Facebook Script

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა (ODD) — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა (ინგლ. Oppositional Defiant Disorder, იგივე ODD) არის ბავშვების ქცევითი აშლილობა, რომელსაც ახასიათებს ემოციებისა და ქცევების დარეგულირების სირთულე. კერძოდ, ემოციების რეგულაციასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად ვლინდება ბრაზისა და გაღიზიანების სახით, ხოლო ქცევის რეგულაციის პრობლემა გამოიხატება წინააღმდეგობის გაწევასა და გამომწვევ ქცევებში.

როგორც წესი, ODD-ს ნიშნებს ადამიანი ბავშვობაში ან ადრეულ თინეიჯერობაში ავლენს, თუმცა, შესაძლოა, ის შედარებით გვიანაც განვითარდეს. ბავშვებს, რომლებსაც ეს აშლილობა უდგინდებათ, უჭირთ ემოციების კონტროლი, თანატოლებთან მარტივი კომუნიკაცია და ისინი, როგორც წესი, ზომაზე მეტ აგრესიას და გაღიზიანებას გამოხატავენ. აშლილობის ქცევითი ნაწილი მიემართება სხვებისადმი უპატივცემულობას (ხშირად  მეორე ადამიანის გამოწვევის მიზნით იყენებენ), რომელიც აშკარაა კამათის ან სხვა ისეთი სიტუაციის დროს, როდესაც მათ აზრს/დამოკიდებულებას იმთავითვე არ ეთანხმებიან.

ODD თუ ყოფაქცევის აშლილობა?

ODD და ყოფაქცევის აშლილობა (ინგლ. Conduct Disorder) — ორივე ქცევითი აშლილობაა და, როგორც წესი, ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში იჩენს თავს, თუმცა ODD-ს მხოლოდ კამათისკენ მიდრეკილება და დაუმორჩილებლობა ახასიათებს, ხოლო ყოფაქცევის აშლილობას გაცილებით სერიოზული და აგრესიული გამოვლინებები აქვს.

ბავშვებსა და მოზარდებში ODD-ის სიმპტომები მოიცავს დაუმორჩილებლობასა და დაპირისპირებას ავტორიტეტულ ფიგურებთან, მაგალითად,  მშობლებთან, მასწავლებლებსა და სხვა ზრდასრულ ადამიანებთან. ასეთ დროს ბავშვებმა შეიძლება ხშირად იკამათონ, უგულებელყონ წესები, მიზანმიმართულად გააღიზიანონ სხვები და ჯიუტად აარიდონ თავი საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღებას. 

მეორე მხრივ, ყოფაქცევის აშლილობა შეიძლება გამოვლინდეს სხვა ადამიანების ან/და ცხოველებისადმი ფიზიკური აგრესიით, სხვისი საკუთრების განადგურებით და გარშემომყოფთა წესებისა და უფლებების სრული უგულებელყოფით. ყოფაქცევის აშლილობის მქონე ბავშვებმა შეიძლება სოციალური ნორმების დამრღვევი ქცევები ჩაიდინონ ყოველგვარი თანაგრძნობისა და სინანულის გარეშე.

ODD თუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ADHD)

ODD-სა და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობას (ADHD) მსგავსი სიმპტომები აქვთ, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული მახასიათებლები. მაგალითად, როგორც უკვე აღინიშნა, ODD-ს პირობებში ადამიანები კამათზე, შურისძიებასა და სხვების გაღიზიანებაზე ორიენტირებულები არიან. ODD-ის მქონე ბავშვები და მოზარდები უგულებელყოფენ წესებსა და ავტორიტეტულ ფიგურებს, ხშირად ბრაზდებიან და იქცევიან სხვებისთვის საზიანოდ.

ADHD-ს შემთხვევაში კი ადამიანებს უჭირთ ყურადღების კონცენტრირება და არიან ჰიპერაქტიურები და იმპულსურები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათი იმპულსური საქციელები, ხშირ შემთხვევაში, არ ითვალისწინებს სამომავლო შედეგებს, ისინი მიზანმიმართულად არ ავლენენ სხვებისადმი უპატივცემულობას.

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის (ODD) სიმპტომები და ნიშნები

ODD-ს სიმპტომები, როგორც წესი, შესამჩნევი და მუდმივია და აისახება ცხოვრების ხარისხზე. ODD-ს ბავშვებში ახლავს დაუმორჩილებლობისა და დაპირისპირების პერიოდები, რომლებსაც თან სდევს ბრაზი ან გაღიზიანება. სხვა დიაგნოსტიკური კატეგორიებისგან განსხვავებით, რომლებსაც ქცევის მტკიცებულება სხვადასხვა გარემოში სჭირდებათ, ODD-ს მქონე ბავშვებმა შეიძლება დამაზიანებელი ქცევა მხოლოდ ერთ გარემოში (მაგალითად, სახლში) გამოხატონ.

ბავშვები და მოზარდები ხსენებულ სირთულეებს ხშირად ავლენენ უფროსებთან (ზოგჯერ იმდენად, რომ ეს შეიძლება მშობელზე ძალადობად იქცეს) და თანატოლებთან ურთიერთობებში. უფროსებთან წინააღმდეგობაში ყოფნა, ზოგადად, მოზარდის განვითარების ტიპური და ბუნებრივი ნაწილია. მაგალითად, დემონსტრაციულად ცუდ გუნებაზე ყოფნა ან/და უეცარი გაღიზიანება/ბრაზი ძალიან გავრცელებულია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ხოლო მოზარდები, როგორც წესი, უფროსების დაწესებულ საზღვრებს ეჭვქვეშ აყენებენ და გამუდმებით ცდიან, რამდენად შორს შეუძლიათ შეტოპვა. თუმცა, მეორე მხრივ, ODD-ს მქონე ადამიანები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ მათი რეაქციები სრულიად გამართლებული და მართებულია უსამართლო მოლოდინებისა და გარემოებებისადმი. 

ქვემოთ მოცემულიაODD-ს  ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:

  • ბრაზი და გაღიზიანება — მათ შორის ხშირი აფეთქება მოჭარბებული სიბრაზისაგან, თავშეკავების მარტივად დაკარგვა და მარტივად გაღიზიანება სხვა ადამიანების გამო;

  • გამომწვევი საქციელები — მათ შორის ხშირი კამათი ზრდასრულებთან თუ ავტორიტეტულ ფიგურებთან, საკუთარი შეცდომების სხვებისთვის დაბრალება, წესების ღიად დარღვევა და სხვების მიზანმიმართულად გაბრაზება;

  • შურისძიება — მათ შორის სასტიკი და გულცივი ფრაზების თქმა სხვებისთვის, უგუნებობის შემთხვევაში შურისძიების წყურვილი და შურისმაძიებლური ან მანიპულაციური ქმედებები (მინიმუმ ორჯერ ექვსი თვის განმავლობაში).

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის (ODD) გამომწვევი მიზეზები

ODD-ს გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით სიღრმისეულად შესწავლილი არ არის, თუმცა შესაძლო რისკ-ფაქტორებს შორისაა ტვინის პათოლოგიები, მშობლების ჩართულობის ნაკლებობა ბავშვის აღზრდაში და გენეტიკური ფაქტორები. 

ბავშვებსა და მოზარდებში ODD-ს გამომწვევ მიზეზებს შორის შეიძლება იყოს:

  • გარემო ფაქტორები — გარემო ფაქტორები, როგორიცაა ძალადობის პირდაპირი ან არაპირდაპირი გამოცდილება, უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვის ქცევაზე და ზრდის ODD-ს სიმპტომების განვითარების რისკებზე. ასევე, ფინანსური პრობლემები და არასტაბილურ ოჯახური მდგომარეობაც შეიძლება გახდეს ის სტრეს-ფაქტორი, რომელიც გამოიწვევს მავნებლური და დაუმორჩილებელი ქცევების ჩამოყალიბებას;

  • ბიოლოგიური ფაქტორები — ბიოლოგიური ჭრილიდან ODD-ს ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ნეიროგადამცემების (იგივე ნეიროტრანსმიტერები — ნივთიერებები, რომლებიც ნერვულ უჯრედებს იმპულსების მიმოცვლაში ეხმარება) დისბალანსი ტვინში. მათი ფუნქციონირების დარღვევამ შეიძლება იმოქმედოს ქცევისა და ემოციების რეგულაციაზე;

  • გენეტიკური ფაქტორები კვლევა აჩვენებს, რომ გენეტიკურმა ფაქტორებმა შეიძლება შეიტანოს წვლილი ქცევით აშლილობებში, მათ შორის ODD-ში. ბავშვებსა და მოზარდებს შეიძლება ჰქონდეთ გენები, რომლებიც მათ ამ აშლილობის განვითარებისადმი უფრო მოწყვლადს ხდის. მიუხედავად ამისა, გენეტიკური ფაქტორები სრულიად ვერ ხსნის ODD-ს გამოვლინებას;

  • მშობლები, რომლებსაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ — ისეთ გარემოში აღზრდამ, რომელშიც მშობლებს ADHD, ODD, ან სხვა ქცევითი პრობლემები აწუხებთ, შეიძლება გაზარდოს ODD-ს განვითარების რისკს ბავშვში. ბავშვები საკმაოდ მარტივად სწავლობენ და იმეორებენ მავნებლურ საქციელებს, რომლებსაც მშობლებში აფიქსირებენ. გარდა ამისა, ბავშვის მკაცრად, უყურადღებოდ ან ზედმეტად კონტროლზე ორიენტირებულად გაზრდამ შეიძლება ბავშვზე უარყოფითად იმოქმედოს;

  • მშობლების არასაკმარისი ჩართულობა ბავშვის აღზრდაში — მშობლის ჩართულობის ან დადებითი აღზრდის მეთოდების ნაკლებობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ODD-ს განვითარებას. ცვალებადი დისციპლინა, სტრუქტურის ნაკლებობა და არასაკმარისი მეთვალყურეობა ზრდის აგრესიული და დაუმორჩილებელი საქციელების ჩამოყალიბების რისკს. მეორე მხრივ, სითბო, თანმიმდევრული დისციპლინა და ღიად დაწესებული ქცევის საზღვრები ხელს უწყობს როგორც ODD-ს განვითარების რისკის შემცირებას, ისე სიმპტომების ეფექტურად მართვას.

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის (ODD) გართულებები

ODD-ს, შესაძლოა, არაერთი გართულება მოჰყვეს ბავშვებში, მათ შორის დეპრესია, შფოთვა, ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ანტისოციალურ ქცევა, ცუდი აკადემიური მოსწრება, იმპულსურობა და სუიციდის გაზრდილი რისკი.

ქვემოთ მოცემულია ODD-ს შესაძლო გართულებები ბავშვებში:

  • დეპრესია — ODD-ს მქონე ბავშვებს შეიძლება დაუმორჩილებელი და გამომწვევი ქცევის, სოციალური სირთულეებისა და სხვებთან უარყოფითი ინტერაქციების გამო დეპრესია განუვითარდეთ. მუდმივმა კონფლიქტმა და გაღიზიანებამ შეიძლება სევდისა და უიმედობის შეგრძნებები გააჩინოს;

  • შფოთვა — პატარაობაში გამოვლენილი შფოთვა ODD-ს ერთ-ერთი შესაძლო გართულებაა. გამუდმებულმა დაუმორჩილებლობამ შეიძლება ბავშვისა და ოჯახისთვის შექმნას ისეთი გარემო, რომელიც იწვევს სტრესის, დაძაბულობისა და მღელვარების ზრდის;

  • ნივთიერებებზე დამოკიდებულება — ODD-ს მქონე ადამიანებმა შეიძლება თვითმკურნალობის მიზნით გამოიყენონ სხვადასხვა ნივთიერება გაღიზიანებასთან, ემოციურ დისრეგულაციასა და თანატოლების მხრიდან წნეხთან გასამკლავებლად;

  • ანტისოციალური ქცევა — უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში ODD შეიძლება გადაიზარდოს ყოფაქცევის აშლილობაში, შესაბამისად, გაიზარდოს აგრესია, წესების დარღვევა და ანტისოციალური ქცევები. საბოლოოდ, შესაძლოა, ამას მოჰყვეს სერიოზული გართულებები, მათ შორის სამართლებრივი პრობლემები, დაძაბული პირადი ურთიერთობები და სოციალური ინტერაქციების ჯანსაღად წარმოების დაქვეითება;

  • ცუდი აკადემიური მოსწრება — მავნებლური ქცევა, უფროსებთან მუდმივი კამათი და წესების დაუმორჩილებლობა საბოლოოდ შეიძლება უარყოფითად აისახოს ODD-ს მქონე ბავშვის აკადემიურ წინსვლაზე;

  • იმპულსურობა — იმპულსურობა და არასათანადო გადაწყვეტილებების მიღება ხშირი ნიშნებია ODD-ს მქონე ადამიანებში, რაც ზოგჯერ სარისკო ქცევებით და არასასიამოვნო შედეგებით სრულდება;

  • სუიციდის გაზრდილი რისკი — სამწუხაროდ, ODD-ს მქონე ადამიანები სუიციდის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. მუდმივი განსაცდელის შეგრძნებამ, უიმედობამ და საკუთარ ემოციებზე კონტროლის არქონის აღქმამ შეიძლება გაზარდოს თვითდაზიანებაზე ფიქრის რისკი.

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის (ODD) დიაგნოსტირება

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის დიაგნოსტირება საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია, რომელიც, ჩვეულებრივ, მოიცავს მრავალმხრივ დაკვირვებას ბავშვზე, გასაუბრებას როგორც უშუალოდ პაციენტთან, ისე მშობლებთან/მასწავლებლებთან/სხვა უფლებამოსილ პირებთან და ბავშვის ქცევისათვის თვალყურის დევნებასა და შეფასებას სხვადასხვა სოციალურ გარემოში.

DSM-5-ში (მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო, ინგლ. The Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, მეხუთე გამოშვება) ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის დიაგნოსტირების კრიტერიუმებს შორისაა: მუდმივად გაღიზიანებული/გაბრაზებული განწყობა, დაუმორჩილებელი ქცევა და და შურისმაძიებლობა, რომელიც გრძელდება მინიმუმ ექვს თვეს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიმართ. შეფასება ასევე ითვალისწინებს ODD-ის მახასიათებლებს, მათ შორის გამომწვევ ან დაუმორჩილებელ ქცევას, ავტორიტეტის უგულებელყოფას და ემოციების მართვის სირთულეს.

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის (ODD) მკურნალობა

ODD-ს მქონე ბავშვებს, როგორც წესი, უჭირთ პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება. თერაპია ხშირად ეხმარება ბავშვებს, მშობლებსა და ოჯახის წევრებს სიმპტომების მინიმუმამდე დაყვანაში. ქვემოთ მოცემულია მკურნალობის რამდენიმე მეთოდი ODD-ს მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის:

  • ფსიქოთერაპია — თერაპია, რომელიც ქცევის ცვლილებებსა და ბავშვსა და ოჯახის წევრებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული, საკმაოდ ეფექტურია იმ პრობლემური ხასიათის შტრიხების აღმოფხვრისათვის, რომლებიც ბავშვის ჯანსაღ განვითარებას უშლის ხელს როგორც სახლსა და პირად ურთიერთობებში, ისე სკოლასა და სხვა სოციალურ გარემოებში. ხშირად თავად მშობლებიც უნებლიეთ უწყობენ ხელს, გამომწვევ ქცევებს ბავშვებში და თერაპია შეიძლება მათ დაეხმაროს იმის სწავლაში, თუ როგორ უნდა დაასაჩუქრონ სამაგალითო ქცევა და შეამცირონ დაუმორჩილებლობის პრობლემები. ODD-ს მკურნალობისას, როგორც წესი, შემდეგი თერაპიის ტიპებს მიმართავენ: კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT), ოჯახური თერაპია, ჯგუფური თერაპია და თამაშის თერაპია (თერაპიის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის თვითგამოხატვას თამაშის დროს და ასწავლის სხვადასხვა გარემოში მიღებულ ქცევის ფორმებს);

  • სკოლის ჩართულობა — სკოლის ჩართულობა ბავშვის ODD-ს მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტულად პაციენტისთვის, ისე თანატოლებისათვის და, შესაძლოა, მოიცავდეს სხვადასხვა სტრატეგიების შემუშავებას, რომლებიც აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებასა და პაციენტის პირადი ურთიერთობების მართვას ისახავს მიზნად. ასეთ დროს მასწავლებლები და სკოლის პერსონალი მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალებთან ერთად ავითარებენ ინდივიდუალურ გეგმას ბავშვისათვის; ხშირად ქმნიან განცალკევებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც ბავშვის კონკრეტულ აკადემიურ გამოწვევებს მიემართება.

► ოპოზიციურ-გამომწვევ ქცევით აშლილობასთან გამკლავება მშობლისთვის, შესაძლოა, დიდი სირთულე იყოს, თუმცა დროული დიაგნოსტირებით და სწორი მკურნალობის მეთოდებით ODD-ს სიმპტომების მართვა სრულიად შესაძლებელია.

გამოყენებული წყაროები:

სტატიის მთარგმნელი: მარიამ რაზმაძე

მთავარი სურათი: Camali Clinic

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

OCD, ოკა, ობსესიურ, კომპულსიური, კომპულსური, აშლილობა, ოსდ, სიმპტომები, ტიპები, მკურნალობა, ობსესია, obsesia, obsesiur, kompulsiuri, ashliloba, simptomebi, tipebi, mkurnaloba

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) — სიმპტომები, ტიპები და მკურნალობა

რა არის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD)? — მისი სიმპტომები (აკვიატებული ფიქრები, ანუ ობსესიები, და კომპულსიური ქცევები). OCD-ის ტიპები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა.

ჩემი ფსიქიკა
adhd, ადჰდ, ქალები, ქალებში, ზრდასრულები, მითები, ყურადღების, დეფიციტი, ჰიპერაქტივობა, აშლილობა

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ADHD) — ზრდასრული ადამიანები, ქალები და მითები

რა არის ADHD (ადჰდ) და როგორ ვლინდება ის ქალებში? — უყურადღებო ADHD, ჰიპერაქტიური/იმპულსური ADHD და კომბინირებული ADHD. ADHD-ის სიმპტომები ქალებში და გენდერული მიკერძოება დიაგნოსტირებისას.

ჩემი ფსიქიკა
პტსდ, პოსტტრავმული, სტრესული, აშლილობა, სიმპტომები, დიაგნოზი, მკურნალობა, ptsd, posttravmuli, stresuli, ashliloba, simptomebi, diagnozi, mkurnaloba

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) — სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა

რას ნიშნავს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსდ)? მისი სიმპტომები, ყურადსაღები ნიშნები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტირება და მკურნალობა (თერაპია და მედიკამენტები).

შიშები და ტრავმა

გააზიარე სტატია

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა (ODD) — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია