Facebook Script

სექსუალური ორიენტაცია — რა უნდა ვიცოდეთ?

19 ოქტომბერი, 2021 | გენდერი და ორიენტაცია

როდესაც ადამიანის სექსუალობაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ სექსს არ ვგულისხმობთ — მასში მოვიაზრებთ ყველაფერს, რაც უკავშირდება ადამიანის სექსუალურ სურვილებსა და ქცევებს. სექსუალობა მოიცავს როგორც სექსუალურ ფანტაზიებს და სექსთან დაკავშირებულ მიმართებებსა და ღირებულებებს, ასევე სექსუალურ ორიენტაციას — იმას, თუ ვის მიმართ აქვს ან არ აქვს ადამიანს ემოციური, რომანტიკული და სექსუალური მიზიდულობა.

ჩვეულებრივ, გამოყოფენ სექსუალური ორიენტაციის რამდენიმე ჯგუფს: ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი (ლესბოსელი ან გეი), ბისექსუალი და ასექსუალი. ადამიანებს, რომლებიც ჰეტეროსექსუალები არიან, როგორც წესი, იზიდავენ საპირისპირო გენდერის მქონე ადამიანები (მაგალითად, ქალებს — კაცები, ან პირიქით). მათ, ვინც „ლესბოსელად“ ან „გეიდ“ იდენტიფიცირდებიან, იმავე გენდერის მქონე ადამიანების მიმართ აქვთ ეს გრძნობები (მაგალითად, ქალებს ქალების მიმართ, კაცებს — კაცების), ბისექსუალებს კი ერთზე მეტი გენდერი იზიდავთ, მაგალითად, ქალებიც და კაცებიც. რაც შეეხება ასექსუალობას, ის სხვებისადმი სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობას გულისხმობს. ასექსუალებს სექსუალური აქტივობებისადმი დაბალი ინტერესი და ლტოლვა აქვთ, ან საერთოდაც არ გააჩნიათ.

გარდა ამისა, ცალკე შეგვიძლია გამოვყოთ ტერმინი „პანსექსუალი“, რომელიც ყველა გენდერისადმი მიზიდულობას გულისხმობს, მათ შორის არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ხალხის მიმართ (ისინი, ვისი გენდერული იდენტობაც „ქალისა“ და კაცის“ ტრადიციული დაყოფისგან განსხვავდება).

სექსუალური ორიენტაცია ადამიანის ბუნებრივი ნაწილია და მის გრძნობებსა და იდენტობის აღქმას უკავშირდება. ის აუცილებლად ისეთი რამ არ არის, რასაც სხვები შეამჩნევენ, თანაც ხშირად ადამიანი შეიძლება საერთოდ არ გამოხატავდეს ამ გრძნობებს.

რას ნიშნავს LGBTQ+?

აკრონიმი LGBTQ+ (ლგბტქ+) შემდეგნაირად იშლება: ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარი. „ქვიარი“ კრებითი ტერმინია, რომელიც ზოგადად სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს აღნიშნავს, რის გამოც ის ლგბტ თემის სინონიმადაც გამოიყენება. მას ასევე ზოგი ადამიანი იმიტომ იყენებს, რომ სხვა ტერმინები ზუსტად არ ასახავს მის გამოცდილებებს. „+“ ნიშანი კი გამოხატავს ყველა სხვა გენდერულ იდენტობასა თუ სექსუალურ ორიენტაციას, რომელიც აკრონიმის ინიციალებში არ არის წარმოდგენილი.

სურათი: dribbble / Ben Grossblatt

ისტორიულად LGBTQ+ ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ, განურჩევლად დემოგრაფიული ბარიერისა, იქნებოდა ის ეკონომიკური, რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური თუ სხვა. ხელოვნების ნიმუშებიდან ჩანს, რომ LGBTQ+ ადამიანები ისეთ უძველეს ცივილიზაციებშიც იყვნენ, როგორებიცაა ანტიკური საბერძნეთი და ანტიკური რომი.

მეტიც, მკვლევრებმა LGBTQ+ ინდივიდები სხვა სახეობებშიც იპოვეს, კერძოდ, მათ ერთნაირსქესიანთა სექსუალური ქცევა 450 სხვადასხვა სახეობაში შენიშნეს, მათ შორის ძაღლებში, კატებში, შიმპანზეებსა და ჟირაფებში. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობა ასობით სახეობაში გვხვდება, ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია — ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ხალხისადმი უარყოფითი წინასწარგანწყობა ან ზიზღი — მხოლოდ ადამიანებს გვახასიათებს.

ჰომოფობია და არსებული გამოწვევები

ადამიანებში ჰომოფობიის არსებობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათგან ყველაზე შესამჩნევი კი მრავალ კულტურასა და რელიგიაში ჰომოსექსუალობის გაკიცხვაა. მაგალითად, ქრისტიანობაში ბიბლია ჰომოსექსუალობას ცოდვად მიიჩნევს და, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული რელიგია გმობს სხვათა განკითხვას, ქრისტიანულ კულტურებში ეს მაინც იქცა ქვიარ თემის დისკრიმინაციის საბაბად. ჰომოფობიის არსებობის კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ადამიანებს არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ LGBTQ+ თემზე, ხოლო ის, რაც იციან, დიდწილად სტერეოტიპები და მოძველებული, მცდარი ინფორმაციაა. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს თავადაც იზიდავს იგივე გენდერი, მაგრამ ამის დამალვის მიზნით და სირცხვილის ან გამოაშკარავების შიშის გამო ჰომოფობიურადაა განწყობილი სხვა არაჰეტეროსექსუალი ხალხის მიმართ.

გარდა ამისა, ჰომოფობიას ისიც აძლიერებს, რომ LGBTQ+ ინდივიდები უმცირესობას წარმოადგენენ — სტატისტიკურად მოსახლეობების მხოლოდ 2-10% იდენტიფიცირდება არაჰეტეროსექსუალად. ამის შედეგად, ქვიარები იმავე გაკიცხვის, კრიტიკისა და უთანასწორობის მსხვერპლნი ხდებიან, როგორისაც სხვა უმცირესობები.

ჰომოფობიურ მიმართებებს ადამიანები ბევრი სხვადასხვა გზით გამოხატავენ. ზოგი მათგანი ძალიან აშკარა და გამიზნულია, მაგალითად: პირდაპირი შეურაცხყოფა, მუქარა, დამცირება, ფიზიკური ძალადობა და დისკრიმინაცია. თუმცა ზოგი უფრო ნაკლებად შესამჩნევია. ასეთი ჰომოფობიის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი თავს მყუდროდ არ გრძნობს LGBTQ+ ხალხის გარემოცვაში, მათ რიყავს თავისი აქტივობებიდან, ჯგუფებიდან თუ ღონისძიებებიდან ან სულაც, უბრალოდ, თავს არიდებს ამ თემის განხილვას, რადგან თავს არაკომფორტულად გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ LGBTQ+ თემის წარმომადგენლების პატარა პროცენტულობა (2-10%) შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ფაქტითაც, რომ ადამიანებს ეშინიათ ქვიარად იდენტიფიცირების, რადგან საზოგადოებამ შეიძლება მათი დისკრიმინაცია დაიწყოს და გარიყოს. მაგალითად, ბევრ ქვიარ ადამიანს ეშინია, რომ მათ არ მიიღებენ, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანები; ხშირია შემთხვევები, როდესაც ქვიარ ბავშვებსა და მოზარდებს სახლიდან აგდებენ. ამასთანავე ქვიარები ხშირად ხდებიან შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი.

სურათი: dribbble / Johnny Q.

იდენტობის დამალვა და ჰომოფობიით გამოწვეული სხვა სირთულეები, თავის მხრივ, ქვიარ თემის მცირე წარმომადგენლობითობას იწვევს, რაც საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან ქვიარ თემის პრობლემებსა და გამოწვევებს ჩრდილში აქცევს. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ქვიარებს კანონი არათუ ნაკლებად, არამედ ზოგჯერ საერთოდ არ იცავს, განსაკუთრებით დისკრიმინაციისა და ფუნდამენტური სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით, რომლებიც ყველა სხვას აქვს — ამის ნათელი მაგალითია თბილისში 5 ივლისს მომხდარი მოვლენები, როდესაც ხელისუფლებამ არ დაიცვა ქვიარ თემი ძალადობრივი ჯგუფებისგან და მათ „ღირსების მარშის“ ჩაშლის შესაძლებლობა მისცა. ზოგ ქვეყანაში, სულაც, ჰომოსექსუალური ურთიერთობები დღემდე სიკვდილით ისჯება.

ჰომოფობიით განპირობებული წინაღობების მიუხედავად, ქვიარების რაოდენობა დროთა განმავლობაში იზრდება, განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდა თაობებში. ამ ზრდას განაპირობებს LGBTQ+ ორგანიზაციების აქტიურობა, მედიაში LGBTQ+ კულტურის გამოჩენა, სექსუალობის შესახებ მეცნიერული ცოდნის გაზრდა, LGBTQ+ ურთიერთობების შესახებ ხალხის (განსაკუთრებით მომავალი თაობის) განათლება და საზოგადოების მიერ მრავალფეროვნებისა და მიმღებლობის მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვიარების რაოდენობის ასეთ ზრდას იწვევს არა უშუალოდ ქვიარების რაოდენობის ზრდა, არამედ ის, რომ საზოგადოებაში LGBTQ+ თემის შესახებ საჯარო აზრისა და კანონების დადებითი მიმართულებით ცვლილების გამო უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს კომფორტულად, რომ ღიად განაცხადოს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

რა განსაზღვრავს სექსუალურ ორიენტაციას?

ზუსტად არ არის ცნობილი, რა განსაზღვრავს სექსუალურ ორიენტაციას, თუმცა მეცნიერების უმეტესობა თანხმდება, რომ ის ემოციური, ჰორმონალური, ბიოლოგიური (გენეტიკური) და გარემო ფაქტორების კომბინაციაა.

მართალია, ბევრს სწამს, რომ „ბუნებრივი“ მდგომარეობაა, ადამიანს საპირისპირო გენდერი მოსწონდეს, ყველა სხვა სექსუალური ორიენტაცია კი არჩევანია — მაგრამ ეს ტყუილია. სექსუალური ქცევა ძალიან მრავალფეროვანი და კომპლექსურია. არ არსებობს ერთი „გეი გენი“ და შეუძლებელია სექსუალური ორიენტაციის წინასწარ განსაზღვრა დნმ-ზე დაკვირვებით. მსგავსი ქცევები ადამიანის დაბადებამდე განისაზღვრება — გენეტიკური ფაქტორებისა და პრენატალური (მუცლადყოფნის) პირობების ერთობლიობით, რომელსაც ნაყოფი თვითონ არ ირჩევს.

გავრცელებული მითებისა თუ მცდარი წარმოდგენების მიუხედავად, ჰომოსექსუალობასა და ბისექსუალობას არ განაპირობებს აღზრდა ან ისეთი რამ, რაც ადამიანს ბავშვობაში შეემთხვა. გარდა ამისა, ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა არ ნიშნავს, რომ პიროვნებას მენტალური აშლილობა აქვს — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO-მ) 1990 წელს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო — ან რომ ის რაიმე ფორმით უჩვეულოა. მედიცინის ექსპერტები და ორგანიზაციები სექსუალურ ორიენტაციას ადამიანის ბუნების ნაწილად განიხილავენ.

შეიძლება თუ არა სექსუალური ორიენტაციის შეცვლა?

ექსპერტები თანხმდებიან, რომ სექსუალური ორიენტაცია არჩევანი არ არის და ადამიანები თავად არ წყვეტენ, ვინ მოეწონებათ. კონვერსიული თერაპია, „მკურნალობა“ თუ გადარწმუნების მცდელობები პიროვნების სექსუალურ ორიენტაციას არ ცვლის. მსგავსი მიდგომა არაეფექტური, სასტიკი და ძალიან საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კონვერსიული თერაპია — ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა — ფსევდომეცნიერული პრაქტიკაა, რომელიც არაზუსტ და მოძველებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ის იწვევს გრძელვადიან მენტალურ პრობლემებს, მათ შორის შფოთვას, დეპრესიას, თვითშეფასების დაქვეითებას, ზოგჯერ კი ადამიანები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებამდე და თვითმკვლელობის მცდელობამდეც კი მიჰყავს. ეს პრაქტიკა მრავალ ქვეყანაშია აკრძალული და მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალები ეწინააღმდეგებიან პიროვნების სექსუალური ორიენტაციის შეცვლის ყველა მცდელობას. მიუხედავად ამისა, ქართველი ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და სექსოლოგების ნაწილი ჯერ კიდევ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის, და მსგავს შემთხვევებს საქართველოში დღემდე არ ექცევა ყურადღება.

სურათი: Human Rights Watch

ასევე შეუძლებელია, ჰეტეროსექსუალი ადამიანი ჰომოსექსუალი გახადო — მაგალითად, ტრადიციულად გოგოებისთვის განკუთვნილი სათამაშო თოჯინების ბიჭისთვის მიცემა მას გეიდ არ აქცევს. ეს ტრადიცია, თავის მხრივ, კიდევ უფრო ძირეული სოციალური პრობლემის ნაწილია, რომელიც საზოგადოებაში გენდერული როლების დანაწილებას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, რომ სექსუალობასა და სექსუალურ თვითგამორკვევაზე საუბრისას ერთმანეთისგან გავმიჯნოთ გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია, სექსუალური იდენტობა და სექსუალური ქცევა:

გენდერული იდენტობა გულისხმობს, თუ რომელ გენდერს მიაკუთვნებს ადამიანი საკუთარ თავს და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს ქცევაში, საუბარში, ჩაცმულობაში და ა.შ.

სექსუალური ორიენტაცია არის რომანტიკული და სექსუალური გრძნობები სხვების მიმართ;

სექსუალური იდენტობა არის ის, თუ როგორ წარუდგენთ საკუთარ თავს სხვებს, მაგალითად, ისეთი ტერმინების გამოყენებით, როგორებიცაა გეი, ლესბოსელი, ჰეტეროსექსუალი ან ბისექსუალი;

სექსუალური ქცევა გულისხმობს იმას, თუ ვისთან აქვს ადამიანს სექსი და რა ტიპის სექსი მოსწონს მას.

ზოგჯერ ყოველივე ეს ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, ქალს შეიძლება მოსწონდეს მხოლოდ ქალები, საკუთარ თავს ლესბოსელად აიდენტიფიცირებდეს და სექსუალური ურთიერთობებიც მხოლოდ ქალებთან ჰქონდეს.

თუმცა ყველაფერი ყოველთვის ასე მარტივი არ არის. ყველა ადამიანი, რომელსაც სექსუალური გრძნობები ან მიზიდულობა აქვს იმავე გენდერის მქონე ხალხთან, ამას არ გამოხატავს. ზოგს შეიძლება ჰქონდეს სექსი იმავე გენდერის მქონე ხალხთან, მაგრამ საკუთარ თავს ბისექსუალად, ლესბოსელად ან გეიდ არ აღიქვამდეს. ასევე ზოგმა ადამიანმა, რომელსაც იზიდავენ იმავე გენდერის ადამიანები, შეიძლება დამალოს საკუთარი სურვილები და გრძნობები, რათა თავი აარიდოს ზიზღსა და დისკრიმინაციას სხვების მხრიდან ან იმ სირცხვილს, რომელიც ასწავლეს, რომ საკუთარი სექსუალობის მიმართ უნდა ჰქონოდა.

სურათი: dribbble / Qais Sarhan

სექსუალური თვითგამორკვევა საკმაოდ რთული პროცესია და მას დიდი დრო სჭირდება, რის გამოც ადამიანს შეიძლება დროთა განმავლობაში შეეცვალოს წარმოდგენა საკუთარი სექსუალური იდენტობის შესახებ. შეიძლება მოგწონდეთ კაცები ან ქალები, ორივე ან არცერთი. ეს ბევრისთვის დამაბნეველია და თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ სექსუალობაში, ამაში სანერვიულო არაფერია.

გახსოვდეთ, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი — არსებობს მხოლოდ ის, რაც თქვენ გსურთ. და, მართალია, უამრავი ტერმინი მოიპოვება სხვადასხვა სექსუალობის აღსაწერად, მაგრამ აუცილებელი არაა, საკუთარი თავის გამოსახატად მათგან რომელიმეს ჩარჩოებში მოქცევა სცადოთ — შეგიძლიათ უბრალოდ იყოთ ის, ვინც ხართ, ყოველგვარი იარლიყის გარეშე.

მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი / Femea

მსგავსი სტატიები

ჰეტერონორმატიულობა, ჰომოფობია, ტრანსფობია, სექსიზმი, ქალები, კაცები

ჰეტერონორმატიულობა და მისი საზიანო მხარეები

რას ნიშნავს ჰეტერონორმატიულობა? — გავრცელებული წარმოდგენა, რომ ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალია და ეს სექსუალური ორიენტაციის ერთადერთი ბუნებრივი ფორმაა

გენდერი და ორიენტაცია
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
გეი, სექსი, როლი, როლები, აქტი, პასი, უნი, საიდი, ბოთომი, ტოპი, ვერსი, აქტიური, პასიური, უნივერსალი, საიდი, gei, seqsi, sex, analuri, rolebi, aqti, pasi, uni, saidi, aqtiuri, pasiuri, universali, ანალური

რას ნიშნავს „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“? — როლები სექსში

გეი სექსი და არამხოლოდ — როლები სექსში და ძალაუფლების დინამიკა. რას ნიშნავს, იყო პასიური („პასი“), „აქტიური“ (აქტი), უნივერსალი („უნი“) ან „სვიჩი“ და „საიდი“?

სიამოვნება და სექსი
ანალი, ანალური, სექსი, პასი, პასიური, პენისი, ტრაკი, გეი, ბოთომი, გამორეცხვა, ლგბტ, anali, analuri, seqsi, pasi, pasiuri, penisi, traki, gei, bottom, gamorecxva, lgbt

როგორ გვქონდეს ანალური სექსი პასიურ როლში — რჩევები დამწყებებს

გეი (და არამხოლოდ) ანალური სექსი და „პასობა“ — მომზადება, ჰიგიენა, ანალური სექსის ანატომია და ანუსის სტიმულაცია, რიმინგი, პოზები და სხვა. თანხმობა და კომუნიკაცია სექსში. უსაფრთხოება და თავის დაცვა.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

სექსუალური ორიენტაცია — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია