ეიბლიზმი (ინგლ. Ableism) საზოგადოების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების მიმართ დისკრიმინაციასა და უარყოფით წინასწარგანწყობას ნიშნავს. არსობრივად, ეიბლიზმი არის იმის დაშვება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არასრულფასოვნები არიან. რასიზმისა და სექსიზმის მსგავსად, ეიბლიზმიც ადამიანთა ჯგუფზე სტერეოტიპების, მცდარი წარმოდგენებისა და განზოგადებული მიმართებების ერთობლიობაა.
ეიბლიზმმა შეიძლება მიიღოს იდეებისა და დაშვებების, სტერეოტიპების, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკების, ასევე ფიზიკური ბარიერების ან უფრო ფართომასშტაბიანი შევიწროების ფორმა. ხშირად ის გამიზნული არ არის და ბევრ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს, როგორ შეიძლება იმოქმედოს მათმა სიტყვებმა თუ ქმედებებმა სხვებზე.
ეიბლიზმის ფორმები
ეიბლიზმის გამოხატულებაა ნებისმიერი დებულება თუ ქცევა, რომელიც მიემართება შშმ პირს და აკნინებს ან დაბალ სტატუსს ანიჭებს მისი შესაძლებლობების გამო.
ამის მარტივი მაგალითია, როდესაც ადამიანი გაუცნობიერებლად არაკომფორტულად გრძნობს თავს შშმ პირების გარშემო. ეს შეიძლება გამოიხატოს უბრალო ნერვიულობის ან მოუქნელობის ფორმით, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც უხერხულობის ან ზიზღის გამო ადამიანები შშმ პირებთან ურთიერთობას საერთოდ არ ამყარებენ.
ეიბლიზმის მაგალითია ასევე, როდესაც ადამიანს სტერეოტიპული წარმოდგენები აქვს შშმ პირების ან მათი განსაზღვრული ქვეჯგუფის მიმართ. მაგალითად, როცა ჰგონია, რომ შშმ პირების ხასიათი რამდენიმე ძირითად კატეგორიად იყოფა — ვთქვათ, სევდიანად და საბრალოდ, მხიარულად და უმანკოდ ან ცინიკურად და უკმაყოფილოდ. ხშირად განსაზღვრული სტერეოტიპები ცალკეულ დიაგნოზებთან ასოცირდება. მაგალითად, ის, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები უფრო ბედნიერები, მეგობრულები და გულუბრყვილოები არიან, მენტალური აშლილობის მქონე ხალხი არაპროგნოზირებადი და საშიშია, ან რომ აუტიზმის სპექტრზე მყოფი პირები ცივები და უტაქტოები არიან და მათი გაგება შეუძლებელია. ხშირი სტერეოტიპია ასევე შეზღუდული შესაძლებლობების იერარქიულად დალაგება მათი „სიმწვავის“ მიხედვით. ამის ნათელი მაგალითია ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა — მათ შორის ზოგჯერ შშმ პირებშიც კი — რომ ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდულობა არც იმდენად ცუდია, რადგან „სხვა თუ არაფერი, შენს ტვინს მაინც არაფერი არ სჭირს“.
არსებობს ეიბლიზმის ისეთი შემთხვევაც, როდესაც ადამიანს შშმ პირები სძულს იმის გამო, რომ ჰგონია, რომ ისინი პრივილეგიებს იღებენ. ამის მიზეზად მათ შეიძლება დაასახელონ კარგი საპარკინგე ადგილები, ფასდაკლებები თუ სახელმწიფო დახმარება, ასევე ის ფაქტი, რომ, სხვა უმცირესობებისგან განსხვავებით, შშმ პირები ხალხისგან მხარდაჭერასა და სითბოს იღებენ.
► აღსანიშნავია, რომ პიროვნული ეიბლისტური წარმოდგენების ორი ძირითადი მიმართულება გამოიყოფა. ერთი ის, რომ შშმ პირი გარემოებების უიღბლო, მაგრამ უმანკო მსხვერპლია, და ის უნდა გვიყვარდეს, ვიზრუნოთ მასზე და დავიცვათ. მეორე კი ის, რომ შშმ პირები ბუნებითად არასრულფასოვნები და „შემაწუხებლები“ არიან, ამავდროულად კი უსამართლოდ სარგებლობენ ხალხისა თუ სახელმწიფოს დიდსულოვნებით. არცერთი ეს წარმოდგენა არ არის სიმართლე და ორივე ზღუდავს და წამლავს ურთიერთობებს შშმ პირებთან, ზოგჯერ კი თვითონ შშმ პირებს შორისაც.
თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურ წარმოდგენებსა და ქცევებამდე არ დადის. ამ წარმოდგენებზე ძლიერ ზემოქმედებს დიდი ხნის განმავლობაში არსებული საზოგადოებრივი პრაქტიკები და ინსტიტუციები, მათ შეცვლას კი ბევრად მეტი დრო სჭირდება — ეს უკვე სისტემური ეიბლიზმია.
სისტემურ ეიბლიზმში იგულისხმება ის პრაქტიკები, რეგულაციები, კანონები და ინსტიტუციები, რომლებიც იმ დაშვებას ეფუძნება, რომ შშმ პირები იმთავითვე ნაკლებად ნიჭიერები, ნაკლებად „სასარგებლოები“ არიან საზოგადოებისთვის და მათ უფრო ნაკლები პირადი ავტონომია უნდა ჰქონდეთ, ვიდრე სხვებს. ასეთი კანონები და რეგულაციები ზღუდავს შშმ პირების თავისუფლებასა და თანასწორობას, ზოგჯერ შშმ პირებზე „ზრუნვის“ მოტივით მათ რიყავს საზოგადოებისგან ან, უბრალოდ, საზოგადოების „გაუმჯობესების“ გზად მიაჩნია შეზღუდული შესაძლებლობების მკურნალობა.
ეიბლიზმი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ფორმა
შშმ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია როგორც სექსიზმთან, ისე ეიბლიზმთან. ეს ორი ფაქტორი ერთად ძალიან ზრდის შშმ ქალებზე ძალადობის ალბათობას.
მართალია, შშმ ქალები და გოგოები ძალადობის ბევრ ისეთ ფორმას განიცდიან, როგორსაც ყველა სხვა ქალი, მაგრამ გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობების გადაკვეთისას ძალადობა უნიკალურ ფორმას, მიზეზებსა და შედეგებს იძენს.
მოძალადეები შშმ ქალებზე ძალადობენ მათი სოციალური იზოლაციის, გადაადგილების შეზღუდულობის, მხარდამჭერი სტრუქტურების ნაკლებობის, კომუნიკაციის ბარიერებისა და უარყოფითი საზოგადოებრივი წარმოდგენების გამო. ამაში იგულისხმება როგორც ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, ისე ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
♦ არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ შშმ ქალებზე ძალადობა უფრო ხშირია, ვიდრე შშმ კაცებზე.
♦ აგრეთვე შშმ ქალებზე ძალადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე სხვა ქალებზე.
♦ შშმ ბავშვებიც ძალადობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი სხვა თანატოლები.
♦ ხშირ შემთხვევაში მოძალადეები თავად მომვლელები არიან — იქნება ეს სახლში თუ დაწესებულებაში — და შშმ ქალები ხშირად მოძალადე პარტნიორების ან ოჯახის წევრების ტყვეობაში იმყოფებიან, რადგან ისინი ფინანსურად და სოციალურად მათზე არიან დამოკიდებულნი.
შშმ ქალებისა და გოგოებისთვის მომხდარი ძალადობის გასაჩივრების პროცესი ხშირად ხელმიუწვდომელია, რაც გამოწვეულია შეუსაბამო პოლიტიკითა და სტანდარტებით, უარყოფითი დამოკიდებულებით, ინფორმაციის ხელმიუწვდომლობით, კომუნიკაციის სირთულით, არასაკმარისი დაფინანსებით და ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმღებ ინსტიტუციებში შშმ ქალების ჩართულობის ნაკლებობით.
♦ ბევრ შშმ ქალსა და გოგოს შეზღუდულად ან საერთოდ არ აქვს წვდომა განათლებაზე. მათ ზოგჯერ არასრულად იციან ოფიციალური ჟესტების ენა და მხოლოდ იმ ჟესტებით ამყარებენ კომუნიკაციას, რომლებიც დიდწილად მათი ოჯახის წევრებს ესმით.
♦ სექსუალური და გენდერით განპირობებული ძალადობის გასაჩივრების გარშემო არსებული სტიგმისა და იმ ფაქტის გამო, რომ მოძალადეები ზოგჯერ თავად ოჯახის წევრები არიან, გასაჩივრებისას თანმხლები ოჯახის წევრის ყოფნამ შეიძლება შშმ ქალებს სიმართლის თქმა გადააფიქრებინოს.
♦ გარდა ამისა, პოლიცია ხშირად ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალებს სანდო მოწმეებად არ განიხილავს და ასეთ დროს შესაბამისმა ორგანოებმა შეიძლება შეწყვიტონ დანაშაულის გამოძიება.
რა დასკვნის გამოტანა შეიძლება?
ეიბლიზმი ჩვენს საზოგადოებაში ძლიერაა ფესვგადგმული. ეს არის ძალადობის ფორმა, რომელიც ხდება როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ დონეზე, განსაკუთრებით ქალების მიმართ. ეიბლიზმი ქალებს მათი შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით განსაზღვრავს და აქცენტს აკეთებს მათ „ნორმიდან გადახრილობაზე“, ნაცვლად იმისა, რომ დაინახოს მათი ინდივიდუალურობა და პიროვნება.
ეიბლიზმი, სექსიზმი და დისკრიმინაციის სხვა ფორმები შშმ ქალებს ძალადობის მრავალი სხვადასხვა ფორმის წინაშე უფრო მოწყვლადებს ხდის და ართულებს იმ ინსტიტუციებთან წვდომას, რომლებიც სწორედ ამისგან თავდასაცავადაა განკუთვნილი.
საჭიროა, რომ საზოგადოებაში გაიზარდოს შშმ პირებზე დისკრიმინაციისა და მისი შედეგების ცნობადობა, სახელმწიფომ სისტემურ დონეზე აღმოფხვრას ეიბლიზმი და მისით გამოწვეული ბარიერები, შშმ პირებზე ძალადობის შემთხვევებში კი მოძალადეებს შესაფერისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს.
► იხილეთ აგრეთვე: 10 მითი, რომლითაც შშმ პირებს სექსუალობას ვუზღუდავთ
მთავარი სურათი: dribbble / Xurxe Toivo García