Facebook Script

ძუძუს კიბო — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

29 იანვარი, 2022 | მკერდი

ძუძუს (მკერდის) კიბო არის კიბოს ისეთი ტიპი, რომელიც მკერდის ქსოვილში ჩნდება და ვითარდება. როგორც წესი, ძუძუს კიბოს შემთხვევები ქალებში ვლინდება, თუმცა შესაძლებელია, რომ ძუძუს კიბო კაცსაც დაემართოს. კიბოს უჯრედების ადრეულ ეტაპზევე აღმოჩენის შემთხვევაში დაავადებისგან განკურნების შანსი საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულარული სკრინინგი (შემოწმება) და ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება.

როგორ ვითარდება ძუძუს კიბო?

ძუძუს კიბოს გაჩენის მიზეზი ის განსხვავებული უჯრედებია, რომლებიც მკერდის ქსოვილში ჩნდებიან და დროთა განმავლობაში სიმსივნედ ყალიბდებიან. სიმსივნე იზრდება სარძევე სადინარებში და შეიძლება გავრცელდეს მკერდის დარჩენილ ნაწილშიც, თუკი დროულად არ მოხდა მისი გამოვლენა და მკურნალობა.

► ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა და, სტატისტიკის თანახმად, ის ყოველი რვა ქალიდან ერთს ემართება. საბედნიეროდ, მედიცინის განვითარების წყალობით შესაძლებელია, რომ ძუძუს კიბოს მქონე ადამიანები გამოჯანმრთელდნენ. მნიშვნელოვანია კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება, რაც გამოჯანმრთელების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

ვის ემართება ძუძუს კიბო?

ძუძუს კიბო ნებისმიერი სქესის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა იმისი ალბათობა, რომ ძუძუს კიბო ქალს დაემართება 100-ჯერ უფრო დიდია. ქალის მკერდი ყალიბდება 3-4 წლის განმავლობაში და ეს პროცესი, როგორც წესი, 14 წლიდან იწყება. მკერდის უჯრედები მგრძნობიარენი არიან ესტროგენისა და სხვა ჰორმონების მიმართ, მათ შორის ისეთი ჰორმონების მიმართაც, რომლებიც არღვევენ ქსოვილის სტრუქტურას. სწორედ ამიტომ, მკერდი განსხვავებული და არასტანდარტული უჯრედების განვითარებისგან დაუცველია. რადგან კაცის მკერდი არ არის გათვლილი ლაქტაციაზე და უჯრედები არააქტიურები რჩებიან, ისინი ნაკლები რისკის ქვეშ დგანან, რომ ძუძუს კიბო განუვითარდებათ.

როგორ ზრდის შვილის გაჩენა ძუძუს კიბოს რისკს ქალებში? ეს საკითხი კომპლექსურია და არ არის ბოლომდე გამოკვლეული. თუმცა, დადგენილია, რომ მშობიარობის შემდეგ ძუძუს კიბოს მაღალი რისკი ათი წლის განმავლობაში ნარჩუნდება. ათი წლის შემდეგ ეს რისკი იკლებს და იმაზე ნაკლები ხდება, ვიდრე იმ ქალების შემთხვევაში, რომლებსაც შვილი საერთოდ არ გაუჩენიათ.

გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ქალი ხარ, ზრდის ძუძუს კიბოს რისკს — ქალების 12%-ს ემართებათ ძუძუს კიბო. დაავადების რისკ ფაქტორები შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს — მოდიფიცირებადი (რომლებიც შეიძლება შეცვალოთ) და განსაზღვრული (რომლებსაც ვერ შეცვლით).

მოდიფიცირებადი ფაქტორები შეიძლება მოიცავდეს:

  • ჭარბ წონას

  • ალკოჰოლის ხშირად მიღებას

  • მოწევას

  • გარკვეულ დიეტებს

  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას

  • ჰორმონალურ მკურნალობას (განსაკუთრებით, სინთეზური ესტროგენის მიღებას)

  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას

მიუხედავად გრძელი სიისა, პირდაპირი კავშირი ჩამოთვლილ აქტივობებსა და ძუძუს კიბოს შორის არ დასტურდება.

განსაზღვრული რისკ ფაქტორები კი მოიცავს:

  • ასაკს — ქალები, რომელთა ასაკიც 50 წელს ზემოთაა, ძუძუს კიბოს რისკ ფაქტორის ჯგუფში არიან.

  • გენეტიკური მემკვიდრეობა — თუკი, ოჯახის წევრს ჰქონდა/აქვს ძუძუს კიბოს, ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ სამომავლოდ თქვენც აღმოგაჩნდებათ ეს დაავადება. კიბოს გამოვლენის ალბათობა იზრდება გენეტიკური სიახლოვის მიხედვით — მაგალითად, თუკი ძუძუს კიბო დედას აქვს, ამ დროს შანსი მეტია. ხოლო, იმ დროს, როცა კიბო შორეულ ახლობელს აღმოაჩნდა, რისკი შედარებით მცირეა.

  • გამოსხივება — გამოსხივება და რადიაციები ბევრი სახის კიბოს გაჩენის საბაბი ხდება, მათ შორის ძუძუს კიბოსიც.

  • მკერდის მკვრივი ქსოვილი — იმ ქალებს, რომელთაც მკერდის უცხიმო ან მკვრივი ქსოვილი აქვთ, მეტი შანსია, რომ ძუძუს კიბო განუვითარდეთ.

  • ჰორმონალური დარღვევები — ქალებს, რომლებსაც ესტროგენის მაღალი დონე აქვთ, შეიძლება, რომ ძუძუს კიბო გამოუვლინდეთ, რადგან ეს დაავადება პირდაპირ კავშირშია სხეულში ესტროგენის რაოდენობასთან.

წყარო: WomanLog

ძუძუს კიბოს ტიპები

ძუძუს კიბო იყოფა ტიპების, სტადიებისა და კლასების მიხედვით. ძუძუს კიბოს სტადია განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად არის დაავადება გავრცელებული ან საერთოდ თუ ვრცელდება. ძუძუს კიბოს კლასი განსაზღვრავს სიმსივნის უჯრედების მდგომარეობას — არის თუ არა ისინი მკერდის ჩვეულებრივი უჯრედების მსგავსი თუ უფრო მეტი ანომალია აქვს.

ძუძუს კიბოს ტიპები შეიძლება იყოს არაინვაზიური და ინვაზიური — კიბო, რომელიც მკერდის ქსოვილის გარეთ, სხეულის სხვა ნაწილებშიც ვრცელდება. ძუძუს კიბოს ტიპები, როგორც წესი შემდეგნაირად იყოფა:

  • ინვაზიური დუქტალური (გამონადენიანი) ძუძუს კიბო — ვითარდება სარძევე სადინარებში და ვრცელდება გარშემო ქსოვილებშიც.

  • ინვაზიური ლობულური ძუძუს კიბო — ვითარდება ლობულებში (ჯირკვლები, რომლებიც აწარმოებენ რძეს) და ვრცელდება გარშემო ქსოვილებშიც.

  • სადინარის კარცინომა (DCIS) — არაინვაზიური კიბო, რომელიც ვითარდება სარძევე სადინარებში.

  • ლობულური კარცინომა (LCIS) — არაინვაზიური კიბო, რომელიც ვითარდება ლობულებში.

ძუძუს კიბოს სიმპტომები და თვითგამოკვლევა

მკერდის თვითგამოკვლევა არის ისეთი პროცედურა, რომელიც სახლშიც შეგიძლიათ ჩაატაროთ. მნიშვნელოვანია, ხშირად შეამოწმოთ მკერდის მდგომარეობა და თუ რაიმე უჩვეულოს შენიშნავთ, უნდა მიმართოთ ექიმს. თვითგამოკვლევა ეფექტურია თვის გარკვეულ მონაკვეთებში, რადგან მენსტრუალური ციკლი მკერდის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, ყველაზე კარგი დრო მკერდის თვითგამოკვლევისთვის მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან ერთ კვირაში დგება.

თვითგამოკვლევა შეგიძლიათ დაიწყოთ ვიზუალ დეტალებზე დაკვირვებით — შეიცვალა თუ არა მკერდის ზოგადი ფორმა ან ზომა? ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ გამოიყურება კერტები — ძუძუს თავები, რადგან ხშირად ძუძუს კიბოს დროს კერტები ფერს იცვლიან. გარდა ამისა, დააკვირდით შეშუპებას, გამონაყარს, სიწითლესა და მკერდის სისავსის ცვლილებას.

თითებით ფრთხილად და ნაზად შეამოწმეთ მთლიანი მკერდი და კერტები. დააკვირდით, ხომ არ გრძნობთ ტკივილს ან დისკომფორტს ამ პროცესისას? ყურადღებით შეამოწმეთ მხრების ნაწილიც (მკერდიდან იღლიამდე), სადაც ლიმფური კვანძები მდებარეობს.

რა შეიძლება აღმოაჩინოთ თვითგამოკვლევისას?

თუკი მკერდის თვითგამოკვლევისას რაიმე უჩვეულოს შეამჩნევთ, არ აღელდეთ. ძუძუს კიბო არ არის ერთადერთი მიზეზი, რაც მკერდის ცვლილებას იწვევს. თუმცა, უმჯობესია, თუკი ექიმთან ვიზიტს ჩანიშნავთ, რათა ცვლილების მიზეზი დაადგინოთ.

მკერდის თვითგამოკვლევის დროს შესაძლებელია, შემდეგი სიმპტომები აღმოაჩინოთ:

გამონაზარდი მკერდზე — სამწუხაროდ, მკერდზე გამონაზარდების ათი შემთხვევიდან ცხრა სიმსივნური წარმონაქმნია. მსგავსი ტიპის გამონაზარდებს კი, როგორც წესი, ჰორმონალური დარღვევები იწვევს. იმ ტიპის გამონაზარდი, რომელიც არ არის სიმსივნური, ჩვეულებრივ, ზომაში საგრძნობლად პატარაა (მაქსიმუმ 2 სანტიმეტრი).

მკერდის ტკივილი — მკერდის ტკივილიც უმეტესად ჰორმონალური დისბალანსის შედეგია. მენსტრუალური ციკლის დროს, ან ამ პერიოდამდე მკერდი მეტად მგრძნობიარე ხდება და შეიძლება, რომ შეხება მტკივნეულიც კი იყოს. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ტკივილის გამომწვევი მიზეზი ჰორმონებია (მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება), შესაძლებელია, რომ ანთებითი ტკივილი დიდხანს გაგრძელდეს. ამ ტიპის ტკივილი დროსთან ერთად ძლიერდება და, როგორც წესი, ერთ წერტილშია ლოკალიზებული.

მკერდის ფორმა და ფერი — ქალების უმეტესობას არ აქვს სიმეტრიული მკერდი, რაც სავსებით ნორმალურია. მკერდის ფორმა შეიძლება შეიცვალოს მენტრუალური ციკლის გამოც — ამ დროს შეიძლება მკერდის ზომა გაიზარდოს. ორსულობა და მშობიარობაც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს მკერდის ფორმაზე. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ სიწითლეს, შეშუპებასა და კანის გაღიზიანებას მკერდზე და მკერდის ირგვლივ. გარდა ამისა, საყურადღებოა ის შემთხვევაც, როდესაც მკერდი ზომაში სწრაფად იცვლება, განსაკუთრებით მაშინ, თუკი რომელიმე ერთი ძუძუ იზრდება ან მცირდება.

ძუძუს კიბოს დიაგნოზი და მკურნალობა

თუკი ისეთი სიმპტომები გაქვთ, რომლებიც კიბოზე მიანიშნებს, ექიმი ონკოლოგიურ გამოკვლევებსა და ტესტებს დაგინიშნავთ, რათა ზუსტი დიაგნოზი დაისვას. პირველი ტესტი არაინვაზიურია — კეთდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლის შემდეგაც მამოგრამა, სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევა, უნდა გაიკეთოთ. თუკი ამ გამოკვლევების შედეგად უჩვეულო ქსოვილი ან უჯრედები გამოვლინდა, მაშინ მკერდის ბიოფსია ინიშნება, რათა განისაზღვროს კიბოს მდგომარეობა.

ძუძუს კიბოს მკურნალობის გზები დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, სტადიასა და კლასზე — რამდენად დიდია სიმსივნური წარმონაქმნი და რამდენადაა ის გავრცელებული. ძუძუს კიბოს მკურნალობის ყველაზე გავრცელებული გზებია:

  • მკერდის ნაწილობრივი მოკვეთა — იმ შემთხვევაში, თუკი კიბო არაინვაზიურია, მკერდის იმ ნაწილის მოკვეთა ხდება, რომელშიცაა დაავადება გავრცელებული.

  • მასტექტომია —  იმ შემთხვევაში, თუკი კიბო გავრცელებულია მთელ მკერდში, ექიმები ამჯობინებენ, რომ მკერდი სრულად მოიკვეთოს.

  • ლიმფური კვანძების ოპერაცია — თუკი, დაავადება გავრცელებულია ლიმფურ კვანძებში, მაშინ მათი მოშორება ხდება.

  • რადიოთერაპია — დასხივება გამოიყენება იმ მიზნით, რომ მოკვდეს კიბოს უჯრედები. რადიოთერაპიით მკურნალობის გზის არჩევა რეკომენდებულია მასტექტომიის (ძუძუს მოკვეთის) პარალელურად, რათა კიბოს ხელახლა გაჩენის შანსი აღარ არსებობდეს.

  • ქიმიოთერაპია და ჰორმონალური თერაპია — ამ დროს გამოიყენება მედიკამენტები და ჰორმონალური საშუალებები, რათა შემცირდეს კიბოს უჯრედები და საბოლოოდ გაქრეს კიდეც. ექიმები პაციენტებს ურჩევენ, რომ ქიმიოთერაპიას ოპერაციამდე (მკერდის ნაწილობრივ მოკვეთამდე) და მის შემდგომაც მიმართონ, რათა კიბოს უჯრედების რიცხვი მაქსიმალურად შემცირდეს და რაც შეიძლება მცირე ნაწილის მოკვეთა გახდეს საჭირო.

ცხოვრება ძუძუს კიბოსთან ერთად

ძუძუს კიბოს დიაგნოზი ხშირად მენტალურ ჯანმრთელობაზე დამანგრევლად მოქმედებს. გამოჯანმრთელების პროცესი მოითხოვს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ სიჯანსაღესაც. მნიშვნელოვანია, რომ ძუძუს კიბოს დიაგნოზსა და თქვენს უარყოფით ფიქრებს მარტო არ უმკლავდებოდეთ, რადგან პრობლემაზე საუბარი შვების მომგვრელია და მძიმე პერიოდის გადატანაში აუცილებლად დაგეხმარებათ. 

ძუძუს კიბოს მკურნალობის პროცესი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს მოიცავს — პირადი ურთიერთობები, ოჯახი, ფინანსები, მენტალური მდგომარეობა და საკუთარი თავის აღქმა ახალ სიტუაციაში. ქალების დიდ ნაწილს უჭირს სხეულის პოზიტიურად აღქმა ქიმიოთერაპიისა და მასტექტომიის შემდეგ. მკურნალობის ამ გზებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური უკუჩვენებები აქვთ, რაც არ არის მარტივად მისაღები. მკურნალობამ შეიძლება გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს და ამ დროის განმავლობაში მუდმივ დაღლას გრძნობდეთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რათა ეს გზა მარტივად გაიაროთ.

ფსიქოლოგთან ვიზიტი ძალიან ეხმარება კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებს ამ პროცესის უკეთ მართვასა და მენტალური მდგომარეობის გამოსწორებაში. ხშირად, ქალები მიმართავენ ჯგუფურ თერაპიას, სადაც ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ძუძუს კიბოსთან ბრძოლის შესახებ. იმისი განცდა, რომ მარტო არ ხარ და ამ გზას მხოლოდ შენ არ გადიხარ, მნიშვნელოვანია.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

გაზიარება

მსგავსი სტატიები

ქალი, გოგო, სხეული, რეპროდუქციული, ანატომია, სისტემა, ძუძუები, მკერდი, ვულვა, ვაგინა, საშვილოსნო, ყელი, საკვერცხე, ბოქვენი, კლიტორი, აპკი, ჯირკვლები, არეოლა, qali, gogo, sxeuli, reproduqciuli, anatomia, sistema, dzudzuebi, mkerdi, vulva, dzudzu, ძუძუ, vagina, საშო, sasho, sashvilosno, yeli, sakvercxe, boqveni, klitori, apki, jirkvlebi, areola

ქალის სხეული და რეპროდუქციული ანატომია — რა უნდა ვიცოდეთ?

რა შედის ქალის ანატომიაში? ვულვა (ბოქვენი, დიდი და მცირე სასქესო ბაგეები, კლიტორი, კლიტორის ჩუჩა, შარდსადენი, საშო (ვაგინა), საქალწულე აპკი და ბართოლინის ჯირკვლები. საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი, საკვერცხეები, პერინეუმი (შორისი). ძუძუები და მათი ანატომიური ერთეულები.

ჩემი სხეული
ვიზიტი, გინეკოლოგი, ექიმი, გამოკვლევა, ქალი, მენჯი, ვაგინა, ვულვა, ორსულობა, viziti, ginekologi, eqimi, gamokvleva, qali, menji, vagina, vulva, orsuloba, პაპ, ტესტი, ძუძუს, კიბო, სკრინინგი, skriningi, pap, testi, dzudzus, kibo

ვიზიტი გინეკოლოგთან — რა უნდა ვიცოდეთ?

რა ხდება გინეკოლოგთან ვიზიტის დროს, როდის უნდა დავგეგმოთ ის და როგორ მოვემზადოთ ვიზიტისთვის — მენჯის ღრუს გამოკვლევა, პაპ-ტესტი, კონტრაცეფცია და ოჯახის დაგეგმვა

ჩემი სხეული
ძუძუ, მკერდი, ქალი, ანატომია, ფუნქცია, ჯანმრთელობა, კიბო, სკრინინგი, შემოწმება, dzudzu, mkerdi, qali, anatomia, funqcia, janmrteloba, kibo, skriningi, shemowmeba

ქალის ძუძუ — ანატომია, ფუნქცია და ჯანმრთელობა

როგორია ქალის ძუძუს (მკერდის) აგებულება, მისი ფიზიოლოგიური ფუნქციები, ძუძუსთან დაკავშირებული დაავადებები და მისი რეგულარული შემოწმება (სკრინინგი).

მკერდი
ქალები, ფიზიკური, ჯანმრთელობა, შემოწმება, სკრინინგები, არტერიული, წნევა, შაქარი, ცხიმი, საშვილოსნოს, ყელის, კიბო, სარძევე, ჯირკვალი, ძუძუ, ძვლები, სქესობრივი, გზით, გადამდები, ინფექციები, სგგი, კანი, qalebi, fizikuri, janmrteloba, shemowmeba, skriningebi, wneva, shaqari, kani, cximi, dzvlebi, sggi, infeqciebi, dzudzu, kibo, sashvilosnos, yeli

სხეულის ჯანმრთელობის ზოგადი შემოწმება ქალებისთვის — საჭირო სკრინინგები

ფიზიკური ჯანმრთელობა — რაზე უნდა შეემოწმონ ქალები? არტერიული წნევა, შაქარი სისხლში, ქოლესტერინი, საშვილოსნოს ყელის კიბო, ძუძუს კიბო, ძვლები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და კანი

ჩემი სხეული

გააზიარე სტატია

ძუძუს კიბო — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია