ვაგინის სოკოვანი ინფექცია — იგივე კანდიდური ვულვოვაგინიტი, ვაგინალური კანდიდოზი ან კანდიდიაზი — საკმაოდ გავრცელებული ინფექციაა. ლაბორატორიებში შემოწმებული ვაგინალური გამონადენების 20%-ში გვხვდება სოკოვანი ინფექციები. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტი, როგორც წესი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
ვაგინის სოკოვანი ინფექციის სიმპტომებია: საშოსა და ვულვის გაღიზიანება, გამონადენი და ძლიერი ქავილი. ვაგინის სოკოვანი ინფექცია არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი), თუმცა სქესობრივი კავშირი შეიძლება იყოს ხელისშემწყობი ფაქტორი. ამიტომ, თუკი გაქვთ სოკოვანი ინფექცია, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რათა თავიდან აიცილოთ ამ ინფექციასთან დაკავშირებული შემდგომი გართულებები თუ დისკომფორტი.
► იხილეთ აგრეთვე: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) — რა უნდა ვიცოდეთ?
კარგი ამბავი ისაა, რომ მიუხედავად ვაგინის სოკოვანი ინფექციით გამოწვეული უსიამოვნებებისა, ის არ არის საშიში ინფექცია. ვაგინის სოკოვან ინფექციას იწვევს სხეულში ბუნებრივად არსებული საფუარი სოკოების რომელიმე შტამი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა Candida albicans — მიკროორგანიზმი, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემაში გვხვდება ზრდასრული ადამიანების 60%-ში. Candida albicans, როგორც წესი, ნაწლავებში ბინადრობს, თუმცა სხეულის სხვა ნაწილებშიც შეიძლება იყოს, მაგალითად, პირში, ხახაში, საყლაპავში, კანზე ან ვაგინაში. Candida albicans-ის მსგავსი მიკროორგანიზმი სასარგებლოც კია ჯანმრთელობისთვის, თუმცა გადაჭარბებული რაოდენობის არსებობის შემთხვევაში ის შეიძლება სხვა დაავადებების გამომწვევი გახდეს.
► მდედრობითი სქესის იმ ადამიანების 75%-ს, რომლებსაც ორგანიზმში აქვთ Candida albicans, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ერთხელ მაინც უვითარდებათ ვაგინის სოკოვანი ინფექცია.
ვაგინის სოკოვანი ინფექციის სიმპტომები
ვაგინის სოკოვანი ინფექციის სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე საკმაოდ მძიმე. ვაგინის სოკოვანი ინფექციის სიმპტომებს შორისაა:
-
ქავილი და გაღიზიანება ვაგინასა და ვულვაში
-
შეშუპება საშოს მიდამოებში
-
უსუნო, სქელი, კრემისებრი თეთრი გამონადენი
-
წვის შეგრძნება შარდვისას ან/და სექსის დროს
-
ვულვის სიწითლე და შეშუპება
ვაგინის სოკოვანი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია ქავილი, თუმცა თავისთავად ქავილი შეიძლება სხვა არაერთი დერმატოლოგიური დაავადებით იყოს გამოწვეული, როგორიცაა ფსორიაზი ან ეგზემა.
► როცა ვაგინალურ ქავილს თან ახლავს სქელი, უსუნო გამონადენი, სავარაუდოა, რომ ვაგინის სოკოვანი ინფექცია გაქვთ.
ვაგინის სოკოვანი ინფექცია არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი). მიუხედავად იმისა, რომ დაუცველმა სექსმა შეიძლება გაააქტიუროს ის, ეს ინფექცია თავისთავად არ არის სქესობრივი გზით გადამდები. თუ გაქვთ ვაგინის სოკოვანი ინფექცია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დააინფიცირებთ თქვენს პარტნიორს (ან პირიქით). იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ის სექსის დროს გადაეცეს, მაგრამ თუკი თქვენს პარტნიორს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, არ არის საჭირო მისი გამოკვლევა. თუმცა, თუკი სიმპტომები განვითარდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
► სოკოვანი ინფექციით მამრობითი სქესის ადამიანებიც შეიძლება დაინფიცირდნენ. პენისის სოკოვანი ინფექციის ადრეული ეტაპის სიმპტომებია: ქავილი, წვის შეგრძნება, წითელი გამონაყარი ან თეთრი ლაქები პენისზე. გარდა ამისა, ინფექციის დროს შეიძლება პენისის კანი იყოს უჩვეულოდ სველი და სქელი, ასევე ნაკეცებს შორის შეიძლება გაჩნდეს თეთრი ნივთიერება. სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ, როგორც წესი, სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივი გამოყენების მალამოები საკმარისია.
ვაგინის სოკოვანი ინფექციის გამომწვევი მიზეზები
ვაგინალური ფლორა ან ვაგინალური მიკრობიომი შედგება ბაქტერიებისგან, რომლებიც თავმოყრილია ვაგინაში. ჩვეულებრივ, როცა მიკრობიომი დაბალანსებულია, ბაქტერიები მჟავიანობის (pH) გზით იცავს საშოს ინფექციებისგან. თუმცა, ჭარბმა ვაგინალურმა მჟავიანობამ ან სხვა სახის ბალანსის დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ბაქტერიების ზრდა, რაც იწვევს ინფექციას.
ვაგინის სოკოვანი ინფექციის მქონე მდედრობით სქესის ადამიანების ორ მესამედში ინფექცია გამოწვეულია სწორედ ვაგინალური ფლორის ბუნებრივი ბალანსის დარღვევით. დანარჩენ მესამედში ინფექციის გამომწვევი მიზეზები გარეგანია — სქესობრივი კონტაქტი ან ინფიცირებულ ობიექტთან კონტაქტი.
წყარო: WomanLog
ვაგინის სოკოვანი ინფექციის რისკ-ფაქტორები
როდის ხდება საშიში ჩვენს ორგანიზმში არსებული ჩვეულებრივი უვნებელი მიკროორგანიზმები? ამ პროცესში ბევრი სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება მონაწილეობდეს. სოკოვანი ინფექციის მიზეზი შეიძლება იყოს, უბრალოდ, სტრესი ან ძილის ნაკლებობა, თუმცა შეიძლება იყოს უფრო სერიოზული მიზეზებიც, როგორებიცაა დიაბეტი ან ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება. გარდა ამისა, მენსტრუაციის ან ორსულობის დროს ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება უფრო მოწყვლადი გაგხადოთ სოკოვანი ინფექციის მიმართ.
► ორსულობის შემთხვევაში, თუკი ზემოჩამოთვლილ სიმპტომებს შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.
სხვა რისკ-ფაქტორებს შორისაა: საშოს მჟავიანობა, შაქრის მომატებული შემცველობა ვაგინალურ გამონადენში, ნაწლავების დაბინძურება, ასევე ხელოვნური, ჰაერგაუმტარი მასალისგან დამზადებული ტანსაცმლის ტარება და ქიმიური დარღვევები, რაც გამოწვეულია ანტიბაქტერიული საპნებითა და ქლორიანი საცურაო აუზებით სარგებლობით.
კიდევ ერთი რისკ-ფაქტორია ანტიბიოტიკების მიღება. მათი მიღება გვიწევს მავნე, დაავადებების გამომწვევი ბაქტერიებისგან თავის დასაღწევად, მაგრამ ისინი „კარგ“ ბაქტერიებსაც აზიანებენ, რაც საბოლოოდ იწვევს დისბალანსს არა მხოლოდ საშოს მიკრობიომში, არამედ საშარდე გზებშიც, სადაც ასევე ხშირია სოკოვანი ინფექციების გავრცელების შემთხვევები.
რა უნდა გააკეთოთ სოკოვანი ინფექციის არსებობის შემთხვევაში?
თუ ფიქრობთ, რომ სოკოვანი ინფექცია გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან მკურნალობა ინიშნება ინდივიდუალურად, სიმპტომების სიმძიმის გათვალისწინებით.
► არ მიიღოთ მორჩენილი ანტიბიოტიკები ან სხვისი მედიკამენტები იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სხვისთვის ისინი სასარგებლო იყო.
მორჩენილი ან სხვისი მედიკამენტების ტიპი და დოზა შეიძლება არ იყოს ის, რაც თქვენი მდგომარეობის სამკურნალოდ არის საჭირო და მათმა მიღებამ შეიძლება პირიქით გაზარდოს სოკოვანი ინფექციის რისკი.
ვაგინის სოკოვანი ინფექცია და მენსტრუაცია
თუკი სოკოვანი ინფექცია და მენსტრუაცია ერთდროულად გაქვთ, ეს შეიძლება ორმაგად შემაწუხებელი იყოს თქვენთვის. სამწუხაროდ, მსგავსი გამოცდილება ხშირია ვაგინის მქონე ადამიანებში. როგორც წესი, სოკოვანი ინფექცია მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებს განვითარებას. ამის ყველაზე ლოგიკური ახსნა ჰორმონალური ცვლილებებია, რადგან ისინი იწვევენ დისბალანსს საშოს მიკრობიომში.
► იხილეთ აგრეთვე: რა არის მენსტრუაცია? — ციკლის ეტაპები და საჭირო ჰიგიენური პროდუქტები
ვაგინალური ბაქტერიების დისბალანსი ხშირად გვხდება მოზარდებში, რადგან ჰორმონების დონე ჯერ კიდევ არ არის სტაბილური. სოკოვანი ინფექცია ასევე შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის დროს ჰორმონალურმა ცვლილებებმა.
► თინეიჯერ გოგოებს ხშირად აქვთ ვაგინის სოკოვანი ინფექციები, რადგან მათი ჰორმონები არ არის სტაბილური.
თუ მენსტრუაციამდე ცოტა ხნით ადრე შენიშნავთ მოთეთრო-მოყვითალო გამონადენს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სოკოვანი ინფექცია გაქვთ. ვაგინალური გამონადენი მენსტრუალური პერიოდების მიხედვით იცვლება და ყველა ადამიანში განსხვავებულია. გახსოვდეთ, ვაგინის სოკოვან ინფექციას თან ახლავს სხვა დამახასიათებელი სიმპტომები, როგორებიცაა სიწითლე, წვა და ქავილი.
ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და მკურნალობა დაგეხმარებათ, მენსტრუაციამდე განიკურნოთ სოკოვანი ინფექციისგან. თუკი მენსტრუაციის შემდეგაც შეგინარჩუნდათ სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
წყარო: WomanLog
ვაგინის სოკოვანი ინფექციის მკურნალობის გზები
ვაგინის სოკოვანი ინფექციის სიმპტომები შეიძლება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეშიც შემსუბუქდეს. უფრო რთული შემთხვევების მკურნალობას შეიძლება ორ კვირამდე დასჭირდეს.
ვაგინის სოკოვანი ინფექციის მკურნალობის ორი ძირითად მეთოდი არსებობს: სისტემური მკურნალობა ან სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების კურსი. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ხვდება სისხლში და აღწევს ლორწოვან გარსებში, სადაც ანადგურებს სოკოებს. თუმცა, მკურნალობა უნდა დაინიშნოს აუცილებლად ექიმის მიერ.
თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ვაგინალური ნაცხი ლაბორატორიული ანალიზისთვის, რათა დადგინდეს, რომელი მიკროორგანიზმია პასუხისმგებელი ინფექციაზე. ინფექციის გამომწვევი მიზეზის დაზუსტება მნიშვნელოვანია მკურნალობის სწორი მეთოდის ასარჩევად.
ხშირია ვაგინალური სუპოზიტორებით, იგივე ვაგინალური სანთლებით, მკურნალობის მეთოდი. არსებობს როგორც ერთჯერადი გამოყენების დოზა, ასევე რამდენიმედღიანი მკურნალობის კურსი. ორივე მათგანი ეფექტურია. ვაგინალური სანთელი კეთდება საშოში. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია მისი საღამოობით გაკეთება (მათ შორის მენსტრუაციის დროსაც) დღის განმავლობაში ჭარბი გამონადების თავიდან ასაცილებლად. ექიმმა ასევე შეიძლება გამოგიწეროთ მალამოს ან ლოსიონის წასმა კანსა და ლორწოვან გარსებზე.
ჩვეულებრივ, ვაგინალური სანთლები აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. თუმცა, სანამ მათ შეძენას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად გაქვთ ვაგინის სოკოვანი ინფექცია. თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუკი პირველად გაქვთ სოკოვანი ინფექცია ან ორსულად ხართ. გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, რათა დაზუსტებით გაიგოთ, რა არის სიწითლის ან გაღიზიანების მიზეზი.
► გაითვალისწინეთ, მკურნალობის პროცესში დაუცველი სექსი არ არის რეკომენდებული.
როგორ ავიცილოთ თავიდან ვაგინის სოკოვანი ინფექცია?
გენიტალური სოკოვანი ინფექცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანზე ახდენს გავლენას. სოკოვანმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები სექსუალურ ურთიერთობებში და გააუარესოს ცხოვრების ხარისხი. გარდა ამისა, სოკოვანი ინფექციის მკურნალობა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ჯერჯერობით არ არსებობს მკურნალობის ერთი კონკრეტული მეთოდი, რომელიც მდედრობითი სქესის ადამიანებს საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდონ ვაგინის სოკოვანი ინფექციები, თუმცა არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელთა გათვალისწინებაც მიზანშეწონილია რისკების შესამცირებლად:
-
ჰიგიენის დაცვა: არ გამოიყენოთ სურნელოვანი საპნები ან სპრეიები ვაგინის ჰიგიენის დასაცავად. ასევე, არ დაიბანოთ ზედმეტად ხშირად;
-
არ გამოიყენოთ ინტრავაგინალური გელები, არ ჩაიტაროთ საშოს დეზინფექცია, არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი. საშოს აქვს თვითწმენდის უნარი, ამიტომ ეს ყველაფერი ზედმეტია. დამატებითმა წმენდის საშუალებებმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს საშოს ბუნებრივ მიკროფლორაზე. ბუნებრივი ვაგინალური გამონადენი ინარჩუნებს საშოს სისუფთავეს;
► იხილეთ აგრეთვე: ვაგინალური გამონადენი — როდის და რატომ იცვლება ის?
-
ტანსაცმელი: მოერიდეთ ვიწრო ჯინსისა და სხვა მჭიდრო ტანსაცმლის ტარებას. ეცადეთ, გამოიყენოთ ბამბის საცვალი და გარეცხეთ ის 60 გრადუსზე — ეს ტემპერატურა კლავს ტანსაცმელზე დარჩენილ მიკროორგანიზმებს;
-
ქლორიან აუზში ცურვის შემდეგ დაიბანეთ გამდინარე წყლით და გამოიცვალეთ საცურაო კოსტიუმი;
-
სექსი: მოერიდეთ საშოს ნაზი ქსოვილების გაღიზიანებას. საჭიროების შემთხვევაში, სექსის დროს გამოიყენეთ ლუბრიკანტი საშოს კედლის ხახუნისგან დაზიანების თავიდან ასაცილებლად;
► იხილეთ აგრეთვე: ინტიმური ლუბრიკანტი — რა უნდა ვიცოდეთ?
-
კვება: მოერიდეთ ტკბილეულს, რადგან შაქარი სოკოს ზრდის საკმაოდ კარგი საფუძველია. სისხლში შაქრის მომატებული შემცველობის ან დიაბეტის მქონე მდედრობითი სქესის ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ სოკოვანი ინფექციები. შეეცადეთ, კვების რაციონში ჩართოთ პრობიოტიკები. ეს არის დამხმარე ბაქტერია, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სოკოს დონის ბალანსს. მნიშვნელოვანია ასევე ლაქტობაცილა, ბაქტერიის სახეობა, რომელიც ბინადრობს ჯანსაღ ნაწლავებსა და ვაგინალურ ფლორაში. ლაქტობაცილას ვხვდებით იოგურტსა და კეფირში;
► სოკოვანი ინფექცია შეიძლება შემაწუხებელი იყოს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და დროული მკურნალობით უსიამოვნო სიმპტომები შეიძლება რამდენიმე დღეში მკვეთრად შემცირდეს. თუკი შეამჩნევთ სიმპტომებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დროულად დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა.
გამოყენებული წყარო:
სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე
მთავარი სურათი: WomanLog
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით