეპიზოდებს შორის გარკვეულ ემოციურ სიმპტომებს გრძნობს, თუმცა ზოგს ამ დროს არავითარი სიმპტომები არ აქვს.

ბიპოლარული აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. მის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის შეიძლება იყოს ტვინში არსებული ქიმიური ნივთიერებები, გარემო-ფაქტორები, ფიზიკური დაავადებები და სტრესი. კვლევის მიხედვით, მიზეზების დაახლოებით 80% გენეტიკურია.

მართალია, ბიპოლარული აშლილობა არ იკურნება, მაგრამ მისი მკურნალობის ბევრი ეფექტური გზაა ხელმისაწვდომი, უმეტესად მედიკამენტებისა და ფსიქოთერაპიის მეშვეობით. ისინი განწყობის ცვლილების ეპიზოდებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, რასაც შეუძლია არა მხოლოდ თქვენი სიმპტომების, არამედ ცხოვრების ზოგადი ხარისხის გაუმჯობესებაც.

ბიპოლარული აშლილობა იშვიათი დარღვევა არაა. მეტიც, მაგალითად, აშშ-ში, მენტალური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, ზრდასრული ადამიანების 2.8%-ს — დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს — ბიპოლარული აშლილობა აქვს. ის, როგორც წესი, ზრდასრული ცხოვრების ადრეულ ეტაპზე იწყება.

ბიპოლარული აშლილობის ტიპები

არსებობს ბიპოლარული აშლილობის სამი ძირითადი ტიპი: ბიპოლარული I, ბიპოლარული II და ციკლოთიმია.

ბიპოლარული I

ბიპოლარულ I-ს ახასიათებს მინიმუმ ერთი მანიაკალური (მანიის) ეპიზოდი. შეიძლება გქონდეთ ჰიპომანიაკალური (ჰიპომანიის) ეპიზოდები, რომლებიც უფრო მსუბუქია, ვიდრე მანიაკალური ეპიზოდები, ან გქონდეთ დიდი დეპრესიული ეპიზოდები მანიაკალურ ეპიზოდამდე და მას შემდეგ. ამ ტიპის ბიპოლარული აშლილობა ყველა სქესის ადამიანს თანაბრად აწუხებს.

ბიპოლარული II

ბიპოლარულ II-ის მქონე ადამიანებს აქვთ ერთი დიდი დეპრესიული ეპიზოდი, რომელიც მინიმუმ 2 კვირას გრძელდება. მათ ასევე აქვთ მინიმუმ 1 ჰიპომანიაკალური ეპიზოდი, რომელიც დაახლოებით 4 დღეს გრძელდება. 2017 წლის მიმოხილვის მიხედვით, ამ ტიპის ბიპოლარული აშლილობა უფრო მეტად ქალებშია გავრცელებული.

ციკლოთიმია

ციკლოთიმიის მქონე ადამიანებს ჰიპომანიისა და დეპრესიის ეპიზოდები აქვთ. ამ ეპიზოდების სიმპტომები უფრო ხანმოკლე და მსუბუქია, ვიდრე I და II ბიპოლარული აშლილობების მანიისა და დეპრესიის სიმპტომები. ციკლოთიმიის მქონე ადამიანების უმეტესობას ერთდროულად მხოლოდ 1 ან 2 თვის განმავლობაში აქვთ ევთიმია — წონასწორობის მდგომარეობა ეპიზოდებს შორის, როდესაც განწყობის დარღვევები არ ხდება.

დიაგნოზის განხილვისას ექიმი უფრო დეტალურად აგიხსნით, რა ტიპის ბიპოლარული აშლილობა გაქვთ. ზოგ ადამიანს განწყობის განსხვავებული სიმპტომები აქვთ, რომლებიც ჰგავს, მაგრამ ბოლომდე არ ემთხვევა ჩამოთვლილ სამ ტიპს. ამ შემთხვევაში დიაგნოზი შეიძლება იყოს:

  • სხვა განსაზღვრული ბიპოლარული ან მასთან დაკავშირებული აშლილობა

  • განუსაზღვრელი ბიპოლარული ან მასთან დაკავშირებული აშლილობა

მანია და ჰიპომანია

მანიის ეპიზოდი, ჩვეულებრივ, ამაღლებულ ემოციურობას მოიცავს. ამ დროს შეიძლება გრძნობდეთ მღელვარებას, იმპულსურობას, ეიფორიასა და ენერგიულობას. ასევე შეიძლება უფრო ფიცხი გახდეთ ან შეამჩნიოთ, რომ ფიქრები სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს. ზოგი ადამიანი მანიის დროს ასევე ჰალუცინაციებს ხედავს და ფსიქოზის სხვა სიმპტომებს ამჩნევს.

მანიაკალური ეპიზოდები შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქცევებს, რომლებიც ჩვეულზე უფრო იმპულსურია, რაც ხშირად განპირობებულია უძლეველობის ან ხელშეუხებლობის შეგრძნებით. ასეთი ტიპის ქცევის ხშირ მაგალითებს შორისაა:

  • სექსი თავდაცვის გარეშე

  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება ან მათი მოხმარება ჩვეულზე უფრო დიდი რაოდენობით

  • მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობის თანხის დახარჯვა

თუმცა, იმპულსურობა და რისკებზე წასვლა ბევრი სხვა გზითაც შეიძლება გამოვლინდეს, მაგალითად:

  • სამსახურიდან უეცრად წამოსვლა

  • სამოგზაუროდ მარტო წასვლა, სხვების გაუფრთხილებლად

  • დიდი ინვესტიციის გაკეთება ახირების გამო

  • მანქანის ჩვეულზე უფრო სწრაფად ტარება, სიჩქარის ზღვრის გადაჭარბებით

  • ექსტრემალურ სპორტში მონაწილეობა, რასაც სხვა დროს, ჩვეულებრივ, არ განიხილავდით

ჰიპომანია, რომელიც ზოგადად ბიპოლარულ II-სთანაა დაკავშირებული, ბევრ იმავე სიმპტომს მოიცავს, თუმცა ისინი უფრო მსუბუქი ფორმისაა. მანიისგან განსხვავებით, ჰიპომანია, როგორც წესი, არ ქმნის პრობლემებს სკოლასა თუ სამსახურში ან ურთიერთობებში. ასევე ჰიპომანიის ეპიზოდები არ მოიცავს ფსიქოზს. ისინი შედარებით უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მანიის ეპიზოდები, და არ საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას.

ჰიპომანიის დროს თავს შეიძლება ძალიან პროდუქტიულად და ენერგიულად გრძნობდეთ, თუმცა განწყობაში სხვა ცვლილებები შეიძლება ვერ შეამჩნიოთ. ისინი ასევე შეიძლება ვერ შენიშნონ მათ, ვინც კარგად არ გიცნობენ, თუმცა უახლოესი ადამიანები, სავარაუდოდ, თქვენი განწყობისა და ენერგიის ცვლილებას შეამჩნევენ.

წყარო: Society of Advancement of Psychotherapy

დიდი დეპრესიის ეპიზოდები

განწყობის „დადაბლებამ“ შეიძლება მძინარების, უმოტივაციობისა და სევდის გრძნობა გაგიჩინოთ. ბიპოლარულ აშლილობასთან დაკავშირებული დიდი დეპრესიის ეპიზოდები ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან მინიმუმ 5-ს მოიცავს:

  • ხანგრძლივი „დადაბლებული“ განწყობა, რომელიც გამოიხატება ღრმა მწუხარების, უიმედობის ან სიცარიელის გრძნობით

  • ენერგიის დაკარგვა

  • ჩვეულზე უფრო შენელებულობის შეგრძნება ან მუდმივი მოუსვენრობა

  • ინტერესის დაკარგვა იმ აქტივობებში, რომლებიც ერთ დროს გსიამოვნებდათ

  • ზედმეტად ცოტა ან ზედმეტად ბევრი ძილის პერიოდები

  • დანაშაულის ან უსარგებლობის შეგრძნება

  • ყურადღების გაფანტულობა და გადაწყვეტილებების მიღების გართულება

  • სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრი

  • მადის ან წონის ცვლილებები

ბიპოლარული აშლილობის მქონე ბევრ ადამიანს აქვს დიდი დეპრესიის ეპიზოდები, თუმცა ყველას — არა. იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ბიპოლარული აშლილობა გაქვთ, შეიძლება დეპრესიის მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი გაწუხებდეთ — დიდი დეპრესიის ეპიზოდისთვის სრული ხუთი სიმპტომის ქონა აუცილებელი არაა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ (მაგრამ არა — ყოველთვის) მანიის დროს არსებული ეიფორია შეიძლება სასიამოვნო იყოს. როცა მანიის მკურნალობას დაიწყებთ, მისი თანმდევი უსიმპტომო განწყობა შეიძლება უფრო მეტად „დადაბლებულს“, ანუ დეპრესიის პერიოდისას ჰგავდეს, ვიდრე განწყობის ტიპურ, ჩვეულებრივ მდგომარეობას.

მართალია, ბიპოლარულმა აშლილობამ შეიძლება დეპრესიული განწყობა გამოიწვიოს, მაგრამ ბიპოლარულ აშლილობასა და დეპრესიას ერთი დიდი განსხვავება აქვთ — ბიპოლარული აშლილობის დროს „ამაღლებული“ და „დადაბლებული“ პერიოდები გექნებათ, დეპრესიის შემთხვევაში კი თქვენი განწყობა და ემოციები ყოველთვის „დადაბლებული“ იქნება, სანამ არ იმკურნალებთ.

ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები

ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზისთვის მანიის ან ჰიპომანიის მინიმუმ ერთი პერიოდი უნდა გქონდეთ გამოცდილი.

ორივე მათგანი მოიცავს აღტაცების, იმპულსურობისა და დიდი ენერგიის შეგრძნებებს, თუმცა ჰიპომანია უფრო მსუბუქია, ვიდრე მანია. მანიის სიმპტომებმა შეიძლება თქვენს ყოველდღიურობაზე იმოქმედოს და სახლსა თუ სამსახურში პრობლემები შეგიქმნათ. ჰიპომანიის სიმპტომები, როგორც წესი, ამას არ იწვევს.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ზოგ ადამიანს ასევე დიდი დეპრესიის ეპიზოდები აქვს. ეს სამი მთავარი სიმპტომი — მანია, ჰიპომანია და დეპრესია — ბიპოლარული აშლილობის ძირითადი მახასიათებლებია. სხვადასხვა ტიპის ბიპოლარულ აშლილობას ამ სიმპტომების სხვადასხვა კომბინაცია ახასიათებს.

ბიპოლარული I-ის სიმპტომები

ბიპოლარულ I-ს ახასიათებს:

  • მანიის მინიმუმ 1 ეპიზოდი, რომელიც მინიმუმ 1 კვირას გრძელდება

  • სიმპტომები, რომლებიც ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე მოქმედებს

  • სიმპტომები, რომლებიც არ უკავშირდება ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემას ან ნივთიერების მოხმარებას

შესაძლოა, ასევე გქონდეთ ფსიქოზის სიმპტომები, ან მანია და დეპრესია ერთდროულად (ცნობილია, როგორც შერეული მახასიათებლები). ამ სიმპტომებმა კიდევ უფრო მეტად შეიძლება იმოქმედოს თქვენს ცხოვრებაზე. თუკი ისინი გაწუხებთ, უმჯობესია დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართოთ, რაც შეიძლება მალე.

მართალია, ბიპოლარული I-ის დიაგნოზისთვის აუცილებელი არაა ადამიანს ჰიპომანიის ან დეპრესიის ეპიზოდები ჰქონდეს, თუმცა ხშირად ამ დიაგნოზის მქონეებს ეს სიმპტომებიც აქვთ.

ბიპოლარული II-ის სიმპტომები

ბიპოლარულ II-ს ახასიათებს:

  • ჰიპომანიის მინიმუმ 1 ეპიზოდი, რომელიც 4 ან მეტ დღეს გრძელდება და მოიცავს ჰიპომანიის 3 ან მეტ სიმპტომს

  • ჰიპომანიასთან დაკავშირებული განწყობისა და ჩვეული ფუნქციების ცვლილებები, რომლებსაც სხვები ამჩნევენ, თუმცა რომლებიც აუცილებლად არ მოქმედებს თქვენს ყოველდღიურობაზე

  • დიდი დეპრესიის მინიმუმ 1 ეპიზოდი, რომელიც 2 კვირას ან მეტხანს გრძელდება

  • დიდი დეპრესიის მინიმუმ 1 ეპიზოდი, რომელიც დეპრესიის 5 ან მეტ ისეთ სიმპტომს მოიცავს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურობაზე

  • სიმპტომები, რომლებიც არ უკავშირდება ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემას ან ნივთიერების მოხმარებას

ბიპოლარულ II-ს ასევე შეიძლება ახასიათებდეს ფსიქოზის სიმპტომები, თუმცა მხოლოდ დეპრესიის ეპიზოდის დროს. ასევე შეიძლება გაწუხებდეთ შერეული განწყობის ეპიზოდები, რაც დეპრესიისა და ჰიპომანიის სიმპტომების ერთდროულად ქონას გულისხმობს.

მიუხედავად ამისა, ბიპოლარული II-ის დროს მანია არ გაწუხებთ. თუკი მანიაკალური ეპიზოდი გაქვთ, სავარაუდოდ, ბიპოლარული I-ის დიაგნოზს მიიღებთ.

წყარო: Joblist

ციკლოთიმიის სიმპტომები

ციკლოთიმიის დიაგნოზისთვის საჭიროა:

  • ჰიპომანიაკალური სიმპტომების პერიოდები და დეპრესიის სიმპტომების პერიოდები, არარეგულარულად, 2 წლის (ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში 1 წლის) ან მეტი ხნის განმავლობაში

  • სიმპტომები, რომლებიც ბოლომდე არასდროს არ აკმაყოფილებს ჰიპომანიის ან დეპრესიის ეპიზოდის კრიტერიუმებს

  • სიმპტომები, რომლებიც 2-წლიანი შუალედის ნახევრის განმავლობაში მაინც გაქვთ და რომლებიც ერთდროულად 2 თვეზე მეტხანს არასდროს ქრება

  • სიმპტომები, რომლებიც არ უკავშირდება ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემას ან ნივთიერების მოხმარებას

  • ძლიერ შემაწუხებელი სიმპტომები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოქმედებს

ციკლოთიმიას ცვალებადი განწყობის სიმპტომები ახასიათებს. ეს სიმპტომები შეიძლება უფრო მსუბუქი იყოს, ვიდრე ბიპოლარული I-ისა და II-ის. მიუხედავად ამისა, ისინი, როგორც წესი, უფრო დიდხანს გრძელდება, ამიტომაც ციკლოთიმიის შემთხვევაში უსიმპტომობის უფრო ხანმოკლე პერიოდები გექნებათ.

ციკლოთიმიის დროს ჰიპომანიას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე შეიძლება დიდი გავლენა არ ჰქონდეს, თუმცა დეპრესია შეიძლება ბევრად უფრო შემაწუხებელი იყოს, თუნდაც თქვენი სიმპტომები დიდი დეპრესიის ეპიზოდს არ შეესაბამებოდეს.

თუკი ოდესმე საკმარისად ბევრი სიმპტომი გექნებათ საიმისოდ, რომ მათ ჰიპომანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდის კრიტერიუმები დააკმაყოფილონ, თქვენი დიაგნოზი, სავარაუდოდ, ბიპოლარული აშლილობის სხვა ტიპზე ან დიდ დეპრესიაზე შეიცვლება, სიმპტომების მიხედვით.

ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები ქალებსა და კაცებში

ბიპოლარული აშლილობა ქალებსა და კაცებში დაახლოებით თანაბრად გვხვდება. მიუხედავად ამისა, აშლილობის მთავარი სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს, რაც დამოკიდებულია როგორც დაბადებისას მინიჭებულ სქესზე, ისე გენდერზე.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ქალებს დიაგნოზს, როგორც წესი, ცხოვრების უფრო გვიანდელ ეტაპზე უსვამენ, ხშირად 20-იანი ან 30-იან წლების ასაკში. ზოგ შემთხვევაში მათ შეიძლება სიმპტომები პირველად ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ შენიშნონ. ასევე ქალებში უფრო ხშირია ბიპოლარული II, ვიდრე ბიპოლარული I.

გარდა ამისა, ბიპოლარული აშლილობის მქონე ქალებისთვის უფრო მეტადაა დამახასიათებელი:

  • მანიის უფრო სუსტი ეპიზოდები

  • უფრო მეტი დეპრესიული ეპიზოდი, ვიდრე მანიაკალური ეპიზოდი

  • სწრაფი წრებრუნვა, ანუ მანიისა და დეპრესიის 4 ან უფრო მეტი ეპიზოდი წელიწადში

  • უფრო მეტი თანამოარსებე ჯანმრთელობის პრობლემა

ბიპოლარული აშლილობის მქონე ქალებში ასევე უფრო ხშირია ე.წ. „შებრუნება“ — აშლილობის რეციდივი, ხელახალი გამწვავება — რაც ნაწილობრივ მენსტრუაციასთან, ორსულობასა და მენოპაუზასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებებითაა განპირობებული. ბიპოლარული აშლილობის შემთხვევაში, „შებრუნება“ ნიშნავს განწყობის ეპიზოდის ქონას მას შემდეგ, რაც დიდი ხანია ეს აღარ მომხდარა.

მეორე მხრივ, კაცების შემთხვევაში, როგორც წესი:

  • დიაგნოზი ცხოვრების უფრო ადრეულ ეტაპზე ისმევა;

  • ეპიზოდები უფრო იშვიათი, მაგრამ უფრო მძიმეა, განსაკუთრებით მანიაკალური ეპიზოდები;

  • უფრო სავარაუდოა ადიქციის (ნივთიერებაზე დამოკიდებულების) ქონაც;

  • მანიის ეპიზოდების დროს შეიმჩნევა უფრო მეტი აგრესია.

სიმპტომები ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში ბიპოლარული აშლილობის სიმპტომების იდენტიფიცირება ზოგჯერ რთულია. ხშირად არც ისე მარტივია იმის დადგენა, ბავშვს ჩვეულებრივი ამაღლებული და დადაბლებული განწყობის ცვლილებები აქვს, სიმპტომები რაიმე სტრესის ან ტრავმის შედეგია თუ რომელიმე მენტალური ჯანმრთელობის რომელიმე სხვა პრობლემაზე მიანიშნებს.

ბავშვებსა და მოზარდებს შეიძლება ჰქონდეთ გამოკვეთილი დიდი დეპრესიის ან მანიაკალური თუ ჰიპომანიაკალური ეპიზოდები, თუმცა მათი კანონზომიერება შეიძლება განსხვავდებოდეს ზრდასრული ადამიანისთვის დამახასიათებლისგან. გარდა ამისა, ეპიზოდების დროს განწყობა შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს, ზოგ ბავშვს კი ეპიზოდებს შორის აქვს პერიოდები, როდესაც განწყობის სიმპტომები არ ფიქსირდება.

ბავშვებსა და თინეიჯერებში ბიპოლარული აშლილობის ყველაზე აშკარა ნიშანია განწყობის ისეთი ძლიერი ცვლილებები, რომლებიც განსხვავდება ჩვეული ცვლილებებისგან.

რა შემთხვევაში მივიდეთ ექიმთან?

განწყობის უკიდურეს ფორმებს შორის მონაცვლეობის მიუხედავად, ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად ვერ ატყობენ, რამდენად მოქმედებს მათი ემოციური არასტაბილურობა მათ და მათ გარშემომყოფთა ცხოვრებაზე, რის გამოც ისინი იშვიათად იწყებენ მკურნალობას.

შესაძლოა, ბიპოლარული აშლილობის მქონე ზოგი ადამიანის მსგავსად, თქვენც გსიამოვნებდეთ ეიფორიის შეგრძნება და უფრო მეტი პროდუქტიულობის ციკლები, თუმცა ამ ეიფორიას ყოველთვის თან სდევს ემოციური ვარდნა, რომელიც დეპრესიაში ჩაგაგდებთ და შეიძლება ფინანსური, სამართლებრივი ან ურთიერთობის პრობლემებიც გამოიწვიოს.

თუკი დეპრესიის ან მანიის რაიმე სიმპტომები გაქვთ, გაესაუბრეთ თქვენს პირად ექიმს ან მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალს — ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს. ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში თავისით არ გაუმჯობესდება, გამოცდილი პროფესიონალი კი ამ სიმპტომების მართვაში დაგეხმარებათ.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Columbus Recovery Center

მსგავსი სტატიები

ბიპოლარული, აშლილობა, მანიაკალური, დეპრესია, მკურნალობა, მანია

ბიპოლარული აშლილობა — მკურნალობა და რჩევები

ბიპოლარული აშლილობის მკურნალობის გზები — მედიკამენტები, ფსიქოთერაპია, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები და რჩევები ბიპოლარულ აშლილობასთან გასამკლავებლად

გუნება-განწყობა
სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

რა არის ბიპოლარული აშლილობა? — მისი ტიპები და სიმპტომები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია