მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა (ინგლ. Borderline Personality Disorder, იგივე BPD) არის პიროვნების აშლილობა, რომელიც ხასიათდება ემოციების რეგულირების სირთულითა და გუნება-განწყობის ხშირი, არასტაბილური ცვლილებით, ასევე სიცარიელის (ე.წ. Void) განცდითა და იმპულსურობით.
► რას ნიშნავს „პიროვნების აშლილობა“? — პიროვნების აშლილობები მენტალური აშლილობების ჯგუფია, რომელსაც ახასიათებს ფიქრის, ქცევის, გუნება-განწყობისა და სხვებთან მიმართების გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი და დამაზიანებელი კანონზომიერებები, რომლებიც შეიძლება ადამიანისთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტის წყარო იყოს.
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა კვლევებსა და კლინიკურ კონტექსტში ხშირად მოიხსენიება, როგორც ქალებით დომინირებული. ასევე არსებობს გარკვეული სქესობრივი განსხვავება სიმპტომების გამოვლინების თვალსაზრისითაც. ბოლო პერიოდში მოსაზრება მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის სქესობრივი განსხვავებების შესახებ მეტად გავრცელებულია, თუმცა არსებული ლიტერატურა და კვლევა კვლავ ფრაგმენტული და დასაზუსტებელია.
► იხილეთ აგრეთვე: მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა (BPD) — სიმპტომები, ტიპები და მკურნალობა
BPD-ის შესახებ არსებული კვლევების შეჯამებით დგინდება, რომ მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის მქონე კაცებს უფრო ხშირად ექსტერნალიზებული (გარეთ მიმართული) სიმპტომები (მაგალითად, აგრესიულობა) და თანმხლები მენტალური პრობლემები (მაგალითად, ნივთიერების მოხმარება) აღენიშნებოდათ, ხოლო BPD-ის მქონე ქალებს უფრო ხშირად ინტერნალიზებული (შიგნით მიმართული) სიმპტომები (მაგალითად, ემოციური არასტაბილურობა) და თანმხლები დარღვევები (მაგალითად, გუნება-განწყობისა და კვებითი დარღვევები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა) ახასიათებდათ.
ის, თუ რამდენად ცვლის აშლილობისას გამოვლენილი სქესობრივი განსხვავებები დიაგნოსტირებას ან მკურნალობის მიდგომებს, ჯერ სიღრმისეულად შესწავლილი არ არის. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული კვლევები უმეტესად დასავლური სამყაროს მოსახლეობაზეა დაფუძნებული და მკვლევრები მიიჩნევენ, რომ BPD-ის შესწავლისას კულტურული, გარემო და გენეტიკური ფაქტორებიც უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული.
► BPD ემოციურად განსაკუთრებით მტკივნეული აშლილობაა. ტერმინი „მოსაზღვრე“ მომდინარეობს იქიდან, რომ თავდაპირველად ექიმებს მიაჩნდათ, რომ აღნიშნული აშლილობა ორი სხვა აშლილობის, ნევროზისა და ფსიქოზის, ზღვარზე მერყეობდა.
BPD-ის გავრცელება ქალებსა და კაცებში
1980-იან წლებში, როდესაც BPD-ის შესწავლა დაიწყო, მედიკოსები აღნიშნულ აშლილობას ქალებისთვის დამახასიათებლად მიიჩნევდნენ. იმ პერიოდის კვლევებიც უმეტესად ქალებზეა ფოკუსირებული (მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის მქონე პაციენტების 75% ქალი იყო) და კაცების გამოცდილებას ნაკლებად შეიცავს.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის შესწავლის შედეგად დადგენილი დიაგნოზები ქალებსა და კაცებს შორის თანაბარია, კლინიკური მონაცემების მიხედვით კი BPD ქალებში მეტად გავრცელებულია, ვიდრე კაცებში. აღნიშნული განსხვავება ერთი ვერსიით გამოწვეულია იმით, რომ ქალები მენტალური პრობლემის ქონისას სამედიცინო დახმარების მოძიებისკენ მეტად არიან მიდრეკილნი, ვიდრე კაცები. მეორე მხრივ კი, არსებობს გენდერული მიკერძოების ალბათობა BPD-ის დიაგნოზისას — კაცებს ნაკლებად უსვამენ აღნიშნული აშლილობის დიაგნოზს.
ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ქალებში BPD-ის შედარებით მაღალი გავრცელება იმითაა გამოწვეული, რომ ქალებში სექსუალური ძალადობის რისკი მაღალია, რაც BPD-ის განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.
რამდენიმე კვლევა იმასაც ამტკიცებს, რომ გენდერული მიკერძოება შეინიშნება თავად დიაგნოზის დასმისას. მედიკოსები ხშირად კონკრეტულ ქცევებსა და სიმპტომებს ქალებისა და კაცებისთვის განსხვავებულ ნორმად აღიქვამენ. მაგალითად, კაცი მედიკოსების მიერ შესწავლილი სიმპტომები კონკრეტულ ქცევებს კაცებისთვის ნორმად მიიჩნევს. ქალების შემთხვევაში კი გენდერული სტერეოტიპული ნორმებიდან გადახვევა უფრო მეტად აღიქმებოდა, როგორც პათოლოგიური ქცევა. სტერეოტიპული გენდერული როლების არმქონე ქალებს უფრო ხშირად უსვამდნენ მენტალური აშლილობის დიაგნოზს. მაგალითად, შეუსაბამო და ინტენსიური ბრაზი ქალების შემთხვევაში უფრო მეტად აღიქმებოდა პათოლოგიად, ვიდრე კაცებში, მიუხედავად იმისა, რომ ის კაცებში უფრო გავრცელებული იყო.
სხვა კვლევის მიხედვით, BPD-ის დიაგნოზს ქალი ექიმები უფრო იშვიათად სვამდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქალების მიერ თავად ქალებში მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის არსებობისადმი ნაკლები მიმღებლობაა.
თანამედროვე გადმოსახედიდან, იმდროინდელი კვლევები გენდერულად მიკერძოებული იყო და ქალებსა და კაცებში BPD-ის გავრცელების ტემპი თითქმის ერთნაირია. მაგალითად, ნორვეგიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, BPD კაცების 0.4%-ს, ხოლო ქალების 0.9%-ს აღენიშნება. ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი BPD-ის გავრცელება კაცებში 1%-ია, ხოლო ქალებში — 0.4%. აღნიშნული ცხადყოფს, რომ BPD-ის სიხშირე გენდერულად განსაკუთრებით განსხვავებული არ არის.
BPD-ის სიმპტომური განსხვავება ქალებსა და კაცებში
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის მქონე პაციენტების შედარებისას აღმოჩნდა, რომ კაცები მეტი იმპულსურობითა და აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ხოლო ქალები ემოციური არასტაბილურობით, სუიციდური ან თვითდამაზიანებელი ქცევით, არასტაბილური ურთიერთობებით, დეპრესიითა და შფოთვით.
კვლევების მიხედვით, ქალებსა და კაცებში ტემპერამენტისა და სიახლის ძიების თვალსაზრისით განსხვავება შეინიშნება. მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომი სწორედ სიახლის ძიების მოთხოვნილებაა, რომელიც კაცებში ინტენსიურად შეინიშნება, ქალებში კი იშვიათია.
ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ BPD-ის მქონე კაცებს, ქალებთან შედარებით, მეტად აღენიშნებოდათ ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებული და პიროვნების თანმხლები აშლილობები. ქალების შემთხვევაში სახეზე იყო თანმხლები შფოთვითი და კვებითი აშლილობები, ზოგ შემთხვევაში კი — განწყობის აშლილობები.
კაცები მეტად მიდრეკილნი არიან უსიამოვნო განცდების გარეთ გამოხატვისკენ, რისი მაგალითიცაა ნივთიერების მოხმარება ან/და ანტისოციალური ქცევები, ისინი გამოირჩევიან ფეთქებადი ტემპერამენტითა და სიახლის მოთხოვნილებით. ამის საპირისპიროდ, ქალები შეიძლება მეტად მიდრეკილნი იყვნენ უსიამოვნო განცდების შინაგანად გამოხატვისკენ, რაც გუნება-განწყობისა და შფოთვით აშლილობებში ვლინდება. ქალების შემთხვევაში მეტად შესამჩნევია ნევროზულობა, ხოლო კაცების შემთხვევაში — ასოციალური ქცევები.
აღნიშნული სიმპტომები თანხვედრაშია სქესობრივ და გენდერულ თეორიასთან, რომლის მიხედვითაც, ემოციების რეგულირებისას კაცებთან შედარებით ქალები უფრო მეტად შიგნით მიმართული ქცევებით საკუთარ თავზე ორიენტირებულ აქტივობებს მიმართავენ.
დამატებით, ახალგაზრდებში BPD-ის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი აგრესიაა. კერძოდ, გოგონებისთვის დამახასიათებელია ფიზიკური აგრესია, ხოლო ბიჭები ურთიერთობებში ავლენენ აღნიშნულ თვისებას.
სქესობრივად განსხვავებულ სიმპტომებზე დაყრდნობით, ხშირად კლინიკებიც განსხვავებულ დიაგნოზს სვამენ. მაგალითად, მსგავსი სიმპტომებით, კაცებს უფრო მეტად ანტისოციალური პიროვნების აშლილობის, ხოლო ქალებს მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის დიაგნოზს უსვამენ.
განსხვავებული სიმპტომატიკა ტვინის ნეირო-ანატომიური თავისებურებებითა და სხვადასხვა უბნის განსხვავებული ფუნქციონირებითაა გამოწვეული. კერძოდ, პრეფრონტალური ქერქის, სტრიატუმისა და ამიგდალას უბნების განსხვავებული მოქმედება და ემოციებზე რეაგირება.
მიუხედავად არსებული ტენდენციებისა, სიმპტომების სქესობრივ განსხვავებაზე საბოლოო კონსენსუსი არ არსებობს და ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ქალებსა და კაცებში BPD-ის სიმპტომები უფრო მეტად მსგავსია, ვიდრე განსხვავებული.
BPD-ის მკურნალობის სქესობრივი ასპექტები
განსხვავებული მკურნალობის პრაქტიკა შეინიშნება სქესის მიხედვითაც. კაცებთან შედარებით, ქალები უფრო ხშირად იღებენ ფსიქოლოგიურ მკურნალობას, როგორიცაა დიალექტურ-ბიჰევიორული თერაპია (DBT) და კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT), ასევე ფსიქოტროპული მედიკამენტები, განსაკუთრებით ანტიდეპრესანტები და შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებები. ამის საპირისპიროდ, კაცებს უფრო მეტად უნიშნავენ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს. რაც შეეხება ფსიქოთერაპიასა და ჰოსპიტალიზაციას, ის კაცების შემთხვევაში ქალებთან შედარებით ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა და, როგორც წესი, ისინი ნაკლებად ერთვებოდნენ თერაპიაში ან საერთოდ უარს ამბობდნენ მსგავსი ტიპის მკურნალობაზე.
განსხვავება შეინიშნება თავად მკურნალობისადმი დამოკიდებულებაში. კაცები ნაკლებად მიდრეკილნი არიან ჩაერთონ მკურნალობაში, როცა ქალები მეტად ინტენსიურად ითხოვენ სამედიცინო დახმარებას. ზოგი მკვლევრის აზრით, აღნიშნული ქცევა გამოწვეულია იმით, რომ კაცები მიდრეკილნი არიან „დაველოდოთ და ვნახოთ“ ტიპის ქცევისკენ, როცა ქალები ფსიქოლოგიური სტრესისა და ემოციური სირთულეების გადასაჭრელად მეტად ინტენსიურად და ნაკლები მორიდებით ეძებენ სამედიცინო დახმარებას.
სტატისტიკურად, ქალებთან შედარებით კაცები უფრო მეტად ჩართულნი არიან ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების სარეაბილიტაციო სერვისებში, ვიდრე ფსიქოთერაპევტულ და ფარმაკოლოგიურ ჩარევებში.
საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ BPD-ის სიმტპომატიკის, გავრცლეებისა და მკურნალობის გენდერული ასპექტები კვლავ შესწავლის პროცესშია და მრავალ საკითხზე ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი.
გამოყენებული წყაროები:
სტატიის მთარგმნელი: ლეილა ჩხეტიანი
მთავარი სურათი: Elin Svensson/The Guardian
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.