Facebook Script

ანორგაზმია ქალებში — რა იწვევს ორგაზმის პრობლემას?

► შენიშვნა: სტატიის ფარგლებში მდედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანების აღსანიშნავად სიმარტივისთვის გამოვიყენებთ სიტყვებს „ქალი“ და „კაცი“. ეს ტერმინები გამოყენებული იქნება მხოლოდ ადამიანების დაბადებისას მინიჭებული (ბიოლოგიური) სქესის აღსანიშნავად, მამრობითი და მდედრობითი ანატომიის ერთმანეთისგან გასამიჯნად, და არა — გენდერული იდენტობის მნიშვნელობით. ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ გენდერული იდენტობების მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს.

ანორგაზმია (ინგლ. Anorgasmia) სამეცნიერო ტერმინია, რომელიც ორგაზმის მიღწევის უუნარობას ან ორგაზმის სიხშირისა და სიმძაფრის ნაკლებობას აღნიშნავს. სტატისტიკურად, ქალების 10-15%-ს ორგაზმი არასდროს გამოუცდია, ხოლო კაცებში ეს აშლილობა ნაკლებად იჩენს თავს.

ანორგაზმიის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც ორგაზმის მიღწევასთან დაკავშირებული ზემოთ აღნიშნული პრობლემები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში აწუხებს ქალს. ანორგაზმია შეიძლება იყოს როგორც კონკრეტულ პერიოდში გაჩენილი პრობლემა, ისე მთელი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში არსებული სამედიცინო დარღვევა.

ანორგაზმიის ტიპები

გამოყოფენ ანორგაზმიის რამდენიმე ტიპს:

  • მუდმივი — ამ შემთხვევაში ქალს ორგაზმი მთელი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გამოუცდია;

  • შეძენილი — ეს ტიპი მიემართება ახლად გაჩენილ ანორგაზმიას, როდესაც ქალი, მიუხედავად წარსულში ამ პრობლემის არქონისა, ორგაზმს ვეღარ განიცდის;

  • ზოგადი — როდესაც ქალს ორგაზმის მიღწევა ზომაზე მეტად უჭირს ყველანაირ გარემოში, ყველა პარტნიორთან და ნებისმიერი სახის ფიზიკური სტიმულაციის მიუხედავად;

  • სიტუაციური — წინა პუნქტის საპირისპირო ტიპი, როდესაც ქალს ორგაზმის განცდა მხოლოდ კონკრეტულ გარემოში და კონკრეტულ პარტნიორებთან არ გამოსდის.

ანორგაზმიის სიმპტომები ქალებში

ანორგაზმიის მთავარი სიმპტომი, როგორც უკვე აღინიშნა, ორგაზმის განცდის აბსოლუტური უუნარობა ან, უკეთეს შემთხვევაში, დაქვეითებული სიმძაფრე და ნაკლები სიხშირეა. 

საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ ვაგინალური პენეტრაცია („შეღწევა“) კლიტორის თავს პირდაპირ არ ასტიმულირებს, რაც ქალების უმეტესობისთვის სექსუალური სიამოვნების მიღების მთავარი გზაა, შესაბამისად, ქალების დიდ ნაწილს ორგაზმის მისაღწევად პენეტრაციული სექსი არ ჰყოფნის.

ანორგაზმიის სხვა შესაძლო სიმპტომებია:

  • შენელებული ორგაზმი;

  • ნაკლები სიმძაფრის ორგაზმი;

  • ორგაზმის საშუალოზე იშვიათად განცდა.

ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზები

გამომდინარე იქიდან, რომ ორგაზმი ძალიან კომპლექსური ფიზიოლოგიური პროცესია, იშვიათია, რომ ანორგაზმიას ერთი კონკრეტული დარღვევა იწვევდეს. ამ პრობლემის გაჩენა და გამწვავება ძალიან ბევრ სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და ბიოლოგიურ ფაქტორს შეუძლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სტრესი უარყოფითად აისახება ადამიანის ლიბიდოზე და, შესაბამისად, ორგაზმის ხარისხსა და სიხშირეზე.

ქალებში ანორგაზმიის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • სამედიცინო პრობლემები — ქრონიკულ (ან სხვა ნებისმიერი ტიპის) დაავადებებს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა აქვს, რაც საბოლოოდ სექსუალურ ცხოვრებაზეც შეიძლება აისახოს. ამ მიმართულებით ყველაზე საფრთხილო დაავადებებია: დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, ასევე გინეკოლოგიური პრობლემები ან ქირურგიული ჩარევები;

  • ფსიქოლოგიური პრობლემებისტრესი და შფოთვა ადამიანს საგრძნობლად უშლის ხელს მოდუნებაში, რაც სექსუალური სიამოვნებისთვის აუცილებელი წინაპირობაა;

  • პრობლემები ურთიერთობაში — მოუგვარებელი კონფლიქტები, ღალატი და უნდობლობა, ჩვეულებრივ, წყვილის სექსუალურ ცხოვრებაზეც აისახება და, შესაძლოა, ამან უფრო გაართულოს სექსუალური კავშირის დამყარება და სიამოვნების მიღება. გარდა ამისა, ანორგაზმიის მიზეზი შეიძლება გახდეს საკუთარ სექსუალურ სურვილებზე პარტნიორთან ღია კომუნიკაციის ნაკლებობაც;

  • ნივთიერებების მოხმარება — ალკოჰოლის, სიგარეტის და სხვა რეგულირებადი ნივთიერებების გადაჭარბებულმა მიღებამ, შესაძლოა, ორგაზმის მიღწევა და მის ხარისხი გაართულოს იმ შემთხვევაში, თუ სასქესო ორგანოს საკმარისი სისხლი არ მიეწოდება ან დარღვეულია მისი ნევროლოგიური ფუნქციონირება;

  • მედიკამენტების გვერდითი მოვლენები — არსებობს მედიკამენტები, რომელთა მიღებამაც, შესაძლოა, ლიბიდოს დაქვეითება ან/და ორგაზმის მიღწევის სირთულე გამოიწვიოს. ასეთ პრეპარატებს შორისაა ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური საშუალებები, არტერიული წნევის მარეგულირებლები და სხვა;

  • ასაკის მატება — ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებსაც ქალი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გადის, სრულიად შესაძლებელია, ანორგაზმიის მაპროვოცირებელი გახდეს. ანატომიურ და ჰორმონალურ ცვლილებებს, როგორებიცაა ორსულობა, მშობიარობა, ლაქტაციის პერიოდი, ქალის ორგაზმის ხარისხსა და სიხშირეზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს.

ანორგაზმიის დიაგნოსტირება

ანორგაზმიის დიაგნოზი, უმეტესწილად, პაციენტის შეფასებით/დაკვირვებით ისმება და არ არსებობს რაიმე კონკრეტული ლაბორატორიული ან ფსიქოლოგიური კვლევა. გამომდინარე იქიდან, რომ ორგაზმის განცდა საკმაოდ სუბიექტური გამოცდილებაა, მხოლოდ ამ ფორმით არის შესაძლებელი დადგინდეს პრობლემის სირთულე. თუმცა, სამედიცინო პროფესიონალს ან/და ფსიქოთერაპევტს შეუძლია, დაეხმაროს ქალს ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზების დადგენაში.

ანორგაზმიის მკურნალობა

ანორგაზმიის მკურნალობა მთლიანად პრობლემის სიმძაფრესა და გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. მკურნალობის პირველი და ლოგიკური ეტაპია ოჯახის ექიმთან ან პირდაპირ გინეკოლოგთან ვიზიტი. მიუხედავად იმისა, რომ ქალების უმრავლესობა უხერხულობასა და სირცხვილს განიცდის პირადი სექსუალური გამოწვევების გაზიარებისას, საჭიროა, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ სამედიცინო გარემოშია შესაძლებელი თქვენი პრობლემების საწყისის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის კურსის შედგენა.

► გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდხანს გადადებთ სამედიცინო კონსულტაციას, პრობლემა უფრო გამძაფრდება და, შესაბამისად, რთულად სამკურნალო გახდება.

კონსულტაცია, როგორც წესი, გინეკოლოგიურ შემოწმებას მოიცავს იმ ანატომიური პათოლოგიების გამოსარიცხად, რომლებმაც შეიძლება შეუშალოს ხელი ორგაზმის მიღწევას. ექიმმა შეიძლება ასევე მოითხოვოს დეტალური სამედიცინო ისტორია, რომლითაც პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მაპროვოცირებელი ფაქტორები, შესაძლოა, უფრო ნათელი გახდეს.

ორგაზმულ აშლილობაზე კონსულტაცია აუცილებლად გულისხმობს პირად სექსუალურ ისტორიაზე გულწრფელი პასუხების გაცემას, როგორებიცაა:

  • გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის სექსუალური ტრავმა;

  • გამოგიცდიათ თუ არა ოდესმე ორგაზმი;

  • როდის და როგორ გამოცადეთ ბოლო ორგაზმი;

  • პირველად როდის შეამჩნიეთ, რომ გიჭირთ ორგაზმის მიღწევა?

► გახსოვდეთ, რომ რეკომენდებულია, ჩამოწეროთ ყველა იმ მედიკამენტის სახელი და დოზა, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში მიგიღიათ.

მკურნალობის მეთოდები

ანორგაზმიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

  • ცხოვრების სტილის შეცვლა — კვების რაციონს, ფიზიკური აქტივობის ხარისხსა და სტრესის დონეს ადამიანის სექსუალურ ფუნქციონირებაზე დიდი გავლენა აქვს. ექიმმა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობის ამ ასპექტების გასაუმჯობესებლად საჭირო აქტივობების კეთება დაგავალოთ;

  • ფიზიკური თერაპია — თუ გამომწვევი ფაქტორი მენჯის არეში დაძაბულობა ან/და კუნთების სისუსტეა, ფიზიკური თერაპია, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს, არა მხოლოდ ანორგაზმიის მკურნალობისთვისაა სასარგებლო, არამედ სხვა ფიზიოლოგიური გართულებების თავიდან ასაცილებლადაც;

  • ესტროგენის თერაპია — ამ მეთოდს, როგორც წესი, ისეთ შემთხვევებში მიმართავენ, როდესაც ანორგაზმიის მთავარი გამომწვევი მიზეზი მენოპაუზაა. ესტროგენი ამცირებს მენოპაუზის სიმპტომებს და, შესაბამისად, აუმჯობესებს სხეულის სექსუალური რეაქციების პროცესს;

  • ტესტოსტერონის თერაპია — მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, ტესტოსტერონი გარკვეულ როლს ასრულებს ქალის ჯანსაღი სექსუალური ფუნქციონირებისათვის. ამ ტიპის თერაპიას შეუძლია ორგაზმის სიხშირისა და ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა მას თან ახლავს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა, აკნე, სხეულზე თმის ზრდის მოჭარბება და სხვა;

  • მედიკამენტების ცვლილება — საკმაოდ ბევრ წამალს შეუძლია სექსუალური ფუნქციონირებაზე ზემოქმედება. სამედიცინო ისტორიისა და გამომწვევი მიზეზების მიხედვით, ექიმი არჩევს პაციენტისათვის ყველაზე სწორ მედიკამენტს, რომლის პირობებშიც გვერდითი მოვლენები ნაკლებ სავარაუდოა;

  • ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მოგვარება — როგორც უკვე აღინიშნა, დიაბეტი, გაფანტულ სკლეროზი და გინეკოლოგიურ დაავადებები სექსუალური დისფუნქციის სიმპტომებსაც იწვევენ. შესაბამისად, ასეთ დროს, კომპლექსური და მრავალმხრივი მკურნალობის სტრატეგიის შედგენაა საჭირო.

როგორ გავუმკლავდეთ ანორგაზმიას?

თუ ანორგაზმიის ნიშნებს საკუთარ თავში ამჩნევთ, რა თქმა უნდა, საუკეთესო გზაა, რომ სამედიცინო პროფესიონალს მიმართოთ. ექიმთან მკურნალობის პარალელურად შეგიძლიათ საკუთარი ძალებითაც დაიწყოთ ამ პრობლემასთან გამკლავება:

  • სწორი კვება და რეგულარული ვარჯიში — სწორი და თანმიმდევრული რეჟიმი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეა მორგებული, ორგაზმის ხარისხსა და სიხშირეს ზრდის;

  • რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმებები — მენჯის კუნთოვან ქსოვილს ძალიან ბევრი ფაქტორი აზიანებს: ორსულობა, მშობიარობა, ქირურგიული ჩარევები, კუჭის შეკრულობისგან გამოწვეული ქსოვილის დაჭიმულობა, ქრონიკული ხველება და ა.შ. მენჯის რეგიონის მსგავსი დასუსტება კი ორგაზმის მიღწევას ართულებს. ხშირ და გეგმურ გინეკოლოგიურ გამოკვლევებს მსგავსი პრობლემების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა შეუძლია;

  • მენჯის ფსკერის კუნთების გამაგრება — იგივე „კეგელის ვარჯიშები“ სახლის პირობებშიც მარტივი გასაკეთებელია. ამ ვარჯიშებისთვის, პირველ ყოვლისა, უნდა იპოვოთ თქვენი მენჯის ფსკერის კუნთები — ამისთვის შეგიძლიათ სცადოთ მოშარდვის შუაში გაწყვეტა. როდესაც ამოიცნობთ, რომელი კუნთებით ხდება ეს, შეგიძლიათ იგივე ნებისმიერ სხვა დროსაც გაიმეოროთ ვარჯიშის მიზნით. სწრაფი და ეფექტური შედეგისთვის რეკომენდებულია, დღეში მინიმუმ სამჯერ გააკეთოთ ეს ვარჯიში, თითო ჯერზე ათი შეკუმშვით,;

  • სექსუალური თვითგამორკვევა — დააკვირდით, რა გსიამოვნებთ ყველაზე მეტად მასტურბაციისას. საკუთარი სურვილებში გამორკვევას ორგაზმის სიხშირესა და სიმძაფრეს  საგრძნობლად ზრდის.

როგორ მოვიქცე, თუ ჩემს პარტნიორს აქვს ანორგაზმია?

თუ თქვენი პარტნიორი ანორგაზმიისგან გამოწვეულ გართულებებს ებრძვის, ეს, შესაძლოა, ურთიერთობის ხარისხზეც აისახებოდეს. მსგავს სიტუაციაში უნდა გახსოვდეთ, რომ ეს პრობლემა არავის ბრალია და ისეთივე გაგებით უნდა შეხვდეთ, როგორითაც ნებისმიერ სხვა ურთიერთობაში გაჩენილ სირთულეს. ღია და მკაფიო კომუნიკაცია ერთმანეთის სურვილებზე, დანაკლისებსა და იმედებზე უმნიშვნელოვანესია მთელი მკურნალობის მანძილზე. 

პარტნიორის საჭიროებების გარდა, ისიც უნდა გაიაზროთ, რომ თქვენი მოთხოვნილებებისთვის ხაზის გასმა არაა ეგოისტური. მსგავსი საუბრები გაამარტივებს პრობლემის გადაჭრის ისეთი გზების პოვნას, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები და კომფორტულია. 

როგორც წესი, მსგავსი გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზა წყვილების თერაპიაა, რომლის პირობებშიც პარტნიორები ერთმანეთს უსმენენ და ერთობლივი ძალებით ცდილობენ სექსუალური პრობლემებისა და ურთიერთობაში გაჩენილი სხვა ტიპის დაძაბულობების აღმოფხვრას.

► გახსოვდეთ, რომ:

  • ამერიკელი ქალების 12%-ს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი სექსუალური პრობლემები აქვს, ხოლო ჯამში 40% იტყობინება სექსუალური ჯანმრთელობის პრობლემების ქონას;

  • ქალების 10-15% აცხადებს, რომ ორგაზმი არასდროს განუცდია;

  • მართალია, წყვილების თერაპია ყოველთვის ვერ აგვარებს ორგაზმის განცდასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ ის საგრძნობლად აუმჯობესებს პარტნიორების სექსუალურ კომუნიკაციასა და ურთიერთობას.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: მარიამ რაზმაძე

მთავარი სურათი: Marta Pucci / Blue Heart

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

სექსუალური დისფუნქციები

სექსუალური დისფუნქციები — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

რა სახის სექსუალური დისფუნქციები (დარღვევები) არსებობს, როდის უნდა მიმართოთ ექიმს და როგორ შეიძლება მათი მკურნალობა?

სექსუალური დარღვევები
ერექცია, დისფუნქცია, დარღვევა, კაცი, ქალი, სექსი, ორგაზმი, ადგომა, ereqcia, disfunqcia, dargveva, kaci, qali, partniori, პარტნიორი, seqsi, orgazmi, adgoma, პენისი, ასო

ერექციული დისფუნქცია — რა უნდა იცოდეთ თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობაზე

ერექციული დისფუნქცია — მისი სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, შესაძლო რისკ-ფაქტორები, ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის გავლენა და მკურნალობის გზები. როგორ დავეხმაროთ პარტნიორს ერექციული დისფუნქციის დაძლევაში?

სექსუალური დარღვევები
დისპარეუნია, ტკივილი, სექსი

ტკივილი სექსის დროს, ანუ დისპარეუნია — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

მტკივნეული პენეტრაცია, ანუ დისპარეუნია, არის მუდმივი ან განმეორებითი გენიტალური — სასქესო ორგანოს — ტკივილი, რომელიც სქესობრივ აქტამდე, მის დროს ან მის შემდეგ ხდება.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

ანორგაზმია ქალებში — რა იწვევს ორგაზმის პრობლემას?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია