რეგულარული სამედიცინო შემოწმებები ჯანმრთელობის და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხისათვის უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებულად საშიში დაავადებების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებას და სწორ მკურნალობას სავალალო შედეგების თავიდან აცილებაც შეუძლია.
საშოს ნაცხის და სისხლში ქოლესტერინის განსაზღვრის ანალიზებს მეტ-ნაკლებად ხშირად იტარებენ მდედრობითი სქესის ადამიანები, თუმცა, ვინაიდან მათი რეპროდუქციული ანატომია უფრო კომპლექსურია, ვიდრე მამრობითი სქესის, მეტი გამოკვლევის ჩატარებაა რეკომენდებული ყოველწლიურად.
► შენიშვნა: სტატიის ფარგლებში მდედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანების აღსანიშნავად სიმარტივისთვის გამოვიყენებთ სიტყვებს „ქალი“ და „კაცი“. ეს ტერმინები გამოყენებული იქნება მხოლოდ ადამიანების დაბადებისას მინიჭებული (ბიოლოგიური) სქესის აღსანიშნავად, მამრობითი და მდედრობითი ანატომიის ერთმანეთისგან გასამიჯნად, და არა — გენდერული იდენტობის მნიშვნელობით. ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ გენდერული იდენტობების მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს.
იმის გამო, რომ გასტროენტეროლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების სიმპტომები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, აუცილებელია, რომ ქალებმა ზოგადი შემოწმება როგორც გინეკოლოგთან, ისე ოჯახის ექიმთანაც გაიარონ, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მათ სხვა სპეციალობის სამედიცინო პროფესიონალთან გადაამისამართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი კვლევების საჭიროება, როგორიცაა, პირობითად, კოლონოსკოპია, შესაძლოა, სრულიად შეუმჩნეველი დარჩეს.
გთავაზობთ ქალებისათვის რეკომენდებული რეგულარული კვლევებისა და სკრინინგების ჩამონათვალს:
1. არტერიული წნევის შემოწმება
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სტატისტიკის თანახმად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომელთა მთავარი მაპროვოცირებელიც მაღალი არტერიული წნევაა (იგივე ჰიპერტენზია), ქალების სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი მიზეზია. ამის გამო, ბუნებრივია, რომ სამედიცინო ექსპერტები ქალებს ურჩევენ, არტერიული წნევა გარკვეული სიხშირით შეიმოწმონ. პროცედურა საკმაოდ მარტივია და სპეციალური სამაჯით სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის სიმძლავრეს ადგენს.
რეკომენდებულია, რომ ქალმა სკრინინგი 20 წლის ასაკში დაიწყოს და, თუ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, ყოველ ორ წელიწადში შეიმოწმოს 40 წლამდე, ხოლო შემდეგ უკვე ყოველწლიურად. მეორე მხრივ, თუ შემოწმება აჩვენებს, რომ არტერიული წნევა ასაკისა და სქესის ნორმას არ შეესაბამება და მაღალია, ექიმი თავად გადაწყვეტს, რა სიხშირით იქნება საჭირო მისი გადამოწმება.
ვინაიდან ზოგჯერ სამედიცინო დაწესებულებებში ადამიანები ჩვეულებრივზე მეტს ნერვიულობენ, რაც წნევის მაჩვენებელზეც აისახება, საკმაოდ ხშირად ფიქსირდება არასწორი მონაცემები. შესაბამისად, ექიმების რჩევაა, რომ, საჭიროებისა და საშუალების ქონის შემთხვევაში, უტყუარი დიაგნოზისათვის შემოწმება სახლშიც ჩატარდეს.
2. შაქრის ნორმის განსაზღვრა სისხლში
ამერიკის დიაბეტის ასოციაციის რეკომენდაციების მიხედვით, ქალებმა, რომლებიც დაორსულებას გეგმავენ, პრედიაბეტზე სკრინინგი ნაყოფის ჩასახვამდე უნდა ჩაიტარონ, ხოლო დაუგეგმავად დაორსულების შემთხვევაში — პირველ გინეკოლოგიურ ვიზიტზე. ფეხმძიმობის დროს 24-დან 28 კვირის შუალედში ასევე უნდა ჩატარდეს კვლევები გესტაციურ (ორსულთა) დიაბეტზეც.
ხსენებული კვლევები მოიცავს:
-
გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრას, რაც ყველაზე ხშირი და ეფექტური მეთოდია სისხლში შაქრის საშუალო მაჩვენებლის დასადგენად უკანასკნელი ორი ან სამი თვის განმავლობაში;
-
გლუკოზის განსაზღვრას სისხლში შაქრიანი სითხის დალევის შემდეგ;
-
უზმოზე სისხლში შაქრის რაოდენობის დადგენას.
სისხლში გლუკოზის დონის განსასაზღვრად ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი ვენური ან კაპილარული სისხლის დიაგნოსტირებაა, თუმცა ხშირად გამოიყენება ორგანიზმის ინსულინისადმი მგრძნობელობის (ინსულინრეზისტენტობის) მაჩვენებლის კვლევაც.
3. ცხიმის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში
ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდის, სისხლში შემავალი ცხიმების, დონეების განსაზღვრით, შესაძლებელია, დადგინდეს, ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა განვითარების რამდენად დიდი რისკი აქვს ადამიანს .
რეკომენდებულია, რომ სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებელი ადამიანმა მინიმუმ ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გამოიკვლიოს 20 წლის ასაკიდან. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი გენეტიკური მიდრეკილების შემთხვევაში, საჭიროა უფრო ხშირად შემოწმება — წელიწადში ერთხელ.
სისხლის საერთო ქოლესტეროლის გამოკვლევამდე, აუცილებელია, რომ მიჰყვეთ შემდეგ წესებს:
-
კვლევამდე 3 კვირის განმავლობაში დაიცავით ერთგვაროვანი დიეტა;
-
შეინარჩუნეთ უცვლელი წონა;
-
არ მიიღოთ საკვები კვლევამდე 12-15 საათის განმავლობაში. წყლის ან/და უშაქრო ყავის დალევა ნებადართულია;
-
არ მიიღოთ არანაირი ტიპის ალკოჰოლი ტესტირებამდე მინიმუმ 72 საათის განმავლობაში.
4. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
გინეკოლოგების რჩევაა, რომ საშუალო რისკის შემთხვევაში (თუ სამედიცინო ისტორია არ აჩვენებს, რომ გენეტიკურად ქალს ამ კონკრეტული ტიპის კიბოს განვითარების მეტი საფრთხე აქვს), საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს 21-დან 30 წლამდე ასაკში. 30-დან 65 წლამდე ასაკში ქალებს შეუძლიათ იგივე სიხშირით გააგრძელონ გამოკვლევების ჩატარება, ან, ალტერნატიულად, პაპილომავირუსის გენოტიპირების ტესტი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. 65 წლიდან ქალებს, რომელთა წინა სკრინინგებიც უარყოფითი იყო, შეუძლიათ, აღარ გააგრძელონ რეგულარული კვლევების ჩატარება.
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის ადრეული დადგენა საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური ანალიზითაა შესაძლებელი. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გინეკოლოგმა ისეთი კომპლექსური კვლევებიც დანიშნოს, როგორებიცაა:
-
კოლპოსკოპია — საშვილოსნოს ყელის დათვალიერება ნათურიანი მიკროსკოპით;
-
საშვილოსნოს ყელის ბიოფსია.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგამდე რეკომენდებულია, გახსოვდეთ, რომ:
-
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ეფექტურობისათვის ყველაზე სწორი დრო მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდია;
-
მენსტრუაციის დროს არ შეიძლება საშვილოსნოს ყელის ნაცხის აღება;
-
რეკომენდებულია, რომ ნაცხის ანალიზი სექსუალური კავშირიდან (განსაკუთრებით, თუ ბარიერული საშუალებებით იცავთ თავს) 24 საათის შემდეგ აიღოთ.
5. სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) შემოწმება
USPSTF-ის რეკომენდაციაა, რომ ქალებმა ძუძუს რეგულარული შემოწმება 50-იდან 74 წლამდე ჩაიტარონ. თუმცა, 40-იდან 50-მდე ასაკის ქალებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი ამ პრობლემაზე გარკვეული სიხშირით შემოწმების, უმჯობესია, ოჯახის ექიმთან გაიარონ კონსულტაცია.
► იხილეთ აგრეთვე: ძუძუს კიბო — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა
მეორე მხრივ, ამერიკის კიბოს ასოციაციის (ACS) რეკომენდაციაა, რომ ქალებმა ძუძუს ყოველწლიური გამოკვლევა 45 წლის ასაკში უნდა დაიწყონ და 55 წლიდან წელიწადში ორჯერ შეიმოწმონ. თუმცა, სავარაუდოა, რომ განსხვავებული სიხშირით გახდეს სკრინინგები საჭირო, თუ ოჯახის წევრს ან/და ნათესავს ჰქონია/აქვს ძუძუს კიბო და, შესაბამისად, ქალი რისკჯგუფს წარმოადგენს.
ძუძუს იკვლევენ მამოგრაფიით, რაც ძუძუს რენტგენის დანადგარის კედლებს შორის მოქცევას გულისხმობს ქსოვილის გადაღების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ექიმმა მომდევნო ეტაპად ძუძუს ქსოვილის ბიოფსიის გაკეთებაც დანიშნოს.
► იხილეთ აგრეთვე: ქალის ძუძუ — ანატომია, ფუნქცია და ჯანმრთელობა
6. ძვლოვანი სისტემის კვლევა
ექიმების რჩევაა, რომ ქალებმა ოსტეოპოროზზე, ძვლების შემასუსტებელ დაავადებაზე, შემოწმება 65 წლიდან დაიწყონ, თუმცა უფრო პატარა ასაკშიც შეიძლება გახდეს საჭირო რეგულარული სკრინინგი ისეთი რისკ-ფაქტორების ქონის შემთხვევაში, როგორებიცაა დაბალი წონა ან მშობლების სამედიცინო ისტორიაში მსგავსი დაავადებების ქონა.
ოსტეოპოროზისა და სხვა ძვლოვანი დაავადებების სკრინინგი მოიცავს დაბალი გამოსხივების რენტგენის აპარატით ძვლების გაშუქებას. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს შემდეგი გამოკვლევებიც:
-
სახსრებისა და რბილი ქსოვილების ულტრასონოგრაფია.
-
დენსიტომეტრია.
-
სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევები ძვლებსა და რბილ ქსოვილებზე.
7. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების კვლევა
ყველა ქალმა, რომელიც სექსუალურად აქტიურია, უნდა ჩაიტაროს სკრინინგი სქესობრივი გზით გადამდებ ისეთ ინფექციებზე (სგგი), როგორებიცაა ქლამიდია და გონორეა, მინიმუმ წელიწადში ერთხელ. შესაძლოა, დამატებითი ტესტირება გახდეს საჭირო ახალი სექსუალური პარტნიორის გაჩენის შემთხვევაში ან მაშინ, თუ ადამიანი რაიმე მიზეზით მაღალი რისკის ქვეშაა ამ ტიპის ინფექციების წინააღმდეგ.
15-იდან 65 წლამდე ასაკში ასევე სასურველია გარკვეული სიხშირით შეემოწმოთ აივ-ინფექციებზე. სკრინინგებს შორის ინტერვალი დამოკიდებულია ინდივიდის რისკის მაჩვენებელზე. მაგალითად, საუკეთესო შემთხვევაში, აივ-ინფექციის ტესტირება უნდა გაკეთდეს ყოველ ჯერზე, როდესაც სექსუალური პარტნიორის აივ-სტატუსი უცნობია.
გარდა ამისა, რეკომენდებულია, რომ 21-29 წლის ასაკის ყველა ქალი 3 წელიწადში ერთხელ მაინც შეემოწმოს ადამიანის პაპილომავირუსზე (HPV), ხოლო 30-65 წლის ასაკის ყველა ქალი — 5 წელიწადში ერთხელ მაინც.
► იხილეთ აგრეთვე: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) — რა უნდა ვიცოდეთ?
8. კანის შემოწმება
კვლევების თანახმად, კანზე რეგულარული შემოწმება ზრდის იმის ალბათობას, რომ კანის კიბოს დიაგნოზი ადრეულ სტადიაზევე დაისმება, როდესაც მკურნალობა გაცილებით მარტივია. შესაბამისად, სამედიცინო ექსპერტები ქალებს ურჩევენ, რომ კანი მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც დაითვალიერონ და ყურადღებით იყვნენ ისეთი დეტალებისადმი, როგორებიცაა:
-
ახალი ხალები და ლაქები;
-
ცვლილებები (ფერი, ზომა, ფორმა, სისქე) უკვე არსებულ ხალებზე;
-
პატარა, შეშუპებული წერტილები, რომლებსაც წითელი, მარგალიტისებრი ან ფერმკრთალი შეფერილობა აქვთ.
მსგავსი ცვლილებების შემჩნევის შემთხვევაში, გაესაუბრეთ დერმატოლოგს, რომელიც, კანის კიბოს რისკის შემთხვევაში, შესაბამის კვლევებს დაგინიშნავთ კონკრეტული სიხშირით.
საჭიროა, გახსოვდეთ, რომ კანის კიბოს განვითარების რისკი უფრო მაღალია, თუ:
-
ხართ 50 წელს გადაცილებული;
-
ადვილად იწვებით მზის ქვეშ;
-
ბავშვობაში ან მოზარდობაში მიგიღიათ მზის დამწვრობა;
-
საშუალოზე დიდ დროს ატარებთ მზის ქვეშ;
-
იტარებთ პროცედურებს სოლარიუმში;
-
შესამჩნევად ბევრი (როგორც წესი, 50-ზე მეტი) ხალი გაქვთ;
-
გყავთ ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქონია/აქვს კანის კიბო.
თქვენი სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე, შესაძლოა, სხვა ტიპის კვლევების რეგულარულობის საჭიროებაც გქონდეთ. განსაკუთრებით ორსულობის, პოსტნატალური (მშობიარობის შემდგომი) პერიოდის ან ისეთი დაავადების ქონის შემთხვევაში, რომელიც არასტაბილურ ჰორმონალურ მდგომარეობას გულისხმობს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ოჯახის ექიმთან მინიმუმ წელიწადში ერთხელ გაიაროთ კონსულტაცია შესაბამისი სამედიცინო რჩევების მიღების მიზნით.
გამოყენებული წყაროები:
სტატიის მთარგმნელი: მარიამ რაზმაძე
მთავარი სურათი: Care Clinic
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.