Facebook Script

პრემენსტრუალური სინდრომი, ანუ „პიემესი“ (PMS) — გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

თავისა და მკერდის ტკივილი, ხასიათის ცვლილება, გაღიზიანება, სპაზმური ტკივილები, დაღლილობა, უძილობა, საკვების გაზრდილი მოთხოვნილება — ეს პრემენსტრუალური სინდრომის, ე.წ. „პიემესის“ (PMS), ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია.

პიემესი აერთიანებს ისეთ ფიზიკურ და ემოციურ სიმპტომებს, რომლებიც თავს მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე იჩენენ. როგორც წესი, პმს-ის სიმპტომები მენსტრუაციის დაწყებამდე 5 დღით ადრე ვლინდება და შესაძლებელია, ერთი კვირის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. იმ ადამიანებს, რომლებსაც მენსტრუალური ციკლი აქვთ, როგორც წესი, პიემესის განსხვავებული სიმპტომები ახასიათებთ.

მაქვს თუ არა პიემესი?

პრემენსტრუალური სინდრომის კლინიკური გამოვლინებები და სიმპტომები განსხვავებულია. სიმპტომების წყვეტა (მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე) ართულებს პმს-ის დიაგნოსტირებას. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ხშირად სიმპტომების აღწერა არაზუსტია ან არ მეორდება.

როგორც ციკლთან დაკავშირებული სხვა პროცესების შემთხვევაშიც, პიემესის დროსაც სასურველია სიმპტომებისა და მათი თანმიმდევრობის ჩანიშვნა. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ მარტივად შეაფასოთ პმს-ის გამოვლენის სიმძიმე და სიხშირე. ზოგჯერ პმს-ის სიმპტომები არ ემთხვევა ჰორმონალური ციკლის ცვლილებებს.

► პიემესისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სიმპტომი სხვა პროცესებისა და ჯანმრთელობის პრობლემებისთვისაცაა დამახასიათებელი. იმ შემთხვევაში, თუკი პიემესის სიმპტომები განსაკუთრებით მძიმე და უჩვეულოა თქვენთვის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

პიემესის სიმპტომები შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ:

  1. ფიზიკური — თავის ტკივილი, მკერდის ტკივილი და შეშუპება, სახსრების ტკივილი, დაღლილობა, ძილის დარღვევა. 

  2. ფსიქოლოგიური/ემოციური — ხასიათის ცვლილება, ჰიპერმგრძნობელობა, გაღიზიანება, დეპრესიის ნიშნები. 

  3. კვებითი — მუცლის შეშუპება, გულისრევა, ფაღარათი, ღებინება, კვების რუტინის დარღვევა.

 

პრემენსტრუალური სინდრომი თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD)?

პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა, იგივე „პიემდიდი“ (PMDD), პმს-ის მძიმე ფორმაა. პიემდიდის სიმპტომები პიემესის სიმპტომების მსგავსია, თუმცა ბევრად ინტენსიურია და შეიძლება, რომ ხელი შეგიშალოთ მუშაობაში, სოციალიზაციასა და ურთიერთობებში. გარდა ამისა, პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა უფრო დიდხანს გრძელდება — საშუალოდ ორ კვირამდე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის სიმპტომები მოიცავს პმს-ის სიმპტომებსაც, თუმცა დამატებით ვლინდება:

  • ტემპერატურის მატება

  • თქვენთვის საყვარელი აქტივობების მიმართ ინტერესის დაქვეითება

  • უიმედობის განცდა

როგორც წესი, PMDD-ის დროს მედიკამენტები უნდა გამოიყენოთ, თუმცა დიაგნოზის დასმამდე აუცილებელია, გამორიცხოთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:

  • დეპრესია

  • პანიკური შეტევები

  • მენოპაუზა

  • ენდომეტრიოზი

  • ფიბროიდები

  • ჰორმონალური პრობლემები

წყარო: Additude

რა იწვევს პრემენსტრუალურ სინდრომს?

უცნობია, ზუსტად, რა იწვევს პიემესს, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ გამომწვევი ფაქტორია ციკლის დროს ქიმიური/ნეირობიოლოგიური ცვლილება — საკვერცხის ჰორმონების, ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილება.

ტვინის გარკვეული ქიმიური ნივთიერებების (მაგალითად, დოფამინისა და სეროტონინის) ცვლილება იწვევს ხასიათის ცვლილებასაც. კვლევების თანახმად, ის ადამიანები, რომლებსაც მენსტრუალური ციკლი აქვთ და ამავდროულად გუნება-განწყობის აშლილობები, დეპრესია ან პოსტპარტუმ (მშობიარობის შემდგომი) დეპრესია აქვთ, პიემესის გამოვლენის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

მაგნიუმისა და კალიუმის დაბალ დონეებთან ერთად, ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მადის მომატება და გაზრდილი ლტოლვა კონკრეტული საკვების მიმართ (უმეტესად, ტკბილეულისა და რძის პროდუქტების მიმართ).

ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა ჰორმონებზეც. მაგალითად, ალდოსტერონი, რომელიც არეგულირებს ბალანსს მარილსა და წყალს შორის. ალდოსტერონის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს:

  • სითხის შეკავება 

  • მუცლის შებერილობა (ანუ მეტეორიზმი)

  • მკერდის ტკივილი (მასტალგია)

  • წონის მატება

იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ექიმები ცდილობენ, დაადგინონ პიემესისა და PMDD-ის გამომწვევი ზუსტი მიზეზები, რათა მათი მკურნალობა და სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელი გახდეს.

როგორ გავუმკლავდეთ პრემენსტრუალურ სინდრომს? 

მიუხედავად იმისა, რომ პიემესს ცხადად გამოკვეთილი სიმპტომები ახასიათებს, ექიმების უმეტესობა მათთან გამკლავების ეფექტურ გზებს დღემდე ეძებს. პმს-ის მკურნალობის ეტაპი იწყება იმის შეფასებით, თუ რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს ეს მდგომარეობა თქვენს ყოველდღიურობაზე.

მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება და თქვენს ცხოვრებაში მათი დანერგვა, რათა პიემესის დღეები უფრო მარტივად გადაიტანოთ:

ინფორმაციის ქონა და თვალყურის დევნება. ის ადამიანები, რომლებიც პიემესის სიმპტომებს ცნობენ და ფლობენ ინფორმაციას, ამ დღეებს შედარებით მომზადებულები ხვდებიან და უფრო მარტივად გადააქვთ. შეგიძლიათ, მოინიშნოთ ის სიმპტომები, რომლებიც გივლინდებათ ხოლმე, რათა მომდევნო თვეში უფრო მომზადებული იყოთ.

სტრესის შემსუბუქება. ეს ტაქტიკა მკურნალობის ეფექტურ გზად მიიჩნევა. მნიშვნელოვანია, დაისვენოთ, ყოველდღიურ რუტინასა და საქმეებს შეეშვათ და ის აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ყოველთვიურად პიემესის დღეების განმავლობაში საკუთარ თავზე ამგვარი ზრუნვის შედეგად შესაძლებელია, რომ მომდევნო თვეებში პრემენსტრუალური სინდრომი უფრო მსუბუქად გადაიტანოთ.

► ყურადღება! თუკი პეპტიკური (კუჭის) წყლული ან თირკმლის დაავადება გაწუხებთ, არ გამოიყენოთ ურეცეპტოდ გაცემადი ტკივილგამაყუჩებლები. ამან შეიძლება თქვენი მდგომარეობის გაუარესების რისკი გაზარდოს.

ჯანსაღი დიეტა. ჯანსაღად კვება მნიშვნელოვანია როგორც თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის, ასევე სხეულში ჰორმონების ჯანსაღი წარმოებისთვის. დაბალანსებული საკვების მიღება, მარილის, შაქრის, კოფეინისა და ალკოჰოლის მოხმარების შემცირება პიემესის სიმპტომების შემცირებაში დაგეხმარებათ.

არსებობს ნივთიერებები, რომლებსაც ამ სიმპტომების გამოვლენის დროს იღებენ — კალციუმი, მაგნიუმი და ომეგა-6. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ეს დანამატები ერთნაირად არ მოქმედებს ადამიანებზე, ამიტომ სასურველია, მათ მიღებამდე ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს სპაზმური ტკივილებისა და შებერილობის შემსუბუქებას. მსუბუქი ვარჯიში (მაგალითად, ნელა სირბილი) ათავისუფლებს ენდორფინებს და ხელს უწყობს მკერდის მგრძნობელობის შემცირებას. სხეულის მოდუნებაზე ფოკუსირებული აქტივობები კი ამცირებს შფოთვას და დეპრესიულ ეპიზოდებს.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: Dribbble / Olivia Malone 

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ვიდეო, მითები, მითი, მენსტრუაცია, თვიური, პერიოდი, მენსტრუალური, ციკლი, video, mitebi, miti, menstruacia, tviuri, periodi, menstrualuri, cikli

ვიდეო — 5 მითი მენსტრუაციაზე

ამ ვიდეოში საუბარია მენსტრუაციაზე და მასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებზე: მენსტრუალური ტკივილი, სისხლი, დაორსულება, ე.წ. „პიემესი“ (პმს) — ვის აქვს მენსტრუაცია?

მენსტრუაცია
რჩევები, მშობლები, შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, ssm, shezguduli, shesadzleblobebi, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — შშმ მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის შშმ მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა
რჩევები, მშობლები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა
მენსტრუაცია, ციკლი, მენსტრუალური, დარღვევა, დისფუნქცია, მიზეზები, მკურნალობა, menstruacia, cikli, tviuri, dargveva, disfunqcia, mizezebi, mkurnaloba

3 ყველაზე გავრცელებული მენსტრუალური დარღვევა — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

რომლებია ყველაზე გავრცელებული მენსტრუალური დარღვევები და როგორ შეიძლება მათი მკურნალობა? სტატიაში თავმოყრილია ინფორმაცია სამ ყველაზე გავრცელებულ მენსტრუალურ დარღვევებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე.

მენსტრუაცია

გააზიარე სტატია

პრემენსტრუალური სინდრომი, ანუ „პიემესი“ (PMS) — გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია