სასარგებლოა თუ არა სექსი ჯანმრთელობისთვის? — მოკლე პასუხია „დიახ“. ჩვენ რეპროდუქციისთვის ვართ „დაპროგრამებულები“, ამიტომაც ჩვენს სხეულს სქესობრივ აქტში მონაწილეობის მისაღებად გარკვეული სტიმულები (და ჯილდოები) აქვს.
თუკი საკუთარ სექსუალობასთან ჯანსაღი ურთიერთობა გაქვთ, რეგულარული სექსის ქონა ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ოდნავ უკეთ იცხოვროთ და თქვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა მცირედით დაიმუხტოს.
ფრანგულად ორგაზმს „la petite mort“, ანუ „პატარა სიკვდილი“, ეწოდება. ასეთი აღწერის მიუხედავად, სამედიცინო ლიტერატურა აჩვენებს, რომ სექსუალური აქტიურობა უფრო ჯანმრთელ და ხანგრძლივ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული, ქალებშიც და კაცებშიც.
მართალია, სექსის მარგებლობა ხანგრძლივ სიცოცხლეს უკავშირდება, მაგრამ მისი არქონა პირდაპირ კავშირში არაა სიცოცხლის ხანმოკლეობასთან: ერთმა გრძელვადიანმა კვლევამ, რომელიც თითქმის 700 მონაზვნის ჯგუფის ჯანმრთელობასა და მოხუცებულობას შეისწავლიდა, აჩვენა, რომ ბევრი მათგანი აქტიური რჩებოდა და 90, ზოგჯერ კი 100 წლის ასაკსაც აღწევდა.
სექსის დადასტურებულ სასარგებლო თვისებებს შორისაა:
სექსი გეხმარებათ მშვიდად ძილსა და დილით ადრე ადგომაში
სექსუალური აქტივობა იწვევს ისეთი ჰორმონების გამოყოფას, როგორებიცაა ოქსიტოცინი, დოფამინი და ენდორფინი. დოფამინი, რომელსაც ასევე „ბედნიერების“ ჰორმონს უწოდებენ, არის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ჩვენს ტვინში სიამოვნების უბნებთან ურთიერთქმედებს. ოქსიტოცინის გამოყოფა აძლიერებს ემოციური კავშირის დამყარებასა და ერთგულებას.
ორგაზმის შემდეგ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცირკულაციას იწყებს კიდევ ერთი ჰორმონი, პროლაქტინი. პროლაქტინი პასუხისმგებელია ეიფორიული სიმსუბუქის, დასვენებისა და თვლემის შეგრძნებებზე სასიამოვნო ორგაზმის შემდეგ. ამ მდგომარეობაში ბევრ ადამიანს ძილი უნდება. ის მენტალური მდგომარეობა, რომელიც დაძინებამდე გვაქვს, მნიშვნელოვნად მოქმედებს ძილის ხარისხზე — თუკი ბედნიერი იძინებთ, დიდი ალბათობით, კარგად დასვენებულს გაგეღვიძებათ.
თუმცა, სექსის შემდეგ ყველას არ ეძინება. დოფამინის ნაკადი, რომელსაც სექსის დროს იღებთ, ასევე დადებითად მოქმედებს კოორდინაციაზე, მეხსიერებასა და ყურადღებაზე. დილის სექსის შემდეგ მიღებული ენერგიის მოზღვავება, რომელსაც ემატება დასვენებული გონება და მოდუნებული კუნთები, დაგეხმარებათ, რომ დღეს შემზადებული დახვდეთ.
სექსი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია
ოდესმე თავის ტკივილის დასაძლევად გიცდიათ მასტურბაცია ტკივილგამაყუჩებლის დალევის ნაცვლად?
სცადეთ — შესაძლოა, იმაზე უკეთ იმოქმედოს, ვიდრე გგონიათ. ქრონიკული და მტკივნეული დაავადებების, მაგალითად, ფიბრომიალგიის, მქონე პაციენტები ზოგჯერ მასტურბაციას იყენებენ დროებითი, მაგრამ ეფექტური ტკივილგამაყუჩებლის სახით.
ოქსიტოცინის, დოფამინისა და ენდორფინის გამოყოფა ამცირებს ჩვენს მგრძნობელობას ტკივილის მიმართ. ორგაზმის ქონა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც კაცობრიობამ იცის — ამ დროს ტკივილის ამტანობის ზღვარი თითქმის 75%-ით იზრდება. ვაგინის წინა კედელზე უბრალო მიწოლაც კი ტკივილის ამტანობის ზღვარს 50%-ით ზრდის — რაც ძალიან სასარგებლო თვისებაა მშობიარობის დროს. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ეს ტკივილი, ის გაცილებით უარესი იქნებოდა, სიამოვნების უბნების სტიმულაციას ტკივილის შემამცირებელი თვისებები რომ არ ჰქონდეს.
ეს იგივე სისტემაა, რომელიც ინტენსიური სიტუაციის დროს მოქმედებს — მაგალითად, როცა დაზარალებული ხარ ავარიის დროს ან სპორტსმენი ხარ სირბილში შეჯიბრის დროს. ადამიანები, როგორც წესი, ვერ ამჩნევენ მიღებულ დაზიანებას, სანამ მათი ორგანიზმი არ მოდუნდება.
წყარო: WomanLog
სექსი სასარგებლოა გულისთვის
მოსვენებული გულისცემის რეგულარული გადაჭარბება ასწავლის თქვენს სხეულს, რომ ჟანგბადი და სისხლი უფრო ეფექტურად მიაწოდოს კუნთებს. აღგზნება და სექსი გულისცემას აჩქარებს, ორგაზმის დროს კი გულისცემის სიჩქარე მაქსიმუმს აღწევს.
► სექსი ასევე არეგულირებს სხეულში ესტროგენისა და ტესტოსტერონის წონასწორობას.
სექსს ისეთივე ეფექტი აქვს გულსა და სხეულზე, როგორიც მსუბუქ ვარჯიშს. გულისცემა პიკს აღწევს ორგაზმის დროს, მაგრამ იმისთვის, რომ ჯანმრთელი დარჩეთ, მისი შენარჩუნება კვირაში 150 წუთის (ჯამში) განმავლობაში მოგიწევდათ. ზრდასრულებისთვის მინიმუმად მიიჩნევა კვირაში 2.5-საათიანი საშუალო აქტიურობა.
სექსი წვავს კალორიებს (ცოტას)
სექსუალურ აქტივობას თუ ძუნძულს შევადარებთ, სექსი უფრო ნაკლებად ეფექტურია კალორიების წვის თვალსაზრისით, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას შედეგი არ აქვს. მეტიც, 25-წუთიანი საშუალო სექსუალური აქტივობის განმავლობაში დამწვარი კალორიები ორ-სამჯერ აჭარბებს საშუალო მეტაბოლიზმს მოსვენებულ მდგომარეობაში. ცხადია, სექსის გავლენა ორგანიზმზე ცვალებადია. ორი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც დიდი ენთუზიაზმითაა სექსში ჩართული, ბევრად უფრო ინტენსიურად გაავარჯიშებს სხეულს, ვიდრე ნელი, ინტიმური სექსი.
ახალი ტექნიკებისა და პოზების ცდაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. პრელუდიისა და სექსის დროს ჩვენ ვიყენებთ იმ კუნთებს და ვჭიმავთ იმ მყესებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად უძრავადაა ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, სიფრთხილე საჭიროა, რადგან სექსის დროს ბევრ ადამიანს მიუღია დაზიანება.
► იხილეთ აგრეთვე:
გარდა ამისა, ისეთი ვარჯიში, რომელიც გსიამოვნებთ, შეიძლება მასტიმულირებელი და ეფექტური აღმოჩნდეს — საწოლში ინტიმური ურთიერთობა, როგორც წესი, ბევრად უფრო მაცდურია, ვიდრე ცივ ამინდში დილით სირბილი. სექსი რეგულარულ ვარჯიშს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ის კარგი დამატებითი აქტივობაა ვარჯიშის სხვა რუტინებთან ერთად.
სექსი აძლიერებს იმუნურ სისტემას
ორგაზმი სხეულში ზრდის ლეიკოციტების, სისხლის თეთრი უჯრედების, რაოდენობას, რომლებიც ვირუსებსა და უცხო ბაქტერიებს ებრძვიან.
კორტიზოლი სხეულის საკვანძო ფუნქციების რეგულაციაზეა პასუხისმგებელი. მიუხედავად ამისა, კორტიზოლის მუდმივად მაღალ დონეს ძალიან საზიანო შედეგები აქვს თქვენს ჯანმრთელობაზე. სექსის დროს გამოყოფილი ოქსიტოცინი და დოფამინი სხეულში კორტიზოლის დონეს ამცირებს.
► იხილეთ აგრეთვე: სტრესის გავლენა ქალის სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე
პროლაქტინი დაძინებაში გიწყობთ ხელს. ძილი იმუნური სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებელი კომპონენტია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ღრმა ძილის ფაზაა. ღრმა ძილის დროს ჩვენი სხეული უფრო მარტივად უმკლავდება ანთებით პროცესებსა და ინფექციებს.
იმუნოგლობინი A არის ანტისხეული, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. ის დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს და თავდაცვის პირველი საშუალებაა ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) წინააღმდეგ. ადამიანებს, რომლებიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ კავდებიან სექსით, ნერწყვში იმუნოგლობინი A-ს ბევრად მაღალი შემცველობა აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც კვირაში ერთზე ნაკლებჯერ ჰქონდა სექსი, და ასევე, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მათ, ვისაც კვირაში სამზე მეტჯერ ჰქონდა სექსი.
წყარო: WomanLog
სექსი აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას და მეხსიერებას
როდესაც მენტალურად ჯანმრთელ ადამიანს წარმოვიდგენთ, ის წარმოგვიდგენია ემოციურად სტაბილურ მდგომარეობაში, საკუთარ თავთან ჰარმონიაში. რაც უფრო მშვიდად ხართ, მით უფრო კარგად მოქმედებს თქვენი გონება სტრესის საპასუხოდ და მით უფრო მარტივად იღებს ახალ ინფორმაციას, რაც რთული სიტუაციების შემსუბუქებასა და მნიშვნელოვანი დეტალების გახსენებაში გეხმარებათ.
სექსის ან მასტურბაციის დროს და მის შემდეგ მოზღვავებული ჰორმონების გამო სექსუალური აქტივობა ძალიან სასარგებლოა თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის. სტრესსა და შფოთვას ისეთი პატარა რაღაცაც კი ამცირებს, როგორიც კოცნაა. კომფორტულ გარემოში სექსუალური ინტიმურობა აძლიერებს ემოციურ კავშირსა და სიყვარულს. ზოგჯერ პარტნიორთან თქვენთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე ღიად საუბარი უფრო მარტივდება სექსის შემდეგ.
იმის მიღწევა, რომ სქესობრივი აქტი დადებითი და კომფორტული გამოცდილება იყოს მისი ყველა მონაწილისთვის, თავისთავად რთულია. სექსუალურ პარტნიორის ნდომა, ერთმანეთის მინიშნებების ინტერპრეტაცია, შიშების დაძლევა და საკუთარ სხეულში კომფორტულად ყოფნა — ყველა მათგანი ემოციური ზრდასრულობის მნიშვნელოვანი ასპექტებია. სექსი ასევე ამცირებს ისეთ მოუმწიფარ ფსიქოლოგიურ თავდაცვის მექანიზმებს, როგორებიცაა იზოლაცია ან უარყოფა.
არ იფიქროთ, რომ სექსი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების განკურნების მარტივი გზაა — ემოციური და ფსიქოლოგიური სამუშაოს გაწევა მაინც მოგიწევთ. მაგრამ თუ ამას მოახერხებთ, საკუთარ თავს უფრო ბედნიერი ცხოვრებისკენ გაუხსნით გზას.
სექსის გავლენა ქალების ჯანმრთელობაზე
ზემოთ ჩამოთვლილ ეფექტებთან ერთად, სექსუალური აქტივობა ქალებში:
-
აუმჯობესებს შარდის ბუშტის კონტროლს
-
ამცირებს შარდის შეუკავებლობას
-
ამცირებს მენსტრუალურ და პრემენსტრუალურ ტკივილს
-
აუმჯობესებს ფერტილურობას (ნაყოფიერებას)
-
აძლიერებს მენჯის ფსკერის კუნთებს
-
ხელს უწყობს უფრო მეტი ვაგინალური ლუბრიკაციის გამოყოფას
-
პოტენციურად გიცავთ ენდომეტრიოზისგან
► იხილეთ აგრეთვე: ვაგინის სიმშრალე — რა უნდა ვიცოდეთ?
სექსი თქვენს მენჯის ფსკერს აძლიერებს, რასაც დამატებითი სარგებელიც აქვს — ის ამცირებს ტკივილს სექსის დროს და ამცირებს ვაგინალური პროლაფსის შანსს. გარდა ამისა, ქალებს, რომლებიც სექსუალურად აქტიურები რჩებიან მენოპაუზის შემდეგ, უფრო ნაკლებად აქვთ ძლიერი ვაგინალური ატროფია, რომელიც სექსის დროს ტკივილსა და საშარდე პრობლემებს იწვევს.
ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე იმ რისკებზე, რომლებიც სექსს ახლავს, თუმცა ასევე აუცილებელია მის შესაძლო სასარგებლო ეფექტებზე საუბარიც. სასიამოვნო, შეთანხმებული სექსი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
თუკი სექსი ისეთი რამაა, რაც გსურთ ან აღგაფრთოვანებთ, მას შეუძლია თქვენი განწყობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, თუკი სექსი თქვენთვის სტრესული რამაა, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს — თქვენი სექსუალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია.