სქესი, გენდერი და გენდერული იდენტობა — ყველა უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა თითოეული მათგანი პიროვნების იდენტობის სხვადასხვა ნაწილს წარმოადგენს. ბევრი ადამიანისთვის იდენტობის ეს სამი კომპონენტი ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, არა ყველასთვის — დაბადებისას მინიჭებული სქესი ადამიანის ნამდვილ, სრულყოფილ ისტორიას არ ჰყვება და კაცად, ქალად ან ნებისმიერი გენდერის წარმომადგენლად ყოფნა ბევრად უფრო მეტს ნიშნავს.
ხშირად ერთმანეთში გვერევა ან არ გვესმის სქესი, გენდერი და გენდერული იდენტობა, თუმცა, რეალურად, ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან:
-
სქესი არის იარლიყი — მამრობითი ან მდედრობითი — რომელსაც დაბადებისას განიჭებთ ექიმი იმის მიხედვით, თუ რა გენიტალიებითა (სასქესო ორგანოებით) და ქრომოსომებით დაიბადეთ. მინიჭებული სქესი დაბადების მოწმობაში იწერება.
-
გენდერი ბევრად უფრო კომპლექსური რამაა: ეს არის სოციალური და სამართლებრივი სტატუსი, საზოგადოების მხრიდან ადამიანის მიმართ არსებული მოლოდინების ერთობლიობა, რომლებიც მოიცავს ქცევებს, მახასიათებლებსა და ფიქრებს. თითოეულ კულტურას თავისი ნორმები აქვს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები მათი გენდერის მიხედვით. კულტურების უმეტესობაში გენდერი ბინარულია, ანუ იყოფა ორ კატეგორიად — ქალად და კაცად. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტი კეთდება არა სხეულის ნაწილებზე, არამედ იმაზე, თუ რას ელიან თქვენგან თქვენი სქესის გამო.
-
გენდერული იდენტობა აღნიშნავს იმას, თუ როგორ გრძნობთ და აღიქვამთ საკუთარ თავს და როგორ გამოხატავთ თქვენს გენდერს გარეგნობაში, ჩაცმულობასა და ქცევაში. ეს არის გრძნობა, რომელიც ცხოვრების ძალიან ადრეულ ეტაპზე ჩნდება.
ამ სტატიაში უფრო ვრცლად განვიხილავთ თითოეულ მათგანს და იმ ცნებებს, რომლებიც მათ უკავშირდება.
რას ნიშნავს მინიჭებული, ანუ „ბიოლოგიური სქესი“?
მინიჭებული სქესი არის იარლიყი, რომელსაც ადამიანს დაბადებისას აძლევენ ბიოლოგიურ ფაქტორებზე, მათ შორის ჰორმონებზე, ქრომოსომებსა და გენიტალიებზე (სასქესო ორგანოებზე), დაყრდნობით. ადამიანების უმეტესობას მამრობით ან მდედრობით სქესს ანიჭებენ და ის დაბადების მოწმობაში იწერება.
როდესაც ვინმეს სქესობრივი და რეპროდუქციული ანატომია მამრობითისა და მდედრობითის ტიპურ დეფინიციებში არ ჯდება, მას ინტერსექსად მოიხსენიებენ.
ზოგი ადამიანი იმ სქესს, რომელსაც დაბადებისას გვანიჭებენ, „ბიოლოგიურ სქესს“ უწოდებს. თუმცა ეს ტერმინი შესაძლო კომპლექსურ ბიოლოგიურ, ანატომიურ და ქრომოსომურ ვარიაციებს სრულად ვერ მოიცავს. მხოლოდ ორი არჩევანის (ბიოლოგიურად კაცისა და ბიოლოგიურად ქალის) ქონა სრულად ვერ აღწერს იმას, თუ რა ხდება ადამიანის სხეულში.
„ბიოლოგიური სქესის“ ნაცვლად ზოგი ადამიანი იყენებს ფრაზას „მიენიჭა მამრობითი სქესი დაბადებისას“ ან „მიენიჭა მდედრობითი სქესი დაბადებისას“. ამით აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ვიღაცამ (ხშირ შემთხვევაში, ექიმმა) ვიღაცის ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება (იმის მიხედვით, თუ რა სასქესო ორგანოებითა და ქრომოსომებით დაიბადა ადამიანი). მინიჭებული ბიოლოგიური სქესი შეიძლება შეესაბამებოდეს ან არ შეესაბამებოდეს იმას, თუ რა ხდება ადამიანის სხეულში, როგორ გრძნობს ან აღიქვამს ის საკუთარ თავს და როგორ იდენტიფიცირდება.
ფაქტორები, რომლებიც ჩვენს მინიჭებულ სქესს განსაზღვრავს, ძალიან ადრე იწყება, ჯერ კიდევ ფერტილიზაციის (განაყოფიერების) დროს:
-
თითოეულ სპერმატოზოიდს აქვს ერთი X ან ერთი Y ქრომოსომა. ყველა კვერცხუჯრედს აქვს X ქრომოსომა.
-
როდესაც სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, მისი X ან Y ქრომოსომა უერთდება კვერცხუჯრედის X ქრომოსომას.
-
XX ქრომოსომების მქონე ადამიანს, როგორც წესი, ქალის სასქესო და რეპროდუქციული ორგანოების აქვს და, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ბიოლოგიურად მდედრობით სქესს ანიჭებენ.
-
XY ქრომოსომების მქონე ადამიანს, როგორც წესი, კაცის სასქესო და რეპროდუქციული ორგანოების აქვს და, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ბიოლოგიურად მამრობით სქესს ანიჭებენ.
ქრომოსომების, ჰორმონებისა და სხეულის ნაწილების სხვა ვარიაციებიც არსებობს, რომელთა შედეგადაც ადამიანი ინტერსქესად იბადება.
რას ნიშნავს გენდერი?
გენდერი ბევრად უფრო დიდი და ჩახლართული რამაა, ვიდრე მინიჭებული სქესი. გენდერი მოიცავს გენდერულ როლებს — საზოგადოებისა და ხალხის მოლოდინებს ადამიანის ქცევების, საუბრის, ფიქრებისა და მახასიათებლების შესახებ, რომლებიც შეესაბამება მისთვის მინიჭებულ სქესს.
მაგალითად, იდეები იმის შესახებ, თუ როგორ ქცევას, ჩაცმულობასა და კომუნიკაციას ელიან კაცებისგან და ქალებისგან — ეს ყველაფერი გენდერს განსაზღვრავს. მაგალითად, ქალებისგან, როგორც წესი, საზოგადოება ელის ზრდილობიან, დამთმობ და მზრუნველ ხასიათს, კაცებისგან კი — უფრო მეტად სიძლიერეს, აგრესიულობასა და თავდაჯერებულობას. გენდერი ასევე სოციალური და სამართლებრივი სტატუსია.
სქესისა და გენდერის ერთმანეთში არევა საკმაოდ მარტივია. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ ბიოლოგიური, ანუ მინიჭებული, სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიაზე, ანატომიასა და ქრომოსომებზე, გენდერი კი არის საზოგადოების მოლოდინების, სტანდარტებისა და მახასიათებლების ერთობლიობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ქალები და კაცები.
► იხილეთ აგრეთვე: გენდერული როლები
რას ნიშნავს გენდერული იდენტობა?
გენდერული იდენტობა ნიშნავს, თუ როგორ გრძნობს და აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს შინაგანად და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს. ჩაცმულობა, გარეგნობა და ქცევები — ყველა მათგანი შეიძლება გახდეს ის გზა, რომლითაც ადამიანი საკუთარ გენდერულ იდენტობას გამოხატავს.
ადამიანების უმეტესობა გრძნობს, რომ ის ან ქალია, ან კაცი. ზოგი გრძნობს, რომ ის მასკულინური ქალია ან ფემინური კაცი. თუმცა, ზოგი არცერთს არ მიაკუთვნებს საკუთარ თავს — მათ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები ეწოდებათ და საკუთარი იდენტობის აღსაწერად შეიძლება იყენებდნენ ტერმინებს „გენდერქვიარი“, „გენდერფლუიდი“ და სხვა. საკუთარი გენდერული იდენტობისადმი გრძნობების გაჩენა ძალიან ადრეულ, 2-3 წლის, ასაკში იწყება.
სურათი: Teen Vogue / Lydia Ortiz
რას ნიშნავს „ტრანსგენდერი“ და „სისგენდერი“?
ზოგი ადამიანის შემთხვევაში მათთვის დაბადებისას მინიჭებული სქესი და მათი გენდერული იდენტობა ერთი და იგივეა, ანუ ერთმანეთს ემთხვევა. ამ ადამიანებს სისგენდერები ეწოდებათ.
სხვები გრძნობენ, რომ მათთვის მინიჭებული სქესი განსხვავდება მათი გენდერული იდენტობისგან (მაგალითად, თუკი მიენიჭათ მდედრობითი სქესი, მაგრამ მათი გენდერული იდენტობა კაცია) — ასეთ ადამიანებს ტრანსგენდერები ეწოდებათ. ყველა ტრანსგენდერ ადამიანს ზუსტად ერთნაირი იდენტობა არ აქვს. სწორედ „ტრანსგენდერის“ აღმნიშვნელია ასო „T/ტ“ აკრონიმში „LGBTQ+“ (ლგბტქ+).
► ტრანსგენდერობა გენდერულ იდენტობას უკავშირდება და არა — სექსუალურ ორიენტაციას.
რას ნიშნავს „ინტერსექსი“?
„ინტერსექსი“ ზოგადი ტერმინია, რომელიც გამოიყენება იმ სიტუაციებში, როდესაც ადამიანი ისეთი რეპროდუქციული ან სქესობრივი ანატომიით იბადება, რომელიც „ქალისა“ და „კაცის“ ჩარჩოებში არ ექცევა. ზოგჯერ ექიმები ინტერსექს ახალშობილებსა და ბავშვებს ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ (ოჯახის გადაწყვეტილებით), რათა მათი სხეული „კაცისა“ და „ქალის“ ბინარულ ჩარჩოებს მოერგოს.
► ექიმები ინტერსექს ბავშვებს ყოველთვის ანიჭებენ სამართლებრივ სქესს (მამრობითს ან მდედრობითს), მაგრამ, ისევე როგორც არაინტერსექსი ხალხის შემთხვევაში, არც ეს ნიშნავს იმას, რომ მინიჭებული სქესი დაემთხვევა მათ გენდერულ იდენტობას, როდესაც გაიზრდებიან. ეს აჩენს კითხვას, თუ რამდენად მისაღებია ბავშვის სხეულზე სამედიცინო პროცედურების ჩატარება, როდესაც ეს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო არ არის.
ინტერსექსობა ბუნებრივად არსებული ვარიაციაა ადამიანებში და ის ჯანმრთელობის პრობლემა არ არის — შესაბამისად, ბავშვის სხეულში სამედიცინო ჩარევა (მაგალითად, ოპერაცია ან ჰორმონალური თერაპია), როგორც წესი, ჯანმრთელობის თვალსაზრისით საჭირო არ არის. გარდა ამისა, ინტერსექსობა გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე საზოგადოება იაზრებს. ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია, თუმცა, სავარაუდო გამოთვლების მიხედვით, მაგალითად, აშშ-ში, ყოველი 100 ბავშვიდან 1-2 ინტერსექსია.
ბევრი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, რომლის გამოც ადამიანი შეიძლება ინტერსექსად დაიბადოს. ზოგ ინტერსექს ადამიანს აქვს ისეთი გარე ან შიდა სასქესო ორგანოები, რომლებიც კაცის/ქალის კატეგორიებში არ ჯდება — მაგალითად, როგორც საკვერცხის, ისე სათესლე ქსოვილები. სხვა ინტერსექს ადამიანებს XY-ისა (ჩვეულებრივ, მამრობითთან დაკავშირებული) და XX-ისგან (ჩვეულებრივ, მდედრობითთან დაკავშირებული) განსხვავებული ქრომოსომების კომპლექტი აქვთ, მაგალითად, XXY. ზოგი ადამიანი კი იბადება ისეთი გარეგანი სასქესო ორგანოებით, რომლებიც კაცის/ქალის კატეგორიაში ექცევა, თუმცა მათი შინაგანი სასქესო ორგანოები და ჰორმონები — არა.
ზოგჯერ ადამიანის ინტერსექსობა დაბადებიდანვე ნათელია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამის აღმოჩენა გვიან ხდება, მაგალითად, სქესობრივი მომწიფების დროს. ზოგჯერ, სულაც, ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრება ისე განვლოს, რომ ვერ გაიგოს, რომ ინტერსექსია.
► დღეს ბევრი კულტურა ინტერსექსობას ისე უყურებს, როგორც სამედიცინო პრობლემას, ნაცვლად იმისა, რომ ის სხეულის ბუნებრივ, ჯანმრთელ მდგომარეობად განიხილოს. თუმცა დროსთან ერთად უფრო და უფრო მეტ ადამიანს სჯერა, რომ ინტერსექს ახალშობილებსა და ბავშვებზე არასაჭირო ოპერაციები და სამედიცინო ჩარევები არ უნდა განხორციელდეს. ნაცვლად ამისა, ინტერსექს ადამიანებს უნდა შეეძლოთ, თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ჰორმონალური თერაპია ან ოპერაცია, როდესაც გაიზრდებიან.