Facebook Script

საშვილოსნოს ყელის კიბო — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

18 აპრილი, 2024 | საშვილოსნო

საშვილოსნოს ყელის კიბო, როგორც წესი, გვხვდება 30 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის პაპილომავირუსია (HPV), რომელიც სქესობრივი გზით გადაიცემა.

სქესობრივად აქტიურ ადამიანთა ნახევარზე მეტი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ერთხელ მაინც ინფიცირდება ადამიანის პაპილომავირუსით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საშვილოსნოს ყელის მქონე ყველა ადამიანს, რომელსაც ადამიანის პაპილომავირუსი შეხვდება, აუცილებლად განუვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო. კიბოს ეს სახეობა ნელ-ნელა ვითარდება, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული სკრინინგი.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ადრეულ სტადიაზე შეიძლება კონკრეტული სიმპტომები არ აღგენიშნოთ ან ვერ შეამჩნიოთ ისინი. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები, გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი და სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული სიმპტომები/ნიშნები

საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე, როგორც წესი, არ ახასიათებს სიმპტომები, მაგრამ მათი არსებობის შემთხვევაში, შეიძლება აღგენიშნოთ შემდეგი:

  • ვაგინალური სისხლდენა სექსის შემდეგ

  • პოსტმენოპაუზალური ვაგინალური სისხლდენა

  • მენსტრუაციებს შორის სისხლდენა ან პათოლოგიური მენსტრუაციები, როცა მენსტრუალური სისხლდენა იმაზე ჭარბი ან ხანგრძლივია, ვიდრე ჩვეულებრივ

  • თხელი (წყლიანი) ვაგინალური გამონადენი

  • ტკივილი მენჯის ღრუს არეში

  • ტკივილი სექსის დროს

სიმპტომები საშვილოსნოს კიბოს გავრცელების შემდეგ

კიბოს გავრცელების შემდეგ სიმპტომები, როგორც წესი, აშკარა ხდება. მათ შორისაა:

  • მტკივნეული კუჭში გასვლა ან/და რექტალური სისხლდენა

  • ტკივილი ან სხვა პრობლემები შარდვისას ან/და სისხლი შარდვის დროს

  • დაღლილობა

  • მუცლის ტკივილი

  • ყრუ ტკივილი ზურგის არეში

  • ფეხების შეშუპება

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზები

საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) მაღალი რისკის შემცველი შტამებით დაინფიცირებით. სქესობრივად აქტიური ადამიანების უმეტესობა ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ერთხელ მაინც ინფიცირდება ადამიანის პაპილომავირუსით, რომელთა დაახლოებით ნახევრის შტამი მაღალი რისკის შემცველია. HPV16 და HPV18 არის ორი ყველაზე გავრცელებული შტამი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უმეტესობას.

ძირითადად, იმუნური სისტემა ასუფთავებს სხეულს ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციისგან. იმ შემთხვევაში, როცა ინფექცია არ არის კონტროლირებადი ან სხეული მისგან არ არის გასუფთავებული, ის აქტიური რჩება თქვენს უჯრედებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები. ამ ცვლილებებმა, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო.

საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკ-ფაქტორები

ადამიანის პაპილომავირუსის გარდა, არის სხვა რისკ-ფაქტორებიც, რომლებიც ზრდის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს. მათ შორისაა:

საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები ან სკრინინგის ტესტი აჩვენებს მისი არსებობის შესაძლებლობას, თქვენი გინეკოლოგი/ექიმი მოგთხოვთ რამდენიმე ტესტის გაკეთებას. სამედიცინო ისტორიასთან, მენჯის ღრუსა და რექტოვაგინალურ გამოკვლევებთან ერთად, შეიძლება დაგჭირდეთ შემდეგი ტესტები:

  • კოლპოსკოპია: ამ პროცედურის დროს საშვილოსნოს ყელში უჯრედული ცვლილებების მოსაძებნად და ნიმუშების შესაგროვებლად გამოიყენება განათებული გამადიდებელი ხელსაწყო (კოლპოსკოპი);

  • ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშების შეგროვება ლაბორატორიაში გამოსაკვლევად): ეს პროცედურები მოიცავს მარყუჟის ელექტროქირურგიულ ამოკვეთის პროცედურას (LEEP) ან კონუსურ ბიოფსიას;

  • ვიზუალიზაციის ტესტები: მსგავსი ტესტები გამოიყენება კიბოს გავრცელების ნიშნების მოსაძებნად. მათ შორისაა: გულმკერდის რენტგენი, პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფია (PET) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI);

  • ლაბორატორიული ტესტები, როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი;

  • ცისტოსკოპია: ცისტოსკოპი არის თხელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მილი, ნათურითა და კამერით.   შარდსადენის  საშუალებით მოწყობილობა შეჰყავთ შარდის ბუშტში, რათა სპეციალისტმა შარდის ბუშტის მდგომარეობა შიგნიდან დაათვალიეროს;

  • სიგმოიდოსკოპია: თხელი კამერიანი მილი შეჰყავთ ანუსში სწორი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ბოლო მესამედის შესამოწმებლად.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ტიპები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოყოფს საშვილოსნოს ყელის კიბოს ორ ძირითად ტიპს — ბრტყელუჯრედოვან და ჯირკვლოვან კიბოს (ადენოკარცინომა):

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 90%-მდე ბრტყელუჯრედოვანია, რომელიც ვითარდება ეგზოცერვიქსის უჯრედებიდან; ეს სიმსივნეები, ჩვეულებრივ, იწყება იქ, სადაც ექტოცერვიქსი (საშვილოსნოს ყელის ნაწილი, რომელიც იხსნება საშოში) უერთდება ენდოცერვიქსს (საშვილოსნოს ყელის ნაწილი, რომელიც იხსნება საშვილოსნოში). ამ ადგილს ტრანსფორმაციის ზონა ეწოდება;

  • ჯირკვლოვანი კიბო (ადენოკარცინომა) იწყება ჯირკვლის უჯრედებში; ენდოცერვიქსში არსებული ეს უჯრედები წარმოქმნიან ლორწოს;

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს იშვიათი სახეობაა შერეული კიბოები, რომლებსაც ორივე ზემოჩამოთვლილი ტიპის მახასიათებლები აქვს. მათ ასევე ადენოსკვამურ კარცინომას უწოდებენ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების სტადიები

კიბოს განვითარების სტადიები აჩვენებს, თუ რამდენადაა გავრცელებული კიბო ადამიანის სხეულში. კიბოს განვითარების სტადიებზე დაკვირვება გვეხმარება მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში. გამოყოფენ საშვილოსნოს ყელის კიბოს რამდენიმე სტადიას:

  • პირველ სტადიაზე სიმსივნური წარმონაქმნები განლაგებულია საშვილოსნოს ყელის ფარგლებში. თავად ეს სტადია იყოფა IA და IB სტადიებად იმის მიხედვით, თუ რამდენად ღრმადაა გავრცელებული კიბო;

  • მეორე სტადიაზე სიმსივნური წარმონაქმნები ცდება საშვილოსნოს ყელს. ის ვრცელდება საშოს ზედა ორ მესამედში ან საშოს გარშემო ქსოვილებში. სიმსივნის ზომისა და კიბოს გავრცელების მიხედვით, მეორე სტადიაც იყოფა ქვესტადიებად;

  • მესამე სტადიაზე კიბო ვრცელდება საშოს ქვედა მესამედში და/ან მენჯის ღრუს კედლის მიდამოებში და მან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების პრობლემები ან/და გავრცელდეს ლიმფურ კვანძებში. გავრცელების მასშტაბის მიხედვით, ეს სტადიაც იყოფა რამდენიმე ქვესტადიად;

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს მეოთხე სტადია ყველაზე მძიმეა. ამ სტადიაზე სიმსივნე გადის მეზობელ ორგანოებში — შარდის ბუშტში, ღვიძლში. პაციენტებს უვითარდებათ მეტასტაზები საშვილოსნოს ყელის მოშორებით მდებარე ორგანოებსა და სისტემებში. ის იყოფა ორ ქვესტადიად იმის მიხედვით, თუ სად არის გავრცელებული კიბო.

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ სტადიაზეა კიბო და როგორია მისი გავრცელების არეალი. შეიძლება მკურნალობის რამდენიმე მეთოდის გაერთიანება იყოს ყველაზე სასარგებლო.

ქირურგიული მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის კიბოს ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს ოპერაციის ჩატარებას, რომლის დროსაც პაციენტებს კვეთენ კიბოს ქსოვილს, საშვილოსნოს ყელის ნაწილს, საშვილოსნოს ყელს ან ზოგ შემთხვევაში, მთლიან საშვილოსნოსაც. ქირურგიული მკურნალობის გზებია:

  • კონიზაცია (ცივი დანით): საშვილოსნოს ყელზე სიმსივნური ქსოვილის ამოკვეთა ცივი დანის გამოყენებით. სრულდება საავადმყოფოში ზოგადი ანესთეზიის ქვეშ;

  • სენტინელური ლიმფური კვანძების ბიოფსია: მთავარ სიმსივნესთან ახლოს მდებარე ლიმფური კვანძის ამოკვეთა კიბოს გავრცელების შესამოწმებლად;

  • ჰისტერექტომია: საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის ამოკვეთა;

  • რადიკალური ტრაქელექტომია: საშვილოსნოსა და საშოს ზედა ნაწილის ამოკვეთა;

  • ორმხრივი სალპინგო-ოოფორექტომია: ფალოპის მილებისა და საკვერცხეების ამოკვეთა;

  • მენჯის ღრუს ორგანოების ეგზენტერაცია: საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, შარდის ბუშტის, საშოს, სწორი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ნაწილის ამოკვეთა.

რადიოთერაპია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სხივური თერაპია გამოიყენება კიბოს უჯრედების მოსაკლავად. ის შეიძლება ჩატარდეს შინაგანად (ბრაქითერაპია), რა დროსაც  რადიაციული წყარო შეიძლება მოთავდეს პირდაპირ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში, ანუ შიგნით სიმსივნეში, ან გარედან დასხივებით, სპეციალური აპარატის მეშვეობით. რადიოთერაპიამ შეიძლება ასევე შეამსუბუქოს ტკივილი და შეამციროს სიმსივნეების ზომა.

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპია არის ერთობლიობა იმ პრეპარატებისა, რომლებიც ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას. ის ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია ან თუ ტარდება კომბინირებული მკურნალობა კიბოს გვიანდელ სტადიებზე. საშვილოსნოს ყელის კიბოს სამკურნალო ტიპური ქიმიოთერაპიული პრეპარატებია:

  • პლატინოლი (ცისპლატინი)

  • პარაპლატინი (კარბოპლატინი)

  • გემზარი (გემციტაბინი)

  • იფექსი (იფოსფამიდი)

  • კამპტოსარი (ირინოტეკანი)

  • ტაქსოლი (პაკლიტაქსელი)

  • ჰიკამტინი (ტოპოტეკანი)

  • ნაველბინი (ვინორელბინი)

მიზნობრივი თერაპია

მიზნობრივი თერაპიის დროს გამოიყენება ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლის გარკვეული ფერმენტების, ცილებისა და სხვა ფაქტორების არსებობას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კიბოს გავრცელების პროცესში. საშვილოსნოს ყელის კიბოს სამკურნალოდ მიზნობრივი თერაპიის დროს გამოიყენება:

  • ავასტინი (ბევაციზუმაბი)

  • ტივდაკი (ტიზოტუმაბ ვედოტინი)

მოქმედებს თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბო ფერტილურობაზე?

საშვილოსნოს ყელის კიბოს ნაყოფიერებაზე გავლენა დამოკიდებულია იმაზე, თუ მკურნალობის რა მეთოდი არის გამოყენებული. მაგალითად, როცა ჰისტერექტომიის ან მენჯის ღრუს ორგანოების ამოკვეთის მეთოდები ინიშნება, რომლის დროსაც საშვილოსნოს კვეთენ, დაორსულების შესაძლებლობა პაციენტს აღარ აქვს. თუმცა, იმ შემთხვევებში, როცა საშვილოსნოს ყელის ნაწილი და საშვილოსნო ნარჩუნდება, დაორსულება სავსებით შესაძლებელია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის გზები

მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სრული პრევენციის ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს, არის გარკვეული ნაბიჯები, რომელიც კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად შეგვიძლია გადავდგათ:

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიებზე გამოსავლენად, როცა მისი მკურნალობა ყველაზე მარტივია, საუკეთესო საშუალებაა რეგულარული სკრინინგი. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი მოიცავს პაპ-ტესტსა და ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ტესტს. ისინი შეგიძლიათ გაიკეთოთ ერთად ან დამოუკიდებლად მენჯის ღრუს გამოკვლევის დროს.

პაპ-ტესტი ეძებს კიბოსწინარე უჯრედებს. პაპ-ტესტის დროს უჯრედებს იღებენ საშვილოსნოს ყელიდან, რათა შეამოწმონ, ხომ არ შეინიშნება რამე სახის ანომალია. HPV ტესტი ეძებს ვირუსს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნორმალური უჯრედების კიბოსწინარე უჯრედებად გადაგვარება. HPV ტესტი საშვილოსნოს ყელის უჯრედებით ამოწმებს მაღალი რისკის შემცველ შტამებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო.

რეკომენდაციები საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის

  • 21-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის რეკომენდებულია პაპ-ტესტის გაკეთება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ;

  • 30-65 წლის ასაკის ადამიანებისთვის რეკომენდებულია სკრინინგის სამი მეთოდიდან ერთ-ერთი:

    • პაპ-ტესტი — სამ წელიწადში ერთხელ;

    • HPV ტესტი — ხუთ წელიწადში ერთხელ;

    • HPV ტესტი პაპ ტესტთან ერთად — ხუთ წელიწადში ერთხელ;

  • თუ თქვენ გაქვთ ნორმალური სკრინინგის ტესტის შედეგები რამდენიმე წლის განმავლობაში ან ამოკვეთილი გაქვთ საშვილოსნოს ყელი, როგორც სრული ჰისტერექტომიის ნაწილი არასიმსივნური პირობების გამო, შეიძლება სპეციალისტმა გითხრათ, რომ სკრინინგი აღარ გჭირდებათ.

► ნებისმიერ შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, რათა გირჩიოთ, რა ინტერვალებით გჭირდებათ სკრინინგი, თქვენი და თქვენი ოჯახის სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით.

ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია

საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის შემცირების კიდევ ერთი გზაა ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინაცია. ვაქცინაცია შეიძლება დაიწყოს 9 წლის ასაკში და რეკომენდებულია ყველასთვის (ყველა სქესისთვის) 11-დან 12 წლამდე. ვაქცინა ტარდება ორი დოზით, ექვსიდან 12 თვემდე ინტერვალით.

თუ ადამიანი პირველი ვაქცინაციის დროს არის 15 წლის ან მეტის, მას სჭირდება ვაქცინის სამი დოზა. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებმა ასევე უნდა გაიკეთონ სამი დოზა.

► თუ ხართ 26 წლის ან მეტის, არ გაქვთ გაკეთებული ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინაცია და გეგმავთ მის გაკეთებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

მოკლე შეჯამება

 

► საშვილოსნოს ყელის კიბო ნელ-ნელა ვითარდება. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება ის, მით უფრო მაღალია მისი მკურნალობის შანსი. როცა ის საშვილოსნოს ყელის ფარგლებს ცდება და სხვა არეალში ვრცელდება, მისი მკურნალობის შანსები კლებულობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც აუცილებელია რეგულარული სკრინინგი.

 

► სიმპტომებზე დაკვირვება, რეგულარული გამოკვლევები, პაპ-ტესტისა და ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ტესტის ჩატარება დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მალე დადგინდეს საშვილოსნოს ყელთან დაკავშირებული პრობლემები, რათა დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება, რათა თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Health.com

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით

მსგავსი სტატიები

ქალი, გოგო, სხეული, რეპროდუქციული, ანატომია, სისტემა, ძუძუები, მკერდი, ვულვა, ვაგინა, საშვილოსნო, ყელი, საკვერცხე, ბოქვენი, კლიტორი, აპკი, ჯირკვლები, არეოლა, qali, gogo, sxeuli, reproduqciuli, anatomia, sistema, dzudzuebi, mkerdi, vulva, dzudzu, ძუძუ, vagina, საშო, sasho, sashvilosno, yeli, sakvercxe, boqveni, klitori, apki, jirkvlebi, areola

ქალის სხეული და რეპროდუქციული ანატომია — რა უნდა ვიცოდეთ?

რა შედის ქალის ანატომიაში? ვულვა (ბოქვენი, დიდი და მცირე სასქესო ბაგეები, კლიტორი, კლიტორის ჩუჩა, შარდსადენი, საშო (ვაგინა), საქალწულე აპკი და ბართოლინის ჯირკვლები. საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი, საკვერცხეები, პერინეუმი (შორისი). ძუძუები და მათი ანატომიური ერთეულები.

ჩემი სხეული
ენდომეტრიოზი, სიმპტომები, მიზეზები, მკურნალობა, გართულება, დიაგნოზი, ლაპაროსკოპია, ოპერაცია, მრტ, მაგნიტურ-რეზონანსული, ტომოგრაფია, გინეკოლოგიური, endometriozi, simptomebi, mizezebi, mkurnaloba, diagnozi, gartuleba, ginekologiuri, laparoskopia, mrt, magnitur-rezonansuli, tomografia, operacia

რა არის ენდომეტრიოზი? — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

რა არის ენდომეტრიოზი და როგორი სიმპტომებით ვლინდება ის? როგორ შეგიძლიათ ენდომეტრიოზისგან განკურნება ან მისი სიმპტომების შემსუბუქება? წაიკითხეთ ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზები და ის გზები, რომლებიც ამ დაავადებისგან განკურნებაში დაგეხმარებათ.

რეპროდუქცია
მენჯი, ანთებითი, დაავადება, PID, სიმპტომები, გამომწვევი, მიზეზები, რა, იწვევს, გართულებებია, დიაგნოზი, დიაგნოსტირება, მკურნალობა, პრევენცია, menji, antebiti, daavadeba, simptomebi, gamomwvevi, mizezebi, ra, iwvevs, diagnozi, diagnostireba, prevencia

მენჯის ანთებითი დაავადება (PID) — რა უნდა ვიცოდეთ?

რა არის მენჯის ანთებითი დაავადება (PID)? — მისი სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, რისკ-ფაქტორები, გართულებები, დიაგნოსტირება და მკურნალობა.

ჩემი სხეული
საშვილოსნო, ანატომია, ქალი, ქალები, ფუნქცია, პრობლემები, დაავადებები, ანალიზები, sashvilosno, qali, qalebi, anatomia, funqcia, problemebi, daavadebebi, analizebi

საშვილოსნო — ანატომია, ფუნქცია და შესაძლო პრობლემები

როგორია საშვილოსნოს ანატომია და მისი ფუნქცია? — საშვილოსნოს მდებარეობა, მასთან დაკავშირებული დაავადებები და პრობლემები, საჭირო სკრინინგები და ანალიზები

საშვილოსნო
საშვილოსნო, ყელი, ანატომია, ფუნქცია, პრობლემები, დაავადებები, სკრინინგი, პაპ-ტესტი, sashvilosno, yeli, anatomia, funqcia, problemebi, daavadebebi, skriningi, pap-testi

საშვილოსნოს ყელი — ანატომია, ფუნქცია და შესაძლო პრობლემები

რა უნდა ვიცოდეთ საშვილისნოს ყელის შესახებ? — მისი აგებულება, მდებარეობა, დანიშნულება, დაავადებები და შესაძლო პრობლემები, სკრინინგი და ტესტირება

საშვილოსნო

გააზიარე სტატია

საშვილოსნოს ყელის კიბო — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია