Facebook Script

რა არის ადიქცია? — მისი ტიპები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

07 მაისი, 2024 | ადიქცია

დამოკიდებულება, იგივე ადიქცია (ინგლ. Addiction), არის ქრონიკული აშლილობა, რომელსაც ახასიათებს საზიანო ქცევებში ჩართვის მძაფრი მოთხოვნილება ან საჭიროება. ადიქციის ორი ტიპი, ქცევებზე და ნივთიერებებზე დამოკიდებულება, იწვევს არაერთ პრობლემას ურთიერთობებში, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და პროფესიონალურ საქმიანობაში. ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება ფიზიკურ დამოკიდებულებას იწვევს და მათი მოხმარების შეწყვეტის შემდეგ სპეციფიკური ფიზიკური სიმპტომები ვლინდება.

ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებასა და ადიქციურ ქცევებს მრავალი მიზეზით იწყებენ, მაგალითად, იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნონ, პრობლემებს გაექცნენ ან მოერგონ გარემოსა თუ მეგობრებს. ადიქციის რისკ-ფაქტორები შეიძლება იყოს ტრავმული გამოცდილება ბავშვობაში, მშობლების ყურადღების ნაკლებობა, თანატოლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა, ექსპერიმენტები წამლებსა და ნარკოტიკებზე, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა სკოლაში, საზოგადოების სიღარიბე და სხვა. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში ხდება ადამიანი დამოკიდებული, მით უფრო რთულია მისთვის ადიქციასთან ბრძოლა.

ადიქციის ტიპები — რაზე შეიძლება ვიყოთ დამოკიდებული?

დამოკიდებულების მრავალი ფორმა არსებობს. ისინი შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს: ნივთიერებებზე დამოკიდებულება და ქცევებზე დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობისთვის ადიქცია უმეტესად ნარკოტიკების მოხმარებასთან ასოცირდება, ადამიანი შეიძლება ისეთ ქცევებზე იყოს დამოკიდებული როგორიცაა, აზარტული თამაშები, შოპინგი (საყიდლები) ან ჭამა. ზოგი ადამიანი, რეალობისგან თავის დაღწევის მიზნით, შესაძლოა, სიყვარულზე, მუშაობაზე ან სექსზე დამოკიდებულიც კი გახდეს. ასევე არსებობს ჯვარედინი დამოკიდებულება, როდესაც ადამიანი ერთდროულად რამდენიმე რამეზეა დამოკიდებული. ადიქცია, შესაძლოა, სხვა მენტალური დაავადებების პარალელურად განვითარდეს, მაგალითად პოსტტრავმული აშლილობა ან დეპრესია.

ნივთიერებებზე დამოკიდებულება

ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ასევე ცნობილი როგორც ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობა, გულისხმობს ლეგალური ან არალეგალური ნარკოტიკების ან სხვა ნივთიერებების მოხმარების კონტროლის დაკარგვას. ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანები კონკრეტულ ნარკოტიკს არასწორად ან ზედმეტად ბევრს მოიხმარენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ნივთიერებების მოხმარება ხშირად ნებაყოფლობითია, განმეორებითი გამოყენებისას ტვინი ცვლილებებს განიცდის და ნივთიერებაზე დამოკიდებული ხდება. აღნიშნული კატეგორია მოიცავს დამოკიდებულებას როგორც არალეგალურ ნარკოტიკებზე, როგორიცაა ჰეროინი, ისე ლეგალურ ნივთიერებებზე, მაგალითად, კოფეინზე.

ნარკოტიკულ ნივთიერებებს შორის შეიძლება იყოს: 

  • ალკოჰოლი

  • კოფეინი

  • კანაფი

  • ჰალუცინოგენები

  • ინჰალატორები

  • ოპიოიდები

  • ჰიპნოტიკური, სედატიური და ანქსიოლიზური საშუალებები

  • სტიმულატორები

  • თამბაქო/ნიკოტინი

ქცევებზე დამოკიდებულება

მიუხედავად იმისა, რომ ქცევებზე დამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებულია, ნივთიერებებზე დამოკიდებულებას მეტი ყურადღება ეთმობა. მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნივთიერებებზე და ქცევებზე (მაგალითად, აზარტულ თამაშებზე) დამოკიდებულებისას ტვინში გარკვეული მსგავსება შეინიშნება.

ქცევები, რომლებზეც შეიძლება დამოკიდებული გავხდეთ:

  • აზარტული თამაშები

  • ვარჯიში

  • ინტერნეტი

  • ზედმეტი ჭამა

  • სექსი

  • შოპინგი

  • ქურდობა

  • ვიდეოთამაშები

  • მუშაობა

დამოკიდებულების ნიშნები და სიმპტომები

დამოკიდებულება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში შესამჩნევ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ქცევით ცვლილებებს იწვევს. ნებისმიერი სახის დამოკიდებულება სამსახურსა და პირად ცხოვრებაში ფუნქციონირების მოშლას, განწყობის ცვალებადობას, დეპრესიას ან შფოთს იწვევს. ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებული დამოკიდებულება მოიცავს ისეთ ფიზიკურ სიმპტომებს, როგორებიცაა გაფართოებული გუგები, დაბნეული მეტყველება ან ავადმყოფობა.

დამოკიდებულების სიმპტომები და ნიშნებია:

  • ნივთიერების მოხმარების ან ადიქციური ქცევის შეწყვეტის უუნარობა — ნარკოტიკების მოხმარებასა და ადიქციურ ქცევაზე უარის თქმის შეუძლებლობა დამოკიდებულების მთავარი მახასიათებელია;

  • უსიამოვნო ფიზიკური ან გონებრივი შეგრძნებები და ფიქრები, როდესაც ადამიანი ნივთიერების მოხმარებას ან ქცევას თავს ანებებს;

  • გაზრდილი ტოლერანტობა — როდესაც ადამიანი  დამოკიდებულია, დროთა განმავლობაში თავის ტვინსა და სხეულში რეცეპტორები ან ფერმენტები ნივთიერებაზე ნაკლებად რეაგირებს. შესაბამისად, იმავე ეფექტის მისაღწევად დამოკიდებული ადამიანი იძულებულია, დოზა გაზარდოს;

  • პასუხისმგებლობებზე ყურადღების გამახვილების სირთულე — ადიქციის მქონე ადამიანებს სულ უფრო მეტად უჭირთ ლტოლვის მიღმა რაიმე საკითხზე ფოკუსირება;

  • სამუშაო, საგანმანათლებლო თუ პირად სივრცეში სრულყოფილად ფუნქციონირების სირთულე — ამასთანავე დამოკიდებულ ადამიანებს ხშირად უფუჭდებათ ურთიერთობები და უჭირთ როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვებზე ზრუნვა;

  • ჯანმრთელობის პრობლემები — დამოკიდებულება დროთა განმავლობაში იწვევს ავადმყოფობასა და ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებას, იქნება ეს კოგნიტიური დაქვეითება თუ ორგანოების დაზიანება, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი გახდეს.

ადიქციის გამომწვევი მიზეზები 

ადიქციის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. ექსპერტების მიხედვით, დამოკიდებულებას სხვადასხვა ფაქტორის კომბინაცია იწვევს. კონკრეტული შემთხვევის შესწავლისას კონტექსტური ფაქტორებით (შინაგანი და გარეგანი მიზეზები) იხსნება, თუ რა მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს ან რამ უბიძგა ადამიანს ადიქციისკენ. 

ადიქციის გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია:

ბიოლოგია და ფიზიოლოგია 

გენეტიკური მიდრეკილება, ფიზიკური ავადმყოფობა ან შეზღუდული შესაძლებლობა შეიძლება დამოკიდებულების მიზეზი გახდეს. სხვადასხვა კვლევა ვარაუდობს, რომ ადიქცია ხშირად გენეტიკისა და გამკლავების სუსტი უნარების შერწყმის შედეგია. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს სპეციფიკური გენები, რომლებიც დამოკიდებულების ალბათობას ზრდის. 

ადამიანები, რომლებმაც არ იციან ნარკოტიკული საშუალებებისადმი ასეთი მიდრეკილების არსებობის შესახებ, შეიძლება მარტივად გახდნენ სხვადასხვა, ერთი შეხედვით უვნებელი ადიქციური აქტივობების მსხვერპლი. მაგალითად, ალკოჰოლის მოხმარება განსაკუთრებული შემთხვევების აღსანიშნად ან სტრესის შესამსუბუქებლად, ადიქციური გენის არსებობის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში შეიძლება დამოკიდებულებაში გადაიზარდოს. 

ფიზიკური დაავადება ან შეზღუდული შესაძლებლობა

ფიზიკური დაავადება ან შეზღუდული შესაძლაბლობა, შესაძლოა, დამოკიდებულების ხელშემწყობი გახდეს. ზოგჯერ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ყოველდღიურ აქტივობებში მონაწილეობა, მაგალითად, მეგობრებთან სოციალიზაცია, ვარჯიში, მუშაობა ან სახლის მოვლა არ შეუძლიათ. მსგავსმა შეზღუდვებმა შეიძლება კლინიკური დეპრესია ან მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გამოიწვიოს, რამაც, შესაძლოა, გამკლავების საზიანო მექანიზმებისკენ უბიძგოს ადამიანს (ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარება და სხვა)

მეორე მხრივ, ფიზიკური ტკივილის შესამსუბუქებლად მიღებულმა ნივთიერებებმა, შესაძლოა, ადამიანი მათზე დამოკიდებული გახადოს. მაგალითად, პირები, რომლებიც გამოწერილ ოპიოიდების იღებენ, შეიძლება მათზე დამოკიდებული გახდნენ.

სოციალური ფაქტორები

სოციალური ან კულტურული ფაქტორები ხშირად ადიქციის ხელშემწყობი ფაქტორებია. ადიქციის მქონე მშობლების მიერ გაზრდილი ბავშვები იჯერებენ, რომ მსგავსი ქცევა სტანდარტული, მისაღები ან რეალობისგან გაქცევის მიღებული ფორმაა. 

ადიქციის მიზეზი შეიძლება თანატოლების ზეწოლა გახდეს. ისეთ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც ხშირად მოიხმარენ ნარკოტიკს ან კავდებიან სხვა ადიქციური ქცევებით, ადამიანებს დამოკიდებულებისკენ უბიძგებს.

ნეიროტრანსმიტერების დისბალანსი

მკვლევრების აზრით, ნეიროტრანსმიტერების დისბალანსი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზია. ადიქცია ტვინში მოტივაციური სქემების დრამატულ დერეგულაციას იწვევს, რაც დოფამინის დიდი რაოდენობით გამოყოფას უწყობს ხელს. 

ტრავმული გამოცდილება ბავშვობაში

ადამიანებმა, რომლებიც ბავშვობაში ტრავმულ პირობებში იზრდებოდნენ, სულიერ ტკივილთან გასამკლავებლად შეიძლება ნარკოტიკების მოხმარება დაიწყონ. არასასურველი ბავშვობის გამოცდილება შეიძლება მოიცავდეს მშობლების პატიმრობას, ოჯახში ძალადობას, მენტალურად დაავადებულ ან ადიქციის მქონე ოჯახის წევრის ყოლას, სამეზობლოში ძალადობას, ბულინგს და სხვა.

თანმხლები მენტალური დარღვევები

კვლევების მიხედვით, დამოკიდებული ადამიანების თითქმის ნახევარს ადიქციის პარალელურად მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების აღენიშნებოდათ, როგორიცაა: დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა, პიროვნების აშლილობა და სხვა. მენტალური პრობლემები ადიქციის გამომწვევი პირდაპირი მიზეზი არ არის, თუმცა ამ პრობლემებთან გასამკლავებლად ადამიანები შეიძლება ადიქციისკენ მიდრეკილნი გახდნენ.

ადიქციის მკურნალობა 

ადიქციის აღმოჩენა, აღმკვეთი ღონისძიებების გატარება და სოციალური მხარდაჭერა აუცილებელია მის სამკურანლოდ. დამოკიდებულების პირდაპირი წამალი არ არსებობს, თუმცა მკურნალობას, რომელიც პერსონალური პასუხმგებლობის პოზიტიურად წახალისებასა და თვითმოტივაციის გაზრდას მოიცავს, განკურნება შეუძლია. 

ადიქციასთან ცხოვრება საკმაოდ რთულია, ზოგ ადამიანს მისგან განსაკურნებლად რეაბილიტაცია ან/და ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. ადიქციური აშლილობების მკურნალობა განგრძობადი და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მისგან განკურნება შესაძლებელია.

დამოკიდებულების მკურნალობა მოიცავს შემდეგ მეთოდებს:

სტაციონარული და სარეაბილიტაციო დაწესებულებები

დამოკიდებულებისგან განკურნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება სტაციონარული და სარეაბილიტაციო დაწესებულებებია, სადაც ადამიანი დროის გარკვეულ პერიოდში უწყვეტ სტაციონარულ მკურნალობას გადის. სტაციონარულ და სარეაბილიტაციო დაწესებულებებში ინტენსიურმა და მონაცემებზე დაფუძნებულმა მკურნალობამ, რომელიც დაწესებულების დატოვების შემდეგ გარე მკურნალობით გრძელდება, გარკვეული პროგრესი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მკურნალობა საკმაოდ ძვირი და ხანგრძლივია, ის ძალიან ეფექტურია ადიქციასთან საბრძოლველად.

ინტენსიური-ამბულატორიული პროგრამები

კვლევებმა აჩვენა, რომ ინტენსიური-ამბულატორიული პროგრამები ავითარებს თავშეკავების უნარს, ამცირებს სიმპტომების ინტენსივობასა და ნივთიერების მოხმარებას.  აღნიშნული მეთოდი კარგია მათთვის, ვისაც არ სჭირდება დეტოქსიკაცია ან მუდმივი ზედამხედველობა. ინტენსიური-ამბულატორიული პროგრამები საშუალებას აძლევს პაციენტებს, ხშირი და ინტენსიური თერაპიული სესიების პარალელურად თავიანთი ყოველდღიური ცხოვრება განაგრძონ.

ინდივიდუალური ფსიქოთერაპია

ინდივიდუალური ფსიქოთერაპია ხშირად ეფექტური მეთოდია ადიქციისგან განსაკურნებლად. ფსიქოთერაპია ადამიანს ეხმარება, აღმოაჩინოს და გაანალიზოს ადიქციის გამომწვევი მიზეზი და შეისწავლოს ის ფიქრები და გრძნობები, რომელიც ნივთიერებების მოხმარებას ან ადიქციურ ქცევებს ახლავს თან. კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი თერაპიული ინტერვენციაა.

მხარდაჭერის ჯგუფები

მხარდაჭერის ჯგუფების პოვნა იმ ადამიანებთან შეიძლება, რომლებიც დამოკიდებულებას ებრძვიან. მსგავსი გამოწვევების მქონე ადამიანების ჯგუფს მხარდაჭერის გაღება და მიღება ეხმარებათ, გადალახონ ნარკოტიკებსა თუ ქცევებზე დამოკიდებულება. მხარდაჭერის ჯგუფების ეფექტურობა კვლავ კვლევის პროცესშია, თუმცა ადრეული კვლევები ადასტურებს, რომ ისინი ხელს უწყობს ნივთიერების მოხმარების შემცირებას და ზრდის მკურნალობაში ჩართულობას.

მედიკამენტების დახმარებით მკურნალობა

მედიკამენტების დახმარებით მკურნალობა აერთიანებს მედიკამენტებს, თერაპიასა და ინტერვენციებს. მედიკამენტები გამოიყენება იმისთვის, რომ შეამციროს ლტოლვა და სიმპტომების ინტენსივობა, რომელიც თავს იჩენს ნარკოტიკების მოხმარებაზე ან სხვა ადიქციური ქცევებზე უარის თქმის შემდეგ. აღნიშნული მიდგომა ხელს უშლის ნარკოტიკის ზედოზირებას, ამცირებს ნივთიერებათა მოხმარებას და დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარება, განაგრძონ მკურნალობა.

უნდა გვახსოვდეს, რომ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა რთულია, თუმცა მხარდაჭერითა და მკურნალობით გამოჯანმრთელება შესაძლებელია.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ლეილა ჩხეტიანი

მთავარი სურათი: Science Photo Library

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

სიგარეტი, მოწევა, თამბაქო, ჯანმრთელობა, გავლენა, ელექტრონული, უკვამლო, ორსულობა, პასიური მწეველობა

სიგარეტი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე — როგორ დავანებოთ თავი მოწევას?

რატომ იწვევს თამბაქო დამოკიდებულებას? — სიგარეტი, ელექტრონული სიგარეტი, უკვამლო თამბაქო, პასიური მწეველობა და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე. შეიძლება თუ არა მოწევა ორსულობისას?

ადიქცია
ქალები, ადიქცია, დამოკიდებულება, ძალადობა, ოჯახში, სექსუალური, ფიზიკური, ნარკოტიკები, qalebi, adiqcia, damokidebuleba, dzaladoba, ojaxshi, seqsualuri, fizikuri, narkotikebi

ქალები და ადიქცია, როგორც ძალადობის ფორმა

როგორ იყენებენ ადიქციას (დამოკიდებულებას), როგორც ძალადობის ფორმას ქალების მიმართ? ნარკოდამოკიდებულ ქალებზე ძალადობა სამკურნალო დაწესებულებებში, ოჯახში, სექს-სამუშაოში, სტიგმა ადიქციის ირგვლივ.

ადიქცია

გააზიარე სტატია

რა არის ადიქცია? — მისი ტიპები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია