ალბათ, ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ რომელიმე ვირუსული ან კონტროვერსიული პოსტის ქვეშ დაწერილი კომენტარებით და არაერთი სიძულვილის, შეუარცხყოფისა და ლანძღვის შემცველი კომენტარი წაგიკითხავთ. ასეთი კომენტარების ადრესატები ხშირად პოლიტიკოსები, აქტივისტები, პოპ კულტურის წარმომადგენლები ან საზოგადოებისთვის სხვა ფორმით ცნობილი ადამიანები არიან ხოლმე.
სიძულვილის ენას ვხვდებით ყველას მიმართ, განურჩევლად გენდერისა, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა ნებისმიერი მახასიათებლისა. მაგრამ დაკვირვებიხართ, სიძულვილის სენტიმენტის უკან მდგომ შინაარსს და იმას, თუ როგორ იცვლება ის ადრესატის გენდერის მიხედვით? რა სიტყვებს იყენებენ გასალანძღად ან შესაქებად? რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული სიძულვილის ენის გამოყენების სიხშირე ცნობილი ადამიანების, მაგალითად, პოლიტიკოსების გენდერთან?
როგორც ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმის მიმართ, ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ ქალები უფრო მოწყვლადები არიან. „გაეროს ქალთა როგანიზაციის“ ევროპულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები 27-ჯერ უფრო მაღალი ალბათობით ხდებიან ციფრულ სივრცეში ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე კაცები.
იმისათვის, რომ საქართველოში სიძულვილის ენის გენდერული ასპექტები გაგვეანალიზებინა, მაგალითისთვის, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ფიგურა ავიღეთ და სიძულვილის ენის ქართულენოვანი დეტექტორის დახმარებით 12 იუთუბ ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარები ვიკვლიეთ.
ვიდეოები რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეირჩა:
-
თითოეული ვიდეოს კომენტარების რაოდენობა საშუალოდ 40-სა და 100-ს შორის მერყეობს;
-
ცდომილების შესამცირებლად, გათვალისწინებულია როგორც პროსახელისუფლებო, ისე ოპოზიციური წყაროები;
-
გაანალიზებული ვიდეოების პერიოდიკა, პირობითად, სამ მონაკვეთადაა დაყოფილი:
-
წინასაარჩევნო პერიოდი: 2018 წლის სექტემბერი-ნოემბერი (3 ვიდეო);
-
არჩევნების შემდგომი პერიოდი: 2018-2021 წლები (3 ვიდეო);
-
ბოლოდროინდელი მოვლენები: 2023 წლის მარტი-ოქტომბერი (6 ვიდეო).
-
გვსურს, გაგიზიაროთ მიგნებები და ტენდენციები, რომლებიც ამ მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა:
წინასაარჩევნო პერიოდი (2018 წლის სექტემბერი-ნოემბერი)
მას შემდეგ, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა, სამი სხვადასხვა ვიდეოს ქვეშ გამოქვეყნებულ კომენტარებზე დაკვირვებით, სიძულვილის ენა მნიშვნელოვნად ჭარბობდა პოზიტიურ სენტიმენტს და 30.6%-ს შეადგენდა.
გაანალიზებული ვიდეოებია:
- „სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლის პირისპირ“
- „სალომე ზურაბიშვილის განცხადება #LIVE“
- „სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება არჩევნების შემდეგ“.
არჩევნების შემდგომი პერიოდი (2018-2021 წლები)
არჩევნების შემდგომ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის სიხშირე მცირედ, მაგრამ მაინც შემცირდა და 23.6% შეადგინა, თუმცა ეს პოზიტიური სენტიმენტის გაზრდის ხარჯზე არ მომხდარა.
ამ პერიოდიკაში გაანალიზდა შემდეგი ვიდეოები:
- „საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია (სრული ვიდეო)„
- „საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვა“
- „ეს ასე არ უნდა დასრულდეს, მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტრაგედიას” | სალომე ზურაბიშვილი.
ბოლოდროინდელი მოვლენები (2023 წლის მარტი-ოქტომბერი)
ამ პერიოდიკაში გაანალიზებული 6 ვიდეოს კომენტარებმა მკვეთრი ცვლილებები აჩვენა სალომე ზურაბიშვილის მიმართ სენტიმენტებში. 2023 წლის მარტის აქციებზე, ხელისუფლებასთან პრეზიდენტის ღია დაპირისპირების პერიოდში, სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების რაოდენობა 21.2%-მდე შემცირდა, ხოლო პოზიტიური სენტიმენტების წილი 12.8%-მდე გაიზარდა.
ამ პერიოდიკაში გაანალიზებული ვიდეოებია:
-
სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო ტრიბუნიდან დაუპირისპირდა
-
სალომე ზურაბიშვილის სიტყვა სრულად - იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში
ბოლოდროინდელი მოვლენების ანალიზისას ჩვენი ყურადღება ერთმა კონკრეტულმა მოვლენამ, ნიკა გვარამიას შეწყალებამ, და ამ საკითხის ირგვლივ სენტიმენტების თანაფარდობამ მიიქცია, სხვადასხვა მედიასაშუალების ჭრილში.
კერძოდ, მთავარი არხის ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარების 21% პოზიტიური სენტიმენტი იყო, როცა იგივე მაჩვენებელი ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეოს კომენტარებში მხოლოდ 6%-ს შეადგენდა.
„იმედის“ ვიდეოების ქვეშ მნიშვნელოვნად დიდი იყო სიძულვილის შემცველი კომენტარების რაოდენობა — 44%.
ამ კონკრეტულმა მაგალითმა გამოკვეთა ისიც, რომ მაქსიმალურად ობიექტური შედეგებისთვის, აუცილებელია, გასაანალიზებელ მასალებში წყაროების დაბალანსება.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ბოლოდროინდელ მოვლენებამდე მკვეთრი განსხვავებები არ შეინიშნება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის სიხშირეში, 2018-2021 წლებში. სტატიაში განხილული სამი სხვადასხვა პერიოდიკა და მათი შედარება გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ სიძულვილის ენის მაჩვენებელი პოზიტიური კომენტარების ზრდის ხარჯზე უფრო შემცირდა, ვიდრე სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების კლების ხარჯზე. ამ ვარაუდს კომენტარების შინაარსობრივი ანალიზიც აძლიერებს.
შინაარსობრივი ანალიზი
კომენტარების შინაარსი იმავე პრინციპით — სიძულვილის ენა და პოზიტიური სენტიმენტი — დავაჯგუფეთ. ანალიზისას გამოიკვეთა, რომ როდესაც ადამიანები სიძულვილის შემცველ კომენტარებს წერენ, ხშირად ეს კომენტარები გენდერულ კომპონენტს მოიცავს. ანუ, ლანძღვისა და შეურაცხყოფის ხშირი ფორმა პრეზიდენტის ქალობისკენაა მიმართული. იმავეს ვერ ვიტყვით პოზიტიურ სენტიმენტებზე. მეტიც, პოზიტიურ სენტიმენტებში თითქმის არ გვხვდება გენდერული კომპონენტი: კომენტარების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მის პროევროპულობასა და ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებას მიემართება. ანუ, მას როგორც პრეზიდენტს, პოლიტიკოსს და არა — როგორც ქალს.
ანალიზის შედეგად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ როცა სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიძულვილის ენას იყენებენ, ძირითადი ფორმა გინება, მისი, როგორც ქალის, დაკნინება და შეურაცხყოფაა. ზოგიერთი კომენტარი მის ასაკსაც მიემართება. საინტერესოა ისიც, რომ იარლიყები „ნაცი“ და „ქოცი“ სიძულვილის ენაში ხშირად გვხვდება, თუმცა თითქმის არასდროს გამოიყენება პოზიტიური სენტიმენტის გამოხატვისას.
კომენტარების შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიძულვილის ენას არაფერი ან ძალიან ცოტა თუ აქვს საერთო ჯანსაღ კრიტიკასთან და ის მხოლოდ ღირსების შელახვასა და შეურაცხყოფას ემსახურება.
მეთოდოლოგიის დეტალები
DataFest Tbilisi 2023-ის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, ჩატარდა ჰაკათონი „სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში“. ჰაკათონის ფარგლებში ორი გამარჯვებული პროდუქტი გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთი ქართულენოვანი სიძულვილის ენის დეტექტორია.
პროდუქტი აანალიზებს YouTube ვიდეოების კომენტარებს და სამ ნაწილად ყოფს: სიძულვილის ენა, პოზიტიური სენტიმენტები და ნეიტრალური შინაარსის კომენტარები.
დეტექტორი აღიქვამს როგორც ქართულ, ისე ლათინურ ანბანს, რომლის ტრანსლიტერაციასაც აკეთებს. მოდელი ვერ აღიქვამს სხვა ანბანს, რის გამოც ანალიზში ვერ გამოვიყენეთ რუსული ანბანით დაწერილი კომენტარები, თუმცა აღსანიშნავია, რომ კომენტარების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო რუსული ანბანით დაწერილი. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ კომენტარებში ვხვდებით სიტყვის წერისას დაშვებულ მექანიკურ შეცდომებს (ე.წ. „ტაიპოებს“), რომელთა დიდი ნაწილის გასწორებაც ხელით გახდა საჭირო, რათა ხშირად გამოყენებული სიტყვების ვორდქლაუდი რიცხობრივად ზუსტი ყოფილიყო, შესაბამისად, ცდომილების მცირე ალბათობა აქაც არის.
თითოეული ვიდეოს კომენტარებში ჭარბობდა ნეიტრალური („undecided“) დამოკიდებულება, რასაც ორი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, ამ კატეგორიაში მოხვედრილი კომენტარები შეიძლება, უბრალოდ, დეტექციისას გამოვლენილი ცდომილება იყოს, რისი თავიდან არიდებაც შესაძლებელი იქნებოდა უფრო კომპლექსური მოდელის გამოყენებით. თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ კომენტარების ავტორები სალომე ზურაბიშვილის მიმართ არც რადიკალურ სიძულვილის ენას ავლენენ და არც - განსაკუთრებით პოზიტიურ სენტიმენტს. ისინი, ეთიკური ნორმების ფარგლებში, გამოხატავენ პირად, ნეიტრალურ დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენების შესახებ.
სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში გავრცელებული სიძულვილის ენა გავაანალიზეთ რიცხობრივი ანალიზის მეთოდოლოგიით. კერძოდ, ანალიზის ძირითადი ნაწილი მოიცავდა სიძულვილის ენის, ნეიტრალური დამოკიდებულებისა და პოზიტიური სენტიმენტის პროპორციის დინამიკას დროის განმავლობაში. აგრეთვე გავაანალიზეთ ხშირად გამოყენებული სიტყვებიც.
ანალიზის პროცესში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის მოდელი (ჰაკათონის გამარჯვებული პროდუქტი) კომენტარების სიძულვილის ენად კატეგორიზაციას გარკვეული სიტყვებისთვის მინიჭებული წონის დახმარებით ახდენს. სიტყვებისთვის წონის მინიჭების შემდეგ, მოდელი კომენტარებს ჯამურ წონას ანიჭებს: თუ ეს პროპორცია 0.00-სა და 0.35-ს შორის მერყეობს, ადგენს სიძულვილის ენად, 0.70-1.00 შუალედში — ადგენს პოზიტიურ სენტიმენტად, ხოლო 0.35-0.70 შუალედში მოდელი ვერ ახერხებს სიძულვილის ენის ან პოზიტიური სენტიმენტის იდენტიფიცირებას, ანუ კომენტარი ხვდება ნეიტრალური დამოკიდებულების კატეგორიაში.
► ხელსაწყო და რეპოზიტორია (კოდის საცავი) გამოყენებისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ციფრულ სამყაროში სიძულვილის ენის ანალიზი აინტერესებს.
► ხელსაწყო შექმნილია ანზორ გოზალიშვილის, ამირან გოზალიშვილის, რევაზ რევაზაშვილისა და ნიკა გოზალიშვილის მიერ.
► ხელსაწყოს გამოყენებით საკითხი იკვლია და სტატია და მონაცემთა ვიზუალიზაცია მოამზადა „ფორსეტის“ გუნდმა.