ჰეტერონორმატიულობა არის გავრცელებული წარმოდგენა, რომ ყველა ადამიანი ბუნებით ჰეტეროსექსუალია. ამ იდეის მიხედვით, რომანტიკული და სექსუალური ურთიერთობები მხოლოდ კაცსა და ქალს შორის ხდება და ეს ერთადერთი ბუნებრივი და ნორმალური ქცევაა.
ჰეტერონორმატიულობა ადამიანებს ჩარჩოში აქცევს და ქმნის ისეთ გარემოს, რომელშიც ჰეტეროსექსუალობა ერთადერთი ლეგიტიმური და გამართლებული სექსუალური ორიენტაციაა, რის გამოც ეს მიდგომა:
ჰომოფობიურია
ბოლო წლებში სერიალებში, ფილმებსა და რეკლამებში უფრო აქტიურად დაიწყო იმის წარმოჩენა, თუ რამდენად მრავალფეროვნები ვართ ადამიანები. მიუხედავად ამისა, ჩვენს საზოგადოებაში მედია მაინც რჩება ჰეტერონორმატიულობის დომინირების ნათელ მაგალითად, სადაც ჰეტეროსექსუალური წყვილები — ქალი და კაცი — ყოველთვის „ნორმალურ“ და „ნაგულისხმევ“ წყვილებად არიან წარმოდგენილები.
ეს ახალისებს იმ იდეას, რომ სხვა სექსუალური ორიენტაციები არაბუნებრივი და მიუღებელია და ასევე აცხადებს, თითქოს ქვიარ ხალხი არ არსებობდეს, რაც სრული სიცრუეა.
ტრანსფობიურია
ჰეტერონორმატიულობის მიხედვით, ყველა ადამიანი არათუ უბრალოდ ჰეტეროსექსუალი, არამედ სისგენდერიცაა — ანუ ყველა ადამიანი საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს იმ სქესთან, რომლითაც დაიბადა.
ქვიარობის მსგავსად, არც იმაშია რამე უჩვეულო ან არაბუნებრივი, რომ ადამიანს სისგენდერობისგან განსხვავებული გენდერული იდენტობა ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, როდესაც ადამიანები და წყვილები ჩვენ გარშემო მუდმივად სისგენდერებად და ჰეტეროსექსუალებად არიან წარმოდგენილები, ეს აღვივებს იმ იდეას, რომ ტრანსგენდერი თუ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები არაბუნებრივები არიან ან საერთოდაც არ არსებობენ.
აუარესებს მენტალურ ჯანმრთელობას
ქვიარი მოზარდებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ოჯახის ყოლას, რომელიც მათ ისეთად იღებს, როგორებიც არიან. მოზარდის ემოციური კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოჯახისა და საზოგადოების მიმღებლობა და ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც ბავშვი გარიყულად და უცხოდ გრძნობს თავს, იზრდება დეპრესიისა და სუიციდის რისკი.
თანატოლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან კეთილმოპყრობასთან ერთად კარგი მენტალური ჯანმრთელობისთვის საკვანძოა წარმომადგენლობითობაც. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ წარმოდგენილია თავის კულტურაში, ის გრძნობს, რომ მისი ნაწილია. თუმცა როდესაც ყოველდღიურობაში ჰეტერონორმატიული ნარატივია ფესვგადგმული, ეს რთულად გადასალახ მენტალურ ბარიერებს წარმოქმნის.
იწვევს ბულინგს და ახალისებს დისკრიმინაციას
როდესაც ბავშვები იზრდებიან ისეთ გარემოში, რომელშიც მხოლოდ ჰეტეროსექსუალი, სისგენდერი ხალხია წარმოდგენილი, ეს მათ აფიქრებინებს, რომ სხვა ბავშვებს, რომლებიც ამ ჩარჩოში არ ექცევიან, „რაღაც სჭირთ“. ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი ბავშვების ბულინგი უზარმაზარ ზიანს აყენებს მათ მენტალურ ჯანმრთელობას.
ამასთანავე ჰეტერონორმატიულობა ახალისებს დისკრიმინაციას, რადგან ის ხელს უწყობს ერთ კონკრეტულ და შეზღუდულ ხედვას იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ადამიანები, როგორ უნდა მოიქცნენ ან იფიქრონ, რის გამოც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ნორმებს არ აკმაყოფილებს, სხვებისთვის სამიზნე ხდება.
როდესაც საზოგადოება ისე იქცევა, თითქოს ადამიანებისთვის ცხოვრების მხოლოდ ერთი დასაშვები და მისაღები გზა არსებობს, ეს ყველას, ვინც ჰეტეროსექსუალი და სისგენდერი არ არის, დამატებით სირთულეებს უქმნის ყოველდღიურ ურთიერთობებსა თუ სამსახურში.
ჰეტერონორმატიულობა ჩვენი კულტურის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა და ძლიერი იდეოლოგიაა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ის მოძველებულია და ჩვენივე საზოგადოების უამრავ წევრს აზიანებს.
მთავარი სურათი: dribbble / Anisa Meilasyari