Facebook Script

საშვილოსნოს ყელი — ანატომია, ფუნქცია და შესაძლო პრობლემები

16 აპრილი, 2024 | საშვილოსნო

საშვილოსნოს ყელი არის დაახლოებით 2-3 სმ-ის ზომის მომრგვალო, ამოზნექილი, ელიფსისებრი სტრუქტურა ვაგინალური არხის შიდა ფუძეში, სადაც იწყება საშვილოსნო. საშვილოსნოს ყელიდან სპერმატოზოიდები ხვდება საშვილოსნოში. მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს ყელი ოდნავ იხსნება, რათა მენსტრუალური სისხლი გამოვიდეს საშვილოსნოდან.

საშვილოსნოს ყელის ანატომია

სად მდებარეობს საშვილოსნოს ყელი? 

საშვილოსნოს ყელი საშვილოსნოსა და ვაგინას შორის მდებარეობს. შეგიძლიათ ის თითითაც შეიგრძნოთ. ხელით მოსინჯვისას შეამჩნევთ, რომ მენსტრუაციის პერიოდში საშვილოსნოს ყელის ქსოვილი იცვლება. იმისათვის, რომ თქვენი საშვილოსნოს ყელი რეალურად დაინახოთ, სარკე და მკაფიო სინათლე დაგჭირდებათ. თუმცა, სიგრძიდან გამომდინარე, საშვილოსნოს ყელის დანახვა შეიძლება მაინც გაჭირდეს.

საშვილოსნოს ყელს აქვს ვიწრო ხვრელი, რომლის საშუალებითაც მენსტრუალური სისხლი საშოდან გამოდის. მშობიარობისას ის ფართოვდება და მდედრობითი სქესის ადამიანის სხეულიდან ბავშვის გამოსვლას უწყობს ხელს.

არსებობს რამდენიმე ძირითადი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელს თავისი ფუნქციების შესრულებაში. საშვილოსნოს ყელის ეს ნაწილები ხშირად მოწმდება ორსულობის, პაპ ტესტისა და კოლპოსკოპიის დროს. მნიშვნელოვანია, ვიცნობდეთ საკუთარ საშვილოსნოს ყელს, რათა არ გამოგვეპაროს ცვლილებები.

საშვილოსნოს ყელის აგებულება

საშვილოსნოს ყელი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

  • საშვილოსნოს ყელის არხი: ეს არის პოტენციური სივრცე ქსოვილოვანი მილის, საშვილოსნოს ყელის, ცენტრში. კოლპოსკოპიის დროს სპეციალისტი სწორედ ამ არხიდან იღებს უჯრედის ნიმუშს. ამას ეწოდება ენდოცერვიკალური კიურეტაჟი (საშვილოსნოს ყელის გამოფხეკა);

  • ექტოცერვიქსი: საშვილოსნოს ყელის ყველაზე ქვედა ნაწილი, რომელიც გინეკოლოგიური გამოკვლევების დროს ვაგინის შიგნიდან ჩანს. ექტოცერვიქსის ცენტრი იხსნება და ქმნის ერთგვარ გასასვლელ არხს საშვილოსნოსა და ვაგინას შორის;

  • შიდა ღრუ: საშვილოსნოს ყელის ეს ნაწილი საშვილოსნოს შესასვლელია. ორსულობისა და მშობიარობის დროს თქვენმა გინეკოლოგმა შეიძლება ხშირად ახსენოს შიდა ღრუ, რადგან ის მნიშვნელოვანი ნაწილია;

  • გარე ღრუ: ეს არის ექტოცერვიქსის შესასვლელი, რომელიც იხსნება ვაგინაში;

  • ენდოცერვიქსი: საშვილოსნოს ყელის ზედა ნაწილი, იგივე ყელის არხი. ეს არის სადინარი ექტოცერვიქსსა და საშვილოსნოს შორის. 

  • ტრანსფორმაციის ზონა: შუა წერტილი, სადაც ენდოცერვიქსი და ექტოცერვიქსი, ანუ საშვილოსნოს ყელის ზედა და ქვედა დაბოლოებები, ერთმანეთს უერთდება. 

საშვილოსნოს ყელი დაფარულია ეპითელური ქსოვილით, ანუ ეპითელიუმით, რომელიც უჯრედების თხელი ფენითაა აშენებული. ეპითელური უჯრედები არის როგორც სკვამოზური, ასევე სვეტოვანი (მათ ჯირკვლოვანსაც უწოდებენ). სკვამოზური უჯრედები ბრტყელი და ქერცლიანია, ხოლო სვეტოვანი უჯრედები, როგორც მათი დასახელება მიგვანიშნებს, ფორმით სვეტს ჩამოჰგავს.

საშვილოსნოს ყელის ფუნქციები

საშვილოსნოს ყელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. მათ შორისაა:

  • საშვილოსნოს ყელის ლორწოს გამომუშავება მენსტრუალური ციკლის ყველაზე ნაყოფიერ ფაზაში, რაც ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გადაადგილებას ვაგინიდან საშვილოსნოში;

  • მშობიარობის დროს გაფართოება, რათა ბავშვი გამოვიდეს საშოდან;

  • საშვილოსნოს დაცვა ბაქტერიებისა და სხვა უცხო საგნებისგან.

საშვილოსნოს ყელი მენსტრუალური ციკლისა და ორსულობის კონკრეტული ფაზების დროს შემდეგნაირად ფუნქციონირებს:

მენსტრუაციის დროს

მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს ყელი ოდნავ იხსნება, რათა მენსტრუალური სისხლი საშვილოსნოს გავლით გამოვიდეს ვაგინიდან.

კვერცხუჯრედის განაყოფიერების დროს

სპერმატოზოიდი საშვილოსნოს ყელის გავლით აღწევს საშვილოსნომდე, რის შედეგადაც საბოლოოდ იწყება კვერცხუჯრედების განაყოფიერება. ოვულაციის დროს, ანუ მენსტრუალური ციკლის ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში, საშვილოსნოს ყელი გამოიმუშავებს გამჭვირვალე ლორწოს, რომელიც სპერმატოზოიდს საშვილოსნომდე მისვლაში ეხმარება.

ორსულობისა და მშობიარობის დროს

ორსულობის დროს საშვილოსნოს ყელის ლორწო სქელდება და ქმნის საშვილოსნოს ყელის ე.წ. „საცობს“, რაც განვითარების ეტაპზე მყოფ ემბრიონს ინფექციისგან იცავს.

როდესაც მდედრობითი სქესის ადამიანი მშობიარობის პერიოდს უახლოვდება, საშვილოსნოს ყელის „საცობი“ თხელდება და გარეთ გამოდის. ამ დროს საშვილოსნოს ყელი რბილდება და მოკლდება, შემდეგ კი მშობიარობისთვის მოსამზადებლად ფართოვდება.

როდესაც მშობიარობის დრო დგება, გინეკოლოგი ამოწმებს საშვილოსნოს ყელის გახსნილობის დონეს, რათა მშობიარობის სავარაუდო დრო გაიგოს.

► გართულებები მშობიარობის დროს — საშვილოსნოს ყელთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები მშობიარობის დროს. მაგალითად,  საშვილოსნოს ყელის დროზე ადრე გახსნამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის უკმარისობა, როცა საშვილოსნო ხდება უუნარო, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა. საშვილოსნოს ყელის არასაკმარისი სიგრძეც შეიძლება გახდეს ნაადრევი მშობიარობის მიზეზი.

მენოპაუზის დროს

მენოპაუზის დროს არსებული ჰორმონალური ცვლილებები და ასაკის მატება გავლენას ახდენს საშვილოსნოს ყელის ლორწოსა და ვაგინალურ გამონადენზე. შედეგად, მენოპაუზის დროს ზოგ ქალს აქვს საშოს სიმშრალე.

საშვილოსნოს ყელთან დაკავშირებული დაავადებები და პრობლემები

საშვილოსნოს ყელს გარკვეული სახის გართულებები და დაავადებები ახასიათებს, როგორებიცაა ქრონიკული ანთებები, დისპლაზია, პოლიპები და კიბო.

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო წარმოიქმნება საშვილოსნოს ყელის უჯრედებში. მისი გამომწვევი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანის პაპილომავირუსია (HPV), რომელიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა (სგგი). დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციით, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 11-12 წლის ასაკში ყველა ბავშვს უნდა გაუკეთდეს, თუმცა ზოგ ადამიანს ვაქცინაცია 45 წლის ასაკამდეც უკეთდება.

► ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულად არ გიცავთ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ყველა ტიპის ვირუსისგან, ამიტომ რეგულარული სკრინინგი აუცილებელია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს საწყის სტადიაზე სიმპტომები არ აქვს. მოგვიანებით სიმპტომები შეიძლება იყოს მენსტრუაციის ციკლებს შორის სისხლდენა, უშუალოდ მენსტრუალური ციკლის დროს ჩვეულებრივზე მწვავე და ჭარბი სისხლდენა, ტკივილი მენჯის ღრუს არეში და ტკივილი სექსის დროს.

ცერვიციტი — საშვილოსნოს ყელის ანთება

ცერვიციტი თავს იჩენს მაშინ, როცა საშვილოსნოს ყელში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. ზოგჯერ ცერვიციტის გამომწვევი მიზეზია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მაგალითად, ქლამიდია (ქლამიდიოზი), გონორეა ან ჰერპესი.

ზოგჯერ ანთება დაკავშირებულია ცერვიკალურ (საშვილოსნოს ყელის) ჩაჩთან, საშვილოსნოსშიდა მოწყობილობასთან (იგივე „სპირალი“) ან სპერმიციდსა თუ ლატექსის პრეზერვატივებზე ალერგიის ქონასთან.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

ესაა დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელის უჯრედები ანომალიური ზომისაა, რაც შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზიც გახდეს. თავად დისპლაზია არ არის კიბო, მაგრამ მიიჩნევა კიბოსწინარე პერიოდად. საშვილოსნოს ყელის კიბოს მსგავსად, დისპლაზიაც დაკავშირებულია ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციასთან, შესაბამისად, ისიც პაპ-ტესტით დგინდება.

► მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად გაიკეთოთ პაპ-ტესტი, რათა ადრეულ ეტაპზევე გამოავლინოთ ცვლილებები საშვილოსნოს ყელის უჯრედებში, რამაც შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოც გამოიწვიოს. თუმცა, ანომალიური ნაცხის მიზეზი ხშირად ანთება და ინფექციებია.

საშვილოსნოს ყელის პოლიპები და კისტები

საშვილოსნოს ყელის პოლიპები არის მცირე ზომის წარმონაქმნები ექტოცერვიქსზე, რომელიც საზიანო და მტკივნეული არ არის, მაგრამ შეიძლება ვაგინალური სისხლდენა გამოიწვიოს. პოლიპები თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია, რაც ნიშნავს იმას, რომ კანცეროგენური არ არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი ნაწილი შეიძლება დროთა განმავლობაში ავთვისებიანი გახდეს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები გვირჩევენ, პოლიპების ამოკვეთა მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები.

ნაბოთის კისტა კეთილთვისებიანი ლორწოვანი წარმონაქმნია. ის ჩნდება მაშინ, როცა ლორწოს გამომყოფი ჯირკვლები კანის მკვდარი უჯრედებით იფარება. ჩვეულებრივ, მსგავს კისტებს მკურნალობა არ სჭირდება, თუმცა მათი ამოშრობა რეკომენდებულია.

საშვილოსნოს ყელის უკმარისობა

საშვილოსნოს ყელის უკმარისობა თავს იჩენს მაშინ, როცა საშვილოსნოს ყელი ძალიან სუსტია ორსულობის შესანარჩუნებლად, რაც იწვევს მუცლის მოშლას. 

ზოგჯერ საშვილოსნოს ყელსა და საშვილოსნოს ორგანიზმიდან ქირურგიულად კვეთენ კიბოს ან სხვა გართულებების სამკურნალოდ. ამას სრული ჰისტერექტომია ჰქვია.

► რა ხდება საშვილოსნოს ყელის ამოკვეთის დროს? — თანმდევი მოვლენები დამოკიდებულია ოპერაციის მიზეზსა და ტიპზე. საშვილოსნოს ყელის ამოკვეთის სამი გზა არსებობს: ლაპარასკოპია, კვეთა მუცლის ღრუდან ან საშოდან. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ამოღება სრული ჰისტერექტომიის ნაწილია. ქირურგიული ჩარევის მიზანი შეიძლება იყოს კიბოს მკურნალობა, ფიბროიდები ან სხვა გართულებები. ზოგჯერ საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულ ადამიანებს მხოლოდ საშვილოსნოს ყელს აჭრიან და არა — მთლიანად საშვილოსნოს. ამ გზით კვლავ რჩება შანსი, რომ ეს ადამიანი, სურვილის შემთხვევაში, მომავალში შეძლებს ბავშვის გაჩენას. ამ ოპერაციას ტრაქელექტომია (საშვილოსნოს ყელის ამპუტაცია) ჰქვია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

          ასაკობრივი ჯგუფი          

რეკომენდაციები სკრინინგისთვის

21 წელს ქვემოთ

სკრინინგი არ არის საჭირო

 

21-29

 

 

პაპ-ტესტი სამ წელში ერთხელ

 

30-65

ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

  • პაპ-ტესტი სამ წელში ერთხელ

  • HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტი ხუთ წელში ერთხელ

  • პაპ და HPV კომბინირებული ტესტი ყოველ ხუთ წელში

 

65 წელს ზემოთ

 

სკრინინგი არ არის საჭირო

 

 

ხშირად დასმული შეკითხვები

რა დროში აღწევს სპერმატოზოიდი საშვილოსნოს ყელამდე?  — ეაკულაციის (პენისიდან სპერმის გამონთხევის) შემდეგ საშვილოსნოს ყელამდე მისაღწევად სპერმატოზოიდს მხოლოდ წუთი, ზოგჯერ კი წუთზე ნაკლები სჭირდება. კვლევებით დასტურდება, რომ სპერმატოზოიდი 2-იდან 10 წუთის შუალედში აღწევს ფალოპის მილებამდე, სადაც ხდება განაყოფიერება.

არის თუ არა უსაფრთხო პაპ-ტესტი ორსულობისას?  — დიახ, ორსულობის პერიოდში პაპ-ტესტის გაკეთება უსაფრთხოა. ერთადერთი მოსალოდნელი რისკი მცირე ზედაპირული სისხლდენაა, რომელიც გამოწვეულია სპეკულუმის (ვაგინის გასაფართოებლად გამოყენებული ხელსაწყოს) ჩასმით ან ამოღებით.

აქვთ თუ არა კაცებს საშვილოსნოს ყელი? — ბიოლოგიურად მამრობითი სქესით დაბადებულ ადამიანებს საშვილოსნოს ყელი არ აქვთ. თუმცა, ტრანსგენდერ კაცებს შეიძლება ჰქონდეთ საშვილოსნოს ყელი და, შესაბამისად, იყვნენ საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის ქვეშ.

შესაძლებელია თუ არა საშვილოსნოს ყელზე შეხება? — დიახ, შესაძლებელია. თითის ან თითების საშოში ღრმად შედების შემთხვევაში, თქვენ იგრძნობთ საშვილოსნოს ყელს, ცხვირის წვერის მსგავსად. იმის მიხედვით, თუ მენსტრუალური ციკლის რა პერიოდი გაქვთ, საშვილოსნოს ყელი შეიძლება იყოს უფრო წინ ან უკან.

გამოყენებული წყაროები:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Katrin Friedmann / HelloClue

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით

მსგავსი სტატიები

ქალი, გოგო, სხეული, რეპროდუქციული, ანატომია, სისტემა, ძუძუები, მკერდი, ვულვა, ვაგინა, საშვილოსნო, ყელი, საკვერცხე, ბოქვენი, კლიტორი, აპკი, ჯირკვლები, არეოლა, qali, gogo, sxeuli, reproduqciuli, anatomia, sistema, dzudzuebi, mkerdi, vulva, dzudzu, ძუძუ, vagina, საშო, sasho, sashvilosno, yeli, sakvercxe, boqveni, klitori, apki, jirkvlebi, areola

ქალის სხეული და რეპროდუქციული ანატომია — რა უნდა ვიცოდეთ?

რა შედის ქალის ანატომიაში? ვულვა (ბოქვენი, დიდი და მცირე სასქესო ბაგეები, კლიტორი, კლიტორის ჩუჩა, შარდსადენი, საშო (ვაგინა), საქალწულე აპკი და ბართოლინის ჯირკვლები. საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი, საკვერცხეები, პერინეუმი (შორისი). ძუძუები და მათი ანატომიური ერთეულები.

ჩემი სხეული
ენდომეტრიოზი, სიმპტომები, მიზეზები, მკურნალობა, გართულება, დიაგნოზი, ლაპაროსკოპია, ოპერაცია, მრტ, მაგნიტურ-რეზონანსული, ტომოგრაფია, გინეკოლოგიური, endometriozi, simptomebi, mizezebi, mkurnaloba, diagnozi, gartuleba, ginekologiuri, laparoskopia, mrt, magnitur-rezonansuli, tomografia, operacia

რა არის ენდომეტრიოზი? — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

რა არის ენდომეტრიოზი და როგორი სიმპტომებით ვლინდება ის? როგორ შეგიძლიათ ენდომეტრიოზისგან განკურნება ან მისი სიმპტომების შემსუბუქება? წაიკითხეთ ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზები და ის გზები, რომლებიც ამ დაავადებისგან განკურნებაში დაგეხმარებათ.

რეპროდუქცია
მენჯი, ანთებითი, დაავადება, PID, სიმპტომები, გამომწვევი, მიზეზები, რა, იწვევს, გართულებებია, დიაგნოზი, დიაგნოსტირება, მკურნალობა, პრევენცია, menji, antebiti, daavadeba, simptomebi, gamomwvevi, mizezebi, ra, iwvevs, diagnozi, diagnostireba, prevencia

მენჯის ანთებითი დაავადება (PID) — რა უნდა ვიცოდეთ?

რა არის მენჯის ანთებითი დაავადება (PID)? — მისი სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, რისკ-ფაქტორები, გართულებები, დიაგნოსტირება და მკურნალობა.

ჩემი სხეული
საშვილოსნო, ანატომია, ქალი, ქალები, ფუნქცია, პრობლემები, დაავადებები, ანალიზები, sashvilosno, qali, qalebi, anatomia, funqcia, problemebi, daavadebebi, analizebi

საშვილოსნო — ანატომია, ფუნქცია და შესაძლო პრობლემები

როგორია საშვილოსნოს ანატომია და მისი ფუნქცია? — საშვილოსნოს მდებარეობა, მასთან დაკავშირებული დაავადებები და პრობლემები, საჭირო სკრინინგები და ანალიზები

საშვილოსნო
საშვილოსნო, ყელი, კიბო, სიმსივნე, სიმპტომები, გამომწვევი, მიზეზები, მკურნალობა, HPV, პაპილომავირუსი, sashvilosno, yeli, kibo, simsivne, simptomebi, gamowvevi, mizezebi, mkurnaloba, papilomavirusi

საშვილოსნოს ყელის კიბო — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო, რა იწვევს მას და როგორია მისი სიმპტომები — დიაგნოსტირება და მკურნალობის მეთოდები

საშვილოსნო

გააზიარე სტატია

საშვილოსნოს ყელი — ანატომია, ფუნქცია და შესაძლო პრობლემები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია