► წინამდებარე სტატია მოხვდა ფემეას ბლოგერებისა და ილუსტრატორების კონკურსის გამარჯვებულებს შორის და II ადგილი დაიკავა „საუკეთესო სტატიის“ კატეგორიაში.
„კაცი განისაზღვრება, როგორც ადამიანი, ქალი კი — როგორც მდედრი. და როდესაც ქალი ადამიანივით იქცევა, ამბობენ, რომ ის კაცს ჰბაძავს“ — სიმონ დე ბოვუარი.
ქალთა თანაბარი წარმომადგენლობა პოლიტიკასა და საჯარო სექტორში განაპირობებს დემოკრატიულ და პლურალისტურ მმართველობას. მათი წარმომადგენლობის ზრდა საკანონმდებლო, აღმასრულებელ თუ სასამართლო სივრცეში ხელს შეუწყობს გენდერულად დაბალანსებული რეფორმების გატარებას, ქალების წინაშე არსებული პრობლემების აქტუალობის გაზრდასა და მათ გადაჭრას, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას, კერძოდ კი ჯანდაცვის და განათლების სისტემის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, არსებობს მტკიცება, რომ ქალთა დიპლომატიურ პროცესებში ჩართვა ხელს უწყობს მეტად სტაბილური და მშვიდობიანი შედეგების მიღწევას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არასტაბილურ გეოგრაფიულ რეგიონში მდებარეობს და მისი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებსა და დიპლომატიაში ქალთა ინტენსიური მონაწილეობა.
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. მიუხედავად ამისა, პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობა არცთუ ისე სახარბიელოა და ისინი საკანონმდებლო ორგანოშიც კი ვერ აღწევენ ე.წ. „კრიტიკულ მასას“. ამის გამო ახალი კანონმდებლობით შემოღებული იქნა დროებითი გენდერული კვოტირება, რომელიც პარტიებს ავალდებულებს, პარტიულ სიებში მინიმუმ ყოველი მეოთხე წარმომადგენელი განსხვავებული სქესის იყოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში ჯამში არჩეული იქნა 30 ქალი (20%), რაც მხოლოდ 4%-ით უსწრებს წინა წლების შედეგებს. გენდერული კვოტის მიზნების განხორციელებას ხელს უშლის პარტიების მიერ ქალი წარმომადგენლების მიზანმიმართულად პარტიული სიების ბოლოს ჩასმა, რითაც პარტიები თეორიულად აკმაყოფილებენ დაკისრებულ მოვალეობას და ამავდროულად პოლიტიკაში კაცების დომინაციას ინარჩუნებენ (პარტიული სიის ბოლოს პარლამენტში არჩევის ალბათობა ბევრად დაბალია). წინა საუკუნეებთან შედარებით ქალთა ემანსიპაციის საკითხში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, თანამედროვე პოლიტიკური ატმოსფერო კვლავაც მასკულინურია. მაგალითისთვის, უმაღლეს თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობა მიზერულად დაბალია. პარტიებსა თუ საჯარო სამსახურში მყოფი ქალები კი უმეტესად რუტინულ, ე.წ. „შავ“ სამუშაოს ასრულებენ. აღნიშნული პრობლემა არა მხოლოდ ქართულ, არამედ დასავლურ სამყაროშიც აქტუალურია. როგორც გაეროში აშშ-ის ელჩი ჯინ კირკპატრიკი იხსენებს, აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას იგი თავს ისე უმწეოდ გრძნობდა, როგორც „კაცებს შორის მოხვედრილი თაგვი“. გამოცდილებისა და კომპეტენციის მიუხედავად, ქალებისთვის რთულია თავის დამკვიდრება მასკულინურ პოლიტიკურ ატმოსფეროში.
დამატებით პრობლემას წარმოადგენს გავრცელებული პარტიული პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც პარტიები სიების შედგენისას ეძებენ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც უკვე ფინანსურად უზრუნველყოფილნი არიან. სწორედ ფინანსური მხარეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის ქალების პოლიტიკაში ჩართვას.
აღსანიშნავია ასევე სტრუქტურულ-კულტურული პრობლემებიც. საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ქალთა შესაძლებლობებსა და მათ უნარებს. გავრცელებულია შეხედულება, რომლის მიხედვითაც ქალებს აკლიათ ლიდერული თვისებები და მაღალ თანამდებობებზე მათ მიმართ ბევრად მაღალია სკეპტიციზმი, ვიდრე კაცების შემთხვევაში. გარდა ამისა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი სტიგმატიზებული აზროვნებითა და ქალის იდენტობისა და როლისადმი ე.წ. „ტრადიციული“ მიდგომით, ქალებსა და გოგონებს მხოლოდ ოჯახური საქმიანობის, დიასახლისისა თუ დედის/ცოლის ამპლუაში აღიქვამს. გაეროს მოსახლეობის ფონდის 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 80%-ის აზრით, საშინაო აქტივობები (მაგ., დარეცხვა, დალაგება, საჭმლის მომზადება) ქალის მოვალეობად მიიჩნევა. მსგავსი მიდგომა, ერთი მხრივ, აქრობს ნდობას ქალი პოლიტიკოსების მიმართ, ვინაიდან საზოგადოების აზრით პოლიტიკა ქალთა პრეროგატივას არ წარმოადგენს, მეორე მხრივ კი, მოტივაციას უკარგავს ქალებს, ჩაერთონ პოლიტიკაში.
ქალების წინაშე არსებული კიდევ ერთი დაბრკოლება ქალთა მიმართ პოლიტიკური ძალადობაა, რომლის საფუძველი არა ქალთა შეხედულებები, მოსაზრებები ან იდეოლოგია, არამედ მათი იდენტობაა. მათი ქმედებები გაკრიტიკებული ან/და შევიწროებულია არა მათი ხარისხისა და გავლენის მიხედვით, არამედ გენდერზე აპელირებით. ამის ნათელი მაგალითია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის, წინააღმდეგ აგორებული სექსისტური და მიზოგინიური კამპანია „Heels Up Harris“.
წყარო: Monash Univeristy
ეუთოს მიხედვით, პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობა არის „გენდერული ნიშნით განხორციელებული ნებისმიერი ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ქალებს (იმიტომ, რომ ქალები არიან), მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკაში“. ქალთა მიმართ პოლიტიკური ძალადობის რამდენიმე სახე გამოიყოფა: ფიზიკური (მოკვლა, ცემა, თავდასხმა, წამება და სხვ.); სექსუალური (გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება, არასასურველი ყურადღება და ხუმრობა-რეპლიკები, სექსუალური შინაარსის მუქარა ან შანტაჟი, ვიზუალური სექსუალიზაცია); ფსიქოლოგიური (მუქარა, დაშინება, ბულინგი, ჭორების გავრცელება, რეპუტაციის შელახვა, უკანონო თვალთვალი/მოსმენა და სხვ.) და ეკონომიკური (საკუთრების ან კამპანიის დაზიანება, ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა).
ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში ქალთა მიმართ პოლიტიკური ძალადობის ახალ ფორმას, სიმბოლურ ე.წ. „სემიოტიკურ“ ძალადობას ვაწყდებით, რომელიც გულისხმობს „სიმბოლური მოქმედებების, სექსუალიზებული ტერმინოლოგიის ან სურათების, გენდერული დეზინფორმაციის ან მორალური საკითხების გამოყენებას ან ზეგავლენას, რომლის მიზანიცაა, ზიანი მიაყენოს პოლიტიკაში ქალების წარმომადგენლობას, ჩაახშოს მათი ხმა და შეზღუდოს მათი პოლიტიკური საქმიანობა“. სიმბოლური ძალადობა, რომელიც უმეტესად ვირტუალურ სივრცეში ხდება, ქალი პოლიტიკოსებისა და საჯარო ფიგურების დელეგიტიმაციას, მათი რეპუტაციის შელახვასა და მათი კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად. პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ქალი პოლიტიკოსები 3.4-ჯერ მეტად ხდებიან მუქარისა და შევიწროების მსხვერპლი, ვიდრე მათი კაცი კოლეგები.
აღნიშნული პრობლემა საქართველოშიც საკმაოდ აქტუალურია. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ქალი პარლამენტარების 85.2% ადასტურებს, რომ მათ განუცდიათ ფსიქოლოგიური ძალადობა, ხოლო 58.2% კი ამბობს, რომ ისინი განიცდიან სოციალურ სივრცეში სექსისტურ თავდასხმებსა და შევიწროებას. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან საკმარისია გავიხსენოთ 2023 წლის აგენტების კანონის საწინააღმდეგო პროცესები. აღნიშნულ მოვლენებში ჩართული ქალი პოლიტიკოსები განსაკუთრებული კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ და ხშირად ხდებოდნენ გენდერული ნიშნით დაცინვის საგანი. აღნიშნული ნიშნით დისკრედიტაციის მსხვერპლი ქალების სიის სათავეში მოხვდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე და ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. აქტიური პოლიტიკური ჩართულობის საპირწონედ ისინი ოპონენტებისგან მიზოგინიურ გზავნილებს იღებდნენ.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში საკმაოდ გავრცელებულია ე.წ. „სლათშეიმინგი“ (ინგლ. Slut-shaming), როდესაც ქალ პოლიტიკოსებს აკრიტიკებენ მათი ქცევებისა და გარეგნობის გამო, რომლებიცგანსხვავდება სოციალურად აღიარებული გენდერული ნორმებისგან ან არ ემთხვევა სტერეოტიპულად „ფემინურ“ სტანდარტებს. მაგალითისთვის, პოლიტიკოსი და აქტივისტი ელენე ხოშტარია ხშირად ხდება კრიტიკისა და დაცინვის საგანი მისი სტერეოტიპულად „არაფემინური“ ჰაბიტუსის გამო; ასევე ხშირია ქალი პოლიტიკოსების გარეგნობაზე აპელირება, მათი სექსუალიზება და მათი პირადი ცხოვრებით დაინტერესება; ამასთანავე გავრცელებულია ქალი პოლიტიკოსების გონებრივი და პროფესიული კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენება, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხშირად ხდება მსგავსი თავდასხმის ობიექტი.
მსგავსი ტიპის ძალადობა საკმაოდ მასშტაბურია და ამავე დროს მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტები მცირეა, რაც ახალისებს სიმბოლურ ძალადობას და მის ნორმალიზებას იწვევს. მსგავსი პრაქტიკა უკვე მოქმედ ქალ პოლიტიკოსებს კარიერის მიტოვებისკენ უბიძგებს. კვლევის მიხედვით, ქალ პარლამენტართა 57.7% შოკირებული იყო პოლიტიკური ძალადობის გამოცდილებით, რასაც თან ახლდა ფსიქოლოგიური და ჯანმრთელობის პრობლემები. გარდა ამისა, გავრცელებული პრაქტიკა ქალებსა და გოგოებს, მომავალ თაობას, სურვილს უკარგავს, ჩაერთონ პოლიტიკაში, და ხელს უშლის მათ თვითრეალიზებას. მკვლევარი ნინა იანკოვიჩი ამას ე.წ. „გამყინავ ეფექტს“ უწოდებს, როდესაც არსებული პოლიტიკური ატმოსფერო ქალებს სურვილს უკარგავს, ჩაერთონ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
უკანასკნელ ათწლეულში, განსაკუთრებით #MeToo მოძრაობის დაწყების შემდეგ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საკითხის აქტუალობამ მეტად მოიმატა როგორც მედიასა და აკადემიურ სივრცეში, ისე პოლიტიკის შემუშავებისა და სტრატეგიების დაგეგმვის დონეზეც. მზარდი ტენდენციის მიუხედავად, პოლიტიკაში ჩართული ან ჩართვის მოსურნე ქალები მრავალი წინაღობის წინაშე არიან, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო და პარტიული კოორდინირებული პოლიტიკითა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით შეიძლება გადაიჭრას. წარსულს თუ გადავხედავთ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთ-ერთი უპირველესი სახელმწიფო იყო, სადაც ქალებისთვის ხმის მიცემა კონსტიტუციით იყო გარანტირებული, ამასთან საქართველო იყო პირველი სახელმწიფო, სადაც მუსლიმი ქალი საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს. სწორედ საქართველოს ისტორიული წარსული გვიბიძგებს, არ შევეგუოთ არსებულ მდგომარეობას და ხელი შევუწყოთ ქალების პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.
გამოყენებული წყაროები:
-
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR). (2022). ეუთოს რეგიონში პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები. OSCE/ODIHR: ვარშავა.
-
კამპა, პამელა. (2021). რატომ არიან ქალები პოლიტიკაში ნაკლებად წარმოდგენილები?. FROGEE-ის პოლიტიკის ნარკვევი 3.
-
მედიის განვითარების ფონდი. (2023). მარტში, სექსისტური სიძულვილის ენის სამიზნე… მოძიებულია 2023 წლის 30 ივნისს.
-
მსხილაძე, ქეთი. (2020). წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.
-
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. (2017). ქალები ქართულ პოლიტიკაში. თბილისი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
-
ტიკნერი, ა. (2011). მორგენთაუს პოლიტიკური რეალიზმის 6 პრინციპის კრიტიკა. რ. არტი და რ. ჯერვისი (რედ.). საერთაშორისო პოლიტიკა: მუდმივი ცნებები და თანამედროვე საკითხები. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
-
ჭანიშვილი, მარიტა. (2015). „ქალები პოლიტიკაში. კვოტით თუ მის გარეშე“. Forbes.ge
-
ხვადაგიანი, ირაკლი. (2017). „ყარაიაზის მატრიარქი - ფარი-ხანუმ სოფიევა“. SobLab.ge.
-
Gardner, Sophie. (2023). „The dangers of being a female politician“. POLITICO.
-
Reporter, G. S. (2018, February 22). Simone de Beauvoir: 10 key quotes. The Guardian.
სტატიის ავტორი: ლეილა ჩხეტიანი
მთავარი სურათი: Getty Images
► კონკურსი მხარდაჭერილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ფემეა“ და, შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.