Facebook Script

ვულვა, ანუ ქალის გარე სასქესო ორგანოები — რა უნდა ვიცოდეთ?

14 აპრილი, 2024 | ვაგინა და ვულვა

მდედრობითი სქესის ადამიანის ანატომიის გარე სასქესო ორგანოებს ერთად ვულვა ეწოდებათ. ის მოიცავს ბოქვენს, კლიტორს, დიდ სასქესო ბაგეებს (ე.წ. „ლაბია მაჟორას“) და მცირე სასქესო ბაგეებს (ე.წ. „ლაბია მინორას“). დიდი და მცირე ბაგეები იცავენ მდედრობითი სქესის ადამიანის სასქესო ორგანოებს, შარდსადენ მილს, საშოს კარიბჭესა და ვაგინას.

ვულვასთან დაკავშირებით შეიძლება თავი იჩინოს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემამ, როგორებიცაა ვულვის კიბო, ბაქტერიული და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

ამ სტატიაში განვიხილავთ ვულვის ანატომიასა და ფუნქციებს, ასევე ვისაუბრებთ ჯანმრთელობის იმ პრობლემებზე, რომლებსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ვულვაზე.

ვულვის ანატომია

ანატომიური გაგებით, ვულვა არის მდედრობითი სქესის ადამიანის გარე სასქესო ორგანოების აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი, რომელიც სხვადასხვა ორგანოს მოიცავს. ამ თავში მიმოვიხილავთ მასში შემავალ ანატომიურ ერთეულებს.

ბოქვენი

ბოქვენი მომრგვალო ფორმის ხორცის უბანია, რომელიც შედგება ცხიმოვანი ქსოვილისგან და მდებარეობს ბოქვენის ძვლის წინ. ის სქესობრივი მომწიფებიდან დაწყებული დაფარულია თმით. ბოქვენი ამცირებს ხახუნს სექსის დროს. ის ასევე შეიცავს ცხიმოვან ჯირკვლებს, რომლებიც გამოყოფენ ჰორმონებს, რომლებიც გარკვეულ როლს ასრულებენ სექსუალურ მიზიდულობაში.

დიდი სასქესო ბაგეები, ე.წ. „ლაბია მაჟორა“

„ლაბია მაჟორა“ (ინგლ. Labia Majora) საშოს შესასვლელის ორივე გვერდითა მხარეს არსებული გარე ბაგეებია. ისინი შედგება კანის ორი თვალსაჩინო ნაოჭისგან, რომლებიც ფარავენ რეპროდუქციული სისტემის სხვა ნაწილებს, ესენია:

  • მცირე სასქესო ბაგეები

  • კლიტორი

  • საშოს კარიბჭე

  • კარიბჭის ბოლქვები

  • ბართოლინის ჯირკვლები

  • კარიბჭის მცირე ჯირკვლები

  • შარდსადენი მილი

  • ვაგინა

მცირე სასქესო ბაგეები, ე.წ. „ლაბია მინორა“

მცირე სასქესო ბაგეები არის შიდა ბაგეები, რომლებიც დიდ სასქესო ბაგეებს შორისაა მოქცეული. „ლაბია მინორას“ (ინგლ. Labia Minora) უკანა ნაწილები ყოფს მას დიდი სასქესო ბაგეებისგან.

ისინი გლუვი და ვარდისფერია და ზომებში მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანებს შორის. ეს უბანი სისხლძარღვებითაა მდიდარი, რის გამოც მცირე სასქესო ბაგეებს მოვარდისფრო ფერი აქვს. სექსუალური აღგზნების დროს ეს სისხლძარღვები სისხლით ივსება, რის შედეგადაც მცირე სასქესო ბაგეები ზომაში იზრდება და ძალიან მგრძნობიარე ხდება.

კლიტორი

კლიტორი ვაგინის მქონე ადამიანების მნიშვნელოვანი სასქესო ორგანოა. კლიტორი შედგება კლიტორის თავისა და კლიტორის ჩუჩისგან, რომლებიც განლაგებულია ქსოვილზე, სახელად corpus cavernosum. გარედან მოჩანს მხოლოდ კლიტორის თავი, კლიტორის დანარჩენი ნაწილი კი, ღერო და ორი „ფესვი“ (სავნებოს ფეხები), სხეულის შიგნით, 12-13 სმ-ის სიგრძეზე იშლება.

კლიტორის თავი ძალიან ბევრ ნერვულ დაბოლოებას შეიცავს, რის გამოც ის გამორჩეულად მგრძნობიარე ეროგენული ზონაა. რეაგირებს შეხებით სტიმულაციაზე, რა დროსაც ის ზომაში იზრდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღგზნებასა და სიამოვნებაში.

კარიბჭის ბოლქვები

კარიბჭის ბოლქვები შედგება ერექტილური ქსოვილისგან. ეს ორი ბოლქვი მდებარეობს კლიტორის უკანა ნაწილთან ახლოს და სავნებოს ფეხების შუა ნაწილის გავლით მიემართება შარდსადენი მილისა და ვაგინისკენ.

საშოს კარიბჭე

საშოს კარიბჭე არის უბანი, რომელიც მცირე სასქესო ბაგეების შორის მდებარეობს. მისი ზედა ნაწილის დაბოლოება იწყება კლიტორის ქვემოთ და სრულდება დიდი სასქესოს ბაგის ნაკეცთან.

ეს გლუვი ზედაპირი შეიცავს როგორც შარდსადენის მილის, ისე ვაგინის (საშოს) შესასვლელს.

ბართოლინის ჯირკვლები

ბართოლინის ჯირკვლებს ზოგჯერ კარიბჭის დიდ ჯირკვლებს უწოდებენ. ისინი დაახლოებით ბარდის ზომისაა და საშოს წიაღის გვერდებზე მდებარეობს.

კარიბჭის მცირე ჯირკვლები

კარიბჭის მცირე ჯირკვლები მდებარეობს შარდსადენი მილის ორივე მხარეს.

შარდსადენი მილი

შარდსადენი მილი საშოს წიაღის ზემოთ მდებარეობს. მას აქვს მილის მსგავსი ფორმა, რომელიც შარდს შარდის ბუშტიდან გამოსვლის საშუალებას აძლევს.

ვაგინა

ვაგინა კუნთოვანი არხია, რომელიც დაფარულია ლორწოვანი მემბრანით და გადაჭიმულია ვულვიდან საშვილოსნომდე. ვაგინის (საშოს) წიაღი ნაწილობრივ დაფარულია საქალწულე აპკით (კანის თხელი გარსით). ვაგინის ზომა ცვალებადია. საშუალოდ მისი სიგრძე 7 სანტიმეტრია. ის აღგზნების დროს ზომაში იზრდება.

ვულვის ანატომიური ვარიაციები

მდედრობითი სქესის გარეთა ორგანოების ზომები და ფერები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ადამიანებს შორის. განსაკუთრებით ეს ეხება ბოქვენს, კლიტორს, დიდ და მცირე სასქესო ბაგეებსა და ვაგინის (საშოს) შესასვლელს.

განსხვავება განსაკუთრებით შეინიშნება დიდ და მცირე სასქესო ბაგეების ზომებში, ფერსა და სტრუქტურაში. ზოგ ადამიანში მათი ნაკეცები მეტად გამოკვეთილია, ზოგში კი — ნაკლებად. ასევე ხშირად განსხვავდება კლიტორისა და კლიტორის თავის ზომები: ზოგს უფრო დიდი აქვს, ზოგს — ნაკლებად.

ასეთი განსხვავებები დაკავშირებულია ესტროგენის აქტივობის რაოდენობასთან სქესობრივი მომწიფების პერიოდში. უფრო დიდი და სქელი ორგანოები ესტროგენის მომატებულ რაოდენობასთან ასოცირდება, თუმცა ეს განსხვავებები ამ ორგანოების ფუნქციონირებაზე გავლენას არ ახდენს.

თანდაყოლილი ვარიაციები

ზემოთქმული განსხვავებების გარდა, არსებობს ვულვის კიდევ უფრო იშვიათი თანდაყოლილი ვარიაციები, რომლებიც მოიცავს საშვილოსნოსა და საშოს ფიზიოლოგიურ განსხვავებულობას. გამოიყოფა ამ ვარიაციების ოთხი კლასი:

  • I კლასი: ეს არის სადინარების პათოლოგიური განვითარება საშვილოსნოსა და საშოში. ყველაზე გავრცელებულია მეიერ-როკიტანსკი-კუსტერ-ჰაუზერის სინდრომი, რომლის დროსაც საშვილოსნო, საშვილოსნოს ყელი და საშოს ზედა ნაწილი სათანადოდ არ ვითარდება;

  • II კლასი: ეს კლასი მოიცავს ვერტიკალური შერწყმის დარღვევებს, რომლებიც იწვევს საშვილოსნოს ყელის, აგრეთვე ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული განივი ვაგინალური ძგიდეების (კედლების) ანომალიურ განვითარებას. ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ვულვის ფუნქციონირებაზე;

  • III კლასი: ამ კლასის გვერდითი შერწყმის დარღვევები გულისხმობს ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც ვულვის ანატომიური მახასიათებლები გაორმაგებულია. ეს ხშირად იწვევს მრავლობითი საშვილოსნოს ჩამოყალიბებას, რაც შეიძლება იყოს ობსტრუქციული (გავლენას ახდენდეს ფუნქციაზე) ან არაობსტრუქციული;

  • IV კლასი: ეს კლასი აერთიანებს ზემოაღნიშნული დეფექტების კომბინაციებს.

ვულვის ფუნქციები

ვულვა, როგორც წესი, სექსუალურ ფუნქციებთან ასოცირდება, თუმცა მას სხვა არაერთი როლიც აქვს:

  • ვულვა მონაწილეობს შარდის გამოყოფაში. ვულვაში განთავსებულია შარდსადენი მილი, რომელსაც შარდის ბუშტიდან გამოაქვს შარდი;

  • ვულვა სქესობრივი აქტის მთავარი მოთამაშეა. აღგზნების დროს გარკვეულ ორგანოებს სისხლი აწვებათ, მათ შორის დიდ და მცირე სასქესო ბაგეებს, კლიტორსა და კარიბჭის ბოლქვებს. ეს ცვლის საშოს ფორმას, ასტიმულირებს სექსუალურ სიამოვნებასა და ზრდის ლუბრიკაციას (სისველეს, რომელიც ამცირებს ხახუნს) სქესობრივი აქტის დროს;

  • ვულვას აქვს ასევე რეპროდუქციული ფუნქცია. ფიზიოლოგიური ცვლილებები ხელს უწყობს ჩასახვის შანსებს ქალის ჰორმონების გამოყოფით, რომლებიც ერწყმის საშოში აღმოჩენილ სპერმას, რაც იძლევა კვერცხუჯრედის განაყოფიერების შესაძლებლობას;

  • მენსტრუაციის დროს შეიძლება შეიცვალოს ვულვის კანის სისქე. ვაგინის მქონე ზოგი ადამიანი განიცდის ვულვის ტკივილს, თუმცა ამის მიზეზი (და ფუნქცია) გაურკვეველი რჩება.

ვულვასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები

მრავალ დაავადებასა თუ ინფექციას შორის, რომლებიც გავლენას ახდენს ვულვაზე, ბევრია სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი), მათ შორის ქლამიდია, სიფილისი, ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) და სხვა.

ინფექციები

  • ქლამიდია (ქლამიდიოზი) ბაქტერიული ინფექციაა. ის შეიძლება განვითარდეს უსიმპტომოდ, მაგრამ ასევე შეიძლება თან სდევდეს გამონადენი, ტკივილი და ანთება შარდსადენ მილსა და საშვილოსნოს ყელში. მარტივად იკურნება ანტიბიოტიკებით. თუმცა, უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებში, რასაც, თავის მხრივ, შეიძლება მოჰყვეს უნაყოფობა.

  • გონორეა ასევე ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ხშირად თან სდევს ქლამიდიას და აქვს მსგავსი სიმპტომები (ხშირად უსიმპტომოცაა). უყურადღებობის შემთხვევაში, აქაც მაღალია მენჯის ანთებითი დაავადების რისკი. გონორეაც იკურნება ანტიბიოტიკებით.

  • სიფილისი არის მკრთალი ტრეპონემას (Treponema pallidum) ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია. შეიძლება სიმპტომები გვიან ეტაპზე გამოვლინდეს. მათ შორისაა ცხელება, გამონაყარი კანზე, წყლულები სასქესო ორგანოების მიდამოებში ან პირის ღრუში, გადიდებული ჯირკვლები კისრის, საზარდულის ან იღლიების მიდამოებში. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა, დემენცია, კუნთების მართვის პრობლემები და სიკვდილიც კი.

  • გენიტალური ჰერპესი ვირუსული ინფექციაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ვულვის დაზიანება. ის არ არის განკურნებადი, თუმცა მისი მართვა მარტივად შეიძლება.

  • ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) შესამჩნევად ვლინდება ყვავილოვანი კომბოსტოს ფორმის დაზიანებების — გენიტალური მეჭეჭების — სახით ვულვაზე ან სასქესო ორგანოების მიდამოებში. ისინი გამოწვეულია ვირუსული ინფექციით და, ჩვეულებრივ, თავისით ქრება, თუმცა პაპილომავირუსის ზოგიერთი ტიპი ქრონიკულია და ატარებს მაღალ რისკს იმისა, რომ ხელს შეუწყობს კიბოს განვითარებას. HPV-ის ასეთი ტიპები ხშირად უსიმპტომოა.

  • აივ/შიდსი. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) იწვევს შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომს (შიდსს), რომელიც თანდათანობით ანადგურებს იმუნურ სისტემას და ხასიათდება სხვა პირობითად პათოგენური (ოპორტუნისტული) ინფექციებით, რომელთაგან ბევრი გავლენას ახდენს ვულვაზე. აივ/შიდსი ბოლომდე არ იკურნება, თუმცა არსებობს მედიკამენტებით მკურნალობის გზები, რომლებიც აფერხებს მის პროგრესს.

  • B და C ჰეპატიტები ღვიძლის ვირუსული ინფექციებია, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ციროზი ან ღვიძლის კიბო. დღესდღეობით მხოლოდ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს. ამ ინფექციების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაუცველი სექსია.

  • საშარდე გზების ინფექცია (ინგლ. Urinary Tract Infection, ანუ UTI) საკმაოდ გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა. სიმპტომებს შორისაა: შარდვის ხშირი მოთხოვნილება, ტკივილი შარდვის დროს, მღვრიე შარდი და შარდის მძაფრი სუნი. საშარდე გზების ინფექცია, ჩვეულებრივ, გამოწვეულია ეშერიხია კოლის (E. coli) ბაქტერიით. ის მარტივად ექვემდებარება მკურნალობას.

  • ვაგინალური კანდიდოზი, იგივე ვაგინის სოკოვანი ინფექცია, არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს ქავილსა და ტკივილს ვაგინაში, ასევე ტკივილს სქესობრივი აქტის დროს, დისკომფორტს შარდვისას და არატიპურ გამონადენს საშოდან. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მარტივად ექვემდებარება მკურნალობას და არ მოჰყვება გართულებები, ზოგჯერ მაინც შეიძლება გადაიზარდოს უფრო რთულ ინფექციაში და განვითარდეს ბზარები კანზე, სისხლდენა და ანთება.

კანის დაავადებები

ვულვაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს კანის სხვადასხვა დაავადებას (დაზიანებას). გავრცელებულ სიმპტომებს შორისაა ვულვის ქავილი და ტკივილი.

  • სკლეროზული ლიქენი საკმაოდ არასასიამოვნო დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ვულვის ქრონიკული ქავილი. ნაკაწრებმა შეიძლება გამოიწვიოს ვულვის ქვედა ქსოვილების გასქელება (ლიქენიფიკაცია) ან კანის გათხელება. მისი მკურნალობა შეიძლება სტეროიდებით (ჰორმონები, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში ბუნებრივად);

  • ვულვიტი ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიით (ასევე ტრავმით ან ინფექციით). გავრცელებული სიმპტომებია: ვაგინალური გამონადენი, ანთება, ქავილი, წვის შეგრძნება, სიწითლე, შეშუპება და წყლულები ვულვაზე. მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია თავისუფალი ტანსაცმლის ტარება და/ან მჯდომარე აბაზანების მიღება დისკომფორტის შესამსუბუქებლად. გარდა ამისა, შეიძლება დაინიშნოს ადგილობრივი გამოყენების ესტროგენის შემცველი მალამო ან კორტიზონის მალამო;

  • ვულვის დერმატიტი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული, როგორიცაა სიცხე, ნესტი, კონტაქტური ალერგია ქსოვილებზე, მენსტრუალური მოვლის საშუალებებზე, პრეზერვატივებზე ან გამღიზიანებლებზე (მაგალითად, ვაგინალური გამონადენი). ამ ტიპის დერმატიტის სიმპტომები სხვა ალერგიების სიმპტომების მსგავსია და ხასიათდება ქავილითა და ანთებით;

  • ვულვის ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ვულვის ქავილი და მასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები და ვითარდება საშოს მქონე ადამიანების 5%-ში, განსაკუთრებით ბოქვენსა და დიდ სასქესო ბაგეებზე. მისი მკურნალობა ხდება ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით ან გართულების შემთხვევაში, ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა მეთოტრექსატი;

  • ბოქვენის ტილი სქესობრივი გზით გადამდები პარაზიტული ინფექციაა, რომელსაც პაწაწინა, კიბორჩხალას მსგავსი არსებები — ბოქვენის ტილები — იწვევს. ისინი, როგორც წესი, ბოქვენის მიდამოებში არიან. ხასიათდება ძლიერი ქავილით, სისხლის ლაქებით საცვლებზე და პატარა თეთრი ლაქებით ბოქვენის თმებში. მკურნალობა მოიცავს დაბანას სპეციალური საპნითა და სექსუალური აქტივობისგან თავის შეკავებას დაახლოებით 14 დღის განმავლობაში.

ვულვასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები

  • ბართოლინის ჯირკვლის კისტა და ჩირქგროვა — ზოგჯერ კისტა შეიძლება წარმოიქმნას ბართოლინის ჯირკვლებში, რაც გავლენას ახდენს მის უნარზე, გამოყოს საჭირო ჰორმონები. თუ კისტა ინფიცირებულია, ის შეიძლება გადაიზარდოს ჩირქგროვაში;

  • არაპერფორირებული (ერთიანი) საქალწულე აპკი — ეს არის საკმაოდ იშვიათი შემთხვევა, რომლის დროსაც საქალწულე აპკი არ ატარებს ნივთიერებებს. მენსტრუაციის დაწყების დროს ეს იწვევს სისხლისა და სხვა ნივთიერებების შეკავებას. როგორც წესი, მისი მკურნალობა გულისხმობს აპკის „გახვრეტას“;

  • ატროფიული ვულვოვაგინიტი ხასიათდება კანის და სხვა ცვლილებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ვულვაზე ესტროგენის დონის ცვლილების გამო. მკურნალობის პროცესში გამოიყენება ესტროგენის შემცველი მალამო;

  • ვულვის კიბო იშვიათი დაავადებაა. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა ბრტყელუჯრედოვანი კარცინომაა. ვულვის კიბოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) ან სკლეროზული ლიქენის გამწვავება.

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ვულვის სხვადასხვა დაავადება/ინფექცია განსხვავებულ სიმპტომებს იწვევს, თუმცა ზოგი სიმპტომი ბევრი მათგანისთვის საერთოა. მათ შორისაა:

  • ქავილი (ყველაზე გავრცელებული სიმპტომი);

  • ტკივილი სექსის დროს;

  • წვის შეგრძნება შარდვისას;

  • მოშარდვის სირთულე;

  • ნაწიბურები და კანის სხვა დაზიანებები;

  • სიცხე (ინფექციის განვითარებასთან ერთად).

► გაითვალისწინეთ, ადრეულ ეტაპზე ზოგ ადამიანს შეიძლება სიმპტომები არ გამოუვლინდეს.

რჩევები ვულვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

საშოს მქონე ადამიანებს შეუძლიათ გარკვეული ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ ვულვასთან დაკავშირებული დაავადებები და ინფექციები. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უსაფრთხო სექსი, რათა თავიდან აიცილოთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. გარდა ამისა:

  • აირჩიეთ ისეთი ქსოვილები, რომლებიც არ აღიზიანებს ვულვას (მაგალითად, ბამბა);

  • გამოიყენეთ პირადი ჰიგიენის ისეთი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც იწვევს ალერგიას;

  • ყურადღებით აარჩიეთ პრეზერვატივი, ასევე ტამპონები და მენსტრუაციის მოვლის სხვა საშუალებები;

  • მოერიდეთ ისეთი დასაბანი საშუალებების გამოყენებას, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს ვაგინალური ფლორა, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

ვულვის სკრინინგი და ანალიზები

ვულვის სკრინინგი და გამოკვლევა ქალის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს შედეგები, განსაკუთრებით სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და კიბოს შემთხვევაში.

იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი დაავადება უსიმპტომოდ იწყება, შეიძლება რთული იყოს მუდმივი კონტროლი. თუმცა, არსებობს სხვადასხვა ანალიზი/ტესტი: ბიოფსია (ვულვის კიბოს დასადგენად), ბნელი ველის მიკროსკოპია (სიფილისის დასადგენად), პაპილომავირუსის ანალიზი, ჰერპესის ანალიზი და შარდის ანალიზი.

ვულვა და ქალის გარე სასქესო ორგანოები, რომლებიც ქმნიან ქალის რეპროდუქციულ სისტემას, ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და შარდის ფუნქციონირებაში. რიგ დაავადებებსა და ინფექციებს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ვულვაზე, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებსა და ასაკთან დაკავშირებულ სტრუქტურულ ცვლილებებს (როგორიცაა მენოპაუზა).

► ყურადღება მიაქციეთ ქავილსა და ტკივილს ვულვის არეში და სხვა თანმდევ სიმპტომებს. თუკი რომელიმე მათგანი აღგენიშნებათ, უცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Injection / Alicia Lupieri

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით

მსგავსი სტატიები

ვაგინა, გამონადენი, ვაგინალური, ფერი, ცვლილება, მენსტრუაცია, საშო

ვაგინალური გამონადენი — როდის და რატომ იცვლება ის?

რა ფერის უნდა იყოს ჯანსაღი ვაგინალური გამონადენი? როგორ გავარჩიოთ ის სხვა ტიპის გამონადენებისგან და როდის მივმართოთ ექიმს?

ვაგინა და ვულვა
ქალი, გოგო, სხეული, რეპროდუქციული, ანატომია, სისტემა, ძუძუები, მკერდი, ვულვა, ვაგინა, საშვილოსნო, ყელი, საკვერცხე, ბოქვენი, კლიტორი, აპკი, ჯირკვლები, არეოლა, qali, gogo, sxeuli, reproduqciuli, anatomia, sistema, dzudzuebi, mkerdi, vulva, dzudzu, ძუძუ, vagina, საშო, sasho, sashvilosno, yeli, sakvercxe, boqveni, klitori, apki, jirkvlebi, areola

ქალის სხეული და რეპროდუქციული ანატომია — რა უნდა ვიცოდეთ?

რა შედის ქალის ანატომიაში? ვულვა (ბოქვენი, დიდი და მცირე სასქესო ბაგეები, კლიტორი, კლიტორის ჩუჩა, შარდსადენი, საშო (ვაგინა), საქალწულე აპკი და ბართოლინის ჯირკვლები. საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი, საკვერცხეები, პერინეუმი (შორისი). ძუძუები და მათი ანატომიური ერთეულები.

ჩემი სხეული
კლიტორი, klitori, სავნებო, savnebo, ქალი, სიამოვნება, ორგაზმი, სად, არის, sad aris, qali, siamovneba, orgazmi, მასტურბაცია, masturbacia, გოგო, gogo, ვაგინა, vagina

კლიტორი — ქალის სიამოვნების მთავარი წყარო

კლიტორი (სავნებო) ქალის ეროგენული ორგანოა, რომელიც სექსუალურ აღგზნებაში მონაწილეობას — კლიტორის ანატომია, მასტურბაცია და სიამოვნება

ვაგინა და ვულვა

გააზიარე სტატია

ვულვა, ანუ ქალის გარე სასქესო ორგანოები — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია