Facebook Script

ვაგინის სიმშრალე — რა უნდა ვიცოდეთ?

17 ნოემბერი, 2021 | ვაგინა და ვულვა

ჯანმრთელი ვაგინა თვითონ ახდენს ლუბრიკაციას — გამოყოფს სისველეს — და ეს სექსუალური აღგზნებისა და ვაგინის ჰიგიენის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, ზოგ ქალს ლუბრიკაციის ნაკლებობა აწუხებს, რასაც ვაგინის (ვაგინალური) სიმშრალე ეწოდება.

ვაგინის სიმშრალე საკმაოდ უსიამოვნო პრობლემაა, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს როგორც ინტიმურ ურთიერთობებზე, ისე ქალის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე, თუმცა ის განკურნებადია. ეს პრობლემა ყველაზე ხშირია პერიმენოპაუზის, მენოპაუზის ან ძუძუთი კვების დროს, მაგრამ ის ქალის ზრდასრული ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გაჩნდეს.

ვაგინის სიმშრალის სიმპტომები

ბუნებრივი ლუბრიკაციის არარსებობასთან ერთად ვაგინის სიმშრალის თანმხლები სიმპტომები შეიძლება იყოს: ვაგინის ქავილი, წვა, დისკომფორტი ან გაღიზიანება, სექსისადმი ინტერესის დაკარგვა, ასევე ტკივილი სექსის დროს ან სისხლდენა. ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად სექსის დროს ან სექსის შემდეგ იჩენს თავს და, შესაძლოა, რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. მიუხედავად ამისა, სიმპტომები შეიძლება დროდადრო თავისითაც გაჩნდეს, სქესობრივი აქტის გარეშე.

მსგავსი სიმპტომები ასევე შეიძლება სხვა პრობლემების მანიშნებელი იყოს, მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, საშარდე გზების ინფექციებისა და ანთებითი პროცესების. ინფექციები, როგორც წესი, ვაგინის სიმშრალისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან ერთად ასევე იწვევს გახშირებულ და სასწრაფო შარდვას, ვაგინალურ გამონადენს ან უსიამოვნო სუნს.

ტაბუდადებული თემა

მიუხედავად იმისა, რომ ვაგინის სიმშრალე საკმაოდ ხშირი მოვლენაა, ბევრი ქალი მასზე საუბრისგან თავს იკავებს, მათ შორის ექიმებთანაც კი, რადგან ეს ძალიან ინტიმური თემაა. მიუხედავად ამისა, ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება ძალიან დიდი გავლენა იქონიოს როგორც ჯანმრთელობაზე, ისე სექსუალურ ცხოვრებაზე.

ვაგინა, ჩვეულებრივ, თავად აწარმოებს ლუბრიკაციას და აღგზნებისას გამოყოფს უფერო, გამჭვირვალე სითხეს. ეს სქესობრივ კავშირს არა მხოლოდ შესაძლებელს ხდის, არამედ სასიამოვნო შეგრძნებების შექმნასაც უწყობს ხელს. ბუნებრივი სისველე რომ არა, სექსი არასასიამოვნო და მტკივნეულიც კი იქნებოდა. დისკომფორტი შეიძლება სექსისთვის თავის არიდების მიზეზი გახდეს, რამაც, შესაძლოა, ურთიერთობაში პრობლემები გამოიწვიოს.

► მიუხედავად ამისა, თუკი ვაგინის სიმშრალის დროს ქალი მაინც დათანხმდება სექსს, სქესობრივი კავშირის დროს შეიძლება ლორწოვანი გარსი დაზიანდეს. შესაძლებელია, ხახუნმა და შეხებამ პატარა ჭრილობები გააჩინოს, რაც ინფექციების საფრთხეს ზრდის.

ამას ზოგჯერ ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს — თუკი ქალს ინტიმურ აქტთან არასასიამოვნო შეგრძნებების, მაგალითად, ქავილისა და წვის, ასოციაცია გაუჩნდება, მას შეიძლება არაჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს ზოგადად ინტიმურობასთან მიმართებით, რასაც სხვა პრობლემების გამოწვევაც შეუძლია.

კარგი სექსი ტვინში იწყება

სექსის დროს სისველის ნაკლებობა შეიძლება ფიზიკური აღგზნების სიმცირითაც იყოს განპირობებული — ამისთვის დრო, ყურადღება და შესაფერისი სტიმულაციაა საჭირო.

ინტიმურობის დაჩქარებამ შეიძლება ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს, რაც აღგზნებას ხელს შეუშლის. ინტიმური კავშირის დამყარებას დრო სჭირდება, ამიტომაც ფრთხილი და თანდათანობითი მიდგომა საუკეთესოა, განსაკუთრებით ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე. პარტნიორები, რომლებიც ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, შეიძლება თავიდან მორცხვობდნენ — ისევე, როგორც მათი სხეულები. პარტნიორთან სწორი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რა მოგწონთ და რა — არა. აქტიურად მოსმენა და პასუხის დაბრუნება დაგეხმარებათ, სექსის დროს კომუნიკაციის გასამარტივებლად ვერბალური და არავერბალური მინიშნებები შექმნათ.

► თუკი ვაგინის სიმშრალესთან ერთად სქესობრივი ლტოლვის შემცირებასაც ამჩნევთ, ეს შეიძლება დაბალი ლიბიდოს მანიშნებელი იყოს, რომელსაც უამრავი ფაქტორი იწვევს, მათ შორის მედიკამენტები და ჯანმრთელობის პრობლემები.

სურათი: WomanLog

ამბობენ, რომ  „კარგი სექსი ტვინში იწყება“, და მართლაც, როგორც კი თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთის სურვილებისა და მინიშნებების ინტერპრეტაციას სწორად შეძლებთ, პოზიტიური ასოციაციები, რომლებიც სიტყვებისა და სხვა სიგნალების მიმართ გაგიჩნდებათ, შეიძლება ისეთივე აღმგზნები გახდეს, როგორიც ფიზიკური სტიმულაცია.

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია. მიდგომა, რომელიც ერთისთვის სასიამოვნოა, შეიძლება მეორეს საერთოდ არ მოეწონოს. და ისეთი დღეებიც იქნება, როცა არაფერი არ გამოდის, რაც ასევე ნორმალურია. ზოგჯერ ყველაზე გულისხმიერი მიდგომაც კი წარუმატებლად მთავრდება, მაგალითად, თუკი თქვენი პარტნიორი დაღლილია ან ცუდ განწყობაზეა.

► არავითარ შემთხვევაში არ არის მისაღები, რომ პარტნიორს სექსი დააძალოთ, ან პირიქით. სექსუალური ძალადობა დანაშაულია და ისჯება კანონით.

ჰორმონები, ჰიგიენა და თმის მოშორება

თუკი პარტნიორთან ინტიმურობასა და კომუნიკაციაში პრობლემა არ გაქვთ, მაგრამ ბუნებრივი სისველის არქონა მაინც გაწუხებთ, ამის მიზეზი შეიძლება სხვა რამ იყოს.

ვაგინის სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტად გულმოდგინე ინტიმურმა ჰიგიენამ (შეუსაბამო პროდუქტების გამოყენებით ან ზედმეტად ხშირად დაბანამ შეიძლება დაარღვიოს ვაგინის მიკროფლორა და ვაგინის ბუნებრივი მჟავიანობა) და საშოს გამორეცხვამ. ამის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ალერგიის ან გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, რადგან ისინი ანტიჰისტამინებს შეიცავს, რომლებიც ლორწოვანი გარსის მქონე მემბრანების გამოშრობას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, მენსტრუაციის დროს ტამპონების, ჰიგიენური საფენებისა და მენსტრუალური ჭიქების არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ასევე დააზიანოს ვაგინის მიკროფლორა და გამოიწვიოს ვაგინის სიმშრალე. არასასიამოვნო გვერდითი მოვლენების ალბათობა პირადი ჰიგიენის ნივთების სწორად მოხმარების შემთხვევაშიც კი არის, თუმცა, როგორც წესი, ისინი მხოლოდ დროებითია. თუკი დისკომფორტი დიდხანს გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ თქვენს პირად ექიმს ან გინეკოლოგს.

ეს ეფექტი სხეულის ინტიმური ზონებიდან თმის რეგულარულად მოშორებასაც შეიძლება ჰქონდეს. ვაგინის მიკროფლორის ცვლილება და, შესაბამისად, ვაგინის სიმშრალე შეიძლება ისეთი შარვლებისა და საცვლების ჩაცმასაც მოყვეს, რომლებიც ზედმეტად ვიწროა ან კანისთვის გამაღიზიანებელი მასალისგანაა დამზადებული, ასევე ცხელ ამინდში ველოსიპედის რეგულარულად ტარებას, განსაკუთრებით ისეთ ტანსაცმელში, რომელიც „არ სუნთქავს“.

სურათი: Ella Byworth / Metro

ვაგინის სიმშრალის გამომწვევი კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია ესტროგენის დაბალი დონე. ესტროგენი სხეულში მიმდინარე ბევრ ბიოლოგიურ რეაქციაზე ახდენს გავლენას, მათ შორის ვაგინის ლორწოვანი გარსის სისველეზე, რაც ჯანსაღ ელასტიკურობასა და მჟავიანობას უზრუნველყოფს.

► სხეულში ესტროგენის დონემ შეიძლება დაიწიოს, თუ ქალმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა ან თუ ბავშვს ძუძუთი კვებავს.

ესტროგენის დონეებზე მოქმედებს პერიმენოპაუზა და მენოპაუზა, მოწევა და ალკოჰოლი, იმუნური სისტემის დარღვევები და გარკვეული მედიკამენტების გამოყენება.

გარდა ამისა, ვაგინის სიმშრალე დამახასიათებელია შეგრენის სინდრომის დროს, რომელიც იმუნური სისტემის აშლილობაა. მისი ორი ყველაზე ხშირი სიმპტომია პირისა და თვალების სიმშრალე. ამ დაავადებას ხშირად თან ახლავს სხვა იმუნური აშლილობები, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი და ლუპუსი. შეგრენის სინდრომი ზემოქმედებს ლორწოვანი გარსის მემბრანაზე და სისველის გამომყოფ ჯირკვლებზე — როგორც წესი, ეს თავიდან პირსა და თვალებზე მოქმედებს — რაც ცრემლებისა და ნერწყვის წარმოების შემცირებას იწვევს. მართალია, შეგრენის სინდრომი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა პაციენტების უდიდესი ნაწილი დიაგნოზის დროს 40 წლის ან უფრო მეტისაა. ეს სინდრომი გაცილებით უფრო გავრცელებულია ქალებში. მკურნალობა სიმპტომების შემსუბუქებაზე ფოკუსირდება.

► ვაგინის სიმშრალის გამომწვევ სხვა მიზეზებს შორის ასევე შეიძლება იყოს დეპრესია, ზედმეტი სტრესი, ზედმეტი ვარჯიში ან სხვა ტიპის ფიზიკური დატვირთვა, კიბოს მკურნალობის ზოგიერთი გზა (მაგალითად, რადიაციული თერაპია, ჰორმონალური თერაპია ან ქიმიოთერაპია) და საკვერცხეების ამოკვეთა.

ექიმთან ვიზიტი და დიაგნოსტირება

ვაგინის სიმშრალე იშვიათად არის სერიოზული პრობლემის მანიშნებელი. მიუხედავად ამისა, თუკი დისკომფორტი რამდენიმე დღეზე მეტხანს გასტანს ან თუ ის სექსის დროს გაწუხებთ, სჯობს, ექიმს გაესაუბროთ. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში ვაგინის სიმშრალემ შეიძლება ვაგინის ქსოვილები დააზიანოს.

► თუკი ამ პრობლემას ვაგინიდან ძლიერი სისხლდენაც ახლავს თან, აუცილებლად მიმართეთ პირად ექიმს ან გინეკოლოგს.

ვაგინის სიმშრალის მიზეზის დასადგენად თქვენი ექიმი გაითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა თქვენი ასაკი, ჩვევები და სიმპტომები, რომლებიც გაქვთ. თუკი ვაგინის სიმშრალე ჯანმრთელობის რომელიმე სხვა პრობლემას უკავშირდება, ექიმი, დიდი ალბათობით, დაადგენს ამას, რადგან მსგავს პრობლემებს ხშირად სხვა სიმპტომებიც ახასიათებს. როგორც წესი, ჰორმონების დონეებისა და დიაგნოსტიკური ტესტირების, მაგალითად, ულტრაბგერის, მეშვეობით შესაძლებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა.

ვაგინის სიმშრალის მკურნალობის გზები

ვაგინის სიმშრალის პრევენციისა და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ:

♦ სექსის დროს გამოიყენეთ ლუბრიკანტები. ეს პროდუქტები სპეციალურადაა შემუშავებული ვაგინის სეკრეციების სტიმულაციისთვის — ისინი ატენიანებს ვაგინის ლორწოვან გარსს და იცავს გაღიზიანებისგან. ასეთი ლუბრიკანტები შეიძლება შეიცავდეს ჰიალურონმჟავას, ალოე ვერას, კალენდულას (გულყვითელას) და/ან სხვა დამატენიანებელ ნივთიერებებს. გამოიყენეთ მხოლოდ ის ლუბრიკანტები, რომლებიც თქვენი ეროგენული ზონებისთვისაა განკუთვნილი!

♦ მოერიდეთ ისეთი საცვლების ჩაცმას, რომლებიც გამაღიზიანებელი, უხეში ან სინთეტიკურია. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბამბას, აბრეშუმსა და სხვა ბუნებრივ მასალებს.

სურათი: Hip and Healthy

♦ ინტიმური ჰიგიენისთვის გამოიყენეთ ნეიტრალური pH-ის მქონე საშუალებები, რომლებიც არ დაარღვევს ვაგინის ბუნებრივ მიკროფლორას, რადგან ის სხეულის ბუნებრივი თავდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია

♦ თქვენს კვების რაციონში დაამატეთ სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები — ისინი „შიგნიდან“ ასტიმულირებს ვაგინის ბუნებრივ ჰიდრატაციას, გიცავთ ანთებისგან და ხელს უწყობს პატარა ჭრილობების შეხორცებას. ასეთებია, მაგალითად, თევზის ქონი, კიტრისუნას და ფურისულას ზეთები. ისინი დიეტური დანამატების სახით გამოიყენება, თუმცა უმჯობესია, მათი გამოყენებისა და მედიკამენტებთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ თქვენს გინეკოლოგს ან ფარმაცევტს გაესაუბროთ.

► თუკი სხეულზე ზრუნვის მიუხედავად ვაგინის სიმშრალე მაინც შენარჩუნდა, აუცილებლად გაიარეთ შემოწმება თქვენს პირად ექიმთან ან გინეკოლოგთან.

♦ ზოგ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ კრემები, რომლებიც შეიცავს ესტრიოლს — ესტროგენის მოლეკულას. ფიტოესტროგენის შემცველი მცენარეული საშუალებები შეიძლება მენოპაუზის დროს მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების საპასუხოდ გამოიყენოთ.

♦ გინეკოლოგმა შეიძლება გირჩიოთ ჰიალურონმჟავას შემცველი ვაგინალური სანთლების გამოყენება კვირაში 2-3-ჯერ, ლორწოვანი ქსოვილის გაღიზიანების დასაცხრობად.

თუკი ვაგინის სიმშრალე თქვენი ინტიმური ურთიერთობისთვის დიდ ტვირთად იქცა, შეგიძლიათ, ფსიქოთერაპევტს ან ფსიქოლოგს მიმართოთ. ამ პროცესში ორივე პარტნიორი უნდა მონაწილეობდეს. ვინმესთვის დაბრალება სარგებელს არ მოიტანს — იმუშავეთ თქვენს პარტნიორთან ერთად, რათა ერთად იპოვოთ გამოსავალი და ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ.

მსგავსი სტატიები

ვაგინა, გამონადენი, ვაგინალური, ფერი, ცვლილება, მენსტრუაცია, საშო

ვაგინალური გამონადენი — როდის და რატომ იცვლება ის?

რა ფერის უნდა იყოს ჯანსაღი ვაგინალური გამონადენი? როგორ გავარჩიოთ ის სხვა ტიპის გამონადენებისგან და როდის მივმართოთ ექიმს?

ვაგინა და ვულვა
ქალი, გოგო, სხეული, რეპროდუქციული, ანატომია, სისტემა, ძუძუები, მკერდი, ვულვა, ვაგინა, საშვილოსნო, ყელი, საკვერცხე, ბოქვენი, კლიტორი, აპკი, ჯირკვლები, არეოლა, qali, gogo, sxeuli, reproduqciuli, anatomia, sistema, dzudzuebi, mkerdi, vulva, dzudzu, ძუძუ, vagina, საშო, sasho, sashvilosno, yeli, sakvercxe, boqveni, klitori, apki, jirkvlebi, areola

ქალის სხეული და რეპროდუქციული ანატომია — რა უნდა ვიცოდეთ?

რა შედის ქალის ანატომიაში? ვულვა (ბოქვენი, დიდი და მცირე სასქესო ბაგეები, კლიტორი, კლიტორის ჩუჩა, შარდსადენი, საშო (ვაგინა), საქალწულე აპკი და ბართოლინის ჯირკვლები. საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი, საკვერცხეები, პერინეუმი (შორისი). ძუძუები და მათი ანატომიური ერთეულები.

ჩემი სხეული
კლიტორი, klitori, სავნებო, savnebo, ქალი, სიამოვნება, ორგაზმი, სად, არის, sad aris, qali, siamovneba, orgazmi, მასტურბაცია, masturbacia, გოგო, gogo, ვაგინა, vagina

კლიტორი — ქალის სიამოვნების მთავარი წყარო

კლიტორი (სავნებო) ქალის ეროგენული ორგანოა, რომელიც სექსუალურ აღგზნებაში მონაწილეობას — კლიტორის ანატომია, მასტურბაცია და სიამოვნება

ვაგინა და ვულვა

გააზიარე სტატია

ვაგინის სიმშრალე — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია