Facebook Script

პალესტინელი ქალები და ვერგამოგლოვილი სხეულები

08 მარტი, 2024 | საკითხავი

ფემეას გუნდს გვჯერა, რომ დღეს, 2024 წლის 8 მარტს, უადგილოა ყველა ბრძოლა, რომელიც პალესტინელი ქალების ენითაღუწერელი ჩაგვრის, დამცირების, ხოცვის და წამების ვერდანახვის ან არასაკმარისი სიმწვავით აღქმის პარალელურად ხდება.

ისრაელის ოკუპაციურმა და აპართეიდულმა მრავალწლიანმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქალებსა და სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებზე. 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე ისრაელის ომს ღაზაში 8900 ქალის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 4900 ქალი ჯერ კიდევ ნანგრევებსა და განადგურებულ ტერიტორიებში იძებნება. ამას ემატება დაზიანებები, რომლებიც ინტენსიური დაბომბვებითაა გამოწვეული.

ღაზაში ოქტომბრამდე 1.10 მილიონი ქალი აღირიცხებოდა, მთლიანი მოსახლეობის 49.3%, მათ შორის 546 000 რეპროდუქციულ ასაკში მყოფი (15-49) იყო. ყოველ საათში მინიმუმ ორი დედაა მოკლული, ყოველ 2 საათში საშუალოდ 7 დედას კლავენ მანამ, სანამ გენოციდური ომი გრძელდება.

ისტორიული ფონი

პალესტინელი ქალები მრავალი წელია კოლონიალისტურ რეჟიმში ცხოვრობენ, რომელსაც მათი სრულად გაქრობა აქვს მიზნად დასახული. ამის მიზეზი ისაა, რომ პალესტინელი ქალები არიან მტრები, რომლებიც მუცლით პალესტინის მომავალ თაობებს ატარებენ და შეუძლიათ მტკიცე წინააღმდეგობის გაწევა ოჯახის, როგორც პალესტინის საზოგადოების საბაზისო და ტრადიციული ერთობის შენარჩუნებით. შესაბამისად, ისინი უნდა გაქრნენ და მათი სხეულები უნდა შეუბღალოს. ამით კოლონიალისტური რეჟიმი ქმნის რასობრივი და სოციალური ძალადობის სისტემას გენდერისა და ფემინიზმის წინააღმდეგ.

► ეს სურვილი ნათლად იქნა დაფიქსირებული არიელ შარონის (ისრაელის გენერალი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი) განცხადებაში, სადაც ამბობს: „პალესტინელი ქალები და ბავშვები პალესტინელ კაცებზე ბევრად საშიშები არიან, რადგან ერთი ბავშვის არსებობაც კი მომდევნო რამდენიმე თაობის არსებობას ნიშნავს“.

ისრაელის გენოციდურ მიზნებს ამყარებს ისიც, რომ 1948 წელს დეირ იასინის ხოცვა-ჟლეტის დროს, ქალებს უფატრავდნენ მუცლებს ისევე, როგორც ეს მოხდა კაფრ ქასიმში განხორციელებული თავდასხმისას (1956 წ.), ზეთისხილის შემგროვებელი ქალების შემთხვევაში. ეს ქალებზე კოლონიალისტური ძალადობის მაგალითებია, რომელიც მათი ცხოვრების ყველა ასპექტს ეხებოდა დაკავებებით, მკვლელობებითა და მათი სოციალური და ეკონომიკური უფლებების აბსოლუტური უგულებელყოფით.

2007 წლის ივნისიდან, როცა ისრაელმა პირველად მოიყვანა სისრულეში ალყის პოლიტიკა და მიზანში სპეციფიკური გეოგრაფიული რეგიონი ამოიღო, ღაზაში მცხოვრები ქალები განსაკუთრებული განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი  ეკონომიკური და სოციალური ტვირთი უფრო დამძიმდა და სიღარიბე და უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ღაზაში მიმდინარე ადრეული ომების დროს 1000-ზე მეტი ქვრივი ქალი აღირიცხებოდა, ვისაც ოჯახის შენახვა და გადარჩენა ძალიან უჭირდა, მათი ქმრები კი ომს შეეწირნენ.

წყარო: Capiremov.org

ღაზელი ქალები გენოციდის პირისპირ

კოლონიალისტურ ომებში, რომელიც ნებისმიერი ტიპის წინააღმდეგობის პრევენციას ემსახურება, მიზანში, როგორც წესი სრული პოპულაცია და სოციალური სტრუქტურებია ამოღებული და ტერიტორიის ყველა წერტილი ბრძოლის ველადაა ქცეული. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრადიციულად უსაფრთხო სივრცეები, როგორიცაა დასახლებული პუნქტები, საავადმყოფოები და სკოლები ქალების სასაკლაოდ იქცევა. 

ომებში, რომლებიც წინააღმდეგობების გაქრობას ემსახურება, მიჩნეულია, რომ ქალების როლი მშვიდობიანობის ადვოკატირებაში განუზომელია, რადგან ისინი ნაკლებად მიდრეკილნი არიან ძალადობისკენ, მათი მეტად თანამგრძნობობისა და ტოლერანტულობის გამო მათთან დიალოგი მარტივდება, რაც ოკუპანტისთვის მისაღები „მშვიდობის“ ჩამოყალიბების პროცესს ხელს უწყობს. ეს, თავის მხრივ, ამარტივებს სოციალური სტრუქტურების დაყოფასა და მათში არეულობის შეტანას წინააღმდეგობის დროს.

ამ ტიპის კამპანიის დასაწყისში ისრაელის პოლიტიკა კაცების დაპატიმრება და ქალებისა და ბავშვების სრული იგნორირება იყო იმისათვის, რომ დაეკნინებინა მათი როლი და სიმტკიცე, ჩაერთო ისინი დიალოგებში, რომლებიც პალესტინელი ქალების წინააღმდეგობის მოძრაობისგან ჩამოშორებას ემსახურებოდა. ისრაელის სახელმწიფო ამას მანიპულაციის, იარაღით მუქარის ან შანტაჟის გზით აკეთებდა. ისრაელის საპოლიციო რეჟიმი უღებდა ფოტოებს და შემდეგ ამ ფოტოებით აშანტაჟებდა პალესტინელ ქალებს. ან უმტკიცებდა, რომ ისრაელის სახელმწიფო მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ქალებმა უარი თქვეს ისრაელის რეჟიმის მორჩილებაზე, რამაც შედეგად მათი მკვლელობები, მათი შვილების მოტაცებები, მათი ქმრებისა და ოჯახის წევრების დახოცვა გამოიწვია. ეს განსაკუთრებით ეხება ჩრდილოეთ ღაზასა და მის დღემდე არსებულ პოპულაციას, ვინც რჩებიან წინააღმდეგობის სახედ და უარს ამბობენ იძულებითი გამოსახლების სქემებში მონაწილეობაზე, რომელსაც ისრაელის ოკუპაციური რეჟიმი მათ მიმართ ახორციელებს. 

2023 წლის ოქტომბერში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდგომ ისრაელის სახელმწიფომ მიზანში ამოიღო სრულიად ღაზა. ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო მსხვერპლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. სამინისტროს იანვრის სტატისტიკის მიხედვით, მსხვერპლთა (ითვლებიან მოკლულებიც და დაჭრილებიც) 70% ქალები და ბავშვები არიან, მიზანმიმართულად შერჩეულნი თავიანთ სახლებში და თავის შესაფარებელ სხვა წერტილებში (საავადმყოფო, სკოლა).

► ჟურნალისტ მაჰა აბულ კასის განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩემს სახლთან ახლოს მდებარე საცხოვრებლები დაიბომბა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რის შედეგადაც მე და ჩემი ოჯახის წევრები დავშავდით. ჩემი პრესის ჟილეტი და ჩაფხუტი ნანგრევებში ჩაიმარხა. ამის შემდეგ მაინც ავდექი და გავაგრძელე ჟურნალისტური საქმიანობა“.

ევრო მედ მონიტორის მიხედვით, ქალები, რომელთა ნაწილი ხანდაზმული იყო, ერთად შეკრიბეს და დახვრიტეს ჩრდილოეთ ღაზაზე სნაიპერის იერიშის მიტანითა დასახლების დაცხრილვის გზით.

პირდაპირი მოწმე ადასტურებს, რომ ისრაელელმა სნაიპერმა მიზანში ამოიღო ქალი, რომელიც სახლში საჭმელს ამზადებდა იამუკის უბანში.

ქალი ამბობს: „სახლში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ეს შედარებით უსაფრთხო სივრცე იყო. სახურავზეც კი არ ავსულვარ, რომ ცეცხლი დამენთო და საჭმელი ისე მომემზადებინა, სნაიპერებისა და დაბომბვების შიშით. ამის მიუხედავად, მათ განზრახ ამომიღეს მიზანში მაშინ, როცა მაგიდაზე გადასაფარებელს ვაფარებდი, რომ ჩემი შვილებისთვის სადილი გამეწყო“. იმავენაირად, ქალი იქნა მიზანში ამოღებული ტანკის ჭურვით მაშინ, როცა ის ალ-დარაჯის უბანს ტოვებდა ცენტრალურ ღაზაში, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ჭურვი დაეცა ალ-იუვას სკოლას. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

წყარო: Euromedmonitor.org

ამ ტიპის ომები არ შემოიფარგლება მიზანში მხოლოდ სხეულების ამოღებით, ის ასევე მიზანში იღებს „საზოგადოების კონტურებს“, რათა მოიცვას სოციალური ურთიერთობები და ტრადიციული სოციალური სტრუქტურები, ე.წ. „ნათესაობრივი კავშირები“.

► ისრაელის მიმდინარე ომმა ღაზაში უამრავი ქალი ქვრივად და ობლად აქცია. პროექტში „ქალების ხმა ღაზიდან“ მიცემულ ჩვენებაში დუ ა ბადავი ამბობს: „ჩვენ ვცხოვრობთ ისე, რომ ყველას ვინც გიყვარს კლავენ ერთი მეორეს მიყოლებით, ან თავად შენ ხარ გამქრალი დედამიწიდან შენი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. ბოლოს შეიძლება გადარჩე ნახევარი სხეულით, ნახევარი სულით, ნახევარი გულით“.

ამ ყველაფრის გამო ქალები ახალი სოციალური როლების წინაშე აღმოჩნდნენ: ოჯახისა და ბავშვების მარჩენლები, დამცველები და გამომკვებავები გარემოებებში, სადაც ეს განსაკუთრებით რთული და ხშირად შეუძლებელია.

საზოგადოდ მიღებულია, რომ ომისგან გახლეჩილ საზოგადოებებში ქალები პირველები იტანჯებიან და ამის მიუხედავად, მათგან მაქსიმალური სიმშვიდეა მოთხოვნილი, ოჯახის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

► ამასთან დაკავშირებით მაჰა აბულ კათი ამბობს: „შიში და ტერორი, რომელსაც ჩვენ და ჩვენი შვილები გამოვცდით აბსოლუტურად არანორმალურია იმ ხარისხში, რომ ჩვენ აღარ გამოგვდის ჩვენი შვილებისთვის თავის მოჩვენება, თითქოს არ გვეშინია და მშვიდად ვართ იმიტომ, რომ ეს შემთხვევა განსხვავებულია“.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალების დიდი რიცხვია, ვინც ამ ტიპის ვალდებულებებს ასრულებენ იმის ფონზე, რომ დაშავებულნი არიან ან შვილი ან ოჯახის სხვა წევრი ჰყავთ დაკარგული ომში. ეს კარგად გამოჩნდა ინტერვიუში ქალთან, რომელიც ჩრდილოეთ ღაზაში დარჩა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი მოკლეს.

ის ამბობს: „საშუალო ხარისხის დამწვრობა მივიღე ხელზე, როცა მეზობლის სახლს ჭურვი დაეცა და ჩემი ქმარი შეიწირა. მაგრამ მიუხედავად ამისა, იძულებული ვარ ვიდგე წყლის რიგში და წყალი სახლამდე მოვიტანო ჩემი ოთხი შვილისთვის“. ჟურნალისტ სამარ აბულ ავფისთვის მიცემულ ჩვენებაში სხვა ქალი ამბობს: „შეშინებული მივედი ნაჭერგადაფარებულ სხეულთან, გადავხადე ნაჭერი, ვიცანი და ვთქვი: „შენ ხარ ჩემი პირველი ბედნიერება და უფროსი შვილი. შენი პირიდან გავიგონე პირველად სიტყვა „დედა!” გპირდები, რომ ისე გავზრდი შენს შვილებს, როგორც შენ გაგზარდე“.

ქალები და ევაკუაციის სივრცეები

საოკუპაციო რეჟიმმა ათასობით ქალი და გოგო განდევნა თავიანთი სახლებიდან და აიძულა, გაევლოთ დაახლოებით 22 კილომეტრი ინტენსიურ დაბომბვებში სამხრეთ ღაზას მიმართულებით. ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც ისრაელის არმია ირწმუნებოდა, რომ უსაფრთხო იყო. ამ საევაკუაციო სივრცეებში ქალები არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. მათ უწევთ მედიკამენტების მიღება, რათა ხელოვნურად შეიწყვიტონ მენსტრუაცია, ჰიგიენის პროდუქტების არარსებობის გამო. ამან უარყოფითად იმოქმედა მათ ჯანმრთელობაზე და გამოიწვია სხეულებრივი ტკივილი. 

მათი სხეულები და მათი გენდერი ისრაელის პირდაპირ და სისტემურ სამიზნედ იქცა გენოციდისა და დევნის კოლონიალისტური ლოგიკის ფარგლებში. ეს დადასტურდა სამი დისგან, რომლებმაც თავშესაფარი ითხოვეს დაირ ალ ბალას რეგიონში, სადაც არ მოიპოვებოდა არავითარი სანიტარული პროდუქტი. მათი დედა იძულებული იყო, მიეცა შვილებისთვის ხალიჩების ნაგლეჯები, რომელსაც წყალში და მცირეოდენ სარეცხ საშუალებებში რეცხავდნენ და განმეორებითად იყენებდნენ მენსტრუაციის დროს.

წყარო: Aljazeera

პალესტინელი ქალების მძიმე გამოცდილებები ამით არ შემოიფარგლება. ორსული ქალები განსაკუთრებით მძიმე პირობებში მშობიარობენ, ანესთეზიისა და ღირსეული ჯანდაცვისა და სტერილიზაციის გარეშე. ქალი, რომელიც იძულებული იყო, რომ ალყაში მოქცეული კამალ უდვანის საავადმყოფოს კორიდორში ემშობიარა, თავის ჩვენებაში ამბობს: ვმშობიარობდი და პარალელურად მესმოდა ტყვიებისა და ჭურვების ხმა საავადმყოფოს ყოველი კუთხიდან. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე ან ჩემი შვილი გადავრჩებოდით. ჩემი შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი ისრაელის ტანკებით სავსე ჯაბალიას ქუჩებში, ჩრდილოეთ ღაზაში და ეს მოხდა მშობიარობიდან ორ საათში, როცა ისრაელის არმიამ იერიში საავადმყოფოზე მიიტანა. 

► Facebook პოსტში ალია ალ-ხალიდი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ 20 დღის წინ გავაჩინე ჩემი პირველი შვილი, დღემდე არ მომცემია საშუალება, რომ ვაბანაო და მის სისუფთავეზე ვიზრუნო. ბავშვი ზუსტად იგივე კონდიციაშია, როგორშიც დაბადების მომენტში იყო და მე ვერ პოულობ ერთ ადგილსაც კი, სადაც მის დასაბანად წყალი მექნება, რომ მოვაშორო ის, რაც მიკრული აქვს სხეულზე, გაჩენის წამიდან.“

წყარო: Aljazeera

როდესაც ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა სამხრეთ ღაზაში მდებარე ნასერის საავადმყოფოზე, ქაოსმა სრულად გააჩერა საავადმყოფოს ფუნქციონირება. ჯარისკაცები აიძულებდნენ ქალებსა და ბავშვებს, დაეტოვებინათ სამშობიარო ბლოკი, როგორც ამას იუწყება „ექიმები საზღვრების გარეშე.“

საავადმყოფოში შეჭრამ ხაზი გაუსვა იმ მძიმე რეალობას, რომელიც ორსული პალესტინელი ქალების და ახალშობილების ირგვლივ არსებობს. „ექიმები საზღვრების გარეშე“ აღწერენ ისრაელის ქმედებებს, როგორც „არაადამიანური სამშობიარო პირობების“ შექმნას. 

ჰუმანიტარული ჯგუფები ამბობენ, რომ ამ ტიპის პირობები მშობიარობისა და ორსულობისთვის აძლიერებს ისრაელის წინააღმდეგ არგუმენტს, რომ ეს ომი გენოციდურია. 

ოქტომბერში ისრაელის მილიტარისტული ქმედებების დაწყებისთანავე, საერთაშორისო დახმარების ორგანიზაციებმა დაიწყეს საუბარი გაზრდილ რისკებზე ორსული ადამიანებისა და ბავშვებისთვის. შეტევიდან ერთი კვირის თავზე საერთაშორისო „დაგეგმილი მშობლობის ფედერაციამ (International Planned Parenthood Federation)“ განაცხადა, რომ 1.1 მილიონ პალესტინელს შორის, რომლებსაც ჩრდილოეთ ღაზიდან ევაკუაცია აიძულეს 19,000 ორსული ქალი იყო. ნოემბერში, როიტერსმა გააშუქა, რომ საკეისრო კვეთა ანესთეზიის გარეშე ხორციელდებოდა და იუნისეფი აცხადებდა, რომ ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა გააჩინონ მკვდრადშობილი ბავშვები, რაც მათ სეფსისის რისკის წინაშე აყენებს. 

თვეების შემდეგ, ისეთი ფაქტორების კომბინაციამ, როგორიცაა სამედიცინო სერვისების ნაკლებობა, მალნუტრიცია, მწვავე სტრესი და ფიზიკური ზიანი, შედეგად მოიტანა მუცლის მოშლის 300%-იანი ზრდა ღაზის სექტორში. 

„სპეციალური ქმედებები, პროკრეაციის (გამრავლების) პრევენციისთვის“ მოხსენიებულია „გენოციდის დანაშაულის პრევენცია და დასჯა (1948)“ დოკუმენტში. დოკუმენტი გენოციდს განმარტავს, როგორც ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის სრულ ან ნაწილობრივ  განადგურებას”, მათ შორის, „ისეთი გარემოებების შექმნას, რომლებიც ხელს უშლიან შობადობას ამ ჯგუფში“.

„ნუტრიციის გლობალური კლასტერის“ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 6-23 თვის ბავშვების 90% და ორსული ან მეძუძური ქალები მიიღებენ ორ ან უფრო ნაკლები ჯგუფის საკვებს დღეში. ხელმისაწვდომი საკვების უმეტესობა დაბალი კვებითი ღირებულებისაა. ამასთან ერთად, ოჯახების 81% არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე. რაც დაავადებების სწრაფად და მძიმე ფორმებით გავრცელებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით, ბავშვებში. 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვების მინიმუმ 90% დაავადებულია სულ მცირე ერთი ინფექციური დაავადებით და 70% ჰქონია დიარეა ბოლო ორ კვირაში, გამოკითხვაში მონაწილეობამდე. 

წყარო: Bostonglobe.com

ისრაელის ბოლოდროინდელი ქმედებების ეფექტის გაზომვა რთულია, რადგან ნუტრიცია ღაზის სექტორში ოქტომბრამდეც არაადეკვატური იყო. საკვებზე წვდომის შეზღუდვა ისრაელის ოკუპაციის რეგულარული მექანიზმია. 2012 წელს მსოფლიომ გაიგო, რომ ისრაელის მთავრობა იყენებდა კალორიების თვლის მეთოდს იმპორტირებულ საკვებზე. ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფი „გიშა“ ამბობს, რომ ისრაელი ღაზაში საკვების იმპორტის დონეს მინიმუმზე ინარჩუნებდა, შიმშილობაზე ოდნავ მაღლა. 2023 წლამდე, წლების განმავლობაში რეგიონი იყო მნიშვნელოვნად დამოკიდებული საერთაშორისო დახმარებაზე. ღაზაში მცხოვრებთა 70%-ზე მეტი საკვების უკმარისობას განიცდიდა, ბლოკადებისა და დაბომბვების შედეგად განადგურებული აგროკულტურული არეალების გამო.

განდევნისა და სიკვდილის გზაზე

ქალების დიდი რაოდენობა დააკავეს და ბრუტალურად ეპყრობოდნენ მაშინ, როცა სალაჰ ალ-დინის ქუჩას მიუყვებოდნენ სამხრეთისკენ. ისინი გააჩერეს ნეცარიმის საკონტროლო პუნქტთან და აიძულეს, ღრმა თხრილში გაეტარებინათ მრავალი საათი, იარაღის მუქარის ქვეშ. ეს დადასტურებულია ექიმისგან, რომელიც ისრაელის ჯარისკაცებმა იხმეს და გააჩერეს, როცა საკონტროლო პუნქტს კვეთდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალმა არაერთხელ უთხრა, რომ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი იყო ალყაში მყოფი ალ ნასრის ბავშვთა საავადმყოფოში და დოკუმენტირებულად დაუმტკიცა ეს, ისრაელის არმიის წარმომადგენელმა დააპატიმრა მისი ოჯახის წევრების თვალწინ და აიძულა ღრმა და ბინძურ თხრილში ჩასულიყო. პარალელურად კი მოკვლითა და მისი სხეულის დანაწევრებით ემუქრებოდა.

ზოგიერთ ქალს აიძულეს, დაეტოვებინა მისი ოჯახი ჩრდილოეთ ღაზის ალყაშემორტყმულ ტერიტორიაზე, რაც მათთან კონტაქტის სრულად გაწყვეტას ნიშნავდა. ეს განსაკუთრებით ხშირია განქორწინებული ქალების შემთხვევაში, ვისი შვილებიც ყოფილ ქმრებთან ცხოვრობენ. ამ საკითხზე ალა ალ-ქატრავიმ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რათა რაიმე გაეგო მის სამ შვილზე, რომლებიც ალყაშემორტყმულ ხან იუნისში ცხოვრობდნენ, მათი მამა კი დააპატიმრეს: „ყველაზე დიდი ბოროტება ამ ომში ისაა, რომ დედამ დაკარგოს მისი ყველა დედობრივი ინსტინქტი, არ შეეძლოს გაიგოს, სად არიან მისი შვილები, მათ დაცვაზე საუბარიც ზედმეტია“.

„დაკავებულთა საკითხების დეპარტამენტის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ოქტომბრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე ისრაელის საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა 142 ქალი სხვადასხვა ბანაკებსა და ციხეებში, მათ შორის დამონსა და ჰაშარონში. მათ შორის იყვნენ ბავშვები, მეძუძური დედები, ხანდაზმულები. ზოგიერთი მათგანი აიძულეს, მიეტოვებინათ მათი შვილები შუა ქუჩაში, ან დაეტოვებინათ სრულიად უცხო ადამიანებისთვის. ბევრი მათგანი გაძარცვეს და წაართვეს ყველაფერი ღირებული, მათ შორის ტანსაცმელი და თეთრეული. ზოგიერთი ქალი დააკავეს ან მოკლეს იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდა მისი შვილის მოტაცებას ისრაელის ჯარისკაცებისგან.

ამ მონაცემებმა აჩვენა, რომ პალესტინელი ხალხის გენოციდმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქალებზე, რომლებიც პალესტინის ახალ თაობებს აჩენენ ან ზრდიან და ამით ცენტრალურ როლს თამაშობენ პალესტინისთვის ბრძოლაში. ამ პროცესმა სხვადასხვა როლი მისცა პალესტინელ ქალს: მსხვერპლის, წინააღმდეგობის ფიგურის და დედის, რომელიც ცდილობს მოიხელთოს გადარჩენისთვის აუცილებელი საჭიროებები, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიფოსგან გამოყენებულია, როგორც იარაღი პალესტინელების წინააღმდეგ ღაზაში.

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

პალესტინელი ქალები და ვერგამოგლოვილი სხეულები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია