Facebook Script

როგორ დავიცვათ თავი ქუჩაში ადევნების შემთხვევაში? — რჩევები

საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 2020 წლის მონაცემებით, 15-64 წლის ქალების 26% ერთხელ მაინც ყოფილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რაც დაახლოებით 317 000 ქალს უდრის. 

ხშირად ძალადობის საწყისი ეტაპი ქუჩაში ფიზიკური ადევნებაა. ე.წ. „ქუჩაში შევიწროება“ საჯარო სივრცეში ადამიანის თანხმობის გარეშე არასასურველ კომენტარებს, ჟესტებსა და ქცევებს მოიცავს. ქუჩაში შევიწროების მსხვერპლი ნებისმიერი გენდერისა თუ ასაკის ადამიანი შეიძლება გახდეს.

 ქუჩის შევიწროებად კლასიფიცირდება შემდეგი ქმედებები:

  • კომენტარები, რეპლიკები ან მოთხოვნები

  • კომენტარები გარეგნობაზე, იქნება ეს სხეული თუ ჩაცმულობა

  • საუბრის გაგრძელება უარის შემთხვევაშიც

  • ადევნება ან გამოყოლა

  • სასქესო ორგანოს ჩვენება ან საჯაროდ მასტურბირება

  • ნებისმიერი ფიზიკური შეხება თანხმობის გარეშე

  • სექსისტური, რასისტული, ჰომოფობიური, ტრანსფობიური კომენტარები და რეპლიკები, რომელიც ადამიანის იდენტობას შეურაცხყოფს

  • თანხმობის გარეშე პორნოგრაფიული შინაარსის მასალის ჩვენება

  • მიშტერება და დაჟინებით ყურება

  • თანხმობის გარეშე ფოტოს გადაღება (განსაკუთრებით სხეულის ქვედა ნაწილზე)  

  • სტვენა

რჩევები ფიზიკური ადევნებისას

ქუჩაში შევიწროებიდან ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ფიზიკური ადევნებაა, რომელიც ხშირად ფიზიკური და სექსუალური ძალადობით სრულდება. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ფიზიკური ზიანი და ადევნების შემთხვევაში დავიცვათ თავი, სასურველია გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • იარეთ კარგად განათებულ ადგილებთან ახლოს — თუ ღამით მარტო გიწევთ სიარული, ეცადეთ მოერიდოთ ვიწრო ქუჩებსა და ნაკლებად განათებულ ადგილებს. ასეთი ადგილებით თავდამსხმელმა შეიძლება, ისარგებლოს და მოულოდნელად დაგესხათ თავს. ნაცვლად ამისა, შეეცადეთ, მეტად განათებული და ხალხმრავალი ადგილის გავლით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილას, სადაც დახმარებას უფრო სწრაფად აღმოგიჩენენ;

  • იყავით ყურადღებით! — შედარებით მაღალი რისკის მქონე ადგილებში მარტო სიარულისას, იქნება ეს დღისით თუ ღამით, იყავით ყურადღებით. შეინახეთ ტელეფონი ან ყურსასმენები, რადგან ისინი ყურადღებას გაგიფანტავთ და თავდამსხმელისთვის მარტივი სამიზნე გახდებით. ამასთან, უმჯობესია ხელები ცარიელი გქონდეთ, რათა მარტივად შეძლოთ თავის დაცვა;

  • დაათვალიერეთ ქუჩა და მისი შემოგარენი — ყურადღებით დააკვირდით გზას, ასე უკეთ აღმოაჩენთ უსაფრთხო გასასვლელებსა და შესახვევებს. ასევე ყურადღებით უსმინეთ ბუჩქების შრიალს ან უკან მომავალ ნაბიჯებს, რათა ადრეულ ეტაპზე შეძლოთ პოტენციური საფრთხის იდენტიფიცირებას;

  • ენდეთ ინსტინქტებს — თუ გრძნობთ, რომ საფრთხის წინაშე ხართ, აუცილებლად იმოქმედეთ;

  • შეცვალეთ მარშრუტი — თუ გგონიათ, რომ ვინმე აგედევნათ, სხვა მიმართულებით გადაუხვიეთ და შეამოწმეთ, გამოგყვებათ თუ არა უკან. დადებითი პასუხის შემთხვევაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაიწყეთ გამოსავალზე ფიქრი;

  • შექმენით ხმაური — თუ გგონიათ, რომ საფრთხეში ხართ, იყვირეთ ან იხმაურეთ, ამან შეიძლება პოტენციური თავდამსხმელი შეაჩეროს. იმაზე არ იღელვოთ თუ რას იფიქრებს ხალხი თქვენზე. საფრთხის შემთხვევაში ირგვლივ მყოფ ნებისმიერ ადამიანს დასახმარებლად დაუძახეთ. ხშირად ქუჩაში მოძალადეებს შეურაცხმყოფელი რეპლიკების შეძახება ან სტვენა სჩვევიათ. ნუ მოერიდებით სცენის დადგმასა და მათ არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაყენებას, განსაკუთრებით თუ საცხოვრებელ უბანში ხართ და ირგვლივ მაცხოვრებლებს შეეძლებათ გაგონება;

  • დარეკეთ დასახმარებლად — საფრთხეში დაეჭვების შემთხვევაში ნუ მოერიდებით ახლობლებთან ან გადაუდებელ სასწრაფო დახმარებასთან დარეკვას;

  • ისწავლეთ თავდაცვა — თვითშეფასების გაზრდისა და საკუთარი თავის დაცვის მიზნით გონივრულია თავდაცვის გაკვეთილებზე შეხვიდეთ;

  • შეატყობინეთ ახლობლებს თქვენი მარშრუტის შესახებ — მარტო სიარულისას თქვენი დანიშნულების ადგილზე მისვლის სავარაუდო დრო თქვენს ახლობლებს აცნობეთ, რათა მათ საფრთხის შემთხვევაში დახმარება ადრეულ ეტაპზევე შეძლონ;

  • იარეთ თავდაჯერებულად და თავაწეულად — მეტად მოსალოდნელია მოძალადე თავს დაესხას იმას, ვინც დაბნეული ან მორცხვი ჩანს. თუ ქუჩაში გზა აგერიათ, ეცადეთ, თავი შეიკავოთ ერთ ადგილას დგომისგან, რადგან ამით შეიძლება თავდამსხმელმა ისარგებლოს. ხოლო თუ ვინმე ჯიუტად გთავაზობთ თავის დახმარებას გზის გაგნებასა და დანიშნულების ადგილას მისვლაში, უარი უთხარით დახმარებაზე.

თუ შეამჩნიეთ, რომ უკან მოგყვებიან, ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ცივი გონებით იმოქმედოთ. შეეცადეთ, იპოვოთ თავშესაფარი, მაგალითად, მარკეტი, სადაც თავს შეაფარებთ და მასპინძელს მშვიდად აუხსნით, რომ აგედევნენ. უსაფრთხო ადგილიდან დააკვირდით თავდამსხმელის შემდგომ ნაბიჯებს, რომელიც დიდი ალბათობით გზას გააგრძელებს, რადგან მარტივი მსხვერპლი აღარ ეყოლება თქვენი სახით. დარჩით უსაფრთხო ადგილას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თავდამსხმელმა ადგილი დატოვა ან დაურეკეთ ახლობელს, რომელიც სამშვიდობო ადგილამდე გაგაცილებთ.

თავდაცვის საშუალებები

თავდაცვის მიზნით რეკომენდებულია ისეთი ლეგალური თავდაცვის საშუალებების ტარება, როგორებიცაა წიწაკის სპრეი, სასტვენი ან ე.წ. „პირადი განგაშის“ (ინგლ. Personal alarm) მოწყობილობა. მათი ტარება მხოლოდ მაშინაა რეკომენდებული, როდესაც მათი სწორად მოხმარება იცით.

წიწაკის სპრეის შეძენა შეგიძლიათ სხვადასხვა ონლაინ და ადგილობრივ მაღაზიებში. შეიძინეთ ხელის ზომის სპრეი, რომლის გამოყენება და ტარება მოსახერხებელი იქნება თქვენთვის. მარტო სიარულისას, განსაკუთრებით ღამით, შეინახეთ სპრეი მარტივად მისაგნებ ადგილას ან დაიჭირეთ ხელში, რათა სწრაფად შეძლოთ რეაგირება. თუ თავდამსხმელი მოგიახლოვდათ, გაშალეთ ხელი 1-2 მეტრის დისტანციაზე და შეასხურეთ წიწაკის სპრეი სახეზე, განსაკუთრებით ცხვირსა და თვალებზე, რადგან ეს ადგილები ყველაზე სენსიტიურია. სპრეი თვალებზე უმალვე ზემოქმედებს, იწვევს ძლიერ წვის შეგრძნებას, ცრემლდენას და ხველას. აღნიშნულ ეფექტი, როგორც წესი, დროებითა, დაახლოებით 15-დან 45 წუთამდე გრძელდება. დროის ამ მონაკვეთით შეგიძლიათ ისარგებლოთ და თავი დააღწიოთ თავდამსხმელს. ამასთანავე, ეცადეთ, სწრაფად გაეცალოთ ტერიტორიას, რადგან ჰაერში გავრცელებულმა სპრეიმ შეიძლება თქვენზეც იმოქმედოს. აღსანიშნავია ისიც, რომ წიწაკის სპრეი ადამიანის ჯანმრთელობას ლეტალურ ზიანს არ იყენებს და მას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს.

რჩევები ფიზიკური თავდასხმისას

თუ თავდამსხმელი ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა, თავის დასაცავად არ არის აუცილებელი, საბრძოლო ხელოვნებას ფლობდეთ. საკმარისია, იცოდეთ ადამიანის სხეულის სუსტი და მგრძნობიარე ადგილები, რომლებზე დარტყმასაც თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ. თავდასხმისას აუცილებელია მოძალადეს სხვა რამეზე გადაატანინოთ ყურადღება, კონკრეტულად ერთ ადგილას დისკომფორტის შექმნით, იგი კონცენტრაციას დაკარგავს და შეძლებთ თავის დაღწევას.

  • ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადასვლამდე ყურადღების გაფანტვის მიზნით შეგიძლიათ შეაფურთხოთ თავდამსხმელს. მოულოდნელობის ეფექტის გარდა, ფურთხი მასში ნეგატიურ განცდას გამოიწვევს და მისგან გათავისუფლებას შეეცდება, რა დროშიც შეგიძლიათ თავი დააღწიოთ მას. გარდა ამისა, შეფურთხებისას თქვენ დნმ მის სხეულზე დარჩება და დაპატიმრების შემთხვევაში იგი თქვენს სასარგებლოდ დამატებითი სამხილი იქნება.

  • შეუქმენით დისკომფორტი თვალებზე ან ცხვირზე თავდასხმით, ისინი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოებია და თავდამსხმელი შეეცდება მათ გათავისუფლებას, რა დროსაც კონცენტრაციას დაკარგავს და თქვენ უფრო გაგიმარტივდებათ თავის დაღწევა. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ხელით შეძლებთ საკმარისი ზიანის მიყენებას, გამოიყენეთ თავი.

  • განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილია ყელი, მასზე ხელის დარტყმითაც კი თავდამსხმელი დაიწყებს ხველას და ამ დროში გაგიმარტივდებათ თავის დაღწევა.

  • თითების გადაგრეხა, მათი კბენა ან მათზე დაბიჯება თავდამსხმელს ყურადღებას გადაატანინებს.

  • ფეხებს შორის ამორტყმით მიყენებული ტკივილი, დიდი ალბათობით, საკმარისი იქნება თავდამსხმელის ყურადღების გასაფანტად.

შესაძლოა, თავდამსხმელი ვერ შეამჩნიოთ მანამ, სანამ ის უკნიდან არ დაგესხმებათ თავს. მიუხედავად მოულოდნელობისა, შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ცივი გონება და გამოიყენეთ ყველა საშუალება თავის დასახსნელად.

  • თუ ხელები თავისუფალი გაქვთ, თავდამსხმელს იდაყვები ტორსში დაუშინეთ.

  • ხელების დაკავების შემთხვევაში გამოიყენეთ თქვენი ფეხები და დაუშინეთ ისინი მუხლებში, წვივებსა და ტერფებში.

  • ხელების დაჭერის შემთხვევაში, ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალი უკნიდან თავით დარტყმაა. თუ სიმაღლეებს შორის სხვაობა თქვენს სასარგებლოდაა, მთელი ძალით თავის დარტყმით შეიძლება ზიანი მიაყენოთ მის ცხვირსა და კბილებს, რაც საკმაოდ მტკივნეულია. აღნიშნული ილეთის ეფექტურობა განსხვავდება, თუ თავდამსხმელი თქვენზე მკვეთრად მაღალი ან დაბალია.

  • არ მოერიდოთ ხელზე კბენას თავდასხმის შემიხვევა. კბენა საკმაოდ მტკივნეულია და ამასთან ნაკბენით შეიძლება ამოიცნოთ თავდამსხმელი პოლიციაში განცხადების შემთხვევაში.

როგორ მოვიქცეთ ფიზიკური თავდასხმის შემდეგ?

თავდამსხმელისგან გათავისუფლების შემდეგ გაიქეცით და შეეცადეთ, იპოვოთ უსაფრთხო ადგილი, საიდანაც პოლიციას გამოიძახებთ და თქვენს ადგილსამყოფლისა და ინციდენტის შესახებ მოუყვებით. იმ შემთხვევაშიც, თუ თავდამსხმელმა ვერ შეძლო სექსუალური ან ფიზიკური ძალადობა, მასთან ნებისმიერი არასასურველი ფიზიკური კონტაქტი თავდასხმად კვალიფიცირდება, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა აცნობოთ პოლიციას.

პოლიციამ, შესაძლოა, მოსვლა დააყოვნოს, ამიტომ დაურეკეთ მეგობარს ან დაუძახეთ მეზობელს. პოლიციაში განაცხადის გაკეთებისას, მოჰყევით რაც შეიძლება ბევრი დეტალი თავდამსხმელის შესახებ, რაც მის ამოცნობაში დაეხმარება მათ.

თავდასხმისა და ფიზიკური და ემოციური სტრესისას დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიყოფა. ინციდენტის შემდგომ დღეებში, შესაძლოა, ადრენალინის დეფიციტს განიცდიდეთ, რაც იწვევს ძილიანობასა და ემოციურ გადაღლას. სასურველია, რამდენიმე დღე სახლში დარჩეთ, განიტვირთოთ, გამოიძინოთ და მოერიდოთ კოფეინს. თავდასხმის შემდეგ შეიძლება შფოთვითი შეტევები გაგიმეორდეთ, რასთან გასამკლავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეული დამამშვიდებლები ან ჩაი. თუ მეგობართან საუბრისას თავს კომფორტულად გრძნობთ, მოუყევით მას თქვენი წუხილების შესახებ.

► ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და რეკომენდაციები ასევე ვრცელდება განზრახ ადევნებაზე.

ადევნება, ე.წ. „სტალკინგი“, 2017 წლიდან საქართველოს კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი დანაშაულია. ადევნება გულისხმობს ნებისმიერ განმეორებად არასასურველ ქცევას მეორე პირის მიმართ, რასაც მოჰყვება საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედება განზრახ არასასურველი და განმეორებადია და მიმართულია დაზარალებულის დაშინებისკენ.

ადევნება შეიძლება გამოიხატებოდეს მსხვერპლისთვის მუდმივი თვალყურის დევნებით, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას მიკითხვით, თვალთვალით, არასასურველი კომუნიკაციით, მათ შორის სოციალურ მედიაში.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ადევნების 112 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გლობალურად ყოველი 6 ქალიდან 1 და 17 კაციდან 1 ერთხელ მაინც გამხდარა ადევნების მსხვერპლი.

გამოყენებული წყაროები:

სტატიის მთარგმნელი: ლეილა ჩხეტიანი

მთავარი სურათი: Magdalene

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით

მსგავსი სტატიები

შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სექსუალობა, სექსი, საზღვრები, უსაფრთხოები, ნუდები, შიშველი, ფოტოები, პარტნიორი, შეყვარებული, ურთიერთობა, ძალადობა, ფსიქოლოგიური, ემოციური, video, seqsualoba, seqsi, sex, sazrvrebi, tanxmoba, თანხმობა

ვიდეო — სექსუალობასთან დაკავშირებული ჯანსაღი საზღვრები

ვიდეო: სექსუალობასთან დაკავშირებული ჯანსაღი საზღვრები — ემოციური, იგივე მენტალური საზღვრები, ფიზიკური საზღვრები და ციფრული საზღვრები. როგორ დავიცვათ საკუთარი თავი?

ჩემი უსაფრთხოება
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

როგორ დავიცვათ თავი ქუჩაში ადევნების შემთხვევაში? — რჩევები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია