მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა (ინგლ. Borderline Personality Disorder, იგივე BPD) არის პიროვნების აშლილობა, რომელიც ხასიათდება ემოციების რეგულირების სირთულითა და გუნება-განწყობის ხშირი, არასტაბილური ცვლილებით, ასევე სიცარიელის განცდითა და იმპულსურობით.
► რას ნიშნავს „პიროვნების აშლილობა“? — პიროვნების აშლილობები მენტალური აშლილობების ჯგუფია, რომელსაც ახასიათებს ფიქრის, ქცევის, გუნება-განწყობისა და სხვებთან მიმართების გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი და დამაზიანებელი კანონზომიერებები, რომლებიც შეიძლება ადამიანისთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტის წყარო იყოს.
BPD-ის სიმპტომებს შეიძლება შედეგად მოჰყვეს სირთულეები ურთიერთობებში, საკუთარი თავის უარყოფითად აღქმა და პრობლემები ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. აშლილობის მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს ფსიქოთერაპიას, ზოგჯერ მედიკამენტებთან კომბინაციით.
სტატისტიკურად, მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1.6%-ს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ BPD-ით დიაგნოსტირებულთა 75% ქალია, აშლილობა შეიძლება ნებისმიერი სქესისა თუ გენდერის ადამიანს განუვითარდეს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ქალებში BPD-ს სიმპტომებს უფრო შინაგანი გამოვლინება აქვს, ხოლო კაცებში — უფრო მეტად გარეგანი. თუმცა, სქესისა თუ გენდერისგან განურჩევლად, ვალიდაციის მუდმივმა ნაკლებობამ და ემოციური მგრძნობელობისადმი გენეტიკურმა მიდრეკილებებმა შეიძლება BPD-ის მქონე ადამიანში საკუთარი ემოციების უნდობლობა და უკიდურესი ემოციური რეაგირებები გამოიწვიოს.
► BPD ემოციურად განსაკუთრებით მწვავე აშლილობაა. ტერმინი „მოსაზღვრე“ მომდინარეობს იქიდან, რომ თავდაპირველად ექიმებს მიაჩნდათ, რომ აღნიშნული აშლილობა ორი სხვა აშლილობის, ნევროზისა და ფსიქოზის ზღვარზე მერყეობდა.
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის (BPD) სიმპტომები
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის სიმპტომები, როგორც წესი, მოზარდობისას ვლინდება მუდმივი სოციალური კონფლიქტების სახით, ზრდასრულობაში კი ისინი კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. BPD-ის მქონე ადამიანი, შესაძლოა, გრძნობდეს, რომ პრობლემას მის ირგვლივ არსებული სამყარო წარმოადგენს, და უჭირდეს იმის აღქმა, თუ როგორ ამწვავებს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს მისი ინტერაქციები ამ სამყაროსთან.
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის სიმპტომებს შორისაა:
-
უარყოფის შიში და მისი თავიდან აცილების მცდელობები
-
ურთიერთობების დაფასებისა და გადაფასების ციკლურობა
-
თვითიდენტიფიცირებისა და საკუთარი თავის აღქმის სწრაფი ცვლა
-
სოციალურ ურთიერთობებში ყურადღების მოთხოვნილება
-
მოთხოვნილება იმისა, რომ იყო დანახული და აღქმული
-
იმპულსურობა, რომელიც შეიძლება იყოს თვითდესტრუქციული
-
საკუთარი თავის გაგებისა და საკუთარი თავის აღქმის ნაკლებობა
-
ემოციების ინტენსიური, ხშირი და სწრაფი ცვლილება
-
მიტოვების საპასუხო დეპერსონალიზაცია (როდესაც საკუთარ თავს გარედან, საკუთარი თავისგან მოწყვეტილად აღიქვამ) და დისოციაცია (როდესაც ადამიანი საკუთარი ფიქრების, გრძნობებისა და იდენტობისგან მოწყვეტილია)
-
უსარგებლობისა და უმიზნობის განცდა.
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის (BPD) ნიშნები
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა თვითაღქმის სირთულეებით, იმპულსურობისა და უეცარი მრისხანების პრობლემებით ხასიათდება. BPD-ის ამოსაცნობად მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ შემდეგ ნიშნებს:
-
ურთიერთობების პრობლემები — BPD-ის მქონე ადამიანები სხვების მიმართ უკიდურესად დადებით და უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას შორის მერყეობენ. „BPD-ის ფავორიტი ადამიანის“ შემთხვევაში, BPD-ის მქონე ინდივიდი ირჩევს ერთ ადამიანს, რომელთანაც სურს მთელი დროის გატარება. მისი მხრიდან ყურადღების ნაკლებობამ ან კონფლიქტმა, შესაძლოა, მიტოვების შიში და მრისხანება გააძლიეროს. BPD-ის მქონე ადამიანებს ურთიერთობაში ყურადღების მოთხოვნილება აქვთ, რომლის სათანადოდ მიუღებლობის შემთხვევაშიც მიდრეკილნი არიან სოციალური გაუცხოებისკენ. აშლილობის ერთ-ერთი ნიშანი ურთიერთობების დაკარგვის მოლოდინია, რასაც შეიძლება თან ახლდეს რადიკალური და არაჯანსაღი ქმედებები. ამის გამო BPD-ის მქონე ადამიანს შეიძლება არასტაბილური და მღელვარე რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდეს და სხვების თვალში აღქმული იქნეს ისეთ ადამიანად, რომელსაც მუდმივად რაღაც სჭირდება;
-
თვითიდენტობისა და საკუთარი თავისადმი თანაგრძნობის პრობლემა — BPD-ის მქონე ადამიანებს ხშირად აკლიათ დადებითი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ და დადებითი თვითიდენტობა. ამ გამოწვევებმა, შესაძლოა, არასრულფასოვნებისა და უმნიშვნელობის განცდა გააჩინოს, ხოლო სოციალურმა კონფლიქტებმა ან იზოლაციამ შეიძლება ეს შეგრძნებები გააძლიეროს. BPD-ის მქონე ადამიანები ხშირად განსაკუთრებით ძლიერ თავდაცვის რეჟიმში არიან, როდესაც მიაჩნიათ, რომ მათი იდენტობა საფრთხეშია ან არასწორადაა გაგებული;
-
სუიციდური ფიქრები და თვითდაზიანება — სუიციდის რისკი მაღალია BPD-ის მქონე ადამიანებში. სტატისტიკურად, მათ 60-80%-ს სუიციდური ფიქრები, ხოლო 65-80%-ს თვითდაზიანება ახასიათებთ. ვინაიდან სუიციდის მცდელობები ხშირია, ეს რისკი უგულებელყოფილი არ უნდა იყოს. აღნიშნული ნაწილობრივ განპირობებულია იმით, თუ როგორ ამუშავებენ ისინი კომპლექსურ ემოციებს, და ამგვარმა ემოციურმა დისრეგულაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს თვითდაზიანებას;
-
იმპულსური და სარისკო ქცევები — BPD-ის მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებთ სარისკო ქცევები, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკიდურესად ძლიერ ემოციებს განიცდიან. ასეთი ქცევებს შორისაა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, სექსუალური ქცევები, ფულის გადაჭარბებულად ხარჯვა და ზოგჯერ კრიმინალური ქმედებებიც (მაგალითად, ქურდობა და ვანდალიზმი);
-
განწყობის ხშირი ცვლილება — BPD-ის კიდევ ერთი ნიშანი ემოციური რეაქტიულობა და განწყობის უკიდურესი ცვლილებაა, რომელიც სწრაფად მოდის და მიდის და, როგორც წესი, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. ამგვარმა ემოციურმა არასტაბილურობამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ურთიერთობები და შეაფერხოს ადამიანის ზოგადი ფუნქციონირება;
-
სიცარიელის განცდა — მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანი ხშირად შინაგან სიცარიელეს განიცდის, ან თითქოს მას რაღაც ნაწილი აკლია. ამ სიცარიელის განცდის ამოსავსებად BPD-ის მქონე ადამიანები ხშირად მიმართავენ ალკოჰოლს, სარისკო ქცევებს ან არაჯანსაღ აქტივობებს, რომლებიც მათ თავს „ცოცხლად“ აგრძნობინებს;
-
მიტოვების შიში — BPD-ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნიშანი მიტოვების ძლიერი შიშია, რეალური იქნება ეს რისკი თუ უბრალოდ ასეთად აღქმული. BPD-ს მქონე ადამიანები შეიძლება ხშირად გაბრაზდნენ, როცა სხვები ურთიერთობებში საზღვრებს აწესებენ, რამაც შეიძლება დააზიანოს პირადი ურთიერთობები;
-
ბრაზის მოზღვავება და მრისხანება — BPD-ის ნიშნებს შორის ბრაზის მოულოდნელი ნაკადია. აშლილობის მქონე ადამიანებს ხშირად შეიძლება უჭირდეთ ბრაზის მართვა, რასაც შეიძლება შეუსაბამო ბრაზის მოზღვავება ან „მოსაზღვრე მრისხანება“ ახლდეს თან;
-
პარანოიის BPD ეპიზოდები — BPD-ის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სტრესთან დაკავშირებულ პარანოიდულ ფიქრებს ან დისოციაციურ სიმპტომებს. ძლიერმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ეს სიმპტომები და შიშები, და BPD-ს მქონე ადამიანმა შეიძლება ეჭვიც კი შეიტანოს იმ ხალხში, ვისაც, ჩვეულებრივ, ენდობა.
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის (BPD) ტიპები
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის სიმპტომების სიმწვავე ტიპების მიხედვით განსხვავდება. მეცნიერები BPD-ის 4 ძირითად ტიპს გამოყოფენ, ესენია: უხალისო, იმპულსური, ფიცხი და თვითდესტრუქციული.
-
უხალისო BPD (ინგლ. Discouraged Borderline), იგივე „ჩუმი BPD“ — ხასიათდება სხვა ადამიანებზე დამოკიდებულებითა და ამავე დროს მათთვის თავის არიდებით. უხალისო BPD-ის მქონე ადამიანები უმეტესად მოკრძალებულები და ერთგულები არიან, თუმცა იმდენად, რომ ისინი შეიძლება მარტივად გახდნენ სხვა ადამიანებზე დამოკიდებულნი. მათი იდენტობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით რომანტიკულ ურთიერთობებზე. ახლო ურთიერთობის დასრულების შემდეგ მათ ხშირად უჭირთ ამასთან გამკლავება და მთელი მათი სამყარო არასტაბილური ხდება. მიტოვების შიშმა შეიძლება მათში გამოიწვიოს დაუცველობის, უმწეობისა და დაეჭვებულობის განცდები. გარდა ამისა, ისინი მიდრეკილნი არიან დეპრესიისა და უძლურების განცდისკენ, მოტივაციის ნაკლებობამ მათთვის შეიძლება მცირე დავალებებიც კი გადაულახავ სირთულეებად აქციოს, რის გამოც ისინი მხარდაჭერისთვის ხშირად სხვა ადამიანებს მიმართავენ, რაც შეიძლება არაჯანსაღ დამოკიდებულებაში გადაიზარდოს. ასეთ ადამიანებს ასევე უჭირთ ბრაზის გამოხატვა, რადგან ეს ეწინააღმდეგება მათ თვითაღქმას. შესაბამისად, ეს ბრაზი მათ, შესაძლოა, შიგნით მიმართონ და ის თვითდაზიანებაში ან სუიციდურ ფიქრებში გადაიზარდოს;
-
იმპულსური BPD (ინგლ. Impulsive Borderline) — ხასიათდება თეატრალური და ანტისოციალური ნიშნების ნაზავით. იმპულსური BPD-ის მქონე ადამიანები მიდრეკილნი არიან ყურადღების გაფანტულობისა და ჰიპერაქტიურობისკენ და მათ ხშირად დაუფიქრებლად მოქმედება ახასიათებთ. თვითრეფლექსიის ნაკლებობების გამო, შესაძლოა, მათი ქმედებები საზიანო აღმოჩნდეს როგორც მათთვის, ისე სხვებისთვის. მათი ემოციები შეიძლება ისეთივე ქაოსური იყოს, როგორიც მათი ქცევები, რადგან ხშირად ისინი მარტივად ღიზიანდებიან. იმპულსური BPD ხშირად სათავეს ქაოსური და დრამატული ოჯახიდან იღებს, სადაც ადამიანი ცდილობს, გამოეყოს ამ ქაოსს და თავი დრამატულობითა და არაპროგნოზირებადობით გამოიჩინოს. ზოგს შეიძლება თავი დაფასებულად მაშინ ეგრძნო, როდესაც მას აქებდნენ მისი მიმზიდველობის ან მასკულინობის გამო, რაც მოგვიანებით შეიძლება მაცდური ქცევის ან ზედაპირული ურთიერთობების წყარო გახდეს. მთლიანობაში, ყურადღების მიღებისა და სტიმულაციის სურვილი იმპულსური BPD-ებისთვის შეიძლება მუდმივი შფოთვის მიზეზი გახდეს;
-
ფიცხი BPD (ინგლ. Petulant Borderline) — ხასიათდება პასიურ-აგრესიულობით და სხვების თვალში ის შეიძლება ჩანდეს ნეგატიური, მომთხოვნი, ჯიუტი და მოუთმენელი. ფიცხ BPD-ს ხშირად შეიძლება შურდეს სხვების ბედნიერების და ვერ იტანდეს სხვებზე დამოკიდებულებას. მათ, შესაძლოა, ყურადღების მიქცევის მოთხოვნილებაც ჰქონდეთ. ბავშვობაში ფიცხი BPD-ის მქონე ადამიანების ემოციური მოთხოვნილებები იშვიათად იყო დაკმაყოფილებული და, შესაძლოა, ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ ურთიერთობებში. შესაძლოა, მომვლელების მხრიდან ისინი არასათანადო მოპყრობის, მანიპულირების ან ძალადობის სამიზნეები იყვნენ. ზრდასრულობაში შეიძლება მათ ჰქონდეთ ეპიზოდები, როდესაც თავს გრძნობენ უმნიშვნელოდ, დეპრესიულად ან დამნაშავედ, სხვა დროს კი მათ შეიძლება დაეუფლოთ ირაციონალური ბრაზი ან BPD-ისთვის დამახასიათებელი ე.წ. „მოსაზღვრე მრისხანება“. ასეთი ეპიზოდის ჩავლის შემდეგ BPD-ის მქონე ადამიანი ხშირად შეიძლება თავს დამნაშავედ გრძნობდეს და მიყენებული ზიანის გამოსწორებას ცდილობდეს;
-
თვითდესტრუქციული BPD (ინგლ. Self Destructive BPD) — ხასიათდება მაზოხისტური პიროვნული თვისებებით. ასეთი BPD, როგორც წესი, შეგრძნებებს შიგნით მიმართავს, რაც შეიძლება საკუთარი თავის მიმართ საზიანო ქცევების წყარო გახდეს. მათ აქვთ უკიდურესი მოთხოვნილება, იყვნენ დამოუკიდებელნი, თუმცა ამავე დროს აშინებთ ეს, რაც მნიშვნელოვან შინაგან კონფლიქტსა და დაძაბულობას იწვევს. სხვებთან ურთიერთობაში ისინი ხშირად თავგანწირული და კონფორმულები არიან და პატივს სცემენ სხვებს. მათი უკიდურესი ქცევების გამო დროთა განმავლობაში მათ, შესაძლოა, თავი დაუფასებლად იგრძნონ და გულისწყრომით აღივსონ. ამას შეიძლება მოჰყვეს დეპრესიულობისა და დაძაბულობის ზრდა, რაც ხშირად ასევე შიგნით არის მიმართული, მაგალითად, თვითდაზიანებისა და სუიციდური ქცევების სახით.
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის (BPD) გამომწვევი მიზეზები
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც გარემოებითი, ისე ბიოლოგიური, იქნება ეს დისფუნქციური ოჯახის გარემოცვაში ყოფნა, გენეტიკა თუ ტვინის ქიმიური მოქმედება. ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობაში მშობელი გარდაეცვალათ ან რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ, უფრო დიდი ალბათობით შეიძლება განუვითარდეთ BPD, ვიდრე ამ გამოცდილების არმქონეებს..
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის გამომწვევ ხშირ მიზეზებს შორისაა:
-
გენეტიკური ფაქტორები — მიიჩნევა, რომ ემოციური მგრძნობელობისადმი გენეტიკური მიდრეკილება შეიძლება BPD-ის განვითარების რისკ-ფაქტორი აღმოჩნდეს;
-
ბავშვობის ტრავმა — ადრეულ ასაკში მიღებული ტრავმა ხელს უწყობს BPD-ის ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა გუნება-განწყობის არასტაბილურობა, ემოციების დისრეგულაცია და თვითდესტრუქციული ქცევები. რაც უფრო ხშირი და ინტენსიურია ადრეულ ასაკში მიღებული ტრავმები, მით უფრო იზრდება BPD-ის სიმპტომების სიმწვავის რისკი;
-
უგულებელყოფა ან ძალადობა — BPD-ის მქონე ადამიანებს შესაძლოა ბავშვობაში უგულებელყოფის ან სექსუალური და/ან ემოციური ძალადობის გამოცდილება ჰქონდეთ. , განსხვავებები ტვინში — BPD-ის მქონე ადამიანში შეიძლება სხვებთან შედარებით განსხვავებები იყოს ტვინის იმ რეგიონებში, რომლებიც ემოციების მართვასთან, იმპულსურ ქცევებსა და აგრესიასთანაა დაკავშირებული;
-
გამოწვევები ადრეულ ურთიერთობებში — ცხოვრების ადრეულ ეტაპზე არსებულ ურთიერთობებში წარუმატებლობამ შეიძლება ემოციების მართვისა და საკუთარი ემოციური მდგომარეობისადმი უნდობლობა გამოიწვიოს, რაც შეიძლება მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის გამომწვევ მიზეზად იქცეს;
-
მიჯაჭვულობის ქაოსური კანონზომიერებები — მომვლელი ადამიანებისადმი არასაიმედო, ქაოსურმა მიჯაჭვულობამ შეიძლება სათავე დაუდოს საკუთარი თავის უარყოფითად აღქმას, სხვებისადმი უნდობლობასა და მიტოვების მოლოდინს;
-
ემოციების მართვის სირთულე — ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ ემოციების მართვა, ადრეულ ასაკში სტრესთან (მაგალითად, ემოციურ ძალადობასთან) გამკლავებისას შეიძლება უფრო დიდი ალბათობით განუვითარდეთ მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა.
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის (BPD) მკურნალობა
მართალია, BPD-ის მკურნალობის რამდენიმე ეფექტური გზა არსებობს, თუმცა სპეციალისტები ხშირად ფსიქოთერაპიით, მაგალითად, დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპიით, დაწყებას უწევენ რეკომენდაციას. ფსიქოთერაპია მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის სიმპტომების მართვისა მკურნალობის ეფექტური მეთოდია. სიმპტომების გაუმჯობესება ხშირად ფსიქოთერაპიით მკურნალობის პირველ წელსვე ვლინდება. კვლევების მიხედვით, 30-40 წლის ასაკში BPD-ის მქონე ადამიანების ცხოვრება სტაბილურდება. 10-წლიანი მკურნალობის შემდეგ BPD-ის მქონე ადამიანების ნახევარზე მეტი აღარ აკმაყოფილებს BPD-ის დიაგნოსტირებისთვის საჭირო კრიტერიუმებს.
მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის სამკურნალო ფსიქო-თერაპია შეიძლება მოიცავდეს:
-
დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია (DBT) — DBT თერაპია მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის მკურნალობისას ფსიქიკურ და ემოციურ არამდგრადობებთან გასამკლავებლად იყენებს თვითგაცნობიერების (ინგლ. Mindfulness) სწავლებას. DBT თერაპია სტრუქტურირებულია და ის ბევრი სხვადასხვა ტიპის ინტერვენციას საჭიროებს, მათ შორის ინდივიდუალურ თერაპიას, წერილობით დავალებებს, ჯგუფურ თერაპიას, სატელეფონო მხარდაჭერასა და კრიზისულ სიტუაციებში ზრუნვის ხელმისაწვდომობას.
-
კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) — CBT თერაპია BPD-ის მქონე ადამიანს ეხმარება საკუთარი ფიქრებისა და ქცევების ამოცნობაში და საკუთარი იდენტობის გარკვეული პარამეტრების დადგენაში.
-
სქემაზე ორიენტირებული თერაპია — ეს თერაპია ეხმარება BPD-ის მქონე ადამიანებს, ამოიცნონ თავიანთი საჭიროებები და გაიაზრონ, რა გზებით აქვთ მათ დასწავლილი ამ საჭიროებების დაკმაყოფილება. აღნიშნულ თერაპიაში ჩართული პირები აღნიშნავდნენ, რომ მათ განუვითარდათ ემოციების მართვის უნარი და უკეთ ესმით საკუთარი თავის.
-
ჰუმანისტური მიდგომები — ეს თერაპია შეიძლება დაეხმაროს ადამიანს, იპოვოს დანიშნულება ცხოვრებაში, რაც მიიჩნევა, რომ ამცირებს BPD-ის სიმპტომებს.
-
ოჯახური თერაპია — ოჯახური თერაპია შეიძლება მნიშვნელოვანი მიდგომა აღმოჩნდეს BPD-ის მქონე ადამიანების გრძელვადიანი კეთილდღეობის მისაღწევად. მკვლევრები BPD-ის მქონე ადამიანებს ურჩევენ, დაეყრდნონ თავიანთ მხარდამჭერ სისტემებს, ხოლო ოჯახურ თერაპიაზე ერთად სიარული შეიძლება კომუნიკაციის გაუმჯობესების კარგი გზა აღმოჩნდეს.
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის სამკურნალოდ სპეციფიკური მედიკამენტები არ არსებობს, თუმცა ბევრ პაციენტს სიმპტომების შემსუბუქებაში ეხმარება ანტიდეპრესანტები, გუნება-განწყობის სტაბილიზატორები, ანტიფსიქოზური და ანქსიოლიზური საშუალებები.
► თუ BPD-ის ნიშნებს საკუთარ თავში ამჩნევთ, არ შეშინდეთ, არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნის და მიმართეთ პროფესიონალს.
გამოყენებული წყაროები:
-
Choosing Therapy — Borderline Personality Disorder: Signs, Symptoms, & Treatments
-
Choosing Therapy — Types of BPD: Signs, Symptoms & When to Get Help
სტატიის მთარგმნელი: ლეილა ჩხეტიანი
მთავარი სურათი: IrynaDanyliuk / Getty Images
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით