საზოგადოება ადამიანს დაბადებიდან სქესის მიხედვით განუსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს, როგორ ისაუბროს და ჩაიცვას, რითი დაკავდეს და ზოგადად, როგორ წარუდგინოს საკუთარი თავი სამყაროს.
მაგალითად, ქალებისგან, როგორც წესი, საზოგადოება ელის ზრდილობიან, დამთმობ და მზრუნველ ხასიათს, კაცებისგან კი — უფრო მეტად სიძლიერეს, აგრესიულობასა და თავდაჯერებულობას. ქალებს ბავშვების მოვლა, სახლის დასუფთავება და საჭმლის მომზადება ევალებათ, კაცებს კი — მუშაობა და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა. ქალებს მასწავლებლობა და ექთნობა შეშვენით, ხოლო ექიმობა და ინჟინერია კაცების საქმეა. ქალები მოხდენილები და ნაზები უნდა იყვნენ, გრძელი თმებითა და ლამაზი კაბებით, კაცები კი — მაღლები და დაკუნთულები, აუცილებლად მოკლე თმითა და შარვლით, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე.
ეს როლები ორივე სქესისადმი უთანასწორო და უსამართლო მოპყრობის წყარო და ადამიანების დავალდებულებისა და გაკიცხვის მიღებული სტანდარტია. ისინი ართულებს ჩვენს ცხოვრებას, არ გვაძლევს საკუთარი თავისა და ემოციების გამოხატვის საშუალებას და დაბადებიდან გვაიძულებს, ვიყოთ ის, რასაც სხვები ელიან ჩვენგან, და არა ის, ვინც თავად გვსურს, რომ ვიყოთ. სხვაგვარად საზოგადოება, უბრალოდ, არ მიგვიღებს.
ხშირად ამ სტერეოტიპების უკიდურესი ფორმები იმისკენაც კი გვიბიძგებს, რომ ვიყოთ ძალადობის მსხვერპლი ან ვიყოთ მოძალადე. მათი დანგრევა თითოეულ ჩვენგანს გაგვიმარტივებს ცხოვრებას და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ყოფნის საშუალებას მოგვცემს.
ამისთვის საჭიროა, რომ რაც შეიძლება ხშირად ამოვიცნოთ გენდერული სტერეოტიპები, ვისაუბროთ მათ პრობლემურობაზე, დავძლიოთ, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავში და სხვებსაც დავეხმაროთ მათ დაძლევაში. მნიშვნელოვანია, თავად გავხდეთ ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ რა სიკეთე მოაქვს პატივისცემასა და თავისუფლებას ადამიანისთვის, განურჩევლად სქესისა.
მთავარი სურათი: dribbble / Zara Picken