Facebook Script

ნარცისული პიროვნების აშლილობა (NPD) — ტიპები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ნარცისული პიროვნების აშლილობა (ინგლ. Narcissistic Personality Disorder, იგივე NPD) მენტალური აშლილობაა, რომელიც განსაკუთრებულად მოქმედებს ადამიანის თვითშეფასებასა და იდენტობაზე. განსხვავებით საყოველთაო რწმენებისაგან, პიროვნების ეს აშლილობა არ არის უბრალოდ „ქედმაღლობა“ ან/და „ეგოისტობა“. ნარცისიზმის ყველაზე მძიმე შემთხვევები ხასიათდება წარუმატებლობისა და უარყოფის ინტენსიური შეგრძნებებით (მაშინაც, როდესაც ეს ობიექტური მოცემულობა არ არის).

► აშლილობა სახელს სესხულობს ნარცისისგან — ბერძნული მითოლოგიის გმირისგან, რომელიც იმდენად იყო შეპყრობილი საკუთარი ფიზიკური სილამაზით, რომ თავისივე ანარეკლს თვალს ვერ წყვეტდა.

ნარცისული პიროვნების აშლილობის პირობებში ადამიანებს უჩნდებათ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის გადაჭარბებული მოთხოვნილება, რათა თავი განსაკუთრებულად იგრძნონ. მსგავსი სურვილები, შესაძლოა, ზიანის მომტანი იყოს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემომყოფებისათვის.

აშლილობა ზემოქმედებს ადამიანის ცხოვრების ისეთ ასპექტებზე, როგოროებიცაა: ინტელექტი, ქარიზმა, შემოქმედებითი და ათლეტური უნარ-ჩვევები, სიმდიდრე, ძალაუფლება და ა.შ.

ნარცისული პიროვნების აშლილობის ნიშნები

ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანის ნარცისული თვისებები ყოველთვის აშკარა არ არის. თუმცა, არსებობს რამდენიმე ხშირი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ნარცისია, მათ შორის:

  • თვითმნიშვნელოვნების გადაჭარბებული შეგრძნება — ნარცის ადამიანებს საკუთარი განსაკუთრებულობის არაგონივრული მასშტაბებით სჯერათ, რის გამოც ხშირად აღტაცებისა და შექების მიღების მუდმივი შინაგანი მოთხოვნილება აქვთ;

  • წარმოდგენა, რომ იმსახურებენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას სხვებისგან;

  • მედიდურობა — ნარცისები ელიან აღიარებას მაშინაც, როცა არ აქვთ განსაკუთრებული მიღწევები. შესაძლოა, საკუთარი წარმატებები იმაზე უფრო გრანდიოზულად წარმოაჩინონ, ვიდრე რეალურადაა;

  • აქვთ ფანტაზიები წარმატებაზე, სილამაზესა და იდეალურ პარტნიორზე;

  • სჯერათ, რომ განსაკუთრებულები არიან და, შესაბამისად, მხოლოდ სხვა განსაკუთრებული ადამიანები იმსახურებენ მათთან დროის გატარებას;

  • იყენებენ ადამიანებს პირადი გამორჩენის მიზნით;

  • არ შეუძლიათ ან/და არ უნდათ, რომ გაიგონ სხვა ადამიანების გრძნობები და პრობლემები;

  • აქვთ სხვა ადამიანებისადმი შური ან/და რწმენა, რომ სხვებს შურთ მათი.

ამავე დროს ნარცისი ადამიანები ძალიან მძიმედ იღებენ კრიტიკას და შესაძლოა:

  • გაბრაზდნენ ან/და გახდნენ მოუთმენლები, როდესაც ვერ იღებენ საკმარის აღიარებას;

  • შეექმნათ საგრძნობლად მძიმე პრობლემები ადამიანურ ურთიერთობებში და მარტივად იგრძნონ თავი არასრულფასოვნად;

  • ირეაგირონ გადაჭარბებული სიბრაზით, ზიზღით ან/და დაამცირონ სხვები, რათა თავი იგრძნონ აღმატებულად;

  • ვერ მოახერხონ ემოციებისა და ქცევის კონტროლი;

  • ვერ მოახერხონ ცვლილებებსა და სტრესთან ადაპტირება;

  • უარი თქვან ან/და თავი აარიდონ სიტუაციებს, რომლებშიც, მათი აზრით, მარცხი და წარუმატებლობა ელით;

  • შეაწუხოთ დეპრესიამ ან, უკეთეს შემთხვევაში, შეეცვალოთ ხასიათი, როდესაც იდეალურობის საკუთარ აღქმაში ვერ ჯდებიან;

  • გაუჩნდეთ ჩუმი კომპლექსები, სირცხვილის შეგრძნება ან/და შიში, რომ მათი „არაიდეალურობა“ გამოაშკარავდება.

ნარცისიზმის ტიპები

ნარცისიზმის ბევრ სხვადასხვა ტიპს გამოყოფენ, თუმცა მათგან რამდენიმეა ყველაზე გავრცელებული და დოკუმენტირებული:

  • გრანდიოზი ნარცისი — ეს არის ტიპი, რომელსაც ადამიანების უმეტესობა გულისხმობს ტერმინ „ნარცისის“ გამოყენებისას. გრანდიოზი ნარცისი, შესაძლოა, იყოს ადამიანი, რომელიც ხასიათდება შემდეგი თვისებებით: კონტაქტური, ქედმაღალი, მბრძანებლური, გადამეტებული თვითშეფასების მქონე, თავმომწონე და ექსტროვერტი.

  • მოწყვლადი ნარცისი — ეს ტიპი უფრო რთული შესამჩნევია, რის გამოც ხშირად „ჩუმ ნარცისსაც“ უწოდებენ. ძირითადი მახასიათებლებია დაბალი თვითშეფასება, ინტროვერსია, კომპლექსები, მუდმივ თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნა, მსხვერპლის როლის თამაში და მსხვერპლობის რომანტიზება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ნარცისები საკუთარ თავზე გადაჭარბებულად ფოკუსირდებიან, მათ აქვთ არასრულფასოვნების ძალიან ღრმა შეგრძნება და შიში.

  • მავნე ნარცისი — ამ ადამიანებს როგორც NPD-ს, ისევე ანტისოციალური პიროვნების აშლილობის ნიშან-თვისებები აქვთ და ნარცისიზმის ყველაზე საშიშ ფორმას წარმოადგენენ. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი სურვილების მაქსიმალური დაკმაყოფილებაა და არ ადარდებთ (ხშირად სიამოვნებთ კიდეც), თუ ამის მისაღებად ადამიანებს ფიზიკურ ან/და მენტალურ ტკივილს აყენებენ. 

  • სექსუალური ხასიათის ნარცისი — ამ ტიპის ნარცისები თავიანთ მომხიბვლელობასა და შარმს საკუთარი სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებენ, თუმცა მთლიანად უგულებელყოფენ პარტნიორის საჭიროებებს. მათ მუდმივი და დაუღალავი ქება-დიდება სჭირდებათ საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებსა და გამოცდილებაზე.

  • სომატური ნარცისი — სომატური ნარცისი გადაჭარბებულად ბევრს ფიქრობს თავის ვიზუალზე და სილამაზეს წარმატების და ბედნიერების მთავარ წინაპირობად მიიჩნევს. ასეთ ნარცისებს ხშირად აკვიატებული აქვთ დიეტა, სილამაზის პროცედურები და ყველაფერი სხვა, რაც გარეგნობის უკეთ წარმოჩენაში ეხმარებათ. როგორც წესი, ისინი თავიანთ სხეულს იყენებენ საკუთარი მიზნების მიღწევაში.

  • სულიერი ნარცისი — ეს ადამიანები სულიერებასა და რელიგიაზე ამყარებენ საკუთარ უპირატესობის კომპლექსს. მათ სჯერათ, რომ მათი რწმენები სხვების რწმენებზე მნიშვნელოვანია და, შესაძლოა, რომ რელიგიური ტექსტები მანიპულაციის ინსტრუმენტადაც აქციონ.

  • ინტელექტუალური ნარცისი — ასეთ ნარცისებს აქვთ აკვიატება, რომ მათი ინტელექტუალური რესურსი გარშემომყოფებისას გონებრივ შესაძლებლობებს წონის, შესაბამისად, ხშირად იყენებენ ლიტერატურულ ენას და განიხილავენ კომპლექსურ თეორიებს და საკითხებს ყოველდღიურ ყოფით საუბრებში.

  • შურისმაძიებელი ნარცისი — ამ ადამიანებს არ შეუძლიათ სხვების პირადი საზღვრების მიღება და პატივისცემა. როდესაც ურთიერთობის მათთვის სასურველ ფორმაზე უარს იღებენ ან/და მათ ჯანსაღ საზღვრებს უწესებენ კომუნიკაციაში, ისინი ღიზიანდებიან და ასეთი ადამიანის „უკან დასაბრუნებლად“ ყველაფერს აკეთებენ, რაც, როგორც წესი, არაადეკვატურ ფორმებს იღებს.

ნარცისული პიროვნების აშლილობის გამომწვევი მიზეზები

ისევე, როგორც მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების, ნარცისიზმის გამომწვევი ფაქტორებიც არ არის საკმარისად შესწავლილი, თუმცა, კვლევების თანახმად, NPD-ს მქონე ადამიანებს აქვთ ტვინის მცირე სტრუქტურული განსხვავებები. არც ის არის აშკარა, ეს განსხვავებები იწვევს ნარცისიზმს თუ, პირიქით, ნარცისიზმი — ამ განსხვავებებს.

ნარცისული პიროვნების აშლილობის პოტენციურ გამომწვევ მიზეზებს შორისაა:

  • გენეტიკური ფაქტორები — ადამიანს, რომელსაც ნარცისული პიროვნების აშლილობა აქვს, დიდი ალბათობით, ჰყავს ნარცისი ოჯახის წევრი ან/და ნათესავი.

  • დაკვირვება და იმიტირება — ხშირად ბავშვები ამჩნევენ, აკვირდებიან და იმიტირებენ ნარცისულ ქცევებს, წარმოდგენებსა და მიმართებებს მათი მშობლებისა და ოჯახის წევრებისგან.

  • ბავშვობის ტრავმა — ბავშვობის ტრავმამ შეიძლება დროთა განმავლობაში „ემოციური ჭრილობები“ შექმნას და ბავშვს სირცხვილი ან დაუფასებლობა აგრძნობინოს. ამან შეიძლება ახსნას NPD-ისთვის დამახასიათებელი დაბალი თვითშეფასება.

  • არათანმიმდევრული აღზრდის მეთოდები — არათანმიმდევრულმა, ზედმეტად დამცველობითმა ან უყურადღებო აღზრდის მეთოდებმა შეიძლება წვლილი შეიტანოს ნარცისული პიროვნების აშლილობის გაჩენაში.

  • ხასიათი და ტემპერამენტი — ზედმეტად დამოუკიდებელი, კონტაქტური და ქარიზმატული ბავშვები შეიძლება უფრო მეტად იხრებოდნენ ნარცისიზმისკენ, თუმცა ეს თვისებები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს.

  • ზედმეტი ქება ან კრიტიკა — ხშირმა კრიტიკამ შეიძლება სირცხვილის შეგრძნება და საკუთარი თავისადმი სიძულვილი გააჩინოს ბავშვებში. ამის საპირისპიროდ, ზედმეტმა ქებამ შეიძლება მათ დიდი წარმოდგენა შეუქმნას საკუთარ თავზე. ორივე შემთხვევას შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი საკუთარ თავს.

  • ზედმეტი განებივრება — თუკი ბავშვს მეტისმეტად ანებივრებენ, მას შეიძლება გაუჩნდეს მოლოდინი, რომ ყველა ყოველთვის ასე უნდა მოექცეს.

ნარცისიზმის გართულებები

ნარცისული პიროვნების აშლილობა საკმაოდ ხშირად უწყობს ხელს მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გაჩენასაც. NPD ყველაზე ხშირად თანაარსებობს:

  • გუნება-განწყობის აშლილობებთან ან/და ბიპოლარული აშლილობასთან;

  • შფოთვასთან;

  • დეპრესიასთან;

  • სხეულის დისმორფულ აშლილობასთან;

  • სხვადასხვა ნივთიერებებისადმი დამოკიდებულებასთან;

  • სუიციდურ ფიქრებთან.

► იხილეთ აგრეთვე:

წყარო: Additude

ტესტირება და დიაგნოსტირება

NPD-ს დიაგნოზი კვალიფიციურმა ფსიქიატრმა ან ფსიქოლოგმა უნდა დასვას. ტესტირება მოიცავს შინაგან მდგომარეობასა და გარესამყაროსთან ინტერაქციებზე პასუხების გაცემას.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური ცნობარი მენტალურ აშლილობებზე (DSM-5-TR) გამოყოფს 9 კრიტერიუმს, რომლიდანაც მინიმუმ ხუთს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი, რათა NPD-ს დიაგნოზი დაისვას. ჯერჯერობით არ არსებობს სხვა ტიპის ტესტირებები დიაგნოზის სიმყარის განსასაზღვრად. კრიტერიუმებს შორისაა:

  • გადაჭარბებული თვითშეფასება;

  • ფანტაზიები ძალაუფლებაზე, სილამაზესა და წარმატებაზე;

  • შეგრძნება, რომ იმსახურებენ იმაზე მეტს, ვიდრე ეკუთვნით;

  • „განსაკუთრებულ“ ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება;

  • ადამიანების გამოყენება;

  • ქედმაღლობა;

  • ემპათიის ნაკლებობა;

  • თაყვანისცემის ობიექტად ყოფნის სურვილი;

  • სხვებისადმი შურის განცდა.

ნარცისული პიროვნების აშლილობის მკურნალობა

არ არსებობს ფსიქოთერაპიის ერთი კონკრეტული ტიპი NPD-ს სამკურნალოდ, თუმცა თერაპიის ბევრ სხვადასხვა ტიპს შეიძლება ჰქონდეს დადებითი შედეგი, მათ შორისაა:

  • დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია (DBT) — DBT-ს პირობებში პაციენტები სწავლობენ, როგორ იყვნენ მეტად ყურადღებიანები, მზრუნველები, გაუმკლავნდნენ სტრესსა და დაღლილობას. თერაპიის ეს მეთოდი ასევე ავითარებს უნარებს, რომლებიც ურთიერთობების ჩამოყალიბება-განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ემოციებს არეგულირებს. ყველაფერი ჩამოთვლილი ნარცის ადამიანს არასასიამოვნო ემოციებისა და ბრაზის კონტროლში ეხმარება.

  • კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) — CBT სტრუქტურიზებული თერაპიაა, რომლის მიზანიც პაციენტის აზროვნების მოდელის გარდასახვა და შესაბამისი ქცევითი ცვლილებების გამოწვევაა. თერაპიის ეს ტიპი ადამიანებს მიზნების მიღწევასა და მეტ ეფექტურობაში ეხმარებათ.

  • მეტაკოგნიტიური თერაპია (MIT) — თერაპიის ეს სახეობაც მიზნად ისახავს არასასიამოვნო ემოციების გაქრობას პაციენტის იმ უნარ-ჩვევებით აღჭურვის საფუძველზე, რომლებიც აუმჯობესებს გრძნობების კონტროლს, გადაწყვეტილებების მიღებასა და კომუნიკაციას.

  • ფსიქოანალიტიკური თერაპია — ამ ტიპის თერაპია პაციენტს ეხმარება, სიღრმისეულად გაანალიზოს საკუთარი წარსული გამოცდილებები, რათა უკეთ აღიქვას, კონკრეტულად რა ტრავმებმა და მოვლენებმა გამოიწვია მასში ნარცისული მიდრეკილებები. თერაპევტი ასევე ცდილობს, მიაკვლიოს პაციენტის იმ თვითშეგრძნებებს, რომლებიც ნარცისულ ქცევებს ახალისებს.

  • ჯგუფური თერაპია — ჯგუფური თერაპია ნარცისებს ეხმარება თავიანთი შინაგანი რწმენების აღმოჩენაში ისევე, როგორც სხვების აზრის ჯანსაღი ფორმით მიღებაში.

  • ოჯახური თერაპია — ოჯახური თერაპია უფრო მეტად ფოკუსირდება ოჯახურ ურთიერთობებში გაჩენილ ბზარებსა და პრობლემებზე, ვიდრე ნარცისი ოჯახის წევრის სპეციფიკურ მიზნებზე.

  • წყვილების თერაპია — გამომდინარე იქიდან, რომ ნარცისებს ახასიათებთ ნიღბების მორგება თერაპევტებთან, მსგავსი სახის თერაპია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა წარიმართოს. თუმცა, თუ წყვილების თერაპია ინდივიდუალური თერაპიის პარალელურად ჩატარდება, ნარცისი ადამიანი უფრო მარტივად აღიქვამს, რამდენად დიდია მისი წვლილი ურთიერთობაში გაჩენილ პრობლემებში.

მედიკამენტური მკურნალობა

სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე ცალკეული მედიკამენტი, რომელიც კონკრეტულად NPD-ს მკურნალობას უწყობს ხელს, თუმცა თერაპიის პარალელურად ყველაზე ხშირად იყენებენ:

  • ანტიდეპრესანტებს;

  • შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს;

  • ანტიფსიქოტურ მედიკამენტებს;

  • ანტიკონვულსანტებს.

თუ საკუთარ თავში ვამჩნევ NPD-ს ნიშნებს?

ადამიანები, რომლებიც პიროვნების ამ აშლილობით ცხოვრობენ, საკმაოდ ხშირად საკმარისი ცოდნისა და პროფესიონალური გამოცდილების არარსებობის გამო საკუთარ თავში ვერ ამჩნევენ სიმპტომებს. ნიშნების ცხადად გამოჩენას, უმეტეს შემთხვევებში, სტრესული გარემოებები და ტრავმული გამოცდილებები უწყობს ხელს. ესენი შეიძლება იყოს:

  • უარყოფითი ცვლილებები: სამსახურის დაკარგვა, გაკოტრება და ა.შ.

  • პირად ცხოვრებაში კრიზისი: განშორება ან/და განქორწინება.

  • სხვა ტიპის ცხოვრებისეული კრიზისი: ასაკში შესვლა, ჯანმრთელობის გაუარესება, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება ან/და ცვლილებები, რომლებიც დამოუკიდებლობის შეგრძნებას არყევს.

ცხოვრების ხარისხი

NPD-ს ოფიციალური დიაგნოზის მიღება ადამიანებს ხშირად უჭირთ ამ აშლილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების გამო. თუმცა, ისევე, როგორც პიროვნების სხვა აშლილობების მკურნალობისას, ამ შემთხვევაშიც მთავარია იმის გააზრება, რომ პროფესიონალურ ჩარევას და შერჩეული მკურნალობის ბოლომდე მიყოლას რეალური ცვლილებების მოტანა და ცხოვრების ხარისხის საგრძნობლად გაუმჯობესება შეუძლია. მკურნალობის შემდეგ ადამიანებს აქვთ შესამჩნევი წინსვლა ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში.

არსებობს ტესტი, რომელიც დამეხმარება სიმპტომების დადგენაში?

ინტერნეტსივრცეში არსებობს უამრავი კითხვარის ფორმატის ტესტი, რომელიც NPD-ს ნიშნების დადგენაში ეხმარება ვიზიტორებს, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი ონლაინ ტესტები, უმეტეს შემთხვევებში, არ არის პროფესიონალების შედგენილი და ამ გზით შეუძლებელია ზუსტი და სანდო დიაგნოზის დასმა. 

► თუ გაწუხებთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ NPD-ს რაიმე ფორმა გაქვთ, უმჯობესია, ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს მიმართოთ.

რა ვქნა, თუ მგონია, რომ ახლობელ ადამიანს აქვს NPD?

როგორც უკვე აღინიშნა, ნარცისი ადამიანები, როგორც წესი, თავად ვერ ამჩნევენ აშლილობის სიმპტომებს საკუთარ თავებში და ახლობლები მიუთითებენ აშკარა ნიშნებზე. თუ გაწუხებთ მსგავსი ეჭვი ახლობელ ადამიანზე, გახსოვდეთ, რომ:

  • თქვენ მათ ვერ შეცვლით — საკუთარი ქცევის შეცვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ პროფესიონალური დახმარების საჭიროების გააზრებითა და მიღებით;

  • არ მიიღოთ მათი ნათქვამი სიტყვები სენსიტიურად;

  • დააწესეთ ურთიერთობის ჯანსაღი ჩარჩოები — როგორც აღინიშნა, ნარცისი ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, ადამიანების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. შესაბამისად, ყოველთვის ცხადყავით, თუ რამდენის გაცემას აპირებთ ურთიერთობაში და რამდენის მიღებას ელით;

  • არ უგულებელყოთ გამაფრთხილებელი ნიშნები — თუ ამჩნევთ ახლობელ ადამიანს თვითდაზიანებისკენ მიდრეკილებას, ესაუბრეთ ან დააკვალიანეთ, რომ მიიღოს ის ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც სჭირდება.

გამოყენებული წყაროები:

სტატიის მთარგმნელი: მარიამ რაზმაძე

მთავარი სურათი: LGBTQ and All

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით

მსგავსი სტატიები

მოსაზღვრე, პიროვნების, აშლილობა, პიროვნული, ბპდ, სიმპტომები, ტიპები, მკურნალობა, mosazgvre, pirovnebis, ashliloba, pirovnuli, bpd, simptomebi, tipebi, mkurnaloba

მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა (BPD) — სიმპტომები, ტიპები და მკურნალობა

რას ნიშნავს მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა (ბპდ)? — მისი სიმპტომები, ნიშნები, ტიპები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა.

პიროვნების აშლილობები
ბპდ, მოსაზღვრე, პიროვნების, აშლილობა, bpd, ქალები, კაცები, qalebi, kacebi, განსხვავებები, gansxvavebebi

მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა (BPD) ქალებსა და კაცებში

რას ნიშნავს მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა (BPD) და როგორ ვლინდება ის ქალებსა და კაცებში? სიმპტომური განსხვავება და მკურნალობის სქესობრივი ასპექტები

პიროვნების აშლილობები

გააზიარე სტატია

ნარცისული პიროვნების აშლილობა (NPD) — ტიპები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია