Facebook Script

ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV) — მისი ფორმები და თავდაცვის გზები

ქალებზე გენდერული ნიშნით ძალადობამ ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში განსაკუთრებით იმატა. ტექნოლოგიები და ონლაინ სივრცე ქალების წინააღმდეგ ხშირად იარაღად იქცევა. აღნიშნული ძალადობა ვრცელდება პირად, ონლაინ თუ სამუშაო სივრცეზე, ხშირად კი ონლაინ სივრცეში დაწყებული ძალადობა ფიზიკურ ფემიციდამდეც კი მიდის. 

ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობა (ინგლ. Technology-Facilitated Gender-Based Violence; შემოკლებით TFGBV ან „თიეფჯიბივი“) ციფრული ძალადობის ფორმაა, რომელიც ტექნოლოგიებს, ციფრულ სივრცესა და მასში არსებულ ინფორმაციებსა და კომუნიკაციებს გენდერული ნიშნით ბოროტად იყენებს. აღნიშნული ძალადობის ფორმა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ვითარდება და მასიურად ვრცელდება.

Economist Intelligence Unit-ის კვლევის მიხედვით, ქალების 38%-ს ონლაინ სივრცეში ძალადობა თავად გამოუცდია, ხოლო 85% შესწრებია ციფრულ ძალადობას. ტექნოლოგიური პროგრესისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების შემდეგ აღნიშნული ძალადობა გლობალურად ვრცელდება. კოვიდ-პანდემიის პერიოდში, როდესაც სამუშაო სივრცემ ფიზიკურიდან ვირტუალურში გადაინაცვლა, განსაკუთრებით იმატა ციფრულმა ძალადობამ. მაგალითად, ავსტრალიაში 210%-ით გაიზარდა შიშველი სურათების გავრცელებაზე დაფუძნებული ძალადობა.

ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობის ფორმები

ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობის მრავალი ფორმა არსებობს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მდედრობითი სქესის ადამიანების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, მათ ოჯახებზე, თემსა და საზოგადოებაზე.

ხშირად ქალები და გოგოები თვითცენზურას მიმართავენ, რათა თავიდან აიცილონ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობა, რაც აჩუმებს და ზღუდავს მათ უფლებებს. იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტთან კავშირის არმქონე 3 მილიარდი ადამიანის ნახევარზე მეტი მდედრობითი სქესისაა, გენდერული ნიშნით ძალადობით გამოწვეული თვითცენზურა კიდევ უფრო ახშობს ქალთა ხმასა და გამოხატვას. 

ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  • სექსუალური შანტაჟი (ინგლ. Sextortion) — შანტაჟი სექსუალური შინაარსის მქონე ინფორმაციის, ფოტოების ან ვიდეოების გამოქვეყნების მუქარით. შანტაჟი შეიძლება მოიცავდეს როგორც ფინანსური პირობების წაყენებას, ისე სექსის ან სექსუალური აქტის ჩადენის ან სექსუალური შინაარსის ფოტოების მოთხოვნას, ინტიმური ან სენსიტიური ინფორმაციის არგამოქვეყნების სანაცვლოდ;

  • სურათზე დაფუძნებული ძალადობა (ინგლ. Image-based abuse) — ინტიმური შინაარსის ფოტოების თანხმობის გარეშე გავრცელება ექსპლუატაციის, შეურაცხყოფის ან შევიწროების მიზნით. მაგალითად, ასეთ მასალებს შორის შეიძლება იყოს პორნოგრაფიული, ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი ან არასრულწლოვანთა სექსუალიზების შემცველი ფოტომასალები;

  • ე.წ. „დოქსინგი“ (ინგლ. Doxxing) — პერსონალური და მგრძნობიარე ინფორმაციის (სახლის ან სამსახურის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, ოჯახის წევრების სახელები) ნებართვის გარეშე გამოქვეყნება; 

  • კიბერბულინგი — ტექნოლოგიების მეშვეობით ონლაინ სივრცეში ადამიანის განმეორებადი და მიზანმიმართული შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს მის დაზიანებას;

  • ონლაინ სექსუალური და გენდერული შევიწროება — ადამიანის შევიწროება, გაღიზიანება ან/და შეშინება დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ფოტოებისა და კომენტარების ხშირი გაგზავნით. მისი სამიზნეები განსაკუთრებით ხშირად ქალები, გოგოები და LGBTQ+ თემის წარმომადგენლები ხდებიან; 

  • ე.წ. „კიბერადევნება“ (ინგლ. Cyberstalking) — განმეორებადი, არასასურველი ან/და საფრთხის შემცველი თვალყურის დევნება ან კომუნიკაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. ის შეიძლება გადაიზარდოს რეალურ ცხოვრებაში ადევნებით ან პირიქით;

  • სექსუალური შინაარსის მიმოწერა, მაგალითად, შიშველი ფოტოების (ე.წ. „ნუდების“) მოთხოვნა;

  • პირადი ონლაინ პროფილების გატეხვა/დაჰაკვა; 

  • სიძულვილის ენა;

  • სხვისი იდენტობის მითვისება ონლაინ სივრცეში, ე.წ. „ქეთფიშინგი“ (ინგლ. Catfishing) — ყალბი პროფილის შექმნა, რომლის მიზანი ვინმეს რეპუტაციის შელახვა ან სექსუალური შევიწროებაა;

  • ტექნოლოგიების მეშვეობით ძალადობის პოტენციურ მსხვერპლთა ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება — აღნიშნულ ხერხს მიმართავენ ტრეფიკინგში ჩართული პირები, რომლებიც ტექნოლოგიების მეშვეობით ახდენენ პოტენციური მსხვერპლის იდენტიფიცირებასა და რეკრუტირებას. 

  • ე.წ. „კიბერბანდა“ ან „კიბერმობი“ (ინგლ. Cybermob) — წინასწარ ორგანიზებული და კოორდინირებული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ონლაინ სივრცეში თავს ესხმის, ემუქრება, შეურაცხყოფს ან სექსუალურად ავიწროებს სამიზნეს;

  • პორნოშურისძიება (ინგლ. Revenge Porn) — ის ვიზუალურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. აღნიშნული ტერმინი ქმნის ილუზიას, რომ ფოტო/ვიდეო მასალა თანხმობის შემდეგ გამოქვეყნდა, ამიტომ მისი უკეთესი შესატყვისი „ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის თანხმობის გარეშე გამოქვეყნებაა“;

  • ყალბი ფოტოები (ინგლ. Shallowfake) — ფოტოშოპის ან სხვა გრაფიკული რედაქტორის მეშვეობით დამზადებული  მანიპულაციური ფოტო, რომელზეც, მაგალითად, ადამიანის სხეულზე სხვისი თავია მიმაგრებული. შედარებით უფრო დახვეწილი და რთულად ამოსაცნობი ე.წ. Deepfake ფოტო/ვიდეო მასალა მაღალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს მოითხოვს, თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეპოქაში მსგავსი შინაარსის მასალის დამზადება ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობისგან თავდაცვის ხერხები

ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ქალი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვა ნიშნითაც განიცდიან დისკრიმინაციას, განსაკუთრებით ხშირად ხდებიან აღნიშნული ძალადობის მსხვერპლი, მაგალითად, შშმ პირები, LGBTQ+ თემის წევრები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები და ა.შ.

საქართველოში ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ქალები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები განსაკუთრებით ხშირად ხდებიან. მათ საზოგადოებრივ საქმიანობას თან ახლავს გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა, დამცირება, სიძულვილის ენა, რეპუტაციის შელახვა, სექსუალიზება და პირადი ცხოვრების დეტალებით მანიპულირება, ე.წ. პორნოშურისძიება კი ქალი პოლიტიკოსების გაჩუმებისა და რეპუტაციის შელახვის მეთოდადაც კი იქცა.

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების გარეშე ტექნოლოგიები მუდმივად იქნება გენდერული ნიშნით ძალადობის ინსტრუმენტი. მისგან თავის არიდების მიზნით კი მნიშვნელოვანია პერსონალურ დონეზე შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

  • გაეცანით თქვენი მოწყობილობების კონფიდენციალურობის პარამეტრებს (ინგლ. Privacy settings) — მნიშვნელოვანია, გავეცნოთ ჩვენი მოწყობილობების (მაგ., მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ჯიპიესი, სმარტ-საათი და ა.შ.) კონფიდენციალურობის პარამეტრებს, რათა ვაკონტროლოთ ვისთვის რა ინფორმაციაა ხელმისაწვდომი; 

  • დაიცავით თქვენი ანგარიშები — საკუთარი ანგარიშებიდან პერსონალური მონაცემების მოპარვის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენეთ ძლიერი და უნიკალური პაროლები, დააყენეთ ორმაგი დადასტურება, ხშირად შეცვალეთ პაროლები და არ გაუზიაროთ ისინი სხვებს;

  • დაიცავით პერსონალური ინფორმაცია — მოერიდეთ სენსიტიური ინფორმაციის ონლაინ  საჯარო პლატფორმებსა და ფორუმებზე გაზიარებას (მაგ., სახლისა და სამსახურის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფინანსური დეტალები);

  • სანამ გააზიარებთ, დაფიქრდით — სიფრთხილე გამოიჩინეთ იმასთან მიმართებით, თუ რას გააზიარებთ ონლაინ. ონლაინ სივრცეში რაიმეს გამოქვეყნებამდე დაფიქრდით პოტენციურ საფრთხეებზე, განსაკუთრებით ინტიმური შინაარსის ინფორმაციის შემთხვევაში. გარდა ამისა, მსგავსი შინაარსის მასალები გაუზიარეთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბოლომდე ენდობით; 

  • დაარეპორტეთ ძალადობა — თუ ონლაინ სივრცეში გამოცადეთ ძალადობა, შევიწროება ან მუქარა, შეატყობინეთ შესაბამის პლატფორმას. სოციალური ქსელების უმეტესობას აქვს ე.წ. „დარეპორტების“ (ინგლ. Report) ფუნქცია, რომელიც მიმართულია ძალადობრივი ქცევის წინააღმდეგ;

  • შეინახეთ სამხილები — გონივრულია, შეინახოთ ძალადობის ან მუქარის შემცველი მიმოწერა და ონლაინ ინტერაქციები, რათა მომავალში სამართალდამცავი უწყებისთვის მიმართვის შემთხვევაში ფლობდეთ სამხილებს;

  • შანტაჟის შესახებ შეატყობინეთ სამართალდამცავ ორგანოებს — სექსუალური შანტაჟის შემთხვევაში არ ჩაერთოთ დამნაშავესთან კომუნიკაციაში, პირდაპირ შეატყობინეთ სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან შანტაჟი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კანონით ისჯება;

  • მოითხოვეთ მხარდაჭერა — ვირტუალურ სივრცეში ძალადობის გამოცდის შემთხვევაში რჩევისა და მხარდაჭერისთვის მიმართეთ სანდო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს;

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე! — ვირტუალურ სივრცეში განცდილი ძალადობა განსაკუთრებით სტრესულია და ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ აჰყვეთ პანიკას, რადგან გახსოვდეთ, რომ არსებობს საშუალებები აღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გამოყენებული წყაროები: 

სტატიის მთარგმნელი: ლეილა ჩხეტიანი

მთავარი სურათი: Juliane CL / Unesco

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

მოზარდები, საფრთხე, ინტერნეტი, ციფრული სამყარო, კიბერბულინგი, შანტაჟი, ქეთფიშინგი, ნუდები, გარიყვა,

მოზარდების საფრთხეები ციფრულ სამყაროში — კიბერბულინგი, შანტაჟი, და მათთან გამკლავების საშუალებები

კიბერბულინგი და მისი ფორმები — როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში? რჩევები მოზარდებსა და მშობლებს

ჩემი უსაფრთხოება
სექსტინგი, კიბერსექსი, ინტიმური, სექს-მიმოწერა, სექსი, ონლაინ, გასათვალისწინებელი, უსაფრთხოება, თავდაცვა, კიბერბულინგი, შანტაჟი, sexting, seqstingi, ვირტი, virti,

სექსტინგი, ანუ ინტიმური სექს-მიმოწერა — რა უნდა ვიცოდეთ?

რა არის სექსტინგი, ანუ ვირტუალური სექსი? რატომ შეიძლება დავკავდეთ „ვირტით“ და რა უნდა გავითვალისწინოთ? „ნუდები“ და მასთან დაკავშირებული საფრთხეები — დამცირება, შანტაჟი და მასთან გამკლავების გზები.

სიამოვნება და სექსი
ქალები, პოლიტიკა, პოლიტიკაში, ჩართულობა, ხელისშემშლელი, ფაქტორები, ბარიერები, ფემინიზმი, qalta, qalebi, politika, politikashi, chartuloba, xelisshemshleli, faqtorebi, barierebi, feminizmi, politikosi, პოლიტიკოსი

ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორები

ლეილა ჩხეტიანის სტატია, რომელმაც II ადგილი დაიკავა ფემეას „ბლოგერებისა და ილუსტრატორების კონკურსის“ „საუკეთესო სტატიის“ კატეგორიაში.

ჩემი უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV) — მისი ფორმები და თავდაცვის გზები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია