მდედრობითი სქესის ადამიანებში საშვილოსნო არის კუნთოვანი ორგანო, რომელიც მდებარეობს მენჯის ღრუს ცენტრში, შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის. ეს მსხლის ფორმის მსგავსი ორგანო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მენსტრუაციის, ორსულობისა და მშობიარობის დროს.
მენსტრუალური ციკლის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი სქელდება სისხლით, რათა მოემზადოს ერთ-ერთი საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსათავისუფლებლად. საკვერცხიდან გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგ საშვილოსნოში იწყება ემბრიონის განვითარება.
საშვილოსნო მნიშვნელოვნად იჭიმება, რათა ხელი შეუწყოს ნაყოფის ზრდას, და იკუმშება, რათა ხელი შეუწყოს მშობიარობას.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ საშვილოსნოს ანატომიაზე, ფუნქციებსა და ფორმებზე, ასევე მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ დაავადებასა და პრობლემაზე.
► იხილეთ აგრეთვე: ქალის სხეული და რეპროდუქციული ანატომია — რა უნდა ვიცოდეთ?
საშვილოსნოს ანატომია — როგორ გამოიყურება ის?
საშვილოსნო, ჩვეულებრივ, ვაშლის ზომისაა, თუმცა ორსულობის დროს შეიძლება საზამთროს ზომამდეც გაიჭიმოს. არსებობს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს გადიდება, როგორებიცაა კიბო, საშვილოსნოს ფიბრომა და პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი.
საშვილოსნო შედგება ქსოვილების სამი სხვადასხვა შრისგან:
-
პერიმეტრიუმი: ქსოვილის გარე შრე, რომელიც შედგება ეპითელური უჯრედებისგან;
-
მიომეტრიუმი: შუა ფენა, რომელიც შედგება გლუვი კუნთოვანი ქსოვილისგან;
-
ენდომეტრიუმი: შიდა ლორწოვანი გარსი, რომელიც გროვდება ერთი თვის განმავლობაში და ჩამოიფცქვნება, თუკი არ დადგა ორსულობა.
საშვილოსნო შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან:
-
ფუნდუსი: საშვილოსნოს ზედა და ყველაზე ფართო ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ფალოპის მილებს;
-
კორპუსი: საშვილოსნოს ძირითადი ნაწილი, რომელიც იწყება უშუალოდ ფალოპის მილების ქვემოთ, გრძელდება და სულ უფრო ვიწროვდება;
-
ისთმუსი: საშვილოსნოს ქვედა ვიწრო ნაწილი;
-
საშვილოსნოს ყელი: დაახლოებით 3-4 სმ-ის ზომის მილისებრი სტრუქტურა ვაგინალური არხის შიდა ფუძეში.
საშვილოსნოს მდებარეობა
საშვილოსნოს მდებარეობა განსხვავებულია მისი დახრილობისა თუ ფუნდუსის მდებარეობის მიხედვით. საშვილოსნოს მდებარეობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:
-
წინ დახრილი: ამ დროს საშვილოსნო გადახრილია საშვილოსნოს ყელისკენ და მიმართულია მუცლისკენ. ეს არის საშვილოსნოს ტიპური ან ყველაზე გავრცელებული მდებარეობა;
-
უკან გადახრილი: საშვილოსნო გადახრილია უკან ხერხემლისკენ. მდედრობითი სქესის ადამიანების დაახლოებით 20%-ს აქვს მსგავსი ტიპის საშვილოსნო;
-
შუა ხაზზე მდებარე: საშვილოსნო არ არის არცერთი მიმართულებით გადახრილი. ის სწორ, ვერტიკალურ მდგომარეობაშია.
განსხვავებული შეიძლება იყოს ფუნდუსის მდებარეობაც:
-
წინ დახრილი: საშვილოსნოს ფუნდუსის ნაწილი წინ არის გადახრილი და მიმართულია მუცლისკენ;
-
უკან გადახრილი: საშვილოსნოს ფუნდუსის ნაწილი მნიშვნელოვნად არის გადახრილი სწორი ნაწლავისკენ.
► სად მდებარეობს საშვილოსნო? — შებრუნებული მსხლის ფორმის საშვილოსნო მდებარეობს შარდის ბუშტის უკან და სწორი ნაწლავის წინ. საშვილოსნოს მენჯის ღრუში ამაგრებს დიაფრაგმა, შუალედური მყესის ცენტრი და იოგები, მათ შორის მრგვალი იოგები.
საშვილოსნოს ფუნქციები
საშვილოსნოს ოთხი ძირითადი ფუნქცია აქვს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემდეგ პროცესებში:
-
მენსტრუაცია
-
ემბრიონის ჩანერგვა (იმპლანტაცია) ლორწოვან გარსში
-
ორსულობა, ანუ ემბრიონის, მოგვიანებით კი ნაყოფის, განვითარება
-
მშობიარობა
მენსტრუაცია
ტიპური მენსტრუალური ციკლის დროს საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ლორწოვანი გარსი გადის პროცესს, რომელსაც ჰქვია ვასკულარიზაცია. ამ დროს პატარა სისხლძარღვები ზომაში იზრდებიან, რის შედეგადაც სქელდება და სისხლით ივსება საშვილოსნოს გარსი იმისთვის მოსამზადებლად, თუკი კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება და განაყოფიერდება ამ ციკლის განმავლობაში.
ჩანერგვა (იმპლანტაცია)
ნაყოფის ჩასახვის შემთხვევაში, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ემბრიონი) იჭრება ენდომეტრიუმში, საიდანაც ვითარდება ორსული ადამიანის პლაცენტას ნაწილი, სახელად decidua basalis.
ორსულობა
ორსულობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად იზრდება საშვილოსნო და თხელდება კუნთოვანი კედლები. ეს ხელს უწყობს განვითარების პროცესში მყოფი ნაყოფისა და დამცავი ამნიონური სითხის უზრუნველყოფას. ამნიონურ სითხეს ჯერ თავად ორსული ადამიანი გამოიმუშავებს, შემდეგ კი ბავშვის შარდი და ფილტვის სეკრეტები.
► საშვილოსნოს მდებარეობა ორსულობის დროს — ორსულობის მე-12 კვირას საშვილოსნო იწყებს ზრდას მუცლის ღრუში ან კუჭის მიდამოში და ავსებს მენჯის ღრუს ზონას. მთელი ორსულობის პერიოდში საშვილოსნო აგრძელებს ზრდას.
მშობიარობა
ორსულობის დროს, მშობიარობისთვის მომზადების მიზნით, საშვილოსნოს კუნთოვანი ფენა იწყებს შეკუმშვას. ეს „სავარჯიშო“ შეკუმშვა ან, როგორც მას უწოდებენ, ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვა, მენსტრუალურ სპაზმებს ჰგავს, ამიტომ ზოგი ვერც კი ამჩნევს მას.
ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვისგან განსხვავებით, მშობიარობის შეკუმშვები იმდენად მძლავრია, რომ ისინი საკმარისია ბავშვის საშვილოსნოდან საშოში გადასაყვანად.
ბავშვის დაბადების შემდეგ საშვილოსნო აგრძელებს შეკუმშვას პლაცენტის გამოდევნის მიზნით. ის აგრძელებს შეკუმშვას მომდევნო კვირებშიც, რათა საშვილოსნო დაუბრუნდეს ნორმალურ ზომას და შეჩერდეს სისხლდენა საშვილოსნოში, რომელიც მშობიარობის დროს იწყება.
საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემები
საშვილოსნოსთან დაკავშირებით არაერთმა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი. მათ შორისაა:
ენდომეტრიოზი
მდედრობითი სქესის ადამიანების დაახლოებით 11%-ს აწუხებს ენდომეტრიოზი. ამ დროს ენდომეტრიუმის ლორწოვანი გარსის ქსოვილი იზრდება საშვილოსნოს გარეთ. ამას შეიძლება თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:
-
სპაზმური ტკივილები
-
წელის ქრონიკული ტკივილი
-
ტკივილი სექსის დროს ან შემდეგ
► იხილეთ აგრეთვე: ტკივილი სექსის დროს, ანუ დისპარეუნია — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა
ენდომეტრიოზის ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია: მენსტრუალურ ციკლებს შორის ვაგინალური სისხლდენა, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და უნაყოფობა.
ენდომეტრიოზის მკურნალობა შესაძლებელია ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური მედიკამენტების ხანგრძლივი კურსით ან საშვილოსნოსშიდა ხელსაწყოებით (IUD). ზოგიერთი ადამიანი მიმართავს ალტერნატიულ თერაპიებს, როგორებიცაა აკუპუქტურა, ქიროპრაქტიკული მოვლა და სხვა. ენდომეტრიოზი ხშირად ქრება მენოპაუზის დაწყების შემდეგ.
► იხილეთ აგრეთვე: რა არის ენდომეტრიოზი? — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა
საშვილოსნოს ფიბრომა
საშვილოსნოს ფიბრომა არის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც იზრდება საშვილოსნოს კუნთოვან ქსოვილში. ხშირად ის უსიმპტომოდ ვითარდება და არც მკურნალობას საჭიროებს. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება ის უფრო რთულ ფორმებში განვითარდეს და ტკივილიც გამოიწვიოს. ასეთ დროს, მას, როგორც წესი, ისეთი ტკივილგამაყუჩებლებით მკურნალობენ, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა და შეიცავს: იბუპროფენს, აცეტამინოფენს ან ჰორმონალურ კონტრაცეფციას. უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევები, როგორებიცაა ენდომეტრიუმის აბლაცია (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის სრული ან ზოგჯერ ნაწილობრივი მოცილება), მიომექტომია (კვანძების ამოღება) ან საშვილოსნოს ფიბრომას ემბოლიზაცია.
საშვილოსნოს პოლიპები
პოლიპები არის თითის მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც მიმაგრებულია საშვილოსნოს კედელზე. მათი ზომები განსხვავებულია. შეიძლება იყოს ძალიან პატარა, სეზამის მარცვლის ზომა ან პირიქით, საკმაოდ მოზრდილი, გოლფის ბურთის სიდიდის. ბევრ ადამიანს პოლიპები ისე უვითარდება, რომ ამის შესახებ არც კი იცის. გავრცელებული სიმპტომებია:
-
ძლიერი სისხლდენა
-
სისხლდენა მენსტრუაციებს შორის
-
უნაყოფობა
საშვილოსნოს პოლიპები შეიცავს კიბოს განვითარების მცირე რისკს, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია ჰისტეროსკოპიის სახელით ცნობილი პროცედურის საშუალებით. ზოგჯერ ენდომეტრიუმის მოსაშორებლად და ბიოფსიის მიზნით კეთდება საშვილოსნოს ყელის გაფართოება და კიურეტაჟი (გამოფხეკა).
საშვილოსნოს პროლაფსი
საშვილოსნოს პროლაფსი ვითარდება მაშინ, როცა საშვილოსნო ვარდება საშოს მიდამოებში ან გამოდის საშოდან. ეს ხდება მენჯის ღრუს კუნთებისა და ქსოვილების სისუსტის დროს.
საშვილოსნოს პროლაფსის რისკ-ფაქტორებია: ასაკი, ბუნებრივი გზით მშობიარობა, მენოპაუზის დასრულება, ჭარბი წონა და მოწევა.
საშვილოსნოს დახრილი მდებარეობა
ზოგ ადამიანს ხერხემლისკენ გადახრილი საშვილოსნო აქვს. ეს ანატომიური ვარიაცია, ჩვეულებრივ, არ ვლინდება, თუკი ადამიანი არ დაორსულდება და როგორც წესი, არ წარმოადგენს პრობლემას.
თუმცა, გადახრილი საშვილოსნოს მქონე ზოგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მუცლის მოშლის მაღალი რისკი ან გართულებები ორსულობის დროს, რასაც საშვილოსნოს ინკარცერაცია (ჩაჭედვა) ეწოდება. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება საკეისრო კვეთა.
საშვილოსნოს კიბო
განასხვავებენ ორი სახის საშვილოსნოს კიბოს: საშვილოსნოს სარკომა, რომელიც ძალიან იშვიათია, და ენდომეტრიუმის კიბო, რომელიც წარმოიქმნება ენდომეტრიუმის ლორწოვან გარსში, საკმაოდ ხშირია და, ჩვეულებრივ, ვითარდება მენოპაუზის შემდეგ.
ენდომეტრიუმის კიბოს ერთ-ერთი პირველი სიმპტომია უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა, რომელიც შეიძლება დაიწყოს წყალწყალა სისხლიანი ნაკადით, რომელშიც სულ უფრო მეტი სისხლი ჩნდება. ამგვარი სისხლდენა არ არის ნორმალური, ამიტომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
საშვილოსნოს სკრინინგი და ანალიზები
საშვილოსნოსთან დაკავშირებული ანალიზები ტარდება კიბოს სკრინინგისთვის, გარკვეული დაავადებებისა და პრობლემების დიაგნოსტირებისთვის, ფერტილურობის სამკურნალოდ ან ორსულობის მიმდინარეობის მონიტორინგისთვის. ასეთ ანალიზებია:
-
პაპ ტესტი: ეს არის ანალიზი, რომლის დროსაც გროვდება საშვილოსნოს ყელის უჯრედები და ხდება მათი ანალიზი ლაბორატორიაში კიბოსწინარე უჯრედებისა და სხვა ცვლილებების გამოსავლენად;
-
ულტრაბგერითი ანალიზი: ეს ანალიზი შეიძლება ჩატარდეს შიდავაგინალურად (კვერთხის მსგავსი წვრილი ხელსაწყოს გამოყენებით, რომელიც ისმება ვაგინაში) ან ზედაპირულად ე.წ. „ტრანსდიუსერის“ გამოყენებით, რომელსაც მუცლის ზედაპირზე უსვამენ ორსულობის დასადგენად ან შესამოწმებლად. ამ დროს ხმის ტალღების საშუალებით იქმნება საშვილოსნოს, ფალოპის მილების, საკვერცხეებისა და მიმდებარე ქსოვილების გამოსახულებები;
-
მენჯის ღრუს რენტგენი: ამ ანალიზის დროს გამოიყენება რადიაცია მენჯის ღრუს გამოსახულების მისაღებად. რენტგენის გამოყენება შესაძლებელია საშვილოსნოს მდებარეობისა და ზომების შესამოწმებლად;
-
ჰისტეროსკოპია: ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიდა ნაწილის დასათვალიერებლად საშვილოსნოს ყელში შეჰყავთ მილი. ჰისტეროსკოპია ხშირად გამოიყენება ფიბრომას მოსაშორებლად.
► იხილეთ აგრეთვე: სხეულის ჯანმრთელობის ზოგადი შემოწმება ქალებისთვის — საჭირო სკრინინგები
► საშვილოსნო არის მსხლის მსგავსი ფორმის მქონე ორგანო, რომელიც მდებარეობს შარდის ბუშტის უკან და სწორი ნაწლავის წინ. საშვილოსნო შედგება სამი ძირითადი ქსოვილისა და ოთხი განსხვავებული ნაწილისგან.
► საშვილოსნო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მენსტრუაციის, ნაყოფის იმპლანტაციის, ორსულობისა და მშობიარობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოსთან დაკავშირებული არაერთი პრობლემაა ცნობილი, არსებობს დიაგნოსტირებისთვის საჭირო ანალიზები და მკურნალობის მეთოდები.
გამოყენებული წყარო:
სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე
მთავარი სურათი: Alessandra De Cristofaro
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით