Facebook Script

სტუდენტური პროტესტი — ახალგაზრდობის ხმა ცვლილებებისთვის

10 მარტი, 2025 | საკითხავი

მე თუ მკითხავთ, ბრძოლა, რომელშიც სტუდენტები არ არიან ჩართული, იმთავითვე წაგებისთვისაა განწირული. სტუდენტობა ის ძალაა, რომელსაც რეალურად შეუძლია ცვლილებების გამოწვევა ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ სივრცეში. უშრეტი ენერგია, ახალგაზრდული უკომპრომისობა, თავდაჯერება, ბრძოლისუნარიანობა — თვისებათა ეს ჯაჭვი სტუდენტებს ძალადობრივი რეჟიმებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად აქცევს.

უნივერსიტეტში ჩემი პირველი დღე პროტესტით დაიწყო. როგორც კი თსუ-ს პირველი კორპუსის შენობაში შევაბიჯე, ავტონომია უნივერსიტეტსო, დაიძახეს ჩემთვის სრულიად უცნობმა ახალგაზრდებმა და, ალბათ, იმ დღის მერე ჩემი ცხოვრების არცერთი წელი არ გასულა პროტესტის გარეშე. „ავტონომია უნივერსიტეტს“, შევძახე მეც და იმის მაგივრად, რომ პირველ ლექციაზე შევსულიყავი, რასაც ამდენი ხანი ველოდი, ახალგაზრდების ამ ნაკადს გავყევი. არაფერია იმაზე ლამაზი და საინტერესო, ვიდრე პროტესტის ხმა და მეც, ჩემდაუნებურად, არჩევანი „პოლიტიკის მეცნიერების“ თეორიებსა და პრაქტიკულ წინააღმდეგობას შორის, წინააღმდეგობაზე შევაჩერე, რაც არასდროს მინანია.

ეს იყო 2012 წელი. უნივერსიტეტის ავტონომიის მოთხოვნები მალე დიდ სტუდენტურ პროტესტში გადაიზარდა, რომელმაც, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ძალადობრივი რეჟიმის დასრულებას.

სტუდენტური წინააღმდეგობები, ცხადია, არც საქართველოში დაწყებულა და მით უფრო, არც 2012 წელს. სტუდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი როლი აქვთ შესრულებული ამა თუ იმ ცვლილების გამოწვევაში. მაგალითად, აშშ-ში 1924 წელს ფისკის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააპროტესტეს უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ფაიეტ მაკ-კენზის, რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც ხელს უშლიდა სტუდენტებს იმ პროგრესული და რევოლუციური იდეების გამოხატვაში, რომლებიც შავკანიანთა უფლებებთან, სამართლიანობასა და თანასწორობასთან იყო დაკავშირებული. სტუდენტების პროტესტი გამოიხატებოდა იმაში, რომ ისინი არღვევდნენ კომენდანტის საათს, აზიანებდნენ სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებას, მართავდნენ დემონსტრაციებს. მაკ-კენზიმ სტუდენტების პროტესტს მათი დაკითხვით, ორგანიზატორთა დაპატიმრებითა და საერთო საცხოვრებლის ჩხრეკით უპასუხა. შედეგად, სტუდენტები გაიფიცნენ და ლექციებს აღარ ესწრებოდნენ. პროტესტში ადგილობრივი შავკანიანი საზოგადოებაც ჩაერთო. საბოლოოდ, 1925 წლის გაზაფხულისთვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მაკ-კენზი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მისი რეპრესიული პოლიტიკა შეიცვალა, ხოლო უნივერსიტეტის საბჭოში შავკანიანი სტუდენტები დაუშვეს, რათა მათი ხმა და საჭიროებები უკეთ გაჟღერებულიყო.

მნიშვნელოვანი სტუდენტური ჯგუფი ჩამოყალიბდა 1942-1943 წლებში გერმანიაში. ამ ჯგუფს სათავეში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ედგნენ, რომლებიც შეესწრნენ ებრაელი სამოქალაქო პირების ხოცვას აღმოსავლეთ ფრონტზე. მიუნხენში დაბრუნების შემდეგ ეს ჯგუფი შეუერთდა სხვა სტუდენტებს, რომლებიც ანონიმურად აქვეყნებდნენ ბროშურებს ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ. სტუდენტური მოძრაობა, რომელსაც „თეთრი ვარდი“ ეწოდა, მიუნხენის გარშემო შენობებზე ტოვებდა წარწერებს შემდეგი შინაარსით: „ძირს ჰიტლერი“. ბუკლეტების გავრცელების ერთ-ერთ დღეს ჯგუფის წევრები დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო 21 წლის სოფი შოლი, რომელმაც სიკვდილით დასჯის წინა დღეს საბრალდებო დასკვნის უკან დაწერა სიტყვა „თავისუფლება“ (Freiheit). გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთაც „თეთრი ვარდის“ წინააღმდეგობა დღემდე შთაგონების წყაროა ახალგაზრდა აქტივისტებისთვის.

ანგარიშგასაწევი ძალა იყო სტუდენტობა 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროსაც, როცა ჩეხოსლოვაკიის მთავრობაში კომუნისტური პარტია იყო, რომელიც თავისუფალ და კრიტიკულ აზრს ებრძოდა. 1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემიდან ცხრა დღის შემდეგ, სტუდენტები პრაღაში შეიკრიბნენ, რათა გაეხსენებინათ 50 წლის წინ ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ გამართული აქციის ის მონაწილეები, რომლებიც ამ პროტესტს ემსხვერპლნენ. საბოლოოდ, პროტესტი ანტისამთავრობო აქციებში გადაიზარდა, სადაც სტუდენტები ანტიკომუნისტურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. სტუდენტების პროტესტს პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოჰყვა, თუმცა ამან არათუ პროტესტის ჩახშობა, არამედ პირიქით, მისი გაძლიერება გამოიწვია. 20 ნოემბერს ვენცლასის მოედანზე 500 ათასი მომიტინგე შეიკრიბა. რვა დღის შემდეგ კომუნისტური პარტიის მმართველი პირები გადადგნენ, რამაც ახალი, ანტიკომუნისტური მთავრობის შექმნას შეუწყო ხელი, პრეზიდენტად კი პოეტი, დრამატურგი და დემოკრატიული მოძრაობის მთავარი ლიდერი, ვაცლავ ჰაველი აირჩიეს. იმის გამო, რომ სტუდენტებმა მშვიდობიანი აქციებით დაამხეს მთავრობა, ეს მოვლენა ისტორიაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ სახელით შევიდა.

სტუდენტთა ბრძოლის ასეთი მაგალითი ისტორიაში მრავლადაა. სტუდენტების აქტიურობა არც საქართველოს კონტექსტისთვისაა უცხო.

„საქართველოს სტუდენტური პროტესტის არაერთი ტალღა გაუვლია, თუმცა წინააღმდეგობის გამომხატველი პრინციპები, პროცესების აქტორები და მათი ადრესატები არ იყვნენ ყოველთვის ერთგვაროვანნი. სტუდენტობა ხშირად ჩნდება საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცვლილებების ავანგარდში, რასაც არაერთი მიზეზი განაპირობებს. საქართველოში სტუდენტის ხვედრი განსაკუთრებით მძიმეა, რადგან მას უწევს, არჩევანი გააკეთოს საეჭვო ხარისხის განათლების მიღებასა და ფიზიკურ გადარჩენას შორის, რასაც მთელი მისი დრო და ენერგია ეწირება.

 

„აუდიტორია 115“ იყო მოძრაობა, რომელმაც სააშკარაოზე გამოიტანა საკითხები, რომლებიც უკავშირდებოდა სახელმწიფო პოლიტიკას განათლების, შრომისა და სოციალური მიმართულებებით, რადგან ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

 

დღეს, როდესაც ადამიანებმა ნათლად დაინახეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების არსებობას, ისეთ სოციალურ გარანტიებთან ერთად, როგორიც, მაგალითად, გაფიცვის უფლებაა, „აუდიტორია 115-ის“ მიერ ზემოხსენებული საკითხების წინა პლანზე წამოწევა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ამ პროცესს და მის გამოხატვის ფორმებს მხარი ყველამ ვერ აუბა.

 

განათლება, ახალგაზრდული შემართება და უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის სურვილი აქცევს სტუდენტურ პროტესტს სისტემისთვის განსაკუთრებით საშიშ იარაღად, რომლის დასუსტებას და გაქრობას მთელი სახელმწიფო აპარატი მის ხელთ არსებული ყველა შავ-ბნელი რესურსით შეეცდება. მიუხედავად ამისა, სტუდენტური წინააღმდეგობის მოძრაობები გვაძლევენ როგორც გამოსასწორებელი შეცდომების, ისე მცირე გამარჯვებებით საერთო მიზნამდე მიღწევის მაგალითებს. მართალია, სტაბილურობას მოწყურებული ფუნქციონერები სტუდენტებს ყოველთვის აუდიტორიებისკენ მიუთითებენ, თუმცა სანამ ქუჩაში მათი ხმა ისმის, დაკარგული არაფერია“, — ამბობს „ფემეასთან“ საუბრისას ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიანი სტუდენტური მოძრაობის, „აუდიტორია 115-ის“, ყოფილი წევრი ლაშა ჩალაძე.

სად არიან სტუდენტები დღეს? სად არიან სტუდენტური მოძრაობები? ისმის მათი ხმა ისე ძლიერად, როგორც საჭიროა? იქნებ იმიტომაც, რომ სტუდენტური ბრძოლების შესახებ ისტორიების წაკითხვა მიყვარს; იქნებ, იმიტომ, რომ „აუდიტორია 115-ის“ აქციები მახსოვს და იქნებ იმიტომაც, რომ, ზოგადად, სტუდენტების აქტიურობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვფიქრობ, რომ დღეს ისინი საკმარისად ძლიერად არ ხმაურობენ. 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რაოდენობა 177 791-ს შეადგენდა. სამწუხაროდ, აქტიური სტუდენტების რაოდენობა სტუდენტების საერთო რაოდენობის ძალიან მცირე პროცენტს წარმოადგენს.

და მაინც,  მცირე, მაგრამ ღირსეული ნაწილი სტუდენტებისა, გაფიცულია. მათი ხმა არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ უნივერსიტეტების კედლებშიც ისმის. მათი ხმა ისმის ციხის კედლებშიც, რადგან ზოგი მათგანი დღეს რეჟიმის ტყვეა. იქიდან გამომდინარე, რომ გაფიცულ სტუდენტთა რაოდენობა არც ისე დიდია, მათი ბრძოლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სიმამაცე კი — დასაფასებელი. ისტორიის მნიშვნელოვანი პროცესების ავანგარდშიც ხომ ერთეულები ხვდებიან, არც ამაშია რამე ახალი და განსაკუთრებული.

იმის გასაგებად, თუ როგორ აფასებენ მოვლენებს და თავიანთი ბრძოლის მნიშვნელობას გაფიცული სტუდენტები, რამდენიმე უნივერსიტეტის აქტიურ სტუდენტებს ვესაუბრე. 

ანანო აბულაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პროევროპული უნივერსიტეტი, უკვე დიდი ხანია, რაც თავის სათქმელს ამბობს და ამის დასტური ვართ სტუდენტებიც. შესაბამისად, ეს აქტიურობა ახლა არ დაწყებულა და წინა მარტის აქციების ფარგლებშიც გამოვდიოდით ასევე უნივერსიტეტის სახელითაც. ამის შემდეგ იყო არჩევნების მოლოდინი და მზადება, სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი უშუალოდ ჩვენს მოძრაობას. იყო აქტივობები, ბანერები, შეხვედრები ამ თემასთან დაკავშირებით და გარკვეული კამპანიაც არჩევნებზე წასვლის აუცილებლობის შესახებ. ყველაზე მკაფიოდ და მრავალრიცხოვნად კი დავფიქსირდით ქვეყანაში მიმდინარე ბოლო საპროტესტო აქციების დროს.

 

ათასგვარი მარშებისა და პერფორმანსების შემდეგ ჩვენმა პროტესტმა უკვე 48-ე დღეა, რაც ქუჩის პარალელურად, უნივერსიტეტის ფოიეში გადაინაცვლა. ვინაიდან მივიჩნიეთ, რომ სწორედ იქიდან უნდა გაგვეჟღერებინა ჩვენი ხმა, საიდანაც ყველაზე ხმამაღლა გაისმებოდა და უნივერსიტეტის შიდა სივრცე მთლიანად გადავაქციეთ ერთგვარ საპროტესტო შტაბად, რომელსაც 24 საათის განმავლობაში არ ვტოვებთ. იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვრჩებით უნივერსიტეტში, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს არანაირი დაპირისპირება ადმინისტრაციასთან, თუმცა ესეც გვინდა, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღვნიშნოთ, მიუხედავად ამგვარი წინააღმდეგობის არარსებობისა, ჩვენ გამოვხატავთ სტუდენტურ ერთობას. მიზნად დავისახეთ, რომ შეგვექმნა ახალი საპროტესტო კერა და ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულად გამოგვივიდა, ვინაიდან აქამდე ნაკლებად ჩართული ჩვენი თანაუნივერსიტეტელებიც შემოვიკრიბეთ. რაც შეეხება შიდა პროცესებს, ვცდილობთ, ყოველდღიურად ველაპარაკოთ სხვა სტუდენტებს, ვიყოთ მტკიცენი ჩვენს პოზიციებში და სწორედ ამის გამოსახატავად ავირჩიეთ ეს უწყვეტი რეჟიმი.

 

გარდა ამისა, ერთგვარ რიტუალად ვაქციეთ ბალაკლავებით ფეიერვერკის გასროლა და ამით დაუმორჩილებლობის კიდევ და კიდევ გაცხადება. ყოველდღიურად რუპორის გამოყენებით ვკითხულობთ დაკავებული პატიმრების სახელებს და ჩვენს მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში მოსიარულე პირებსაც არ ვაძლევთ მათი დავიწყების საშუალებას. რაც შეეხება ბრძოლის მნიშვნელობას, ძალიან ბევრი მაგალითი მიუთითებს იმაზე, თუ რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს სტუდენტურ ერთობას და თუნდაც ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, ძალიან ბევრი პროცესი დაუძვრიათ სტუდენტებს. ისიც ნათელია, რომ რეჟიმი ყოველდღიურად გვებრძვის და ეს ტყუილად არ ხდება. ვფიქრობ, ე.წ „ხელისუფლება“ ძალიან კარგად იაზრებს ჩვენს ძალას და პროტესტის ჩახშობას უკვე მრავალი გზით ცდილობს“.

ლიზა ბერინაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

„ჩვენ გაფიცვა გადავწყვიტეთ 23 დეკემბერს, როდესაც მივხვდით, რომ უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს ამბიცია და პრეტენზია, იყოს  ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველი, არ აკეთებდა კომენტარს არამარტო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, არამედ მის დაკავებულ სტუდენტებზეც კი არ საუბრობდა და არ გამოხატავდა მზაობას, რომ რაიმე სახით ჩართულიყო ამ პროცესში. როდესაც შენობაში შემოვედით, იყო დიდი წინააღმდეგობა, რადგან დარჩენა გვქონდა გადაწყვეტილი. არ გვაშლევინებდნენ საძილე ლეიბებს, თუმცა დაუმორჩილებლობით შევძელით ყველაფერი. კარგად მახსოვს, მეორე დილით, როდესაც მეძინა, ქალბატონმა, რომელიც ან ადმინისტრაციის წევრი იყო ან ლექტორი, 8-9 საათი იქნებოდა დილის, იმ წამის გახელილი მქონდა თვალები, ადგა და შემომაფურთხა, ამან კიდევ ერთხელ დამანახა იმ საზოგადოების რეალური სახე, რომელიც ჩვენ გვეძახის უსამშობლოებს.

 

ახლა ახალი კამპანია გვქონდა დაგეგმილი 26-იდან, თუმცა არსებული სიტუაციის გამო დროებით გადაიდო. სტუდენტები ახალი პროტესტის კერას ვიწყებთ განათლების სამინისტროსთან, სადაც უკვე ღიად ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებთან ერთადაც გვიწევს ცხოვრება.

 

აქ გათენება საკმაოდ რთულია, თუმცა უნდა აღვნიშნო კეთილი ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან ყველანაირად. მადლობა ნათიას, იას და სხვა ყველას და, რა თქმა უნდა, რესტორან „ეზოს“, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენი საკვებით მომარაგებაზე“.

ნიკა ჯაფარიძე, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი:

„ყველამ ვიცით, რომ პროტესტი დაიწყო იქამდე, სანამ მოვიდოდა 28 ნოემბერი, რადგან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნაბიჯები მიგვანიშნებდა, რომ მათი სვლა იყო რუსეთისკენ და არა — ევროპისკენ, მაგრამ, საბოლოოდ, ყველასთვის გახდა ცნობილი, რომ ქვეყანას მართავენ რუსული რეჟიმის მწარმოებელი პოლიტიკოსები, პროტესტი გამძაფრდა და სახელმწიფოც ამ პროტესტს ყოველდღიურად უფრო და უფრო აღვივებდა, რადგან ვხედავდით ძალადობას და, რაც მთავარია, დაიწყო ადამიანების უკანონოდ დაკავება, მოთხოვნებიც ემატებოდა და ემატებოდა.

 

17 დეკემბერს სტუდენტებმა დავიკავეთ თეატრალური უნივერსიტეტის ფოიე, იმ მიზეზით, რომ ჩვენი სიტყვა გაჟღერებულიყო ამ შენობიდან, რადგან უნივერსიტეტი ჩვენ გარეშე არაფერია, ისინი კი ორაზროვან ოფიციალურ პოსტებს აქვეყნებდნენ, რომელიც გამოცლილი იყო იმ მთავარი შინაარსისგან, რაც ჩვენ, სტუდენტებს, გვაწუხებს და გვაერთიანებს. ისინი ჩვენს ხმას ახშობდნენ. შემდგომ იყო რექტორის გადადგომის მოთხოვნა, რადგან საბოლოოდ მისმა ქმედებებმა ამხილა, რომ ის არის იმ სისტემის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია „რუსული რეჟიმი“; იმ სისტემის, რომელსაც უნდა, რომ ადამიანების ხმები გააქროს.

 

ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ ამ ბრძოლას, ვერთიანდებით ისევ იმ მოთხოვნების გარშემო, რომლებიც გვქონდა, და მინდა, ვთქვა, რომ სტუდენტების ხმა არის ყველაზე ძლიერი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუდენტი იბრძოდეს დღეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ უკვე იმ რეალობაში ვართ, რომ დიპლომს ძალა აღარ აქვს; იმ რეალობაში ვართ, რომელშიც სტუდენტები და არამარტო სტუდენტები  უკანონოდ არიან დაპატიმრებულები. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვინმე ახლა აუდიტორიაში იყოს და ლექციებს ესწრებოდეს. სტუდენტები ვართ საზოგადოების ის ნაწილი, ვისი სიტყვაც ხმამაღალია, მკაფიოა და დამოუკიდებელი და, შესაბამისად, ჩვენ ვართ ერთი დიდი ძლიერი ძალა, რომელიც მნიშვნელოვანია იმ მომავლისთვის, რომელსაც ჰქვია „დამოუკიდებელი საქართველო“.

 

თუ ვინმე კიდევ რაიმე კატალიზატორს ელოდება, რომ გარეთ გამოვიდეს, არ ვიცი, რადგან ჩვენ გვყავს მოშიმშილეები, გვყავს დევნილი ადამიანი, რომელმაც თავი დაიწვა, და გვყავს მსხვერპლი გურიაში და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ აინტერესებ. იმედია, არსებული პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება და წერტილს დაუსვამს იმ ტირანებს, რომლებიც რუსულ რეჟიმს აწარმოებენ, და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველოს არ ჰყავს უკანონო პატიმრები, რომ საქართველოში ადამიანებს არ კლავენ, რომ საქართველოში ბავშვები და მოხუცები შიმშილით არ კვდებიან, რომ საქართველოში ადამიანის ხმას არ ახშობენ. ჩვენ სტუდენტები ვაგრძელებთ ფოიეს დაკავებას და ვიქნებით იქამდე, სანამ ჩვენი და საზოგადოების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“.

თათია აფრიმაშვილი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტი:

„ჩვენ 16 იანვარს შევუერთდით სტუდენტების საერთო პროტესტს. საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს გაგვეკეთებინა, რადგან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი ერთ-ერთი პოლიტპატიმარია. პირველ რიგში, მისთვის სოლიდარობის გამოსახატად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ამ ბრძოლაში, რაშიც უკვე სამ თვეზე მეტია ვართ საზოგადოების დიდი ნაწილი, სტუდენტთა ბრძოლა უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ სტუდენტებზე დგას საქართველოს მომავალი. ჩვენ უნდა ჩავიბაროთ ეს ქვეყანა და ჩვენ უნდა ვიყოთ ის ადამიანები, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალზე უნდა იზრუნოს — ჩვენია ეს მომავალი და ჩვენი მომავალი წყდება დღეს. გაფიცული სტუდენტები მაქსიმალურად ვცდილობთ, შევუქმნათ დისკომფორტი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და რექტორს თავიანთი სამარცხვინო პოზიციის გამო. ვერ გეტყვით, რომ რთულია ეს ბრძოლა ჩვენთვის და აქ ყოფნა, რადგან ერთმანეთი გვყავს და ეს ძალიან გვამხნევებს და გვაძლიერებს“.

სტუდენტებთან საუბრისას ალბანელი პოეტის, მილიოშ გიერგის, ლექსის ბოლო სტროფი გამახსენდა, რომლის ინგლისური თარგმანი ასე ჟღერს:

Sing, youth! Sing your joyful song!

Laugh, youth, laugh! The world is yours.

სამწუხაროა, რომ იმის მაგივრად, ალბანელი პოეტის მსგავსად ახალგაზრდებს ჩვენც სიმღერისა და სიცილისკენ მოვუწოდებდეთ, მათ თავისუფლებისთვის ბრძოლის უდიდეს პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, თუმცა მათ გარეშე ამ ბრძოლის მოგება წარმოუდგენელია.

ასე რომ:

Fight, youth, fight! The world is yours.

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: DALL·E

♦ სტატია მომზადებულია New Democracy Fund-ის ფინანსური მხარდაჭერით

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

სტუდენტური პროტესტი — ახალგაზრდობის ხმა ცვლილებებისთვის

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია