Facebook Script

სიგარეტი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე — როგორ დავანებოთ თავი მოწევას?

05 აგვისტო, 2022 | ადიქცია , ჩემი სხეული

არავისთვის იქნება გასაკვირი იმის მოსმენა, რომ მოწევა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. მიუხედავად ამისა, მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ეწევა. ის ადამიანებიც, რომლებიც საკუთარ თავს არამწეველებად მიიჩნევენ, მეგობრების გარემოცვაში ხშირად ეწევიან.

რატომ ეწევა ამდენი ადამიანი? რატომ არის სიგარეტისთვის თავის დანებება რთული? სტატიაში მიმოვიხილავთ იმ ფაქტორებს, რომლებიც სიგარეტზე დამოკიდებულებას აჩენს და მოგიყვებით, როგორ შეგიძლიათ მისგან გათავისუფლება.

მოწევაზე დამოკიდებულების კომპონენტები

სიგარეტი თამბაქოს, ფილტრისა და ქაღალდის გარდა ბევრ დანამატს შეიცავს. მაგალითად, არომატიზატორები და სხვა ქიმიური ნაერთები. სიგარეტში არსებული ქიმიური ნაერთები წარმოების რამდენიმე ეტაპს გადიან. ზოგიერთი ქიმიკატი, როგორიცაა ნიკოტინი, ბუნებრივად გვხვდება თამბაქოს მცენარეში. თუმცა, ზოგი ნივთიერება ნიადაგიდან ან სასუქიდან მოდის, ზოგი ფოთლების დამუშავებისას ემატება, ზოგი კი სიგარეტის წვისას წარმოიქმნება (4000-მდე ქიმიური ნივთიერება), რომლებიც კვამლშია თავმოყრილი.

► სპეციალურ ქაღალდში გახვეული თუთუნი შეიცავს კიბოს გამომწვევ იმდენივე ქიმიკატს, რამდენსაც მაღაზიაში ნაყიდი სიგარეტი.

სიგარეტი მზადდება თამბაქოს ფოთლებისგან, რომლებიც შეიცავს ნიკოტინს. სწორედ ნიკოტინია ის ნივთიერება, რომელიც დამოკიდებულებას აჩენს. ნიკოტინი ტვინში დოფამინის ჰორმონის გამომუშავებას იწვევს, რომელიც ე.წ. „ჯილდოს სისტემა“ (მაგალითად, თუკი სამსახურში შეგაქებენ, თქვენს ტვინში ეს ჰორმონი გამოიყოფა) და ბედნიერების ნეიროტრანსმიტერია (ბიოქიმიური მესენჯერი, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გავრცელებას მთელ ნერვულ სისტემაში). სწორედ ეს გვაიძულებს, რომ გარკვეული სიამოვნების მომნიჭებელი ქმედებები გავიმეოროთ, როგორებიცაა ჭამა, სექსი თუ მოწევა. რაც უფრო მეტ დოფამინს გამოყოფს ტვინი რომელიმე ქმედების შედეგად, მით უფრო ხშირად გინდებათ მისი გამეორება.

გარდა ამისა, ხშირად ადამიანები სტრესის მოსახსნელად ეწევიან. როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა მოწევას იმიტომ იწყებს, რომ კონკრეტულ სიტუაციასა თუ ადამიანების წრეს მოერგოს. ხშირია შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები მხოლოდ შეკრებების ან წვეულებების დროს ეწევიან. მოწევა სერიოზული ფსიქოლოგიური ინსტრუმენტიცაა — მას შეუძლია კომუნიკაციის დაწყებაში დაგეხმაროთ.

► ვაცნობიერებთ ამას თუ არა, ფაქტია, რომ ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სიგარეტის მოწევის ამგვარი სოციალური დატვირთვა ართულებს მისთვის თავის დანებების პროცესს.

მოწევა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები

სიგარეტის შემადგენლობაში არაერთი საზიანო ნივთიერება შედის. მაგალითად:

ნიკოტინი არის ალკალოიდი (აზოტოვანი ორგანული ნაერთი, რომელსაც ადამიანებსა და ცხოველებზე ძლიერი ბიოლოგიური გავლენა აქვს). მცენარეების ნაწილი ასინთეზირებს ნიკოტინს ძირითადად მავნებლების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, კარტოფილი, პომიდორი, ბადრიჯანი და ზოგიერთი მწვანილი. თამბაქო კი ნიკოტინს სხვა მცენარეებთან შედარებით მაღალი კონცენტრაციით გამოიმუშავებს. 

ნიკოტინის მიღების გვერდითი მოვლენებია:

  • მადის დაქვეითება

  • გულის აჩქარება

  • წნევის მატება

  • ძილის დარღვევა

ის ასევე იწვევს: 

  • ამაღლებულ განწყობას

  • გაუმჯობესებულ მეხსიერებას

  • გაუმჯობესებულ კონცენტრაციის უნარს

ნიკოტინის რეგულარული მიღება თავის ტვინში ცვლილებებს იწვევს და ამიტომაც მასზე უარის თქმას თან ახლავს სიმპტომები, რომლებთან გამკლავებაც ხშირად სიძნელეებთანაა დაკავშირებული.

წყარო: WomanLog

კუპრი არის თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილი ქიმიური ნივთიერებების საერთო სახელი. როგორც წესი, კუპრი შეიცავს სიგარეტის კვამლში არსებულ მავნე და კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს. კუპრი ფილტვებში ღრმად აღწევს და შეიძლება, რომელიმე დაავადების განვითარების მიზეზიც კი გახდეს.

► კუპრი აზიანებს პირის ღრუსაც. ის უარყოფითად მოქმედებს კბილებზე და იწვევს მათ გაშავებას, ღრძილების დეგრადაციას და გემოს რეცეპტორების დესენსიტიზაციას.

ნახშირბადის მონოქსიდი (CO) არის უფერო, უსუნო, მომწამლავი აირი, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ნახშირბადი სრულად არ იწვის. ნახშირბადის მონოქსიდი სიგარეტის კვამლშიც არის და ფილტვების გავლით სისხლში ხვდება. სისხლში ნახშირბადის მონოქსიდი ემაგრება ჰემოგლობინის მოლეკულას, რომელიც სხეულს ჟანგბადით ამარაგებს. ჰელოგლობინის იმ მოლეკულას კი, რომელსაც CO მიემაგრება, აღარ შეუძლია ჟანგბადის ტარება. შესაბამისად, სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის მოხვედრა ხელს უშლის ორგანოებისთვის ჟანგბადის მიწოდების პროცესს.

იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის უჯრედები სხეულს საკმარისი ჟანგბადით ვერ ამარაგებენ, გული იწყებს მეტი დატვირთვით „მუშაობას“, რათა სხეულის ყველა ორგანოს საკმარისი ჟანგბადი მიეწოდოს. სწორედ ამიტომ, გულის პრობლემების გამომწვევი მიზეზი ხშირად ნახშირბადის მონოქსიდია.

უკვამლო თამბაქო

უკვე შეიქმნა თამბაქოს არაერთი პროდუქტი, რომელიც უკვამლოა (მაგალითად, საღეჭი თამბაქო, ხსნადი თამბაქო და ა.შ.), თუმცა ნიკოტინს ისინიც აწვდიან სხეულს.

► უკვამლო თამბაქოს პროდუქტები სიგარეტთან შედარებით 3-4-ჯერ მეტ ნიკოტინს შეიცავენ.

გავრცელებული აზრია, რომ აგვარი პროდუქტების მიღება ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მოწევა, თუმცა ეს ასე არ არის. უკვამლო თამბაქოს მოხმარებაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის და შეუძლია იმ გართულებების გამოწვევა, რასაც სიგარეტის მოწევა იწვევს. 

ელექტრონული სიგარეტი

ელექტრონული სიგარეტი (ე.წ. „ვეიპი“) არ შეიცავს თამბაქოს, არ იწვის და არ ქმნის კვამლს. ამ შემთხვევაში ჩასუნთქული ორთქლი სითხის გაცხელებით წარმოიქმნება. ეს სითხე შედგება სხვადასხვა ნივთიერებისგან, თუმცა ყველაზე დიდი მოცულობით ის ნიკოტინს შეიცავს.

პოპულარულია შეხედულება, რომ ელექტრონული სიგარეტი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მეტიც, მისი დახმარებით ადამიანები მოწევას თავს დაანებებენ. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ელექტრონული სიგარეტიც აზიანებს ფილტვებს. 2019 წელს ახალგაზრდებში ფილტვის დაზიანების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა და მალევე დაავადებათა კონტროლის ამერიკულმა ცენტრმა დაიწყო სპეციალური ტერმინის — EVALI-ს გამოყენება, რომელიც ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისგან გამოწვეულ ფილტვის დაზიანებას აღნიშნავს.

პასიური მწეველობა

როდესაც არამწეველი ადამიანი სხვისი სიგარეტის კვამლს სუნთქავს, ის ავტომატურად იქცევა პასიურ მწეველად, რომელიც სუნთქავს მეორად კვამლს (SHS-ს). სწორედ ამ კვამლის მავნელობა გახდა მოწევის საჯარო სივრცეებში მასიურად აკრძალვის მიზეზი. 

პასიური მოწევაც დამაზიანებელია ჯანმრთელობისთვის და იწვევს ისეთივე დაავადებებს, რომლებსაც აქტიური მოწევა (ფილტვის კიბო, რესპირატორული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები). მართალია, დადგენილია, რომ პასიური მწეველობაც საფრთხეს წარმოადგენს თქვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა რისკი ზუსტად არ არის განსაზღვრული. 

მოწევა და ორსულობა

ორსულობის დროს მოწევა ზიანს აყენებს როგორც მშობელს, ასევე ნაყოფს.  ზოგადად, მოწევა ამცირებს დაორსულების შანსს და ზრდის უნაყოფობის რისკს.

ორსულობის დროს მოწევით გამოწვეული გართულებებია: 

  • მუცლის მოშლის მაღალი შანსი

  • მკვდრადშობადობის მაღალი შანსი

  • ნაადრევი მშობიარობის გაზრდილი რისკი

  • ნაყოფის მცირე წონიანობა

  • ნაყოფში ტუჩის ან/და სასის ნაპრალის განვითარების მაღალი შანსი

  • ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის მაღალი რისკი

წყარო: WomanLog

მწეველობიდან არამწეველობამდე — მოწევისთვის თავის დანებება

ხშირად, მწეველი ადამიანები ვერ აცნობიერებენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, თუმცა ამ რისკების შესახებ ინფორმაციის ქონა ვერ ეხმარებათ მათ მოწევისთვის თავის დანებებაში. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია ეწევით, თქვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩვევაზე უარი თქვათ. 

მოწევა არ არის მხოლოდ ნიკოტინზე დამოკიდებულება, ეს ფსიქოლოგიური ჩვევაცაა, რომელზეც უარის თქმა ნებისყოფას მოითხოვს. ვინაიდან ნიკოტინის მიღებისას ტვინში დოფამინი (ე.წ. „ბედნიერების ჰორმონი“) გამოიყოფა, ის შეიძლება გამოსავალი იყოს შფოთვის, დეპრესიის ან უბრალოდ ცუდ გუნებაზე ყოფნის დროს. მოწევისთვის თავის დანებება კი იმას ნიშნავს, რომ ამგვარ პრობლემებთან გასამკლავებლად სხვა გზები უნდა იპოვოთ. 

მოწევა ხშირად ყოველდღიური რუტინის ნაწილი ხდება. თუ თქვენი ახლო მეგობრები ან კოლეგები მწეველები არიან, მაშინ სიგარეტისთვის თავის დანებება უფრო რთული ამოცანა ხდება.

► იმისთვის, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ, მოწევის ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები უნდა გაითვალისწინოთ. მართალია, ამისი გაკეთება რთული, თუმცა შესაძლებელია!

შექმენით თქვენზე მორგებული გეგმა და მას მიჰყევით. ზოგი ადამიანი აპლიკაციას იყენებს, ზოგი კი ირგვლივ მყოფი ადამიანების შექებასა და თანადგომას ეყრდნობა.

მართალია, მოწევისთვის თავის დანებებისთვის ერთი ფორმულა არ არსებობს, თუმცა ეს რჩევები პირველი კვირების განმავლობაში დაგეხმარებათ: 

  • არ აცდუნოთ საკუთარი თავი! მოიშორეთ ყველა სიგარეტი და სანთებელა თქვენი სახლიდან თუ სამუშაო გარემოდან. 

  • მოერიდეთ ისეთ სიტუაციაში ყოფნას, სადაც ხშირად ეწევიან.

  • თუკი მოწევა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო, შეეცადეთ ცოტა ხნით გარემო შეიცვალოთ. 

  • იყიდეთ ხელის სათამაშო და მოწევის სურვილის გაჩენისას ძლიერად მოუჭირეთ და ითამაშეთ. 

  • მაშინ, როცა მოწევა მოგინდებათ საჭეღი რეზინი დაღეჭეთ.

კიდევ რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ? შეეცადეთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადახვიდეთ და ვარჯიში დაიწყოთ. 

ისევე როგორც ყველა სხვა დამოკიდებულებას, მოწევისთვის თავის დანებებასაც თან ახლავს სირთულეები:

  • სიგარეტის მოწევის ძლიერი სურვილი

  • გაღიზიანება ან გაბრაზება

  • შფოთვა ან ნერვიულობა

  • კონცენტრაციის სირთულე

  • მოუსვენრობა

  • მადის მომატება

ეს პროცესი მარტივი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სიმპტომები დროებითია და რამდენიმე კვირაში გაივლის!

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

თეგები
გაზიარება

მსგავსი სტატიები

გააზიარე სტატია

სიგარეტი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე — როგორ დავანებოთ თავი მოწევას?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია