Facebook Script

რა არის ADHD, ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა?

23 დეკემბერი, 2021 | ქცევითი აშლილობები

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ADHD) მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც ჰიპერაქტივობისა და იმპულსური ქცევის არარეგულარულ დონეებს იწვევს. მათ, ვისაც ეს სინდრომი აქვთ, შეიძლება უჭირდეთ კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირება ან ერთ ადგილას გაჩერება დროის გარკვეულ მონაკვეთში.

ყურადღების გამახვილების პრობლემა და ენერგიის დონის ცვლილებები თითოეულ ჩვენგანს გამოგვიცდია, მაგრამ მათთვის, ვისაც ADHD აქვს, ეს ბევრად უფრო ხშირი და ინტენსიურია, შესაბამისად, უფრო ძლიერ გავლენას ახდენს განათლებაზე, კარიერასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

► ADHD გვხვდება როგორც ზრდასრულ ადამიანებში, ისე ბავშვებში, და მას ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია (APA) მენტალური ჯანმრთელობის დარღვევად აკლასიფიცირებს.

ADHD-ს სიმპტომები

ADHD-სთან ქცევის დარღვევათა  ფართო სპექტრი ასოცირდება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • საქმეზე ფოკუსირებისა და კონცენტრირების სირთულე;

  • შესრულებული დავალებების მიმართ გულმავიწყობა;

  • ყურადღების მარტივად გაფანტვა;

  • ერთ ადგილას გაჩერების სირთულე;

  • ადამიანებისთვის საუბრის შეწყვეტინება.

ADHD-ს ტიპები

► ADHD-ს უფრო თანმიმდევრული დიაგნოსტირებისთვის ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ეს დარღვევა სამ კატეგორიად დაყო: უპირატესად უყურადღებო (ADD), უპირატესად ჰიპერაქტიურ-იმპულსური და ამ ორის კომბინაცია — კომბინირებულად უყურადღებო და ჰიპერაქტიურ-იმპულსური.

უპირატესად უყურადღებო (ADD) ტიპი

როგორც თავად სახელიც გვეუბნება, ამ ტიპის ADHD-ს მქონე ადამიანებს განსაკუთრებით უჭირთ კონცენტრირება, საქმის ბოლომდე მიყვანა და ინსტრუქციებისთვის მიყოლა.

ექსპერტები ასევე ფიქრობენ, რომ ამ ტიპის დარღვევის მქონე ბევრი ბავშვი ვერ იღებს სწორ დიაგნოზს, რადგან მისი გამოხატვის უკიდურესი ფორმები (მაგალითად, საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა, ხმაური და ა.შ.) ხშირი არ არის. კვლევა აჩვენებს, რომ დიაგნოსტირების პრობლემა ADHD-ს მქონე გოგოებში უფროა გავრცელებული.

ამ ტიპის ADHD-ს მქონე ადამიანები შეიძლება:

  • ხშირად უშვებდნენ შეცდომას ან გამორჩეთ დეტალი სწავლის ან მუშაობისას;

  • უჭირდეთ კონცენტრაცია მოსმენისას, კითხვისას ან საუბრისას;

  • უჭირდეთ ყოველდღიური დავალებების დაორგანიზება;

  • მარტივად კარგავდნენ ნივთებს;

  • მარტივად ეფანტებოდეთ ყურადღება მათ ირგვლივ მიმდინარე უმნიშვნელო მოვლენებზეც კი.

წყარო: New York Times

უპირატესად ჰიპერაქტიურ-იმპულსური ტიპი

ამ ტიპის ADHD-ს მქონე ადამიანები ძირითადად ჰიპერაქტიურ და იმპულსურ ქცევებს ავლენენ, მაგალითად: 

  • უჭირთ გაუნძრევლად გაჩერება ან ჯდომა;

  • არ გამოსდით ჩუმად თამაში ან მუშაობა;

  • ლაპარაკობენ ზედმეტად ბევრს;

  • უჭირთ თავიანთი რიგისთვის მოცდა;

  • ხელს უშლიან სხვებს ლაპარაკისას, თამაშისას ან მუშაობისას;

  • არიან მოუსვენრები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ADHD-ს არ ახასიათებს უყურადღებობის პრობლემა, ადამიანებს, ვისაც ეს დარღვევა აქვთ, შეიძლება უჭირდეთ დავალებებსა და საქმეზე კონცეტრირება.

კომბინირებულად უყურადღებო და ჰიპერაქტიურ-იმპულსური ტიპი

ეს ADHD-ს ყველაზე გავრცელებული ტიპია. ამ ტიპის დარღვევის მქონე ადამიანები ავლენენ როგორც უყურადღებობის, ისე ჰიპერაქტივობის სიმპტომებს. ეს მოიცავს ყურადღების გამახვილების პრობლემას, იმპულსურობისკენ მიდრეკილებას და აქტიურობისა და ენერგიულობის საშუალოზე მაღალ მაჩვენებელს.

ADHD-ს მკურნალობა დამოკიდებულია მის ტიპზე. ტიპი კი შეიძლება დროთა განმავლობაში (მაგალითად, ბავშვობიდან ზრდასრულობამდე) შეიცვალოს და შესაბამისად უნდა შეიცვალოს მკურნალობის გზებიც. 

► თუ ADHD გაქვთ, შეიძლება ამ სიმპტომების მხოლოდ ნაწილი ან სრული სპექტრი გაწუხებდეთ, დარღვევის ტიპის მიხედვით.

რა იწვევს ADHD-ს?

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავრცელებულია ADHD, ექიმებსა და მკვლევრებს დღემდე არ აქვთ ზუსტი პასუხი მის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით.

► მიმდინარე კვლევებს, ნეირობიოლოგიურ საფუძვლებთან მივყავართ. შესაძლებელია, რომ ამ პროცესში გენეტიკაც თამაშობდეს როლს.

კვლევა აჩვენებს, რომ დოფამინის დონის შემცირება ADHD-ს ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია. დოფამინი ტვინში არსებული ნივთიერებაა, რომელსაც სიგნალი ერთი ნერვული დაბოლოებიდან მეორეში მიაქვს. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამღიზიანებელზე საპასუხო ემოციური თუ ფიზიკური რეაქციის გამოწვევაზე.

სხვა კვლევა ტვინის სტრუქტურულ განსხვავებაზე მიგვანიშნებს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ADHD-ს მქონე ადამიანს შეიძლება ტვინში რუხი ნივთიერების ნაკლები დონე ჰქონდეს. რუხი ნივთიერება ტვინის იმ უბნებში გვხვდება, რომლებიც პასუხისმგებელია:

  • საუბარზე;

  • თვითკონტროლზე;

  • გადაწყვეტილების მიღებაზე;

  • კუნთების კონტროლზე.

მკვლევრები ჯერ კიდევ შეისწავლიან ADHD-ს გამომწვევ ისეთ სავარაუდო ფაქტორებს, როგორიცაა, მაგალითად, ორსულობის დროს მოწევა. 

ADHD-ს გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებული მითები

ბევრი მითი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს ADHD-ს. კვლევებს არ უჩვენებიათ არანაირი მტკიცებულება, რომ ADHD გამოწვეულია:

  • დიდი რაოდენობის შაქრის მოხმარებით;

  • ტელევიზორის ყურებით;

  • ვიდეოთამაშებით;

  • სიღარიბით;

  • არასაკმარისად კარგი მშობლობით.

ამ ფაქტორებს პოტენციურად შეუძლიათ გაამწვავონ ADHD-ს სიმპტომები, მაგრამ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად მათგან არც ერთი არ დადასტურებულა.

ADHD-ს ტესტირება და დიაგნოსტირება

ჯერჯერობით არ არსებობს ერთი ტესტი, რომელიც ADHD-ს ზუსტ დიაგნოზს დასვამს. 2017 წლის კვლევამ გამოკვეთა ახალი ტესტის ეფექტურობა ზრდასრულებში, თუმცა ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის დიაგნოზის დასმა ერთი ტესტით შეუძლებელია.

დიაგნოზის დასასმელად ოჯახის ექიმი, ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი გამოგკითხავთ ყველა იმ სიმპტომის შესახებ, რომლებიც თქვენ ან თქვენს შვილს ბოლო 6 თვის განმავლობაში გქონიათ. დიდი ალბათობით, თქვენი ექიმი ინფორმაციას მასწავლებლებისგან ან ოჯახის წევრებისგანაც შეაგროვებს და სიმპტომების ჩამონათვალსაც მოიშველიებს, რათა დარღვევის დონე შეაფასოს. სასურველია, ოჯახის ექიმმა ფიზიკური შემოწმებაც ჩაგიტაროთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შესაფასებლად ან გამოსარიცხად.

► თუ ეჭვობთ, რომ თქვენ ან თქვენს შვილს ADHD გაქვთ, გაესაუბრეთ ნდობით აღჭურვილ ოჯახის ექიმს, ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს.

ბავშვების შემთხვევაში შეიძლება მასწავლებლებთან გასაუბრებაც დაგეხმაროთ სრული სურათის აღსაქმელად, რადგან ADHD-ს დიდი გავლენა აქვს ბავშვის სასკოლო ცხოვრებაზე. 

დიაგნოსტირებისთვის ჩაინიშნეთ თქვენი შვილის ან საკუთარი ქცევის ამსახველი დაკვირვებები და მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ექიმს. 

თუ ექიმს ADHD-ზე ექნება ეჭვი, გადაგამისამართებთ ამ კუთხით სპეციალიზებულ პროფესიონალთან. დიაგნოზის მიხედვით, შეიძლება შემოგთავაზოთ ფსიქიატრთან ან ნევროლოგთან კონსულტაციაც. 

ADHD-ს მკურნალობა

ADHD-ს მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს ფსიქოთერაპიას, მედიკამენტებს ან მათ კომბინაციას. 

ADHD-ს სამართავად რეკომენდებულია ფსიქოთერაპია ან ლაპარაკის თერაპია (ინგლ. Talk therapy). ლაპარაკის თერაპიის დროს თქვენ ან თქვენი შვილი განიხილავთ, თუ როგორ მოქმედებს ADHD თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რა გზები არსებობს მის სამართავად.

ასევე რეკომენდებულია ბიჰევიორული თერაპიაც. ამ დროს სწავლობთ, როგორ გაუწიოთ მეთვალყურეობა ქცევებს და როგორ მართოთ ისინი. 

ზოგიერთ შემთხვევაში ADHD-ს სამართავად მედიკამენტებიცაა საჭირო. ამ დარღვევის სამკურნალო მედიკამენტები იმისთვისაა შექმნილი, რომ ტვინის ქიმიურ ნივთიერებებზე მოახდინოს გავლენა, რათა უკეთესად აკონტროლოთ თქვენი იმპულსები და ქცევები. 

ADHD-ს სამკურნალო ბუნებრივი საშუალებები

მედიკამენტებთან ერთად ან მათ ნაცვლად (დამოკიდებულია დარღვევის სიმწვავესა და მის ეფექტზე თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე), ექიმები მკურნალობის რამდენიმე ბუნებრივ გზას გვთავაზობენ, რომლებიც ADHD-ს სიმპტომებს ამსუბუქებს.

პირველ ყოვლისა, რასაც ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გვირჩევს, ცხოვრების სტილის ცვლილება და უფრო ჯანსაღი ქცევების დანერგვაა, მაგალითად:

  • საკვები ნივთიერებებით მდიდარი, დაბალანსებული კვება;

  • დღეში მინიმუმ 60-წუთიანი ფიზიკური აქტივობა;

  • საკმარისი ძილი;

  • ეკრანთან გატარებული დროის შემცირება.

კვლევები ასევე აჩვენებს, რომ იოგა, ტაი ჩი და ღია სივრცეში დროის გატარება მნიშვნელოვნად ამშვიდებს ჰიპერაქტიურ გონებას და ADHD-ს სიმპტომებს. კიდევ ერთი გზა თვითგაცნობიერებაზე ორიენტირებული მედიტაციაა. 2015 წლის კვლევა გვეუბნება, რომ მედიტაციას კონცენტრირების გაუმჯობესება შეუძლია. ალერგენებისა და საკვები დანამატების მოხმარების შემცირებაც ამსუბუქებს ADHD-ს სიმპტომებს.

ADHD-სთან თანამოარსებე მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები

► ADHD-ს მქონე ადამიანებს ზოგჯერ მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ, მაგალითად, დეპრესია და შფოთვა. ეს პრობლემები ADHD-ს გამოწვევებთან ყოველდღიური ბრძოლის შედეგად იჩენს-ხოლმე თავს.

შფოთვა

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ADHD-ს მქონე ადამიანები შფოთვითი აშლილობის მეტი რისკის ქვეშ დგანან, ვიდრე ისინი, ვისაც ADHD არ აქვთ. 

მაგალითად, ADHD-ს მქონე ადამიანებს ხშირად უჭირთ ყოველდღიური საქმეების შესრულება, ურთიერთობების შენარჩუნება და ა.შ. ამან კი შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს შფოთვითი აშლილობის რისკი.

დეპრესია

ADHD დეპრესიის რისკსაც ზრდის. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილე ADHD-ს მქონე ზრდასრულების 50%-ს კლინიკური დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა ჰქონდა, როცა იგივე მაჩვენებელი ADHD-ს არმქონე ადამიანებში 35% იყო.

კვლევები აჩვენებს ,რომ ADHD-ს მქონე ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 53.3%-ს შესაძლოა დეპრესიაც ჰქონდეს.

თუმცა ამ რიცხვების არ შეგეშინდეთ, რადგან მკურნალობა ორივე გამოწვევისთვის არსებობს და ზოგჯერ ერთმანეთსაც კვეთს. მაგალითად, ფსიქოთერაპია ორივე პრობლემის მოგვარების გზაა. ასევე, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი ADHD-ს სიმპტომებსაც ამსუბუქებს.

ცხადია, ADHD-ს ქონა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დეპრესიაც გექნებათ, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამის ალბათობა არსებობს.

ქცევათა და ქმედებათა დარღვევები

ქცევებთან და ქმედებებთან დაკავშირებული დარღვევები უფრო მეტად ADHD-ს მქონე ბავშვებშია გავრცელებული. ეს დარღვევები ძირითადად მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანს აქვს განცდა, რომ ირგვლივ მისი არავის ესმის. ასეთ დროს ადამიანები შეიძლება ხშირად კამათობდნენ, მარტივად გამოდიოდნენ წყობიდან ან განზრახ აწუხებდნენ სხვებს. ეს ყოველივე შეიძლება ოპოზიციურ-დევიანტური აშლილობის (იგივე ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა; ODD) ნიშნებიც იყოს.

ზოგიერთი ადამიანი მიდრეკილია წესების დარღვევისკენ ან აგრესიულია სხვების მიმართ, შეიძლება ჩხუბობდეს, ჩაგრავდეს სხვებს ან ისაკუთრებდეს სხვის ნივთებს. ამას ქცევითი დარღვევები ეწოდება.

ამ ტიპის დარღვევების მკურნალობის გზები არსებობს და ექსპერტები, უფრო სწრაფი და ეფექტური შედეგისთვის, ადრეული ასაკიდანვე იდენტიფიცირებასა და მკურნალობას უწევენ რეკომენდაციას.

წყარო: Glamour

შემეცნებასთან დაკავშირებული დარღვევები

ზოგიერთ ADHD-ს მქონე ბავშვს, შესაძლოა, შემეცნებასთან დაკავშირებული გამოწვევები ჰქონდეს. მაგალითად, დისლექსია — სიტყვებისა და რიცხვების წაკითხვის გაძნელება.

ამ ტიპის გამოწვევებმა შეიძლება ბავშვისთვის განათლების მიღება უკიდურესად გაართულოს, გააძლიეროს უარყოფითი ემოციები და შფოთვისა და დეპრესიის მიზეზიც გახდეს. ამიტომ, ადრეული ასაკიდანვე სწორი დახმარების აღმოჩენა აუცილებელია.

რჩევები ADHD-სთან გამკლავებისთვის

თუ თქვენს შვილს ADHD აქვს, წინასწარ დაგეგმილი განრიგი და განსაზღვრული მოლოდინები შეიძლება ძალიან დაეხმაროს. ზრდასრულებისთვის კი ორგანიზებულობის შენარჩუნების რამდენიმე გზა არსებობს: 

  • გასაკეთებელი საქმეების სიის წარმოება;

  • კალენდრის გამოყენება;

  • „შემახსენებელი“ შეტყობინებებით სარგებლობა.

ბავშვებისთვის ასევე კარგი იქნება საშინაო დავალებების ჩამოწერა და ყოველდღიური მოხმარების ნივთებისთვის (სათამაშოები და სასკოლო ნივთები) ერთი, მისთვის განსაზღვრული ადგილის მიჩენა.

ADHD-ს შეიძლება სერიოზული გავლენა ჰქონდეს ბავშვებისა და ზრდასრულების ცხოვრებაზე — სკოლაზე, სამსახურსა და ურთიერთობებზე. ამიტომ, მისი დროული იდენტიფიცირება და მკურნალობა აუცილებელია და მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დარღვევის სიმწვავეს.

ADHD-ზე სწორი ინფორმაციის ფლობა მისი იდენტიფიცირების, მკურნალობისა და ეფექტურად მართვის წინაპირობაა. მთავარია, ვიცოდეთ, რის წინაშე ვდგავართ და გვახსოვდეს ისიც, რომ ADHD-ს მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ შეუძლიათ ჰქონდეთ წარმატებული და რეალიზებული ცხოვრება. მეტიც, ზოგიერთი მათგანი ამ დარღვევისგან მიღებულ დადებით გამოცდილებებსაც კი აფასებს.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: JSTOR DAILY

მსგავსი სტატიები

OCD, ოკა, ობსესიურ, კომპულსიური, კომპულსური, აშლილობა, ოსდ, სიმპტომები, ტიპები, მკურნალობა, ობსესია, obsesia, obsesiur, kompulsiuri, ashliloba, simptomebi, tipebi, mkurnaloba

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) — სიმპტომები, ტიპები და მკურნალობა

რა არის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD)? — მისი სიმპტომები (აკვიატებული ფიქრები, ანუ ობსესიები, და კომპულსიური ქცევები). OCD-ის ტიპები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა.

ჩემი ფსიქიკა
adhd, ადჰდ, ქალები, ქალებში, ზრდასრულები, მითები, ყურადღების, დეფიციტი, ჰიპერაქტივობა, აშლილობა

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ADHD) — ზრდასრული ადამიანები, ქალები და მითები

რა არის ADHD (ადჰდ) და როგორ ვლინდება ის ქალებში? — უყურადღებო ADHD, ჰიპერაქტიური/იმპულსური ADHD და კომბინირებული ADHD. ADHD-ის სიმპტომები ქალებში და გენდერული მიკერძოება დიაგნოსტირებისას.

ჩემი ფსიქიკა
პტსდ, პოსტტრავმული, სტრესული, აშლილობა, სიმპტომები, დიაგნოზი, მკურნალობა, ptsd, posttravmuli, stresuli, ashliloba, simptomebi, diagnozi, mkurnaloba

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) — სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა

რას ნიშნავს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსდ)? მისი სიმპტომები, ყურადსაღები ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირება და მკურნალობა (თერაპია და მედიკამენტები).

შიშები და ტრავმა
ოპოზიციურ, გამომწვევი, ქცევითი, აშლილობა, ოდდ, სიმპტომები, გამომწვევი, მიზეზები, მკურნალობა, opoziciur, gamomwvevi, qceviti, ashliloba, odd, simptomebi, gamomwvevi, mizezebi, mkurnaloba, bavshvebi, ბავშვები

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა (ODD) — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა ბავშვებში — მისი სიმპტომები და ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, გართულებები, დიაგნოსტირება და მკურნალობა.

ქცევითი აშლილობები

გააზიარე სტატია

რა არის ADHD, ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია