Facebook Script

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

ადრეული (იგივე ნაადრევი) ქორწინება არის ორი ადამიანის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც ჯერ არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, ანუ ბავშვია. ადრეული ქორწინება მიიჩნევა ადამიანის უფლებების, კერძოდ, ბავშვთა უფლებების, დარღვევად, რადგან ბავშვს არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა.

18 წლამდე ქორწინება მრავალი ახალგაზრდა გოგოსთვის წარმოადგენს იმ რეალობას, რომლისგანაც თავის დაღწევას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მშობლები გოგოებს უბიძგებენ ადრეული ქორწინებისკენ ან, უფრო მეტიც, აიძულებენ ამის გაკეთებას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფინანსური მდგომარეობაა. მშობლები ფიქრობენ, რომ არასრულწლოვანი გოგოს ქორწინება სარგებელს მოუტანს როგორც გოგოს, ისე მთლიანად ოჯახს და გაათავისუფლებს მათ ფინანსური წნეხისგან. რეალურად, ამ ნაბიჯს შედეგად მოჰყვება გოგოს სოციალური იზოლირება, განათლების დაბალი დონე და, შესაბამისად, არადამაკმაყოფილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც საბოლოდ მას ხდის ქმარზე დამოკიდებულს და ხელს უშლის მის პიროვნულ განვითარებას.

არსებული მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა (გაეროს მოსახლეობის ფონდი, 2012). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ადრეული ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (17%) მოლდოვასა (19%) და თურქეთთან (14%) ერთად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად, საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლითაც 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. გამონაკლისის სახით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სქესობრივი კავშირი კანონით დაშვებულ ასაკს მიუღწეველ, ანუ თექვსმეტ წლამდე, ბავშვთან, ისჯება „თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე“.  ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ოჯახური კავშირი არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, როცა ერთი მათგანი 16 წელს მიუღწეველია, სამართალდამცავები ვალდებული არიან, მიიღონ შესაბამისი ზომები. 

„ბავშვობის ასაკში ქორწინება: დონეები და ძირითადი მაჩვენებლები“ კვლევის თანახმად, ბავშვობის ასაკში ქორწინება პრობლემაა მთელს ქვეყანაში, თუმცა, მისი გავრცელების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის. 20-24 წლის ასაკის ქალების 8%, რომლებიც ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობენ, დაქორწინებული იყვნენ 18 წლის ასაკამდე, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრები (20-24 წლის ასაკის) ქალების 25% იყო დაქორწინებული ან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე. 

ამავე კვლევის მიხედვით, 20-24 წლის ასაკის ქალების 33%, რომელმაც განაცხადა, რომ იყვნენ დაქორწინებული ან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ კავშირში 18 წლის ასაკამდე, მიეკუთვნებიან კეთილდღეობის ინდექსის უღარიბეს კვინტილს, ხოლო უმდიდრეს კვინტილურ ჯგუფში ანალოგიური მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს.

ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული რისკები

ადრეული ქორწინების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გენდერული უთანასწორობაა. ის იმ გავრცელებული სოციალური ნორმების, სტერეოტიპებისა და სტიგმების შედეგია, რომლებიც ქალებისა და გოგოების დისკრიმინაციას უდევს საფუძვლად.

ადრეული ქორწინება გოგოებს მთელი რიგი რისკების წინაშე აყენებს:

ნაადრევი სქესობრივი კავშირი

ადრეული ქორწინების შედეგად, გოგოებს ხშირ შემთხვევაში სქესობრივი კავშირი აქვთ მანამ, სანამ ისინი ფიზიკურად და ემოციურად მზად იქნებიან ამისათვის. მათ არ აქვთ ინფორმაცია საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, რაც უარყოფითად, ზოგჯერ კი ფატალურად აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა

გოგოებისთვის ადრეული ქორწინება, როგორც წესი, ნიშნავს განათლების მიღებაზე უარის თქმას. ქორწინების შემდეგ ისინი ხშირად წყვეტენ სკოლაში სიარულს, რაც არა მათი პირადი, არამედ ქმრისა თუ ოჯახის სხვა წევრების გადაწყვეტილებაა. საშუალო განათლების არქონა, თავის მხრივ, ზღუდავს მათ უფლებასა და შესაძლებლობას, იყვნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე, რასაც ჯაჭვური რეაქციით მოჰყვება ეკონომიკური დამოუკიდებლობის არქონა და სიღარიბე, რაც გოგოებს ეკონომიკური ძალადობის საფრთხის წინაშე აყენებს.

ოჯახური ძალადობა

სამი ქალიდან და გოგოდან ერთი მაინც განიცდის ფიზიკურ ან/და სექსუალურ თუ სხვა სახის ძალადობას სიცოცხლის განმავლობაში. ადრეული ქორწინების დროს მოზარდი გოგო განსაკუთრებით დგება ძალადობის რისკის წინაშე, რადგან მას არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი უფლებები და არ შესწევს ძალა, დაიცვას საკუთარი თავი. ხშირ შემთხვევაში პარტნიორი ბევრად უფროსია და ბევრად ძლიერია როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

ადრეული ქორწინების დროს გოგოებსა და ახალგაზრდა ქალებში საკმაოდ ხშირია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რადგან მათ არ აქვთ ინფორმაცია თავდაცვის საშუალებებზე ან არ აქვთ შესაძლებლობა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება მათი გამოყენების შესახებ. როგორც წესი, ისინი, უბრალოდ, ემორჩილებიან ქმრების სურვილებს.

წყარო: WomanLog

ადრეული ორსულობა

ადრეული ქორწინება, როგორც წესი, გოგოსთვის სრულდება ადრეული, არასასურველი ან/და დაუგეგმავი ორსულობით, რაც, თავის მხრივ, არაერთ რისკთანაა დაკავშირებული:

  • როცა ორსულობა დაუგეგმავია, დედა შეიძლება არ იღებდეს პრენატალურ (მშობიარობისწინა) კონსულტაციას, რაც გულისხმობს სამედიცინო გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკას. ეს არის ნაყოფის დედის მუცელშივე გამოკვლევა, რომლის მიზანია, თვალყური ადევნოს ნაყოფის განვითარებას, დროულად აღმოაჩინოს განვითარების პათოლოგიები და მუცლადყოფნის პერიოდშივე ჩაუტაროს ნაყოფს მკურნალობა.

  • მოზარდები მოუმზადებელნი არიან იმ რეალობისთვის, რომელიც ჩვილის მოვლასა და აღზრდასთანაა დაკავშირებული. ფინანსური ტვირთი, სკოლაში სიარულის/მეცადინეობისა და შვილზე ზრუნვის შეთავსება, ღამის თენება და ა.შ. მოზარდისთვის ხშირად ხდება მძიმე ემოციური ფონის მიზეზი, რამაც შეიძლება განაპირობოს დეპრესია.

  • უმრავლეს შემთხვევაში, ადრეული ორსულობის დროს მოზარდები ვერ ახერხებენ სკოლის დასრულებას.

  • გარდა ამისა, ადრეული ორსულობა იწვევს ჯანმრთელობის რისკებს დედისთვის: 15 წელს მიუღწეველი მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ანემიის, სისხლში რკინის დაბალი შემცველობისა და მაღალი წნევის მიმართ.

  • მოზარდი მშობლის შვილები უფრო ხშირად არიან უგულებელყოფისა და ძალადობის მსხვერპლი.

  • მოზარდი მშობლების შვილების მხრიდან ხშირია კანონის დარღვევის შემთხვევები.

ადრეული ქორწინების პრობლემის მოგვარების გზები

გაეროს წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის მიაღწიონ მდგრადი განვითარების მიზნებს (ინგლ. SDG — Sustainable Development Goals). ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს. მათგან მესამე მიზანი ეხება ჯანმრთელ ცხოვრებასა და კეთილდღეობას, რისი მიღწევაც შეუძლებელია, თუკი არ გადავდგამთ ნაბიჯებს ადრეული ქორწინების აღმოფხვრისაკენ.

იმისათვის, რომ ადრეული ქორწინება შემცირდეს და საბოლოოდ, აღმოიფხვრას, UNFPA რამდენიმე გზას გვთავაზობს:

  • კანონმდებლობის გამკაცრება — კანონმდებლობაში გარკვევით უნდა იყოს მითითებული, რომ 18 წლამდე ასაკის ადამიანს არ აქვს ქორწინების უფლება. 18 წლის ადამიანს უკვე მიღებული აქვს საშუალო განათლება. ეს განაპირობებს მათ კარიერულ და ფინანსურ დამოუკიდებლობას, რაც მათი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, განათლებამიღებულ ადამიანს უფრო მეტად აქვს გაცნობიერებული თავისი გადაწყვეტილება და ნაკლებია შანსი იმისა, რომ მოექცეს ქორწინებასთან დაკავშირებული კულტურული ნორმების გავლენის ქვეშ, რაც არსებული პატრიარქალური სისტემითაა ნაკარნახევი.

  • გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერა — ადრეული ქორწინების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ცალსახად გენდერული უთანასწორობაა. 18 წლამდე დაქორწინებული ხუთი ადამიანიდან ოთხი გოგოა. მსგავსი პრაქტიკა განსაკუთრებითაა გავრცელებული ისეთ კულტურებში, სადაც გოგო შვილს „ტვირთად“ მიიჩნევენ. შესაბამისად, გოგო შვილის წახალისება ან მისი იძულება, იქორწინოს, გამოწვეულია იმ იდეით, რომ ადრე თუ გვიან ის მაინც უნდა დაქორწინდეს და რაც უფრო მალე გააკეთებს ამას, მით ნაკლები რესურსს დახარჯავს ოჯახი მასზე.

  • გოგოების გაძლიერება — პირველი ყოვლისა, ეს გულისხმობს გოგოების მხარდაჭერასა და წახალისებას, მიიღონ სრულფასოვანი განათლება, ჰქონდეთ წვდომა მათ სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე, ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, თუ როდის და ვისზე იქორწინონ. მნიშვნელოვანია, სკოლამ იზრუნოს იმაზე, რომ ეს ცოდნა მიაწოდოს გოგოებს და არამხოლოდ.

ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, ამიტომ მისი აღმოფხვრა პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ადრეული ქორწინების შემცირება ხელს შეუწყობს მილიონობით გოგოსა და ქალის ჯანმრთელობისა და ცხოვრების გაუმჯობესებას.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: NBC News

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
შშმ, პირები, ქალები, სექსუალური, ჯანმრთელობა, განათლება, ხელმისაწვდომობა, გამოწვევები, სექსუალობა, ეიბლიზმი, ძალადობა, ფიზიკური, ადაპტაცია, სტერეოტიპები,

შშმ პირები და სექსუალური ჯანმრთელობა — გამოწვევები და მათი მოგვარების გზები

რა გამოწვევების წინაშე არიან შშმ პირები სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით? — ეიბლიზმი, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, გარემოს არაადაპტირებულობა, სტერეოტიპები.

ჩემი სექსუალობა
ასაკის, მატება, სექსუალობა, სექსი, გვიანდელი, ხანდაზმულობა, მოხუცი, პოსტმენოპაუზალური, სიამოვნება, ლიბიდო, seqsi, gviandel, asakshi, asakis, mateba, xandazmuloba, sibere, siamovneba, seqsualoba, shua, xnis, შუახნის, შუა, ხნის

ასაკის მატება და სექსუალობა — რა უნდა ვიცოდეთ?

როგორ იცვლება ადამიანის სექსუალობა გვიანდელ ასაკში? — მასზე მოქმედი ფაქტორები (დაავადებები, მენოპაუზა, ერექციული დისფუნქცია, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, სტერეოტიპები და სტიგმა). რა სარგებელი მოაქვს სექსს და როგორ გავაუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება ასაკის მატებასთან ერთად?

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია