მამრობითი და მდედრობითი სქესის ადამიანების ძუძუს ანატომია მცირედით განსხვავდება ერთმანეთისგან. მდედრობითი სქესის ძუძუს აქვს რძის სადინარები და ჯირკვლოვანი ქსოვილი, რომელიც ხელს უწყობს ძუძუთი კვებას. ძუძუსთავს, როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის ადამიანების შემთხვევაში, აქვს ბევრი ნერვული დაბოლოება, რის გამოც ძუძუსთავი ბევრისთვის არის ეროგენული ზონა. ნებისმიერი სქესისა და გენდერის ადამიანს შეიძლება დაუდგინდეს ძუძუს კიბო, თუმცა ქალის ანატომიის მქონე ადამიანებში ამის რისკი უფრო მაღალია.
► შენიშვნა: სტატიის ფარგლებში მდედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანების აღსანიშნავად სიმარტივისთვის გამოვიყენებთ სიტყვებს „ქალი“ და „კაცი“. ეს ტერმინები გამოყენებული იქნება მხოლოდ ადამიანების დაბადებისას მინიჭებული (ბიოლოგიური) სქესის აღსანიშნავად, მამრობითი და მდედრობითი ანატომიის ერთმანეთისგან გასამიჯნად, და არა — გენდერული იდენტობის მნიშვნელობით. ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ გენდერული იდენტობების მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს.
ძუძუ ქალისა და კაცის სქესობრივი ანატომიის ნაწილია. ქალებისთვის ძუძუს აქვს როგორც ფუნქციური (ძუძუთი კვება), ასევე სექსუალური (სიამოვნების მომტანი) დანიშნულება. კაცებისთვის მკერდს არ აქვს ფიზიოლოგიური ფუნქცია, თუმცა აქვს სექსუალური.
ძუძუს ანატომიის ხილული ნაწილებია: ძუძუსთავი და არეოლა (წრე ძუძუსთავის გარშემო). ადამიანთა უმრავლესობა ორი ძუძუთი იბადება.
რომელი სამი ფენისგან შედგება ქალის ძუძუ?
ქალებში ძუძუს ქსოვილის სამი განსხვავებული ტიპი გვხვდება:
-
ჯირკვლოვანი ქსოვილი — ჯირკვლები გამოიმუშავებს რძეს ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს;
-
შემაერთებელი ან ბოჭკოვანი ქსოვილი — იჭერს და აფიქსირებს ჯირკვლოვან და ცხიმოვან ქსოვილებს;
-
ცხიმოვანი ქსოვილი — ავსებს ჯირკვლოვან და შემაერთებელ ქსოვილებს შორის არსებულ უბნებს და განსაზღვრავს მკერდის ზომას.
კაცებს აქვთ გინეკომასტიის ჯირკვლოვანი ქსოვილი და ცხიმოვანი ქსოვილი. მათი ჯირკვლოვანი ქსოვილი შეიცავს განუვითარებელ რძის სადინარებს.
როგორია ძუძუს აგებულება?
ძუძუ რამდენიმე ნაწილისგან შედგება:
-
ცხიმოვანი ქსოვილი: ძუძუ ძირითადად შედგება ცხიმოვანი ქსოვილისგან. ის ვრცელდება ლავიწიდან მკლავებამდე და მკერდის გასწვრივ;
-
წილები: თითოეულ ძუძუს აქვს 15-იდან 20-მდე წილი, ანუ განყოფილება, რომელც გარს აკრავს ძუძუს;
-
ჯირკვლოვანი ქსოვილი (ლობულები): ქსოვილის ამ მცირე ნაწილებს, რომლებიც გვხვდება ლობებში, ბოლოში აქვთ პაწაწინა ბოლქვისებრი ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებენ რძეს;
-
რძის სადინარები: ეს პატარა მილები, ანუ სადინარები, ატარებენ რძეს ჯირკვლოვანი ქსოვილიდან (ლობულებიდან) ძუძუსკენ;
-
ძუძუსთავი: ძუძუსთავი არეოლას ცენტრში მდებარეობს. თითოეულ ძუძუსთავს აქვს დაახლოებით ცხრა რძის სადინარი და ასობით ნერვი;
-
არეოლა: არეოლა არის ძუძუსთავის გარშემო არსებულ მუქი ფერის კანის წრიული უბანი. არეოლას აქვს ჯირკვლები, რომლებსაც მონტგომერის ჯირკვლებს უწოდებენ და რომლებიც გამოყოფენ ლუბრიკაციულ ზეთს. ეს ზეთი იცავს ძუძუს და გარშემო კანს ლაქებისგან ძუძუთი კვების დროს;
-
სისხლძარღვები: მათში ხდება სისხლის მიმოქცევა ძუძუსა და მთელ სხეულში;
-
ლიმფური ძარღვები: ისინი ლიმფური სისტემის ნაწილია, რომლებსაც სისხლში გადააქვთ ლიმფა (მოყვითალო სითხე), რომელიც სხეულის იმუნურ სისტემას ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება. ლიმფური ძარღვები უერთდება ლიმფურ კვანძებს, რომლებიც გვხვდება იღლიის ქვეშ, გულმკერდსა და სხვა ადგილებში;
-
ლიმფური კვანძები: მცირე ზომის წარმონაქმნებია, რომლებიც განლაგებულია ლიმფური ძარღვების გასწვრივ. ლიმფურ კვანძში მოხვედრილ ნებისმიერ პათოგენს ანადგურებს კვანძში არსებული ლიმფოციტები. ლიმფური კვანძები ხელს უწყობენ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას;
-
ნერვები: ძუძუსთავს ასობით ნერვული დაბოლოება აქვს, რაც მათ უკიდურესად მგრძნობიარეს ხდის შეხების მიმართ.
როგორია კაცის ძუძუს აგებულება?
კაცებში სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰორმონი ტესტოსტერონი, როგორც წესი, აჩერებს ძუძუს განვითარებას. გარეგნულად კაცებსაც აქვთ ძუძუსთავები და არეოლები. შინაგანად მათ აქვთ განუვითარებელი რძის სადინარები და არ აქვთ ჯირკვლის ქსოვილი. მამრობითი სქესის ადამიანებში სარძევე ჯირკვლის პრობლემებს შორის შეიძლება იყოს გინეკომასტია, რომელიც იწვევს სარძევე ჯირკვლების გადიდებას და ძალიან იშვიათად, ძუძუს კიბოს.
რა არის ძუძუს ფიზიოლოგიური ფუნქციები?
ქალის ჰორმონები — კერძოდ, ესტროგენი, პროგესტერონი და პროლაქტინი — მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ძუძუს განვითარებასა და ფუნქციონირებაში. ძუძუს მთავარი როლი რძის გამომუშავებაა.
-
ესტროგენი ჭიმავს რძის სადინარებს და ეხმარება მათ, შექმნან გვერდითი ტოტები მეტი რძის გადასატანად;
-
პროლაქტინი ხელს უწყობს პროგესტერონის გამომუშავებას და ამზადებს ჯირკვლებს რძის წარმოებისთვის;
-
პროგესტერონი ზრდის ლობულების რაოდენობას და ზომას ძუძუთი კვებისათვის მომზადებისას. ეს ჰორმონი ასევე ზრდის სისხლძარღვებს და სარძევე ჯირკვლებს ოვულაციის შემდეგ;
-
ოქსიტოცინი ხელს უწყობს რძის გამოყოფას (ან გამოდევნას).
ძუძუსთან დაკავშირებული დაავადებები
სარძევე ჯირკვლის კიბო ნომერ პირველი საფრთხეა ძუძუს ჯანმრთელობისთვის. დაახლოებით, ცამეტი ქალიდან ერთს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც უსვამენ ძუძუს კიბოს დიაგნოზს.
► იხილეთ აგრეთვე: ძუძუს კიბო — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა
სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე ხშირია 40 წლის ასაკს გადაცილებულ ადამიანებში და ასაკის ზრდასთან ერთად მისი რისკიც იზრდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებში ძუძუს კიბო იშვიათად გვხვდება, ამ დროს მისი დადგენა საკმაოდ გვიან სტადიაზე ხდება, ამიტომ ხშირად უფრო მძიმე შედეგებით სრულდება.
► მსგავსი რისკების თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
ძუძუს კიბოს რისკის გაზრდის გამომწვევ ფაქტორებს შორისაა: ძუძუს კიბოს, საკვერცხის კიბოს ან სხვა სამედიცინო ოჯახური ისტორია; გენური მუტაციები; მენსტრუაციის ადრეულ ასაკში დაწყება; ესტროგენისა და პროგესტინის გამოყენება მენოპაუზის ჰორმონალური თერაპიისთვის; ალკოჰოლი; სიგარეტის მოწევა.
თუმცა, ყველა ცვლილება არ არის ძუძუს კიბოს მანიშნებელი. ცვლილებები შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემებისა და დაავადებების გამო:
-
სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი (არასიმსივნური) დაავადება;
-
სარძევე ჯირკვლის კისტა;
-
ძუძუს სიმსივნეები;
-
მასტალგია — ტკივილი სარძევე ჯირკვლის მიდამოში, რომელიც გამოიხატება ძუძუს მგრძნობელობის მომატებით, წვისა და დაჭიმულობის შეგრძნებით;
-
გამონაყარი ძუძუზე;
-
ფიბროკისტოზური ცვლილებები — ფიბროკისტოზის დროს კეთილთვისებიანი, თუმცა პათოლოგიური ცვლილებები ვრცელდება როგორც ჯირკვლოვან, ასევე შემაერთებელ ქსოვილზე. ამასთანავე, ეს ცვლილებები შეიძლება როგორც ერთ, ისე ორივე ძუძუში განვითარდეს;
-
სარძევე სადინარის ექტაზია — სარძევე სადინარის ექტაზია ხდება, როცა ძუძუსთავთან მდებარე სადინარი ფართოვდება, მისი კედლები სქელდება და ივსება სითხით. სარძევე სადინარი შეიძლება დაიხშოს და განვითარდეს წებოვანი, სქელი საცობი;
-
მასტიტი — სარძევე ჯირკვლის ანთება, რომელიც ხშირად ქალებს მშობიარობის შემდეგ ემართებათ;
-
გამონადენი ძუძუდან;
-
სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა — სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე;
-
რადიალური ნაწიბურები — ვარსკვლავისებური ანომალია ძუძუს ქსოვილში. ისინი კეთილთვისებიანი (არასიმსივნური) ცვლილებებია, რომლებიც, ჩვეულებრივ, გამოწვეულია ასაკის მატებით;
-
მიკროკალციფიკაციები — კალციუმის მარილების ლაქები, რომლებიც მკერდის რენტგენზე (მამოგრამაზე) ჩანს თეთრი ლაქების სახით. ეს პაწაწინა ლაქები შეიძლება მიმოფანტული იყოს მკერდის ქსოვილში ან დაგროვდეს ერთად. მიკროკალციფიკაციების უმეტესობა არ არის საშიში.
-
სადინარის კარცინომა (DCIS) — არაინვაზიური კიბო. DCIS-ის დროს კიბოს უჯრედები შემოიფარგლება სარძევე ჯირკვლის სადინარებით და არ იჭრება მკერდის მიმდებარე ქსოვილში.
-
ლობულური კარცინომა (LCIS) — არაინვაზიური კიბო, რომელიც იზრდება თქვენი მკერდის რძის წარმომქმნელ ჯირკვლებში. DCIS-ის მსგავსად, კიბოს უჯრედები არ იჭრება მიმდებარე ქსოვილში.
ძუძუს რეგულარული შემოწმება
მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ გამოიყურება ჩვეულებრივ თქვენი ძუძუები გარეგნულად, და ასევე დააკვირდეთ თქვენს შეგრძნებებს. ასე უფრო მარტივად შეამჩნევთ უჩვეულო ცვლილებებს.
-
გამოიყენეთ სარკე, რათა გაეცნოთ თქვენი ძუძუს ფორმასა და გარეგნულ მახასიათებლებს. დააკვირდით ძუძუსთან დაკავშირებულ შეგრძნებებს თვის სხვადასხვა დროს. ამის გაკეთება შეიძლება უფრო კომფორტული იყოს შხაპის მიღებისას, ლოგინში ან ჩაცმის დროს;
-
ეცადეთ, შეიგრძნოთ ყველა დეტალი — ლავიწიდან დაწყებული ძუძუსა და იღლიის ქვეშ არსებული ზონებით დამთავრებული;
-
შეამოწმეთ როგორც ზედაპირულად, ასევე რაც შეიძლება სიღრმისეულად.
► ძუძუს შემოწმება სასურველია ნებისმიერ ასაკში, თუმცა ეს უფრო მნიშვნელოვანი ხდება ასაკის მატებასთან ერთად, რადგან ძუძუს კიბოს რისკი ასაკთან ერთად იზრდება.
რა უნდა ეძებოთ ძუძუს შემოწმების დროს:
-
კვანძები (სიმაგრეები) ძუძუსა და იღლიის ქვეშ;
-
ცვლილებები ძუძუს კანზე — ჩაღრმავება, ნაოჭები ან სიწითლე;
-
ძუძუსთავის ცვლილებები — ხომ არ არის გარეგნული ცვლილება ან უჩვეულო გამონადენი;
-
ხომ არ არის ძუძუზე ან მასთან ახლოს კანის რომელიმე ნაწილი სხვებისგან განსხვავებული;
-
უჩვეულო ტკივილი.
► თუ მსგავს ცვლილებებს (თუნდაც ერთ-ერთ მათგანს) შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ცხადია, ეს ცვლილებები ყოველთვის არ არის საშიში ან სარძევე ჯირკვლის კიბოს მანიშნებელი, მაგრამ უმჯობესია, თუკი ამას ექიმი დაზუსტებით გეტყვით და ასევე გაარკვევთ, თუ რა არის ამ ცვლილებების გამომწვევი მიზეზი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ძუძუს კიბოს სკრინინგი?
მნიშვნელოვანია, რომ ძუძუს კიბოს თავიდან ასაცილებლად ან დროულად გასაგებად რეგულარულად შეამოწმოთ ის, ანუ გაიკეთოთ ე.წ. ძუძუს კიბოს სკრინინგი, რომელსაც ასევე უწოდებენ მამოგრაფიას.
სკრინინგის დროს ეკრანზე ჩანს ისეთი მცირე ცვლილებებიც, რომელთა დანახვა ან ხელით შეგრძნება შეუძლებელია. ამას ზოგჯერ ძუძუს კიბოს ადრეულ აღმოჩენას უწოდებენ. მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება, როდესაც ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენთ.
როგორც წესი, 50-74 წლის ასაკში ძუძუს კიბოს სკრინინგი საჭიროა ორ წელიწადში ერთხელ. თუმცა, პირადმა ექიმმა, შესაძლოა, უფრო რეგულარულადაც მოგთხოვთ ამის გაკეთება შესაბამისი მიზეზის არსებობის შემთხვევაში.
► თუ თქვენს ბიოლოგიურ ოჯახში ვინმეს დაუდგინდა ძუძუს კიბოს ან საკვერცხის კიბოს დიაგნოზი 50 წლამდე, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს გენეტიკური ტესტირების ან ადრეული მამოგრაფიული სკრინინგის ჩასატარებლად.
გამოყენებული წყაროები:
სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე
მთავარი სურათი: HelloClue
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით