გამოფიტვა (ინგლ. Burnout) არის ქრონიკული ემოციური, სოციალური და ფსიქოლოგიური გადაღლილობის მდგომარეობა, რომელიც გრძელვადიანი სტრესორითაა (ხშირ შემთხვევაში მუშაობით) გამოწვეული. გამოფიტული ადამიანების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ გადაღლილია ემოციურად და არ აქვს მოტივაცია. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში გამოფიტვამ შეიძლება გააუარესოს მენტალური ჯანმრთელობის სიმპტომები, ფიზიკური პრობლემები და შეამციროს ცხოვრების ხარისხი.
როგორც წესი, გამოფიტვის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზები მუშაობასთანაა დაკავშირებული, თუმცა მისით გამოწვეული ფიზიკური და გონებრივი გადაღლა გავლენას ახდენს როგორც სამსახურზე, ისე პირად ცხოვრებაზე. გამოფიტვა შეიძლება გამოიწვიოს მშობლობამ (განსაკუთრებით ხშირია დედების გამოფიტვა) და ზრუნვითმა პასუხისმგებლობამაც, ასევე პრობლემურმა რომანტიკულმა ურთიერთობებმა.
როგორი შეგრძნებაა გამოფიტვა?
გამოფიტვის ძირითადი სიმპტომები მენტალური გადაღლა, პროდუქტიულობის დაქვეითება და უძლურების განცდაა. ხშირია ასევე ფიზიკური დისკომფორტი, რომელიც დაკავშირებულია მოჭარბებული სტრესით გამოწვეულ რეაქციებთან, როგორებიცაა მუცლის და თავის ტკივილი, მადის ცვლილება და ავადობაც კი.
გამოფიტვის ხშირ სიმპტომებს შორისაა:
-
შფოთვა
-
თავის ტკივილები
-
მოუსვენრობა
-
დეპრესია
-
ქრონიკული გადატვირთულობა
-
გულის აჩქარება
-
არაკომფორტული და ზოგჯერ განმეორებითი ფიქრები, რომლებიც უწყვეტად მოდის
-
ზოგადი გადაღლილობა
რა განსხვავებაა გამოფიტვას, სტრესსა და დეპრესიას შორის?
გამოფიტვა სამედიცინოდ აღიარებული დიაგნოზი არ არის და მისი დამახასიათებელი სიმპტომები ჯერ კიდევ არ არის სრულად სისტემატიზებული. მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ გამოფიტვა სტრესისა და დეპრესიისგან. მათ, ვინც ტოქსიკურ სტრესში არიან, ახასიათებთ მეტი შრომა, ვიდრე ნაკლები. გამოფიტვისას კი პროდუქტიულობის დაქვეითება და ნაკლები ჩართულობა ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომებია.
რაც შეეხება დეპრესიას, იგი გამოფიტვასთან გადაჯაჭვულია. დეპრესია სამედიცინო თვალსაზრისით დადგენილი დიაგნოზია, რომელიც დიაგნოზისას მინიმუმ ორი კვირის ვადაში გამოვლენილ სიმპტომებს საჭიროებს. იგი უმეტესად სევდითა და უიმედობით ხასიათდება. გამოფიტვა კი არ არის სამედიცინო დიაგნოზი, თუმცა ჯანმრთელობისა და ფსიქიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ხასიათდება უმეტესად აპათიით, რომელსაც, შესაძლოა, დეპრესიის სიმპტომები ახლდეს თან.
► იხილეთ აგრეთვე:
გამოფიტვის ნიშნები
გამოფიტვის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს გაღიზიანებადობის, მოტივაციის ნაკლებობის, პროდუქტიულობის შემცირებისა და ცინიკურობის სახით. ამ ყველაფერმა შეიძლება გაართულოს კონცენტრაცია, დაარღვიოს ძილი და უარყოფითად განგაწყოთ სამსახურისა თუ ცხოვრებისადმი. გამოფიტვის ნიშნებს შორისაა ასევე:
-
აპათია — აპათია გამოფიტვის ხშირი ნიშანია. მის დროს ადამიანი შეიძლება ემოციურად გაუცხოებული ან გულგრილი იყოს სამსახურის, ურთიერთობისა თუ სხვადასხვა აქტივობისადმი. მას შეიძლება აკლდეს მოტივაცია და უჭირდეს თავის ყოველდღიურ პასუხისმგებლობებში საჭიროების ან მიზნის დანახვა;
-
აქტივობებით დაინტერესების შემცირება — გამოფიტულმა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ინტერესი ისეთ ჰობებში, სპორტსა თუ სოციალურ აქტივობებში, რომლებიც ერთ დროს მისთვის კმაყოფილებისა და სიამოვნების წყარო იყო;
-
ცუდი მოსწრება ან არაეფექტურად მუშაობა — გამოფიტვამ შეიძლება გაართულოს კონცენტრაცია, რაც ხშირ შეცდომებს, დათქმული ვადების გადაცილებასა და პროდუქტიულობის შემცირებას იწვევს. ცუდი მოსწრება ან არაეფექტურად მუშაობა შეიძლება გაღიზიანებისა და იმედგაცრუების წყარო გახდეს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს გამოფიტვას;
-
მუდმივი დაღლილობა — საკმარისი დასვენების მიღების მიუხედავად, ადამიანი შეიძლება მაინც გრძნობდეს დაღლილობას და უენერგიობას, რადგან გამოფიტვის დროს ბევრს უჭირს ენერგიის აღდგენა. გამოფიტვის ფიზიკურ ნიშნებს შორის შეიძლება იყოს თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა, მადის ცვლილებები და ძილის რეჟიმის არევა;
-
ხალხისგან იზოლაცია — ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავის ხალხისგან იზოლაცია მოახდინოს და თავი აარიდოს სოციალურ ინტერაქციებს, საზოგადოებრივ შეკრებებსა თუ აქტივობებს, მათ შორის მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებთან. მათ შეიძლება საამისო ენთუზიაზმი აკლდეთ ან ენერგია არ ჰქონდეთ. ეს, თავის მხრივ, ამძაფრებს მარტოობის შეგრძნებას.
გამოფიტვის გამომწვევის მიზეზები
გამოფიტვა შეიძლება სხვადასხვა მიზეზიდან მომდინარეობდეს, მათ შორის სამსახურთან დაკავშირებული სტრესიდან და მომთხოვნ და დამღლელ სიტუაციებთან გრძელვადიანი კავშირიდან. მაგალითად, სამუშაოს სიჭარბე, კონტროლის ნაკლებობა, არასაკმარისი ჯილდოები, ცუდი სამუშაო გარემო, უსამართლობა და ღირებულებების აცდენა — ამ ყველაფერმა შეიძლება ადამიანი ენერგიისგან დაცალოს და მისთვის შეუძლებელი გახდეს სიტუაციებთან გამკლავება. ამ ფაქტორებმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს პირადი და პროფესიონალური ცხოვრების დისბალანსი, რასაც, თავის მხრივ, მივყავართ დაღლილობამდე, გაღიზიანებასა და პროდუქტიულობის შემცირებამდე.
ქვემოთ ჩამოთვლილი გამოფიტვის შესაძლო გამომწვევი მიზეზები:
-
ჭარბი სამუშაო: მუდმივი დატვირთულობა სამუშაოთი და არარეალური მოლოდინები;
-
კონტროლის ნაკლებობა: ავტონომიის ნაკლებობა სამსახურში (მაგ., გადაწყვეტილებების მიღებაში ან მიკრომენეჯმენტში მონაწილეობის ნაკლებობა);
-
არასაკმარისი მხარდაჭერა: კოლეგების ან ზემდგომი პირებისგან მხარდაჭერის ნაკლებობა, იქნება ეს დახმარება, მენტორობა თუ ემოციური მხარდაჭერა;
-
ორგანიზაციული ფაქტორები: ცუდი ორგანიზაციული კომუნიკაცია, ბუნდოვანი მოლოდინები და პრიორიტეტების ან როლების ხშირი ცვლილებები;
-
სამსახურისა და პირადი ცხოვრების დისბალანსი: როდესაც სამსახური საჭიროებს დიდ დროსა და ენერგიას, რაც არ ტოვებს დროს პირადი ცხოვრებისთვის;
-
უსამართლო მოპყრობა: უსამართლო ან დისკრიმინაციული დამოკიდებულება სამუშაო გარემოში, მაგალითად, ფავორიტიზმი ან არათანაბარი შესაძლებლობების ქონა;
-
არარეალური მოლოდინები: მუდმივი სირთულე იმისა, რომ დააკმაყოფილო მაღალი, არარეალური ან მიუწვდომელი მოლოდინები და მიზნები არასაკმარისი რესურსებითა და დროით;
-
ცუდი მენეჯერული კომუნიკაცია: ზედამხედველებთან ან მენეჯერებთან ცუდი კომუნიკაცია (მაგ., გაუგებარი ინსტრუქციები ან შეუსაბამო უკუკავშირი).
როგორ შევამჩნიოთ გამოფიტვა?
თუ ჩამოთვლილი კითხვებიდან მინიმუმ ორზე მაინც დადებითი პასუხი გაქვთ, სასურველია გამოფიტვასთან დაკავშირებით ფსიქოთერაპევტს მიმართოთ.
-
ბოლო 3-6 თვეში საგრძნობლად აცდენდით თუ არა სამსახურს?
-
ბოლო პერიოდში ხშირად მოგდიოდათ თუ არა კონფლიქტი თანამშრომლებთან ან/და უფროსთან?
-
გიწევთ თუ არა დამატებით მუშაობა სამუშაო საათების შემდეგ იმის გამო, რომ რეგულარულ საათებში ვერ შეასრულეთ თქვენი მოვალეობა?
-
ბოლო დროს კავდებით თუ არა უადგილო ოცნებებითა და გაქცევის ფანტაზიებით?
-
გახასიათებთ თუ არა შფოთისა და დეპრესიის ნიშნები, რომლებიც თან ახლავს თქვენს სამუშაო პროცესს?
-
ბოლო პერიოდში დაგიქვეითდათ თუ არა ფიზიკური ჯანმრთელობა ან ვერ შეძელით ექიმის მიერ თავის მოვლის შესახებ მოცემული რჩევების შესრულება?
-
გულგრილი ხართ თუ არა თქვენ მიერ შესრულებული საქმის ხარისხის მიმართ?
გამოფიტვის გავლენა სხეულსა და ფსიქიკაზე
გამოფიტვა ნელ-ნელა „ეპარება“ ადამიანებს და დროთა განმავლობაში იზრდება მისი სიმძიმე. მიუხედავად ამისა, როცა გამოფიტვა დგება, მისი შედეგები შეიძლება გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი იყოს. ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ქრონიკული ძილის პრობლემები ან მან სხვადასხვა ნივთიერების გამოყენება დაიწყოს გამოფიტვასთან გასამკლავებლად. უკიდურესად მძიმე შემთხვევებში გამოფიტვამ ასევე შეიძლება გააჩინოს გულის პრობლემები.
უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში გამოფიტვას შეიძლება ისეთი მწვავე შედეგები მოჰყვეს, როგორებიცაა:
-
ჯანმრთელობის ზოგადი გაუარესება, მათ შორის იმუნური სისტემის დაქვეითება და ქრონიკული პრობლემები
-
უძილობა და ძილის ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები
-
გულის დაავადებები
-
ნივთიერების ან ალკოჰოლის მოხმარების პრობლემები
-
ოჯახური ან ურთიერთობების პრობლემები
-
სამსახურით კმაყოფილების ან მოტივაციის ქონის ნაკლებობა, პროდუქტიულობის და მუშაობის ხარისხის დაქვეითება
-
იზოლაცია/სოციალური ცხოვრების ნაკლებობა
როგორ გავუმკლავდეთ გამოფიტვას?
გამოფიტვა მკვეთრად ამცირებს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, გარკვეული ზომები მივიღოთ მასთან გასამკლავებლად. გამოფიტვის წინააღმდეგ, შესაძლოა, შემდეგი სტრატეგიები აღმოჩნდეს წარმატებული:
-
დაკავდით თვითგაცნობიერებით — განუსჯელად გაიაზრეთ და მიიღეთ თქვენი ფიქრები და შეგრძნებები. ეს ზრდის საკუთარი თავის აღქმას და ამცირებს სტრესს;
-
გამოიყენეთ შვებულებები;
-
ხელი შეუწყვეთ დადებითი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას;
-
დაადგინეთ საზღვრები საკუთარი თავისთვის, რათა დაიცვათ თქვენი დრო და კეთილდღეობა (მაგალითად, სამუშაო დროის დასრულების შემდეგ არ შეამოწმოთ ელ. ფოსტა და არ დათანხმდეთ ისეთ დამატებით დავალებებს, რომლებსაც ვერ გაუმკლავდებით ან რომლებიც მენტალურად ან ფიზიკურად დაგაზიანებთ);
-
უპირატესობა მიანიჭეთ საკუთარ თავზე ზრუნვას, მათ შორის ჯანსაღად კვებას, ვარჯიშსა და დასვენებას;
-
დაკავდით საყვარელი აქტივობებით, რომლებიც არ უკავშირდება სამსახურს;
-
ეძიეთ სოციალური მხარდაჭერა — ესაუბრეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და კოლეგებს, რაც დაგეხმარებათ იზოლირებულობის შეგრძნების შემცირებაში;
-
ეცადეთ, გააუმჯობესოთ დროის მენეჯმენტი — პრიორიტეტი მიანიჭეთ მნიშვნელოვან საქმეებს და არ დახარჯოთ დრო ნაკლებად მნიშვნელოვან აქტივობებზე;
-
ისწავლეთ „არას“ თქმა;
-
საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.
ქალების სპეციფიკა: ორმაგი შრომა
გამოფიტვის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი გენდერის ადამიანი გახდეს, თუმცა რამდენიმე კვლევა ადასტურებს, რომ ქალებს არაპროპორციულად უფრო ხშირად უწევთ გამოფიტვასთან გამკლავება, ვიდრე კაცებს.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქალებს 23%-ით მეტად უჭირთ სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსება კაცებთან შედარებით, ასევე 45%-ით მეტია ალბათობა იმისა, რომ ისინი განიცდიდნენ სამსახურისგან მიღებულ სტრესს კაცებთან შედარებით. სამსახურებრივ პროდუქტიულობასა და მოტივაციას „კარგად“ ქალების ნახევარზე ნაკლები აფასებს. გამოფიტვა იმდენად გავრცელებულია, რომ 2022 წლის მონაცემებით, 3-დან 1 ქალი სამსახურიდან წამოსვლას ან სამუშაოს შემცირებას განიხილავდა.
ქალებში გამოფიტვის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები სოციალური სტრუქტურებისა და კონსტრუირებული გენდერული როლებითაა განპირობებული. ქალებს, განსაკუთრებით კი დედებს, ხშირად კარიერასთან ერთად ყოველდღიურად არაანაზღაურებადი საოჯახო საქმეების კეთება და შვილების აღზრდაც უწევთ. ოჯახში სახლის საქმეებისა და ბავშვის მოვლის ტვირთი ქალსა და კაცს შორის გადანაწილებული უნდა იყოს, თუმცა ეს იშვიათად ხდება. პანდემიის პერიოდში ქალები საშუალოდ სამჯერ მეტ არაანაზღაურებად შრომას ასრულებდნენ, ვიდრე კაცები.
საზოგადოებაში სახლის საქმეების კეთებისას კვლავ შენარჩუნებულია ტრადიციული გენდერული დაყოფა. UCL-ის კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებიც კაცებთან ერთად ცხოვრობენ, სახლის საქმეების უმეტესობას თავად აკეთებენ. 5-ჯერ მეტად მოსალოდნელია, რომ ქალებმა კაცებთან შედარებით საშინაო საქმეებში კვირაში მინიმუმ 20 საათი დახარჯონ.
პრაქტიკული საქმეების გარდა, ქალებს უმეტესად უწევთ დამატებით ე.წ. „მენტალური დატვირთვის“ გაზიარება. მასში მოიაზრება უხილავი შრომა, რაც აუცილებელია ოჯახისა და სახლის მართვისათვის, მათ შორის ისეთი პრაქტიკული ამოცანების დაგეგმვა, როგორებიცაა ექიმთან ვიზიტები, სკოლისა და ბაღის პროექტები, საყიდლების სია და სხვა ოჯახის მართვის აუცილებელი დეტალები, რომლებიც გონებრივ ჩართულობას საჭიროებს. მსგავსი გონებრივი დატვირთვა ისეთივე დამღლელი შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური აქტივობა. გარდა ამისა, ის საჭიროებს გარკვეულ დროსა და ენერგიას და იშვიათადაა აღიარებული და დაფასებული.
ქალებისთვის სახლისა და სამსახურის დაბალანსებისას საზღვრები ბუნდოვანია, ვინაიდან მათ სახლშიც უწევთ სხვადასხვა სამუშაოს შესრულება. აღნიშნული დისბალანსი ქალებს არ აძლევს საშუალებას, იზრუნონ საკუთარ თავზე.
გარდა ორმაგი შრომისა, ქალები კაცებზე უფრო ხშირად იფიტებიან გავრცელებული სამსახურებრივი ეთიკისა და ნორმების გამო. პირველ ყოვლისა, ეს გამოწვეულია ანაზღაურების გენდერული განსხვავებით. მაგალითად, აშშ-ში ქალებს ხშირად ნაკლები ანაზღაურება აქვთ კაცებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი და იმავე რაოდენობის შრომას ასრულებდნენ. ასევე კაცებთან შედარებით ქალებს ნაკლებად აწინაურებენ და ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ ისინი იკავებდნენ ნაკლები ავტორიტეტის მქონე პოზიციებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და იმედგაცრუება. კვლევის მიხედვით, ყოველ დაწინაურებულ 100 კაცზე 86 ქალი მოდის.
ამასთან ხშირად კაცებით დაკომპლექტებულ სამუშაო გარემოში ქალებს დამატებითი წნეხი აქვთ, რომ მეტი იშრომონ იმისთვის, რომ თანამშრომელ კაცებს თავიანთი კომპეტენტურობა დაუმტკიცონ.
გენდერული უთანასწორობის გაღრმავებასთან ერთად, კაცებთან შედარებით ქალების გამოფიტვის მაღალი რისკი სხვა ქალებს მოტივაციას უკარგავს კარიერასთან ერთად ოჯახიც შექმნან ან პირიქით. ასევე ეს აქვეითებს თავად ქალი დასაქმებულების პროდუქტიულობის ხარისხს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, გაქარწყლდეს სამუშაო და ოჯახურ გარემოში არსებული თავისთავადი და არაცნობიერი გენდერული მიკერძოება და ქალებსა და კაცებს თანაბარი პირობები შეექმნათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებლებმა ამოიცნონ გამოფიტული თანამშრომლები და ურჩიონ მათ შესაბამისი ზომების მიღება, ვინაიდან ასეთი ადამიანები ხშირად ნაკლებად საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე.
გამოყენებული წყაროები:
სტატიის მთარგმნელი: ლეილა ჩხეტიანი
მთავარი სურათი: Vecteezy
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით