Facebook Script

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) — სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (ინგლ. Post-Traumatic Stress Disorder, იგივე PTSD) აშლილობაა, რომელიც ყალიბდება სტრესული, ტრავმული ან სიცოცხლისთვის საშიში ცხოვრებისეული მოვლენის განცდის შემდეგ. ტრავმული მოვლენა შეიძლება პირმა თავად გამოცადოს ან შეესწროს სხვების ტრავმას. ტრავმირებულ ადამიანს სტრესული გამოცდილების შემდეგ აკვიატებული და შემაწუხებელი ფიქრები და შეგრძნებები ხანგრძლივი დროით უვითარდება. ეს სიმპტომები ადამიანს  ურთიერთობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნორმალურად ფუნქციონირებაში ხელს უშლის. 

PTSD-ს სიმპტომებთან გასამკლავებლად სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიდგომა და მედიკამენტი არსებობს. მკურნალობის მიზეზი არა ცხოვრების ძირეულად შეცვლა, არამედ PTSD-ს სიმპტომებისა და სტრესული მოგონებების მართვა და შემსუბუქებაა. 

სტატისტიკურად, ყოველ 100 ადამიანში 8-ს მაინც აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. რაც შეეხება გენდერულ თვალსაზრისს, ცხოვრების განმავლობაში ქალების 10%-ს, ხოლო მამაკაცების 4%-ს უვითარდებათ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. LGBTQ+ ადამიანებს კი PTSD-ს განვითარების კიდევ უფრო მაღალი ალბათობა აქვთ —  რეკორდული 47%.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) სიმპტომები

PTSD-ის სიმპტომები უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის კეთილდღეობაზე. ტრავმულმა გამოცდილებამ შეიძლება ადამიანის ფიქრები, ემოციები და ქცევები სრულად მოიცვას იმდენად, რომ მან დაკარგოს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში ჯანსაღად ფუნქციონირების უნარი. აშლილობის სიმპტომები განსხვავდება ტრავმული გამოცდილების ტიპის მიხედვით, თუმცა  ყველაზე ხშირად იკვეთება :

  • აკვიატებული მოგონებები და გაცოცხლებული ტრავმა — PTSD-ს მქონე ადამიანებს ახსენდებათ თავიანთი ტრავმული გამოცდილება, ყურადღების გადატანისა და აკვიატებული ფიქრებისგან თავის არიდების მცდელობების მიუხედავად;

  • განსაკუთრებული სიფრთხილე — PTSD-ს მქონე ადამიანი მოსალოდნელი საფრთხეებისადმი განსაკუთრებით, ზოგჯერ გადაჭარბებით ფრთხილია, რაც იწვევს მეხსიერების პრობლემებს, ძილის გართულებას, სხვა საკითხებზე კონცენტრაციის სირთულეს, ზოგჯერ კი გარემოსგან  სრულად მოწყვეტას, რაც ადამიანს სრული იზოლაციისკენ უბიძგებს;

  • თავის არიდება — PTSD-ს მქონე ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ ტრავმასთან დაკავშირებულ ადგილებს, ადამიანებს ან სიტუაციებს. იმის მიხედვით, თუ რამდენად ინტენსიურია გამკლავების ეს მექანიზმი, შესაძლოა, ადამიანი თავს არიდებდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციებს ან კონკრეტული ტიპის ამინდსაც კი;

  • განწყობისა და ფიქრების ნეგატიური ცვლილება — PTSD-ს მქონე ადამიანებს მოულოდნელად ახსენდებათ თავიანთი ტრავმული გამოცდილება, რასაც შედეგად შეიძლება ახლდეს  დეპრესია, უსიამოვნო შეგრძნებები, აგრესია, ბრაზი, ჰიპერდამოუკიდებლობა ან ემოციების თავიდან არიდების მცდელობა. აშლილობის მქონე ადამიანს, შესაძლოა, განუვითარდეს  ნეგატიური თვითაღქმა, რომ იგი „დაზიანებულია“ ან ვერასდროს მოერგება გარემოში არსებულ „ნორმალურობის“ სტანდარტებს. PTSD-ს მქონე ადამიანებს სუიციდის, მავნე ნივთიერებების მოხმარების, მუდმივი შფოთვისა და  გარემოსთან შეგუების სირთულის მაღალი ალბათობა აქვთ;

  • ფიზიკური სიმპტომები — PTSD-ს მქონე ადამიანის სხეული განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტრავმის გამომწვევი ან მასთან ასოცირებული დეტალებისადმი. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი ხმაური, კონკრეტული სურნელი, ხმის ტონი ან სახის გამომეტყველება. ტრავმასთან ასოცირებულ გამღიზიანებლებზე  სხეული განსაკუთრებით სენსიტიურად  რეაგირებს, ირთვება თვითგადარჩენის ინსტინქტი, რაც ტვინის სწრაფ მოქმედებას ბლოკავს.

PTSD-ს მქონე ქალებსა და კაცებს მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა ისინი, შესაძლოა, განსხვავებულად გამოხატავდნენ მას. ზოგჯერ ქალები მიდრეკილნი არიან მეტი სევდისა და იზოლაციისკენ და ხშირად მათ შეიძლება საკუთარი თავი დაადანაშაულონ. კაცები კი, შესაძლოა, უფრო ბრაზიანები, აგრესიულები, იმპულსურები და დესტრუქციულები იყვნენ. ისინი ხშირად თვითგანკურნების ან სიმპტომების დამალვის მიზნით შეიძლება ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მოიხმარდნენ.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) ყურადსაღები ნიშნები

ადამიანებში PTSD-ს ნიშნები, შესაძლოა, ეტაპობრივად  ან ერთდროულად გამოვლინდეს. იმისთვის, რომ გავარკვიოთ, აქვს თუ არა ახლობელ ადამიანს PTSD, აუცილებელია, დავაკვირდეთ, აღენიშნება თუ არა მას შემდეგი ნიშნები:

  • ძირეული ცვლილებები ძილის რეჟიმში, დიეტასა და ურთიერთობებში;

  • გეგმების ცვლილებებისკენ მიდრეკილება;

  • ვალდებულებების შეუსრულებლობა და სამსახურის ხშირად გაცდება;

  • შესამჩნევი განწყობის ცვლილებები;

  • საკუთარ გრძნობებზე საუბრის სირთულე ან სურვილის არქონა;

  • ხშირი კოშმარები ან ძილის პრობლემები;

  • სხვების მიმართ უნდობლობა.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) გამომწვევი მიზეზები

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ფუნდამენტური მიზეზი განცდილი ტრავმაა. ერთსა და იმავე ტრავმულ გამოცდილებას ფსიქიკაზე ერთ შემთხვევაში შეიძლება უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს, ხოლო სხვა დროს შეიძლება მნიშვნელოვანი კვალი დატოვოს მასზე. რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ ვის შეიძლება განუვითარდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, თუმცა არსებობს გარკვეული რისკ-ფაქტორები, რომლებსაც სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ: პრეტრავმული (ტრავმამდე), პერიტრავმული (ტრავმისას) და პოსტტრავმული (ტრავმის შემდეგ). 

პრეტრავმული რისკ ფაქტორებია: 

  • პიროვნების ტემპერამენტი და სტრესთან გამკლავების უნარი; 

  • გარემო ფაქტორები, მაგალითად, ბავშვობა, სოციოკულტურული ფონი;

  • გენეტიკა, მაგალითად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გენეტიკური ისტორია.

პერიტრავმული რისკ-ფაქტორებია: 

  • ტრავმის სიმწვავე;

  • ტრავმის გამომწვევი მიზეზი ან პირი;

  • განიცდის თუ არა ადამიანი დისოციაციას (მოწყვეტას საკუთარი თავისა და გარესამყაროსგან).

პოსტტრავმული რისკ-ფაქტორები:

  • სტრესთან გამკლავების უნარები; 

  • როგორი იყო უკუკავშირი და როგორ შეიცვალა გარემო მოვლენის შემდეგ.

 პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) დიაგნოზი

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია პიროვნებას ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები განცდილი ტრავმიდან სამი თვის ვადაში აღენიშნებოდეს. ზოგჯერ სიმპტომების გამოვლენა იგვიანებს, რაც დიაგნოსტირების  ვადებსაც  ახანგრძლივებს. შესაბამისად, სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ტრავმის განცდიდან სულ მცირე სამი თვის ვადაში, ზოგჯერ კი მის გამოვლენას, შესაძლოა, წლებიც დასჭირდეს. ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რატომ უმკლავდება ზოგი ადამიანი პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას უკეთესად, ვიდრე სხვები. გამოჯანმრთელების დრო ასევე დამოკიდებულია მედიკამენტების ეფექტურობაზე, თერაპიულ ინტერვენციებსა და უსაფრთხო გარემოზე. დიაგნოზის დასმისას, სიმპტომების გამოვლენის ხანგრძლივობა  ერთი თვე ან მეტი უნდა იყოს  და იწვევდეს უსიამოვნო განცდას ან ყოველდღიური ფუნქციონირების მოშლას. ამასთან, სიმპტომები არ უნდა იყოს გამოწვეული სხვა ფაქტორებით, მაგალითად, სხვა მენტალური აშლილობით.

პოსტტრავმული სტრესული (PTSD) აშლილობის მკურნალობა

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტური საშუალება ინდივიდუალური ფსიქოკონსულტაციისა და მედიკამენტების კომბინაციაა. PTSD-ს სიმწვავე პიროვნების  მიხევდით განსხვავდება და, შესაბამისად, ინდივიდუალურად განსხვავებულია მკურნალობის მიდგომებიც. აშლილობის მკურნალობა კომპლექსურია, ამიტომ აუცილებელია, მასში ჩართული იყოს ტრავმის მკურნალობის გამოცდილების მქონე სამედიცინო პირი.

ფსიქოთერაპია

მკურნალობის პირველი ეტაპი ფსიქოთერაპევტთან თუ მკურნალობის წარმმართველ სხვა პირთან (სოციალური  მუშაკი, ფსიქოლოგი ან სხვა) ჯანსაღი და ნდობაზე დაფუძნებული  ურთიერთობის ჩამოყალიბებაა. ფსიქოთერაპევტი შეისწავლის პიროვნებას, მის გამოცდილებასა და მოლოდინებს. მან უნდა უზრუნველყოს პაციენტისთვის სანდო და უსაფრთხო გარემოს შექმნა, რათა ხელახლა არ გაუღვივოს ტრავმა.

თერაპია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მეთოდებს:

  • ხანგრძლივი ექსპოზიცია (PE) — იგი ეხმარება პაციენტს, ისაუბროს საკუთარ ტრავმაზე, რათა უკეთ მართოს აკვიატებული და არასასურველი ფიქრები. ტრავმულ მოგონებებზე ხშირი საუბარი ადამიანს საკუთარი ფიქრების კონტროლში ეხმარება;

  • კოგნიტიური დამუშავების თერაპია (CPT) — თერაპია დაფუძნებულია იმის გაგებაზე, თუ როგორ ზემოქმედებს ტრავმა გრძნობებსა და ფიქრებზე. იგი პაციენტს საკუთარი ტრავმული გამოცდილების შესახებ არსებული უარყოფითი ფიქრების გარდაქმნას ასწავლის;

  • ტრავმაზე ორიენტირებული კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (TF-CBT) — თერაპია განკუთვნილია PTSD-ს მქონე ბავშვების ან მოზარდებისთვის. მისი მიზანია, ბავშვს ან მოზარდს შეუქმნას უსაფრთხო და სანდო გარემო, რომელშიც მშობლები/მეურვეები და მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალიც მოიაზრებიან;

  • თვალის მოძრაობის დესენსიბილიზაცია და ხელახალი დამუშავება (EMDR) — თერაპიისას პაციენტს სთხოვენ, იფიქროს მოგონებებთან დაკავშირებულ შეგრძნებებზე. ამ დროს იგი ჩართულია EMDR-ის პროცესში, ანუ ფოკუსირებულია გარეგან სტიმულსა და თვალების მოძრაობაზე. აღნიშნული თერაპია პირს ტრავმის შედეგად რეპრესირებული მოგონებების აღდგენაში ეხმარება;

  • ნარატიული ექსპოზიციის თერაპია (NET) — თერაპიისას პაციენტი განვლილ ცხოვრებისეულ მოვლენებს პოზიტიურ ასპექტში განიხილავს. თერაპია შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრავმაზე ორიენტირებული ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა, ფსიქოთერაპიის მეთოდი პაციენტებს სთხოვს, ისაუბრონ ტრავმული მოვლენის შესახებ, მაგრამ ინდივიდს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება აქვს და შეუძლია, მხოლოდ იქამდე ისაუბროს ტრავმაზე, სანამ ეს კომფორტულია მისთვის. ზოგი კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია არა ტრავმული მოგონებების გახსენებაზე, არამედ ტრავმასთან დაკავშირებული ფიქრების გარდაქმნაზეა ორიენტირებული.

მედიკამენტები

PTSD-ს მკურნალობისას ხშირად ადამიანები დეპრესიასა და შფოთვასთან გასამკლავებლად სეროტონინის მასტიმულირებელ მედიკამენტებს იღებენ, თუმცა თუ პიროვნებას PTSD-სთან ერთად სხვა აშლილობაც აღენიშნება, მათი მიღება რეკომენდებული არ არის. გარდა ამისა, PTSD-ს სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ანტიდეპრესანტები, შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები, განწყობის სტაბილიზატორები და ანტიფსიქოტური მედიკამენტები. წამლების მიღებამდე აუცილებელია კონსულტაცია მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალთან, რომლებსაც ტრავმაზე  მუშაობის გამოცდილება აქვს.

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის საბოლოო მიზანი PTSD-სთან დაკავშირებული სიმპტომების ინტენსივობის, სიხშირისა და სიმწვავის შემცირებაა, რათა არ დაირღვეს ადამიანის ყოველდღიური ფუნქციონირება და რუტინა.

► პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის მიზანი ტრავმასთან დაკავშირებული მოგონებების დავიწყება და ამოშლა არ არის. მკურნალობის მიზანია ტრავმული მოგონებები გახდეს გაძლებადი, სიმპტომები კი — მართვადი.

► უნდა გვახსოვდეს, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა განკურნებადი და მართვადია. სწორი მკურნალობითა და სისტემატური მხარდაჭერით ადამიანს შეუძლია დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ლეილა ჩხეტიანი

მთავარი სურათი: iStock

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) — სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია