გენდერული ნიშნით სხვადასხვა ტიპის ძალადობა საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა ქალთა მიმართ ძალადობრივი მოპყრობა ინტერსექციურია — ანუ სხვადასხვა ნიშანს აერთიანებს.
მაგალითად, ქალზე ძალადობენ არა მარტო გენდერის ნიშნით, არამედ სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური მიკუთვნებულობის, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა მრავალი გარემოების მიხედვითაც. ერთ-ერთი ასეთი გარემოება სექსსამუშაოში ჩართულობაა.
გამომდინარე იქიდან, რომ პროსტიტუცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ძალადობის შემთხვევაში პოლიციისთვის მიმართვა ძირითადად დამატებით პრობლემებს, რისკებსა და კიდევ უფრო მეტ ძალადობას მოიაზრებს.
გარდა კანონსა და სამართალზე ხელმიუწვდომლობისა, სექსსამუშაოში ჩართული ქალების მიმართ ძალადობის ალბათობას ის სტიგმა და სიძულვილის შემცველი დამოკიდებულებაც ზრდის, რაც სექსმუშაკების მიმართ საზოგადოებაში არსებობს. ეს დამოკიდებულებები კიდევ უფრო მძაფრია ტრანსგენდერი ქალების მიმართ.
სტიგმა და კანონზე ხელმიუწვდომლობა ქალებს აიძულებს, ფარულად ჩაერთონ სექსსამუშაოში და ძალადობის საფრთხის წინაშე ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ.
სექსსამუშაოში კარგად იკვეთება გენდერული უთანასწორობის საკითხი: სექსმუშაკი ქალი უბედურებისა და სირცხვილის მომტანად აღიქმება როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მის ირგვლივმყოფთათვის, ხოლო კლიენტი — კაცი — აღიქმება, როგორც ის, ვინც „შეაცდინეს“ ან ვინც იმას აკეთებს, რასაც კაცები ზოგადად აკეთებენ და ამაში არც ახალია რამე და არც სასირცხვილო.
სექსსამუშაო და ტრანსგენდერი ქალები
მიუხედავად იმისა, რომ სექსსამუშაოში უმეტესად სისგენდერი — ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც ემთხვევა დაბადებისას მინიჭებული სქესის შესაბამის გენდერულ როლს — ქალები არიან ჩართულნი, ტრანსგენდერთა შორის პროპორციულად უფრო მეტი ქალია სექსმუშაკი, ვიდრე სისგენდერთა შორის.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვიარ ქალები არ მიეკუთვნებიან საზოგადოებაში დაწესებულ სტანდარტულ გენდერულ როლებსა და იდენტობებს, მათ მიმართ ძალადობას ესეც ერთვის მიზეზად. ანუ, ისინი მინიმუმ სამი ნიშნით ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი — გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა და სექსსამუშაოში ჩართულობის ნიშნებით.
ის ფაქტიც, რომ პროპორციულად ტრანსგენდერ ქალებში უფრო მეტი სექსმუშაკია, ვიდრე სისგენდერ ქალებში, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ამ ჯგუფის მარგინალიზებულობასა და მათთვის სხვადასხვა რესურსის ხელმიუწვდომლობაზე.
ძალადობის ფორმები სექსმუშაკების მიმართ
საქართველოში სექსმუშაკთა უფლებრივი მდგომარეობის „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ მიერ 2018 წლის კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს 5 ქალაქში შექმნილი ფოკუს-ჯგუფის მონაწილე სექსმუშაკები მუდმივად საუბრობენ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ და ეკონომიკურ ძალადობაზე, შანტაჟსა და ადევნების სხვადასხვა ფორმებზე მათ მიმართ.
ისტორიები
„ერთხელ მეტროსთან მდებარე ბაზართან ვიყავი სავაჭროდ, შვილთან ერთად, გადმოვიდა დიდუბის განყოფილების ერთ-ერთი პოლიციელი, ხმამაღლა მიმითითა საათზე და დაცინვით მითხრა, შენ აქ რატომ ხარ, სამსახურში არ უნდა იყო, იქ არ უნდა იდგეო? კონკრეტული ადგილი დაასახელა. მოვკვდი და გავთავდი ადგილზე“.
„ყოველთვის ძალადობენ. მე პირადად ფოტოები გადამიღეს ჩუმად და სოციალურ ქსელში გამივრცელეს, პოლიციელმა თვითონ მაჩვენა ეს ფოტოები. ვთხოვე, დავეჩოქე, 5 შვილის დედა ვარ, ჩემი ერთ-ერთი შვილი პოლიციაში მუშაობს, ნუ გამიწირავ, ოჯახსა და ცხოვრებას ნუ დამინგრევ, თორემ ბენზინს გადავისხამ და აქვე დავიწვავ თავს-მეთქი. ეგ რა, უფრო უარესი მოგელისო, მიპასუხა. იმ ფოტოებს 240 კაცის გამოხმაურება აქვს, ისეთი სიტყვები, ისეთი შეურაცხყოფებია… მერე იტყვიან, თავი რატომ მოიკლაო“
„ჩვენ ისედაც ღირსებას გვილახავენ. ძალიან ხშირად, წყალს გვასხამენ, გვაფურთხებენ, გვაგინებენ. იყო დრო, როდესაც „დუბინკებით“ გვცემდნენ და სახლში გვაკითხავდნენ. რამდენჯერმე შევიცვალე ბინა ამის გამო. ისინი მოდიოდნენ ჩემთან სახლში და უფასო მომსახურებას მოითხოვდნენ.
არცერთი პრეცედენტი ყოფილა, პოლიციას დავეცავით, პატრული უფრო გვიდგას ზოგჯერ გვერდში. პოლიციის განყოფილებიდან კი სულ გვერჩიან, გინდა ფორმით, გინდა უფორმოდ.
შეიძლება, კილომეტრ-ნახევრიდან დაგიძახოს „შე გათახსირებულო, შე საქონელო“ და ა.შ. მე უკვე იმდენად მრცხვენია, სადაც მე ვდგავარ, სავაჭრო ადგილია, ბაზარია. ელემენტარულად, გარეთ მრცხვენია გამოსვლა“, — ჰყვებიან სექსმუშაკი ქალები „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
სურათი: dribbble / Carla Orozco
სექსმუშაკების მიმართ ძალადობა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ის მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, 17 დეკემბერი სექსმუშაკთა მიმართ ძალადობის დასრულების საერთაშორისო დღეა.
აუცილებელია, სახელმწიფო ხედავდეს პრობლემის კომპლექსურობასა და სიმწვავეს, შეცვალოს კრიმინალიზებაზე დაფუძნებული მიდგომა და არ იქცეს დამატებით ძალადობრივ რგოლად სექსსამუშაოში ჩართული ქალებისთვის.
სექსმუშაკის დასჯასა და დისკრიმინაციაზე ორიენტირებული სექსსამუშაოს პირობებში ისეთი საბაზისო უფლებები ირღვევა, როგორიცაა, მაგალითად, სიცოცხლის, პირადი უსაფრთხოების, წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისგან დაცვის უფლება.
ეს უფლებები ყოველდღიური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია და აუცილებელია, საკითხის მიმართ არსებული პოლიტიკა და მიდგომები სწორედ ამ უფლებების დაცვას ემსახურებოდეს.
გამოყენებული წყაროები:
-
ნეტგაზეთი — მუდმივი შიში, გარიყულობა და შანტაჟი – სექსმუშაკთა პრობლემები საქართველოში
-
რადიო თავისუფლება — „ქალი კი არა, ხორცის ნაჭერია“: პროსტიტუცია სხვადასხვა ქვეყანაში
მთავარი სურათი: un.org