Facebook Script

სექსი პენეტრაციის გარეშე — რა უნდა ვიცოდეთ?

22 დეკემბერი, 2021 | სიამოვნება და სექსი

არაპენეტრაციული სექსი არის სექსი პენეტრაციის — ანუ სხეულში შეღწევის — გარეშე. ადამიანმა შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზით ამჯობინოს ის პენეტრაციულ სექსს, მათ შორისაა პრეფერენცია, უსაფრთხოება, მენტალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობები ან პირადი საზღვრები.

მართალია, ტრადიციულ სექსთან შედარებით არაპენეტრაციული სექსი უფრო უსაფრთხოა, როდესაც საქმე ორსულობას ან სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს (სგგი-ებს) ეხება, თუმცა ასეთ ინტიმურ ურთიერთობებშიც კი განსაზღვრული რისკი მაინც რჩება, ამიტომ თავის დაზღვევა ისევ აუცილებელია — სექსის დროს თავის დაცვა ყველა ტიპის სექსზე ვრცელდება.

არაპენეტრაციული სექსის განმარტებაში გარკვეული ბუნდოვანება არსებობს. ის შეიძლება ნიშნავდეს სექსს ვაგინალური ან ანალური პენეტრაციის გარეშე, თუმცა მაინც მოიცავდეს გარკვეულ პენეტრაციულ ასპექტებს, მაგალითად, ორალურ სექსს — სასქესო ორგანოების პირით ან ენით სტიმულირებას —  ან ფინგერინგს — ე.წ. „თითაობას“, ანუ სასქესო ორგანოების თითებით სტიმულირებას. თუმცა ის ასევე შეიძლება ნიშნავდეს ისეთ სექსს, რომელშიც არანაირი ტიპის პენეტრაცია არ ხდება.

ბევრი ადამიანისთვის არაპენეტრაციული სექსი პრელუდიას აღნიშნავს — ინტიმური ფიზიკური სიახლოვის აქტს, რომელიც წინ უძღვის სექსს და შეიძლება მოიცავდეს კოცნას, ეროტიკულ მასაჟს და სექსუალური ფანტაზიების გაზიარებას. თითოეული მათგანი შეგვიძლია განვიხილოთ არაპენეტრაციული სექსის ან პრელუდიის ფორმად, გააჩნია რას აღიქვამს კონკრეტული ადამიანი სექსად.

► სექსის პენეტრაციული ფორმებისთვის გვერდის ავლა არ ნიშნავს, რომ ის, რითაც დაკავებული ხართ, „ნამდვილი სექსი“ არ არის, და ამით არც ორგაზმის მიღწევის ალბათობა იკლებს.

► იხილეთ აგრეთვე: პრელუდია — ინტიმური სიახლოვე სექსის წინ

არაპენეტრაციული სექსი მოიცავს ისეთ აქტებს, როგორიცაა:

  • ორმხრივი მასტურბაცია — როდესაც ორი ან მეტი ადამიანი დაკავებულია საკუთარი თავის ან ერთმანეთის სექსუალური სტიმულაციით

  • მშრალი სექსი (ე.წ. „მშრალად ხახუნი“; ინგლ. Dry humping) — სხეულის ნებისმიერი ნაწილის ხახუნი სხვა ადამიანის სასქესო ორგანოებზე. მშრალი სექსით დაკავება შეიძლება როგორც ტანსაცმლით, ისე მის გარეშე

  • ჰენდჯობი (ინგლ. Handjob) და ფუტჯობი (ინგლ. Footjob) — პენისის სტიმულაცია ხელის ან ტერფის გამოყენებით, შესაბამისად

  • ვიბრატორით ან სექს-სათამაშოთი სტიმულაცია — ვიბრატორის ან სხვა სექს-სათამაშოს გამოყენება პენეტრაციის გარეშე

  • ინტერკრურალური („ბარძაყებს შორის“), ინტრაგლუტეალური („დუნდულებს შორის“) ან ინტრამამარული („ძუძუებს შორის“) სექსი — პენისის ხახუნი პარტნიორის ბარძაყებს, დუნდულებს ან ძუძუებს შორის, შესაბამისად.

ტრადიციული სექსის ალტერნატივა

შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, რატომ არის საერთოდ საჭირო არაპენეტრაციული სექსი. თუმცა, ასეთი მიდგომა მოძველებული, ეიბლისტური და ჰეტერონორმატიულია. უმჯობესია, ვიკითხოთ — რა გვიშლის ხელს, რომ სექსის ახალი ვარიანტები განვიხილოთ?

ზოგჯერ არაპენეტრაციული სექსი ძალიან კარგი ვარიანტია, მაგალითად:

  • როცა ადამიანს სექსი უნდა, მაგრამ არ უნდა პენეტრაცია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ტკივილი ან დისკომფორტი პენეტრაციის დროს, პენეტრაციასთან დაკავშირებული ტრავმული გამოცდილება წარსულიდან, ურთიერთობის უფრო ნელი ტემპით განვითარების სურვილი ან ნებისმიერი სხვა პირადი თუ სიტუაციური მიზეზი;

  • როცა ადამიანს აქვს ისეთი შეზღუდული შესაძლებლობა, რომელიც ხელს უშლის პენეტრაციულ სექსს;

  • როცა პარტნიორებს სურთ რაღაც ახლის ცდა და საკუთარი სხეულების ახლებური გზებით შესწავლა — იმის უკეთ გაგება, თუ რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ;

  • ერთნაირსქესიანი პარტნიორებისთვის;

  • ისეთ სიტუაციაში, როდესაც თავის დაცვის საშუალებები პენეტრაციული სექსისთვის ხელმისაწვდომი არ არის ან შეუფერებელია (მაგალითად, თუკი ვინმეს ლატექსზე ალერგია აქვს);

არაპენეტრაციული სექსი ასევე კარგი ვარიანტია ისეთ სიტუაციაში, როდესაც სქესობრივ აქტში მონაწილე ადამიანებს არ სურთ პენეტრაციით დაკავება უსაფრთხოების მიზნით; ან ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, სადაც პენეტრაცია არასასურველი, არაკომფორტული ან არარელევანტურია.

გარდა ამისა, ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ვაგინიზმი ან ერექციული დისფუნქცია, პენეტრაციას მტკივნეულს, რთულს ან შეუძლებელსაც კი ხდის (ისე, რომ რომელიმე პარტნიორს დიდი ტრავმა არ მიაყენოს).

ვაგინიზმი ხშირადაა დაკავშირებული ტკივილის შიშთან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ძველი მტკივნეული გამოცდილებებით ან არასასურველი მოლოდინებით. ერექციული დისფუნქცია — სქესობრივი აქტის შესასრულებლად საჭირო ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების შეუძლებლობა — ასევე ხშირადაა დაკავშირებული შიშებსა და მოლოდინებთან — იმის შიშთან, რომ შეიძლება „იმაზე ნაკლები“ აღმოჩნდე, ვიდრე „ნამდვილ მამაკაცს“ შეეფერება, რომელსაც „მარტივად შეუძლია მყარი ერექციის შენარჩუნება დიდი ხნით“. ეს მცდარი წარმოდგენები ხშირ შემთხვევაში პორნოგრაფიის გავლენით ჩნდება, რომელშიც მასკულინობა გაზვიადებულად და არარეალისტურადაა წარმოდგენილი.

► ზოგჯერ ტრადიციული პენეტრაციული სექსით დაკავება უბრალოდ ძალისხმევად არ ღირს და ეს სრულიად ნორმალურია.

სურათი: WomanLog

ფსიქოლოგიური ბარიერები ამდენადვე მნიშვნელოვანი და ლეგიტიმურია. სექსუალური ურთიერთობებისთვის პარტნიორებს შორის გარკვეული ნდობის არსებობაა საჭირო, ასევე კომფორტი პარტნიორისა და საკუთარი სექსუალობის შესასწავლად. ბევრი ჩვენგანი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ქმნის ბარიერებს, რომლებიც ემოციურად გვიცავს, თუმცა რომლებმაც შეიძლება ინტიმურობას შეუშალოს ხელი, რადგან ის დაუცველობასა და მოწყვლადობას საჭიროებს. ასეთი ბარიერების ნგრევა შესაძლებელია, თუმცა ამ პროცესისთვის საჭიროა დრო, ზეწოლის არარსებობა, გულწრფელი თვითრეფლექსია და, იდეალურ შემთხვევაში, სანდო ადამიანი ჩვენ გვერდით.

აუცილებელია იმის გააზრება, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს არასდროს ექნება პენეტრაციული სექსი. მათი გამოცდილება იმაზე უფრო ნაკლებად „რეალურად“ ან „ღირებულად“ არ უნდა განვიხილოთ, ვიდრე ორ ჰეტეროსექსუალ, ტიპური განვითარების მქონე ადამიანს შორის მოველით.

სხვა თუ არაფერი, არაპენეტრაციული სექსი სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და საკუთარი სხეულის უკეთ შესწავლის კარგი გზაა: რა განიჭებთ სიამოვნებას? რა არის ის საზღვარი, რომელსაც არ გასცდებით? არავითარი მიზეზი არ არსებობს საიმისოდ, რომ პრელუდიის, სქესობრივი აქტისა და ორგაზმის ერთ მოდელს მისდიოთ, ამ თანმიმდევრობით. უამრავ ადამიანს აქვს სურვილები და საჭიროებები, რომლებიც ტრადიციული ფორმულის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება, და მრავალფეროვანი სექსის ნორმალიზება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

► სანამ ახალ პარტნიორთან არაპენეტრაციული სექსით დაკავდებით, აჯობებს, წინასწარ გაერკვიოთ ერთმანეთის პრეფერენციებსა და საზღვრებში. სექსი პენეტრაციის გარეშე ყველასთვის ერთსა და იმავეს არ ნიშნავს, ამიტომ საჭიროა იმის დაზუსტება, თუ რაზე თანხმდებით პარტნიორს და რაზე გთანხმდებათ ის.

შეიძლება თუ არა ამ გზით დაორსულება?

კი, შეიძლება. ორსულობა ბიოლოგიური ფუნქციის შედეგია. სპერმატოზოიდისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მიაღწია მან კვერცხუჯრედს — ის ყოველთვის შეეცდება მის განაყოფიერებას.

მართალია, პენეტრაციისთვის გვერდის ავლა არასასურველი ორსულობის რისკს ძალიან ამცირებს, მაგრამ არაპენეტრაციული სექსუალური კავშირის დროს დაორსულება შეუძლებელი სულაც არაა. სპერმას სხეულს გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლია სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, რაც საკმარისი დროა საიმისოდ, რომ უყურადღებობის ან დაუდევრობის გამო ის როგორმე ვაგინაში მოხვდეს. ამის რამდენიმე მაგალითია:

  • როცა ქალის სხეულის სხვა ნაწილზე მოხვედრილი სპერმა ვაგინაში ჩაედინება.

  • როცა ქალი ორალურ სექსს უკეთებს კაც პარტნიორს, კოცნის შემდეგ კი საპასუხო ორალური სექსის დროს სპერმა ვაგინაში ხვდება.

  • როცა ხელზე არსებული სპერმა ვაგინაში ხვდება თითებით სტიმულაციის დროს.

  • როცა სპერმა სექსის შემდგომი გასუფთავების დროს პირსახოციდან ან ხელსახოციდან ვაგინაში გადადის.

ერთი სიტყვით, ბევრი სხვადასხვა სცენარი არსებობს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ამ დროს გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ეაკულატი (სპერმა), არამედ პრეეაკულატიც (ე.წ. „პრექამი“; ინგლ. precum) — სითხე, რომელიც აღგზნებისას გამოიყოფა პენისიდან, რადგან ის ასევე შეიცავს სპერმას. თუკი ორსულობის თავიდან არიდება გსურთ, უმჯობესია, არაპენეტრაციული სექსისთვის ისევე მოემზადოთ, როგორც პენეტრაციული სექსისთვის მოემზადებოდით (ზომიერების ფარგლებში). თუკი, ჩვეულებრივ, კონტრაცეფციას — მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს — მიიღებდით ან სპერმიციდულ ლუბრიკანტს — ისეთ ლუბრიკანტს, რომელიც სპერმის უჯრედებს კლავს — გამოიყენებდით, გამონაკლისს ნურც ახლა დაუშვებთ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს თითქოს არასაჭირო ჩანს.

ამავენაირად, ორსულობის ტესტის გაკეთებას ნუ გადაიფიქრებთ მხოლოდ იმიტომ, რომ დადებითი პასუხის ალბათობა უფრო ნაკლები გეჩვენებათ. როცა ორსულობაზე გაქვთ ეჭვი, სჯობს დროულად შეამოწმოთ და დარწმუნდეთ.

სურათი: WomanLog

რამდენად ეფექტურია ეს სგგი-ების წინააღმდეგ?

არაპენეტრაციული სექსი კიდევ უფრო დაუცველია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი-ების) მიმართ, ვიდრე არასასურველი ორსულობის მიმართ.

ბარიერული მეთოდები კონტრაცეფციის ერთადერთი ფორმაა, რომელიც სგგი-ების წინააღმდეგ ეფექტურია. მათ შორისაა კაცისა და ქალის პრეზერვატივები (კონდომები) და სტომატოლოგიური კაშხლები (ლატექსის თხელი, ელასტიკური ნაჭრები, რომლებიც ორალური სექსის დროს პირისა და გენიტალიის ან პირისა და ანუსის უშუალო კონტაქტისგან დასაცავად გამოიყენება). მიუხედავად ამისა, თუნდაც თავდაცვის ეს მეთოდები სწორად გამოიყენოთ, თუკი შემდგომ თქვენი პარტნიორის სხეულის სითხეები თქვენი სასქესო ორგანოს ან პირის მახლობლად აღმოჩნდება, დაინფიცირება შესაძლებელია.

► სგგი-ები ინფიცირებული სხეულის სითხეების მიმოცვლით გადადის, ყველაზე ხშირად ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის დროს. ინფექცია ასევე გადადის სხეულის სითხეებთან კონტაქტში მყოფი ნივთების (მაგალითად, ნემსის, საპარსის, პირსახოცის) გაზიარებით, დაინფიცირებული საკვების მიღებით (ჭამამდე კარგად დაიბანეთ ხელები) ან კოცნით, თუკი ინფექციის შედეგად ადამიანს პირზე წყლულები აქვს.

► იხილეთ აგრეთვე: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავლენა ქალების ჯანმრთელობაზე

გარკვეული სგგი-ების, მაგალითად, ჰერპესისა და პაპილომავირუსის, გადადება შიშველი მშრალი სექსის შემთხვევაშიცაა შესაძლებელი, თუნდაც ამ დროს სხეულის სითხეების მიმოცვლა არ მოხდეს. მშრალი სექსის დროს საცვლების ქონა უფრო უსაფრთხოა, თუმცა ეს იმის სრული გარანტი არ არის, რომ გენიტალიების კანი-კანზე კონტაქტი არ მოხდება ან რომ სხეულის სითხეები არ მიმოიცვლება. ზოგიერთი სგგი ისეთ ადგილებზეც აგრძელებს არსებობას, რომლებსაც საცვლები ყოველთვის არ ფარავს (მაგალითად, ბარძაყის ზედა ნაწილზე ან დუნდულებზე).

რა ტიპის სექსითაც არ უნდა დაკავდეთ, დარწმუნდით, რომ არც თქვენ და არც თქვენს პარტნიორს სგგი არ გაქვთ. ამის გასარკვევად მარტივი და ეფექტური გზა კლინიკაში ინფექციებზე რეგულარული შემოწმებაა. ბევრი ისეთი სგგი არსებობს, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, ამიტომ თავისუფლად შეიძლება, რომ სხვა მხრივ ჯანმრთელი ადამიანი ინფექციის მატარებელი იყოს ისე, რომ არც კი იცოდეს. თუკი სგგი აღმოგაჩნდებათ, გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია და განიხილეთ მკურნალობის გზები. ბევრი გავრცელებული სგგი სრულად განკურნებადია, თუკი მათ ადრეულ ფაზაშივე აღმოაჩენთ — რაც ძალიან კარგი მიზეზია საიმისოდ, რომ ხშირად შეემოწმოთ.

ეს ყველაფერი შეიძლება ცოტა შემაშფოთებლად ჟღერდეს, თუმცა უმჯობესია, იცოდეთ, რა ზომების მიღებაა საჭირო პოტენციური საფრთხისთვის გვერდის ასავლელად. დაიცავით თავი სექსის დროს და ნუ შეგეშინდებათ სიახლეების!

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

სექსი პენეტრაციის გარეშე — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია