Facebook Script

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ADHD) — ზრდასრული ადამიანები, ქალები და მითები

ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ADHD) ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა ან/და ჰიპერაქტიურობა, რაც ხელს უშლის ადამიანის ფუნქციონირებასა და განვითარებას. ADHD-ის სიმპტომები მოიცავს მოუსვენრობას, კონცენტრაციის ნაკლებობასა და გულმავიწყობას, რაც ხშირად ადრეულ ასაკში ვლინდება. 

ADHD ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნეიროქცევითი აშლილობაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სკოლის ასაკის ბავშვების დაახლოებით 4-12%-ს აწუხებს, ხოლო სტუდენტებისა და ზრდასრულების 5%-ს. 

ADHD-ით ცხოვრება ხშირად რთულია, თუმცა მკურნალობითა და თერაპიით შეიძლება მასთან გამკლავება.

ADHD-ის სიმპტომები 

ADHD-ის სიმპტომები ძირითადად ბავშვობაში ვლინდება და დროთა განმავლობაში შესაძლებელია გაუარესდეს ან გაუმჯობესდეს გამოცდილებისა და მკურნალობის მიხედვით. აშლილობის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს შორისაა:

  • მშვიდად ჯდომის უუნარობა

  • გამოხატული მოუსვენრობა (ხშირად ადგომა, სიარული, ცქმუტვა)

  • კონცენტრაციის პრობლემა

  • არაორგანიზებულობა

  • დაუფიქრებელი მოქმედება 

  • დიალოგში უეცარი შეჭრა

  • ყურადღების მოკლე დიაპაზონი

  • ქრონიკული გულმავიწყობა და ნივთების კარგვა 

  • უყურადღებო შეცდომების ხშირად დაშვება

ADHD-ის ტიპები

ADHD-ის სამი ძირითადი ტიპი არსებობს, ესენია უყურადღებო ADHD, ჰიპერაქტიური/იმპულსური ADHD და კომბინირებული ADHD. სიმპტომებიც აშლილობის ტიპების მიხედვით იცვლება, იქნება ეს ყურადღების ნაკლებობა, მოზღვავებული ენერგია თუ ორივე ზემოთ ჩამოთვლილის კომბინაცია. 

უყურადღებო ADHD

აღნიშნული დარღვევისას ადამიანს ახასიათებს უყურადღებობა, კონცენტრაციის ნაკლებობა და არაორგანიზებულობა. ხშირად ADHD ასოცირებულია მხოლოდ ჰიპერაქტიურობასთან, ხოლო ყურადღების ნაკლებობა უგულებელყოფილია, რაც არასწორი დიაგნოზის საფუძველი ხდება ხოლმე. უყურადღებო ADHD-სთან გამკლავება განსაკუთრებით რთულია, როცა დიაგნოზი დასმული არ არის.

უყურადღებო ADHD-ის სიმპტომებია:

  • დეტალებზე ყურადღების მიქცევის პრობლემა

  • ხშირი შეცდომების დაშვება 

  • არასასურველ დავალებებსა და აქტივობებში ყურადღების ნაკლებობა

  • დავალებების თანმიმდევრულად შესრულების სირთულე

  • დეზორგანიზებულობა

  • იმ დავალებებისგან თავის არიდება, რომელიც მუდმივ გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს

  • გულმავიწყობა

  • გაფანტულობა

  • დროის შეგრძნების დაკარგვა

ჰიპერაქტიური/იმპულსური ADHD

აღნიშნული დარღვევის მქონე ადამიანს ახასიათებს ჰიპერაქტიურობა, იმპულსურობა ან/და ენერგიის მოზღვავება. მაგალითად, ჰიპერაქტიური/იმპულსური ADHD-ის მქონე ბავშვები ხშირად დგებიან ან მოუსვენრად არიან მერხებთან, ზრდასრულები კი აწყვეტინებენ საუბრებს სხვებს. ისინი ასე იქცევიან არა ცუდი განზრახვით, არამედ იმპულსურობით. ვინაიდან მსგავსი ტიპის ქცევა მეტად შესამჩნევია, საზოგადოებაში იგი ხშირად უფრო სტიგმატიზებულია, ვიდრე უყურადღებო ADHD.

ჰიპერაქტიური/იმპულსური ADHD-ის სიმპტომებია:

  • ხშირი ცქმუტვა ან ხელებისა და ფეხების ბაკუნი

  • სერიოზულ სიტუაციებში მშვიდად ჯდომის სირთულე

  • გადაჭარბებული მოტორული აქტივობები (ცოცვა, სირბილი)

  • მოუსვენრობა

  • განტვირთვისა და დასასვენებელ აქტივობებში მონაწილეობის სირთულე

  • ბევრი საუბარი

  • რიგის გარეშე საუბარი

  • სხვისი რეაქციის გაუთვალისწინებლად აზრების გაზიარება

კომბინირებული ADHD

კომბინირებული ADHD მოიცავს როგორც უყურადღებობის, ისე ჰიპერაქტიურობის სიმპტომებს და ის ADHD-ის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისი სიმპტომები შეიძლება დროთა განმავლობაში გაიზარდოს.

ADHD-ის გამომწვევი მიზეზები

ADHD-ის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მასზე შეიძლება შემდეგი ფაქტორები ახდენდნენ გავლენას:

  • ტვინის სტრუქტურული განსხვავებები — კვლევების მიხედვით, ADHD-ის მქონე ადამიანებს ტვინის ატიპიური სტრუქტურა ახასიათებთ, კერძოდ, ტვინის მოცულობის საერთო შემცირება სხვადასხვა რეგიონებში. გარდა ამისა, ბავშვობაში ტვინის პრეფრონტალური ქერქის განუვითარებლობამ შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტიური, მეხსიერების, მოტორული და ყურადღების მოკრებაზე პასუხისმგებელი რეგიონების შეფერხება. 

  • ქიმიური დისბალანსი — ADHD-ის სიმპტომებს შეიძლება ბიოლოგიური საფუძველიც ჰქონდეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის მოტივაციური ცენტრისა და დოფამინის დეფიციტი ან მისი მიწოდების შეფერხება უყურადღებობისა და იმპულსურობის ძირითადი მიზეზია. 

  • გენეტიკური ფაქტორები — კვლევებმა აჩვენა, რომ ADHD, შესაძლოა, მემკვიდრეობითი იყოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი გენებია პასუხისმგებელი ADHD-ის მემკვიდრეობით გადაცემაზე.

  • გარემო ფაქტორები — ზოგიერთმა გარემო ფაქტორმა შეიძლება გაზარდოს ADHD-ის განვითარების რისკები, მაგალითად, დაბადებისას დაბალმა წონამ (დაბადებისას საშუალოზე დაბალი წონის მქონე ბავშვების უმეტესობას არ უვითარდებათ ADHD). ასევე მასზე შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ტოქსინები გარემოში ან ფეხმძიმობის პერიოდში, მათ შორის ტყვიის, ალკოჰოლისა და ნიკოტინის მაღალი მაჩვენებელი.

წყარო: ADHD Evidence

ADHD ქალებში

ADHD, შესაძლოა, ყველა სქესის ადამიანს ჰქონდეს, თუმცა კვლევების მიხედვით, ის ბევრად უფრო ხშირია ბიოლოგიურად მამრობითი სქესის ადამიანებში (10:1-ზე  პროპორციით). თუმცა, კვლევები იმასაც ცხადყოფს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის ადამიანებს უფრო მწვავედ უვლინდებათ ADHD-ის სიმპტომები, ვიდრე კაცებს. მათში უფრო ხშირია უყურადღებო ADHD, ვიდრე ჰიპერაქტიური, რის გამოც ხშირად მათი საჭიროებები უგულებელყოფილი და შეუმჩნეველია.

გენდერული მიკერძოება ADHD-ის დიაგნოზის დასმისას

ის სიმპტომები და კრიტერიუმები, რომლებითაც ADHD-ის დიაგნოსტირება ხდება, ხშირად მიკერძოებულია გენდერის ირგვლივ არსებული სტერეოტიპებისა და დაშვებების გამო. ამ მიკერძოების გამო, შესაძლოა, ბიჭებში უფრო ხშირად ხდებოდეს ADHD-ის დიაგნოსტირება, რადგან ისინი უფრო შესამჩნევ (მაგალითად, ხმაურიანობა, აქტიურობა, მოუსვენრობა) ქცევებს ავლენენ, რომლებიც ტრადიციულად ჰიპერაქტიურ ADHD-სთანაა დაკავშირებული. ამის საპირისპიროდ, შესაძლოა, გოგოებში ADHD საერთოდ არ იყოს შესამჩნევი ან დიაგნოზი არასწორად დაისვას, რადგან მათში სიმპტომები სხვანაირად ვლინდება. ჰიპერაქტიურობის ნაცვლად, ADHD-ის მქონე გოგოები შეიძლება უფრო მეტად ემოციურები, მორცხვები და არათავდაჯერებულები იყვნენ, რაც უფრო შეუმჩნეველია და უფრო ნაკლებად შეესაბამება ADHD-ის სტერეოტიპულ აღქმას.

ადრეულ ასაკში ADHD-ის დიაგნოზს მამრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო მეტად უსვამენ, ვიდრე მდედრობითის, რისი ერთ-ერთი მიზეზიც გენდერულად მიკერძოებული მოლოდინებია. მაგალითად, სამედიცინო სფეროში გაბატონებულია აზრი, რომ ქალები უფრო მეტად უყურადღებო ADHD-სკენ არიან მიდრეკილნი, ვიდრე იმპულსურისკენ, რომელიც უფრო ხშირად კაცებს ახასიათებთ.

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების კომორბიდულობაზე (თანმდევობაზე) დაკვირვებისას ADHD-ის მქონე ქალებს უფრო ხშირად დეპრესიის დიაგნოზს უსვამენ და მკურნალობის ფოკუსიც დეპრესიის სიმპტომებზე კეთდება.

ისეთი სიმპტომების შემთხვევაში, როგორებიცაა არაორგანიზებულობა, გაფანტულობა და უყურადღებობა ადამიანს შეიძლება „ზარმაცის“ იარლიყი მიაკრან, რაც, რეალურად, არასაკმარისი ინფორმაციის შედეგად გაკეთებული დასკვნაა. ერთი რამ ნათელია: კულტურული და სოციალური ნორმებისა და სტიგმებიდან გამომდინარე ქალებისა და კაცებისგან განსხვავებულ ქცევებსა და მახასიათებლებს მოითხოვენ.

საზოგადოება ქალებისგან მოელის ორგანიზებულობას, ყურადღებიანობასა და ფოკუსირებას, სწორედ ამიტომ ქალები სიმპტომებთან გამკლავების მექანიზმებს შეიმუშავებენ, რათა დააკმაყოფილონ სოციალური სტანდარტები. გამკლავების ერთ-ერთი მექანიზმი საკუთარი სიმპტომების შენიღბვაა, რაც ართულებს მათთვის დიაგნოზის დასმას. ასევე ქალებს ახასიათებთ საკუთარი გამოწვევების პირად წარუმატებლობასთან დაკავშირება, რაც ხშირად სამედიცინო დახმარების დაგვიანებასა და საკუთარი სიმპტომების სიმწვავის არასაკმარისად შეფასებას იწვევს. 

ამასთან, მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ჰორმონების რყევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ADHD-ის სიმპტომებზე, რაც იწვევს განწყობის ცვლილებებს ან პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის (PMDD) არასწორ დიაგნოზს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, დიაგნოსტირებისას განხილული იქნას ჰორმონალური ცვლილების გავლენა ADHD-ის სიმპტომებზე, რათა არ დაისვას არასწორი დიაგნოზი.

ADHD-ის სიმპტომები ქალებში

ქალებში ADHD-ის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს შორისაა:

  • ყურადღების მოკრების სირთულე — არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ქალებში უფრო ხშირია ADHD-ის ყურადღების მოკრების სირთულესთან დაკავშირებული სიმპტომები. მათ, ვისაც ყურადღების მოკრების სირთულე აწუხებს, შეიძლება უჭირდეთ ინფორაციის დამახსოვრება და ხშირად ეშვებოდნენ ფიქრებში. ყურადღების მოკრების სირთულე შეიძლება საკმაოდ შეუმჩნეველი დარჩეს ბავშვობაში, რის გამოც მდედრობითი სქესის ადამიანების დიაგნოსტირება შეიძლება ცხოვრების უფრო გვიანდელ ეტაპზე მოხდეს

  • საგნებზე მოჭარბებული ლაპარაკი — ზოგჯერ ADHD-ის მქონე ქალები შეიძლება „ზედმეტად მოლაპარაკეები“ ჩანდნენ, რაც, რეალურად, შეიძლება იმას გამოხატავდეს, რომ ლაპარაკის დაწყებამდე მათი ტვინი უფრო სწრაფად და იმპულსურად მოქმედებს

  • მოსმენის პრობლემა — მათ უჭირთ საკითხისთვის თვალყურის დევნება და ინფორმაციის მიღება, რაც გამოიხატება ე.წ. Zoning Out-ში — როდესაც ადამიანი წყვეტს ყურადღების მიქცევას და ცოტა ხნით მას აღარ ესმის/ის ვეღარ ხედავს, რა ხდება მის გარშემო.

  • ორგანიზებულობის შენარჩუნების სირთულე — მაგალითად, დროის მენეჯმენტისა და სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსების სირთულე. მათ შეიძლება დაკარგული ჰქონოდეთ დროის შეგრძნების განცდა, რაც გამოიხატება ქრონიკულ დაგვიანებაში. 

  • ემოციური რეგულირების სირთულე — ჰორმონების ცვლილებისა და განწყობების ცვლამ შესაძლოა ემოციური რეგულირების შეფერხება გამოიწვიოს, რაც ქალებში უფრო ემოციური და მწვავეა ვიდრე მამაკაცებში. დაბალმა თვითშეფასებამ და განსჯის შიშმაც შესაძლოა გაამწვავოს სიმპტომი. 

  • მშფოთვარე პარალიზი — მშფოთვარე პარალიზი გულისხმობს საქმეების დაწყების, შესრულებისა და დასრულების შეუძლებლობას შფოთვის, სტრესისა თუ მენტალური გადაღლის გამო.

  • პრობლემები სასიყვარულო ურთიერთობებში — უარყოფისადმი მგრძნობიარე დისფორია (ინგლ. Rejection Sensitive Dysphoria) ADHD-ის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სიმპტომია, განსაკუთრებით ქალებში. ADHD-ის მქონე ადამიანებს შეიძლება უჭირდეთ ემოციების მართვა ან უარყოფის ტკივილთან გამკლავება. ეს ცალკეული დიაგნოზი არ არის, თუმცა ADHD-ის მქონე ადამიანებში უარყოფისადმი მგრძნობიარეობა შეიძლება ჰგავდეს იმ შეგრძნებას, რომ შენ იმედგაცრუება ხარ შენი პარტნიორისთის, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის.

  • დანაშაულის განცდა — ADHD-ის მქონე ბევრ ქალს შეიძლება დანაშაულის გრძნობა აწუხებდეს იმის გამო, რომ მათ უჭირთ პროდუქტიულობისა და დროის მართვის კუთხით საზოგადოებრივი სტანდარტების დაკმაყოფილება. მართალია, მათი სიმპტომები არ ასახავს მათ პირად წარუმატებლობასა თუ მცდელობის ნაკლებობას, ქალებს შეიძლება გაუჭირდეთ იმ განსხვავებების მიღება, რომლებიც მათ ფუნქციონირებაზე ახდენს გავლებას.

ADHD-სთან დაკავშირებული მითები

ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ADHD-ის დიაგნოზები, რის გამოც ბევრი ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს მის რეალურობას. ADHD ადამიანის ქცევითი და ნეიროგანვითარებითი აშლილობაა, რომელიც რეალურად არსებობს. მასზე გავრცელებულ მითებს შორისაა:

  • „ADHD უბრალოდ საბაბია სიზარმაცის გასამართლებლად“ — ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ADHD, უბრალოდ, სიზარმაცეა, რადგან გავრცელებული სოციალური ნორმების მიხედვით სიზარმაცე ნაკლებ პროდუქტიულობასთან ასოცირდება.

  • „ADHD ინტერნეტ ახირებაა“ — ინტერნეტში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ადამიანები ხშირად თავად უსვამენ თავს დიაგნოზს პროფესიონალთან კონსულტაციის გარეშე. საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ინტერპრეტაციების გაკეთებით შეიძლება არასწორ დასკვნებამდე მიხვიდეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, გადაამოწმოთ წყაროები და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მენტალური აშლილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის შესაბამის პროფესიონალთან კონსულტაციაა საჭირო. 

  • „ადამიანები აკონტროლებენ თავიანთ ADHD-ის სიმპტომებს“ — ხშირად ADHD-ის მქონე ადამიანები კონტროლს კარგავენ და მიაჩნიათ, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლიათ. სიმპტომების მართვა თერაპიისა და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებისა და თქვენზე მორგებული მკურნალობის მეშვეობით ხდება. 

  • „ADHD-ის ყველა ფორმა ერთნაირია“ — ADHD სხვადასხვა ადამიანებში განსხვავებულად იჩენს თავს და, შესაბამისად, სიმპტომებიც განსხვავებულია.

ADHD-ის მკურნალობა

ზრდასრულებში ADHD-ის მკურნალობა მოიცავს როგორც ქცევით თერაპიას, ისე მედიკამენტებს.

ფსიქოთერაპია ადამიანებს ეხმარება, აღმოაჩინონ და გააანალიზონ, რა იწვევს მათი სიმპტომების ამოქმედებას, შეცვალონ თავიანთი ქცევა და უკეთ მართონ სიმპტომები. ფსიქოთერაპევტთან ერთად შეიძლება იმ გზების შემუშავება, რომლებიც ადამიანს დაეხმარება თვითშეფასების გაზრდაში, ურთიერთობების გაძლიერებასა და ცხოვრებით სიამოვნების მიღებაში. ADHD-სთან ბრძოლის გავრცელებულ თერაპიის ტიპებს შორისაა: 

  • კოგნიტიურ-ბიჰეიორული თერაპია (CBT) — თერაპია ფოკუსირდება აზრებს, გრძნობებსა და ქცევებს შორის ურთიერთობაზე. უარყოფითი აზრების შეცვლამ შეიძლება გააუმჯობესოს ადამიანის ემოციური მდგომარეობა და აირჩიოს შესაბამისი ქცევითი რეაქციები. 

  • თვითგაცნობიერებაზე დაფუძნებული კოგნიტიური თერაპია (MBCT) — MBCT იყენებს თვითგაცნობიერებისა (ინგლ. Mindfulness) და ბიჰევიორულ ტექნიკებს, რათა ADHD-ის მქონე ადამიანს დაეხმაროს აწმყოში დარჩენაში, იმპულსურობისა და ყურადღების გაფანტულობის დაძლევასა, და ADHD-ის სხვა სიმპტომების შესუსტებაში.

  • მშობელთა თერაპია (ინგლ. Parent Coaching) — თერაპიის ეს ტიპი ახალისებს მშობლებს, ისწავლონ ADHD-ის მქონე შვილების მხარდაჭერა სხვადასხვა უნარების შესწავლითა და პოზიტიური კომუნიკაციით. 

  • თამაშის თერაპია — ეს თერაპია უზრუნველყოფს მშვიდ და წყნარ გარემოს, რათა ADHD-ის მქონე ბავშვებმა თამაშის მეშვეობით უკეთ შეისწავლონ თავიანთი გამოწვევები. ზოგჯერ ბავშვებისთვის რთულია კომუნიკაცია და ისინი ამჯობინებენ, საკუთარი თავი არავერბალური ინტერაქციით გამოხატონ.

  • ოჯახური თერაპია — აღნიშნული თერაპია სასარგებლოა მაშინ, როცა ADHD გავლენას ახდენს ოჯახის დინამიკაზე. ამ ტიპის თერაპიაში ადამიანები სწავლობენ, როგორ დაუჭირონ მხარი ან გაუგონ ADHD-ის მქონე ოჯახის წევრს.

გამოყენებული წყაროები:

სტატიის მთარგმნელი: ლეილა ჩხეტიანი

მთავარი სურათი: Additude

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

მსხვერპლის დადანაშაულება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსიზმი

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება? — როდესაც დანაშაულის ან ძალადობის შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს

ჩემი ფსიქიკა
სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ADHD) — ზრდასრული ადამიანები, ქალები და მითები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია