მართალია, ხანდახან ყველანი ვართ უხასიათოდ, ცუდ განწყობაზე ან მოწყენილები, თუმცა ზოგ ადამიანს ეს გრძნობები ინტენსიურად აქვს, დროის ხანგრძლივი პერიოდების — კვირების, თვეების ან, სულაც, წლების — განმავლობაში, თანაც ზოგჯერ აშკარა მიზეზის გარეშე. დეპრესია უბრალოდ უხასიათობა არ არის — ის სერიოზული პრობლემაა, რომელიც მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე.
დეპრესია საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ქალებში — ის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყოველი ექვსი ქალიდან ერთს და ყოველი რვა კაციდან ერთს მაინც აწუხებს. კარგი ამბავი ისაა, რომ დეპრესია იკურნება, მათ შორის ყველაზე მძიმე შემთხვევებშიც კი, და ეფექტური მკურნალობის გზები ხელმისაწვდომია. რაც უფრო მალე დაიწყებს დეპრესიის მქონე ადამიანი მკურნალობას, მით უფრო მალე შეეძლება გამოჯანმრთელება.
დეპრესიის სიმპტომები
დეპრესია მოქმედებს ადამიანის ფიქრებზე, გრძნობებსა და ქცევებზე. ის ართულებს ყოველდღიურ ცხოვრებას და ხელს უშლის სწავლას, მუშაობასა და ურთიერთობებს. ადამიანს შეიძლება დეპრესია აწუხებდეს, თუკი ის ორ კვირაზე მეტხანს დროის უმეტესი ნაწილი სევდიანად, უხასიათოდ ან უბედურად გრძნობს თავს, თუ ჩვეული აქტივობები აღარ აინტერესებს ან აღარ გვრის სიამოვნებას და თუკი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან მინიმუმ სამში აღწერილი სიმპტომები შეენიშნება.
► უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიმპტომები დროდადრო ყველას აწუხებს და ისინი აუცილებლად დეპრესიაზე არ მეტყველებს. ამავენაირად, დეპრესიის მქონე ყველა ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს თითოეული ეს სიმპტომი.
გრძნობები, რომლებსაც დეპრესია აჩენს
-
სევდა
-
უბედურება
-
უხალისობა
-
ადვილად გაღიზიანებადობა
-
ემოციური გადატვირთულობა
-
დანაშაულის გრძნობა
-
იმედგაცრუება
-
სასოწარკვეთა
-
თავდაჯერების ნაკლებობა
-
ორჭოფობა
-
ყურადღების გაფანტულობა
ფიქრები, რომლებსაც დეპრესია აჩენს
-
„ვერაფერს მივაღწიე“
-
„უსარგებლო ვარ“
-
„ჩემი ბრალია“
-
„ჩემს თავს არაფერი კარგი არ ხდება“
-
„არაფერი არ მაბედნიერებს“
-
„ეს არასდროს შეიცვლება“
-
„სიცოცხლეს აზრი არ აქვს“
-
„უჩემოდ ყველა უკეთ იქნება“
დეპრესიის ქცევითი სიმპტომები
-
ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან ჩამოშორება
-
მუდმივად სახლში დარჩენა
-
საყვარელი აქტივობების შეწყვეტა
-
სამსახურის საქმეების ან სკოლის დავალებების შეუსრულებლობა
-
ალკოჰოლისა და დამამშვიდებლების იმედად ყოფნა
დეპრესიის ფიზიკური სიმპტომები
-
მუდმივი დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა
-
შეუძლოდ ყოფნა
-
მუცლის, თავის ან კუნთების ხშირი ტკივილი
-
გულისრევის შეგრძნება
-
ძილის პრობლემები
-
მადის დაკარგვა ან ცვლილება
-
წონის მნიშვნელოვანი მატება ან კლება
სურათი: Vitals
დეპრესიის გამომწვევი მიზეზები
მართალია, დეპრესიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ მის დაწყებასთან შეიძლება რამდენიმე რამ იყოს დაკავშირებული. ზოგადად, დეპრესიას იწვევს არა ერთი ცალკეული მოვლენა, არამედ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.
პიროვნული ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს
-
ოჯახის ისტორია — ადამიანი შეიძლება გენეტიკურად იყოს მიდრეკილი დეპრესიისკენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მას ავტომატურად ექნება დეპრესია, თუკი ის მის მშობელს ან ახლო ნათესავს აწუხებდა;
-
პიროვნული თვისებები — ზოგი ადამიანი დეპრესიის უფრო დიდი რისკის ქვეშაა მისი პიროვნული თვისებების გამო, განსაკუთრებით თუ მას ახასიათებს ზედმეტი ნერვიულობა, დაბალი თვითშეფასება, პერფექციონიზმი, კრიტიკისადმი მგრძნობელობა, თვითკრიტიკულობა ან პესიმიზმი;
-
სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები — მათ შეიძლება ან პირდაპირ გამოიწვიონ დეპრესია, ან ირიბად, მაგალითად, ავადმყოფობით განპირობებული სტრესისა და ნერვიულობის გამო, განსაკუთრებით თუ ეს გრძელვადიანია და ემოციურ ან ქრონიკულ ფიზიკურ ტკივილთანაა დაკავშირებული;
► დეპრესია ბევრ ჯანმრთელობის პრობლემასთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა უძილობა, ჭარბწონიანობა, გულის პრობლემები, პარკინსონის დაავადება, ინსულტი, ინფარქტი და სიმსივნე.
-
ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება — ორივემ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია. ამასთანავე, დეპრესიის მქონე ბევრ ადამიანს ხშირად აქვს ადიქციის პრობლემები;
-
ჰორმონალური დონეები — დეპრესიის რისკი შეიძლება გაზარდოს სხვადასხვა პერიოდის (მაგალითად, მენსტრუალური ციკლის, მშობიარობისშემდგომი პერიოდის, პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის) დროს ქალის სხეულში ესტროგენისა და პროგესტერონის დონეების ცვლილებებმა;
ცხოვრებისეული მოვლენები და დეპრესია
განგრძობითი სირთულეები, მაგალითად, ხანგრძლივი უმუშევრობა, ძალადობრივ ან ცივ ურთიერთობაში ყოფნა, მარტოობა ან სამსახურებრივი სტრესი ზრდის დეპრესიის რისკს.
დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანმა უარყოფითმა ცხოვრებისეულმა ცვლილებებმაც, მაგალითად, სამსახურის დაკარგვამ, განქორწინებამ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის აღმოჩენამ — განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც გენეტიკურად თუ სხვა მიზეზებით უკვე იყვნენ დეპრესიის მაღალი რისკის ქვეშ.
გარდა ამისა, დეპრესია შეიძლება დაკავშირებული იყოს ბავშვობის ტრავმასთან, ფინანსურ პრობლემებსა და დაბალ სოციალურ სტატუსთან, ასევე გენდერულ იდენტობასთან — 2018 წლის კვლევის მიხედვით, ტრანსგენდერ ადამიანებში დეპრესიის რისკი თითქმის 4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სისგენდერებში.
სურათი: Healthline
► დეპრესია ზოგჯერ სეზონურ ცვლილებებსაც უკავშირდება. ზამთარში დღის შემოკლებასა და მზის სინათლის შემცირებასთან ერთად ბევრ ადამიანს შეენიშნება დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა და ყოველდღიური აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვა. ეს შეიძლება დეპრესიის სეზონურ ფორმაზე — სეზონურ აფექტურ აშლილობაზე (SAD) — მიანიშნებდეს. ასეთი დეპრესია, როგორც წესი, დღეების დაგრძელებასთან ერთად სრულდება.
ცვლილებები ტვინში
უამრავი კვლევის მიუხედავად, ამ თემაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. დეპრესია მარტოოდენ ქიმიური დისბალანსის შედეგი არ არის, მაგალითად, კონკრეტული ნივთიერების სიჭარბის ან არასაკმარისობის, თუმცა მიიჩნევა, რომ ტვინის ნერვულ უჯრედებს შორის ქიმიური შეტყობინებების გადაცემის პროცესების დარღვევა დეპრესიას უწყობს ხელს.
ტვინში გუნება-განწყობის არასწორი რეგულაციის გამომწვევ ფაქტორებს შორისაა:
-
გენეტიკური მოწყვლადობა
-
სერიოზული სტრესის გამომწვევი ფაქტორები
-
გარკვეული მედიკამენტების, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღება
-
ზოგიერთი ჯანმრთელობის პრობლემა
► თანამედროვე ანტიდეპრესანტების უმეტესობა მოქმედებს ნეიროტრანსმიტერებზე, კერძოდ სეროტონინსა და ნორადრენალინზე, რომლებიც ტვინის უჯრედებს შორის შეტყობინებების გადაცემაში მონაწილეობენ.
ძლიერი დეპრესიის დროს ზოგჯერ ექიმები ასევე რეკომენდაციას უწევენ ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციასა (TMS) და ელექტროკონვულსიურ თერაპიას (ECT), რომლებიც ტვინის სტიმულაციას ახდენს, თუკი დეპრესიისგან განკურნება ვერ მოხერხდა ცხოვრების სტილის შეცვლით, სოციალური მხარდაჭერით, ფსიქოლოგიური თერაპიითა და მედიკამენტებით.
დეპრესიის მკურნალობა
დეპრესია ხშირად შეუმჩნეველი რჩება და უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, რომ დახმარებას რაც შეიძლება ადრე მიმართოთ — რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იწყება დეპრესიის მკურნალობა, მით უფრო სწრაფადაა შესაძლებელი გამოჯანმრთელება.
დეპრესიის უგულებელყოფას შეიძლება უამრავი უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის ცხოვრებაზე, მათ შორის სერიოზული პრობლემები ურთიერთობებსა და ოჯახში, სამსახურის პოვნისა და ერთ სამსახურში დიდხანს გაჩერების სირთულე, ასევე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების პრობლემები და სუიციდური ფიქრები.
სურათი: Stanford Neuroscience
არ არსებობს დეპრესიისგან განკურნების ერთი კონკრეტული და უტყუარი გზა. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი სხვადასხვა ეფექტური მკურნალობის საშუალება და არსებობენ პროფესიონალები — მაგალითად, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები — რომლებსაც დეპრესიის მქონე ხალხის დახმარება შეუძლიათ.
გარდა ამისა, დეპრესიის მქონე ადამიანებს ბევრი სხვადასხვა გზით შეუძლიათ საკუთარი თავის დახმარება, რაც გამოჯანმრთელებაში შეუწყობთ ხელს. ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი მკურნალობის გზისა და მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალის პოვნა, რომელიც პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს მოერგება.
► უფრო ვრცლად იხილეთ: დეპრესიასთან გამკლავება და მისი მკურნალობის გზები